„ევროპარლამენტში ცარიელ დარბაზში გამართულ დებატებში მიშას ჯანმრთელობა ნაკლებად ადარდებდათ, სამაგიეროდ, სურდათ საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება“

„ევროპარლამენტში ცარიელ დარბაზში გამართულ დებატებში მიშას ჯანმრთელობა ნაკლებად ადარდებდათ, სამაგიეროდ, სურდათ საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება“

მართალია, ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებს შორის საუკეთესოა, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა, როდესაც ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს საკითხი დადგება, ხელის შემშლელ ფაქტორად ხომ არ გამოიყენებენ სააკაშვილის საკითხს? უდრის თუ არა სააკაშვილის გათავისუფლება ევროკავშირის წევრობას?

„ნაციონალებისთვის“ და ცალკეული ევროდეპუტატებისთვის მიხეილ სააკაშვილი და ევროკავშირი იდენტური ცნებებია. ამიტომაც მართავენ ევროპარლამენტში დებატებს მიშას გადასარჩენად, მართალია, ეს დებატები ცარიელ დარბაზში იმართება და დებატები დებატებისთვისაა, მაგრამ მათი ევროპული ტონი მკაცრია.

„იფიქრეთ იმ ქულებზე, რასაც სააკაშვილის პატიმრობა გაკარგვინებთ“,-ეს ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას სიტყვებია; „სააკაშვილი ციხეში კვდება, ამას საქართველოს მომავალზე დიდი გავლენა ექნება“,-ეს პოლონელი ევროპარლამენტარის ანა ფოტიგას ტრადიციული ტონია, რომლის ინიციატორობითაც შედგა ევროპარლამენტში სააკაშვილის გადასარჩენად გადაუდებელი დებატები. „სიკვდილამდე წამება მიუღებელია ევროკავშირის წევრობისთვის“,-გვაფრთხილებს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც „ნაციონალებთან“ ალიანსშია შემჩნეული.

სააკაშვილის გამო ჩვენს ევროპულ არჩევანს რაიმე საფრთხე რომ დაემუქროს, ამას პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამორიცხავს. პრეზიდენტი ეჭვობს, სააკაშვილის ინდივიდუალური შემთხვევა საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავდეს.

ირაკლი კობახიძეც ანალოგიურად მიიჩნევს. მისი აზრით, დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს, თუ ისევ არ იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია არ ფიქრობს, რომ მიშა უდრის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია ახლახანს გამოქვეყნებული ევროპის მინისტრთა საბჭოს რეზოლუცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ პოზიტიურად აფასებენ საქართველოს მცდელობას. ფაქტობრივად, დაფიქსირდა, რომ საქართველო უკვე მზად არის ევროკავშირის წევრობისთვის. ამიტომ სააკაშვილის თემა ევროკავშირის წევრობას არ უკავშირდება, თუმცა პოლიტიკურ ლობისტური ჯგუფები მაინც ცდილობენ, სააკაშვილის თემა წამოსწიონ.

„შესაძლოა, ასეთი პოლიტიკურ-ლობისტური ქმედებით სააკაშვილის საკითხი მართლაც დადგეს ევროკავშირის უმაღლესი ხელისუფლების წინაშე, ელემენტარულად, თითო წვეთი კლდეს ანგრევს. ამდენად, თუკი გაგრძელდა და გაფართოვდა ლობისტური ქმედება, მმართველი პოლიტიკური გუნდი კი სირაქლემას პოზიციაში აღმოჩნდა, ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ შეიძლება პრობლემა შეგვექმნას“,-აღნიშნავს ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბარში.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი იზიარებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომ სააკაშვილის გათავისუფლება-არგათავისუფლება არ შეიძლება იყოს ურთიერთობის განმსაზღვრელი არც ევროკავშირთან, არც რომელიმე სხვა ქვეყანასთან, თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს სხვადასხვა აღქმები ევროკავშირის წევრ ქვეყანათა ნაწილში.

„შემთხვევითი არც ის არის, რომ ევროპარლამენტში სულ ახლახანს გაიმართა დებატები, მართალია, დარბაზი თითქმის ცარიელი იყო, მაგრამ საქართველოს მიმართ ძალიან მკვახე განცხადებები გაკეთდა. ამ დებატებში სააკაშვილის ჯანმრთელობა ნაკლებად აინტერესებდათ, მთავარი იყო საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება, არა კონკრეტულად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე, არამედ ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა სურდათ. ამის მიზანიც გასაგებია, ჩვენი ხელისუფლების შეცვლა და პოლიტიკური პოზიციის ცვლილება. ანუ საქართველო უნდა გამოდიოდეს არა საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან, არამედ გეოპოლიტიკური კონიუნქტურიდან და შეასრულოს მათი ნება, ვინც კარნახობს თამაშის წესებს. უცნობია, სააკაშვილის თემა რა გავლენას მოახდენს საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით, ალბათ, ეს ნაკლებად შეცვლის საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მაგრამ უარყოფით ფონს ჩვენი ქვეყნის მიმართ ნამდვილად შექმნის“,-აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.

მისი აზრით, სწორედ ეს არის გლობალური ომის პარტიის პოლიტიკური ზეწოლა საქართველოზე. ასეთი ზეწოლა გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და სუვერენიტეტის დათმობა არაფრით არ შეიძლება. სააკაშვილის გათავისუფლება-არგათავისუფლება დაკავშირებულია სამართლებრივ საკითხთან. როგორი პოლიტიკური ზეწოლაც არ უნდა წამოვიდეს საქართველოს მისამართით, ჩვენ სამართლებრივ სივრცეს არ უნდა გავცდეთ. დათმობაზე წასვლა ნიშნავს, რომ ამით ჩამოიშლება საქართველოს სამართლებრივი სისტემა. დავით ზარდიაშვილის შეფასებით, თუკი არჩევანია გასაკეთებელი ევროკავშირის წევრობასა და საქართველოს პოლიტიკური სისტემის ჩამოშლას შორის, ცხადია, საქართველოს პოლიტიკური სისტემის ჩამოშლა არაფრად არ ღირს.