„ხაბეიშვილს სერიოზულად საკუთარი თანაპარტიელები არ აღიქვამენ და ქართველი ხალხი რევოლუციის მოწყობაში აჰყვება?“

„ხაბეიშვილს სერიოზულად საკუთარი თანაპარტიელები არ აღიქვამენ და ქართველი ხალხი რევოლუციის მოწყობაში აჰყვება?“

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი დავით კეზერაშვილის რევოლუციური კომიტეტის მძევალია. სააკაშვილის ციხიდან დახსნის მცდელობის პირველი გეგმა ჩავარდა და როგორც აღმოჩნდა, ლევან ხაბეიშვილს სააკაშვილის გამოხსნა ხალხის დახმარების გარეშე მოუწევს, რადგან მთავრობის ადმინისტრაციასთან 7 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე პარტიის მხარდამჭერებიც კი არ მივიდნენ. ხაბეიშვილის მუქარა რომ ღარიბაშვილს მოსვენებას არ მისცემდნენ, ტყუილი ქადილი აღმოჩნდა, რადგან ხალხს დასვენება თავად ნაციონალებისგან სურს. პარტიის ბელადის დასახსნელად თავს მათივე მომხრეებიც კი არ იწუხებენ. რაც შეეხება პარლამენტის ბოიკოტს, ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ეს თავად პარტიას დააზიანებს და დასავლეთიდანაც ეს იდეა მხარდაჭერილი არ იქნება, მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა და პარტიის დისკრედიტაცია ყველა მიმართულებით გარდაუვალია.

აქციაზე მისულმა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კომენტარი მხოლოდ მედიასთან გააკეთა და არა ტრიბუნიდან. მისი თქმით პარტია გაჩერებას არ აპირებს, ხოლო საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს სხვადასხვა რაიონში, ქალაქში, კონკრეტულ ლოკაციებზე, საათებისა და დღეების მიხედვით, აქციები სად გაიმართება.

8 თებერვლიდან პროტესტი იქნება ყველგან, მათ შორის, დედაქალაქში, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, რატი ბრეგაძის სახლებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან.

ხელისუფლების აზრით, ოპოზიციამ არჩევანი უნდა გააკეთოს, ხაბეიშვილისა და სანიკიძის მთავარსარდლობით თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და უფრო შეაძულონ თავი საზოგადოებას, თუ არჩევნებისთვის დაიწყონ მზადება. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო ვერა, მაგრამ თავად სააკაშვილი კი მართლაც აქციეს კეზერაშვილის შექმნილი რევოლუციური კომიტეტის მძევლად.

„საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში არსებული ყველა ნიუანსი სააშკარაოზეა გამოტანილი. კითხვებიც აღარ რჩება, ახლა შესაფასებელი მხოლოდ ისაა, ვინ, როგორ აღიქვამს რეალობას. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, ე.წ. რადიკალური ოპოზიციის წიაღიდან (უფრო ქვესკნელი ეთქმის) ამოგვძახეს, რომ საქართველო მძევლად ჰყავთ აყვანილი და თუკი სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ, მძევალს ტანკებით გადაუვლიან. ამასთანავე, პირდაპირი გაგებით, სააკაშვილს არ აჭმევენ, უკრძალავენ სამედიცინო დანიშნულების შესრულებას, თან მოწამლულიაო, მაგრამ ექსპერტიზაზე არ თანხმდებიან, არც უცხოელი ექიმების ჩამოყვანაზე თანხმდებიან, თუნდაც სახელმწიფოს ხარჯზე. ათეულ ათასებს ხარჯავენ პიარზე სახელმწიფოს დისკრედიტაციის მიზნით.

საქართველო ვერა, მაგრამ თავად სააკაშვილი კი მართლაც აქციეს კეზერაშვილის შექმნილი რევოლუციური კომიტეტის მძევლად. სააკაშვილიც მმართველობის დაბრუნების ჟინით შეპყრობილი ეწევა თვითდაზიანებას. ესაა უალტერნატივო რეალობა. ახლა ოპოზიციამ არჩევანი უნდა გააკეთოს ორ გზას შორის, ან ხაბეიშვილისა და სანიკიძის მთავარსარდლობით თბილისის ქუჩებში გამოვიდნენ და სისხლისღვრაზე ლაპარაკით კიდევ უფრო შეაძულონ თავი საზოგადოებას, ან შექმნან სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა და არჩევნებისათვის დაიწყონ მზადება“, - წერს გია ვოლსკი.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ლევან ხაბეიშვილი და მისი თანამოაზრეები, სააკაშვილს უმტკიცებენ, რომ ისინი რადიკალურები არიან და მისი გათავიუსფლება ყველანაირ ფასად მოხდება. არადა ყველამ კარგად იცის, მათ შორის პარტიის წვერბმაც, რომ ხაბეიშვილი არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ენმ-ის ამომრჩეველიც კი გაჰყვება. ეს არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ფუჭი დაპირებებით და ბაქი-ბუქით არის ცნობილი. ამის ნათელი მტკიცება კი აქციაზე მისული ხალხის მცირე რაოდენობაა.

„ლევან ხაბეიშვილს არჩვენების წინ დაპირებული პირობის შესრულება მოუწევს და მას მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა კისერზე ვალად აწევს. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რაღაცა აქტიურობა უნდა დაიწყოს. ასე, გულზე ხელდაკრეფილი ხომ ვერ იჯდება. ახლა შეეცდება ის კლოუნადა, რომელიც აქამდე მხოლოდ პარტიაში და მედიაში ჰქონდათ, ქუჩაში გადმოიტანონ. ადრე თუ ქუჩაში მხოლოდ ის დარბოდა, ახლა მთელი პარტია ირბენს. თუმცა მარტოები, რადგან ვნახეთ აქციაზე საკუთარი ამომრჩეველიც კი ვერ მიჰყავთ. ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან და მთავრობის სასახლესთან ხომ „ზღვა ხალხი“, მივიდა, ასეც გაგრძელდება. პარტიული რესურსით და კეზერაშვილის ფულებითაც კი ხალხის ქუჩაში გამოყვანა ვერ შეძლეს, წარმოიდგინეთ, რა დონის კრიზისში არიან.

 ეს არის დაშლის წინა პერიოდში მყოფი პარტია, რომელიც ხელოვნურ სუნთქვას ცდილობს. ხაბეიშვილს სერიოზულად საკუთარი თანაპარტიელები არ აღიქვამენ და ქართველი ხალხი რევოლუციის მოწყობაში აჰყვება? როგორც კი ენმ-ის მხრიდან რადიკალიზმზე, ომზე, გადატრიალებაზე საუბარი იწება, მისი რეიტინგი დაბლა იწევს. ვნახეთ, რომ მხოლოდ 6% აქვთ დარჩენილი. ამ რადიკალური მოქმედებების ფონზე კი კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვლენ. ვფიქრობ, ხაბეიშვილი ამის გათვიცნობიერებას ახდენს და ის არ წავა ისეთ რადიკალურ ნაბიჯებზე, როგორზეც ადრე ნიკა მელია წავიდა და რაც მიიღო ყველამ კარგად დავინახეთ. ყველას აქვს პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ კანონის ფარგლებში. თავად ნაციონალების ამომრჩეველს არ სურს რადიკალიზმი და არეულობა. ამიტომ ხაბეიშვილის სირბილი უბრალოდ კომიკური საყურებელი იქნება, რომელიც პარტიას კიდევ უფრო დააზიანებს“, - ამბობს გია აბაშიძე.

მისივე თქმით, თუკი პარტიაში მზად არიან, რომ სააკაშვილისთვის ყველაფერი დათმონ, მაშინ საპარალმენტო მანდატებიც უნდა დათმონ. თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ პარტიაში ამაზე თანხმობაც კი არ არის. ამიტომ რომელ ბრძოლასა და რევოლუციაზე საუბრობს ხაბეიშვილი, სასაცილოა. ზოგ ენმ-ის დეპუტატს პარლამენტარი რომ გამხდარიყო, იმდენი ფული აქვს დახარჯული, სააკაშვილის გამო ნამდვილად არ აპირებს მანდატებზე უარის თქმას.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ბოიკოტი ყოვლად გაუმართლებელია და ამაში ენმ-ს დასავლეთის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობაში პარტიის მიმართ პროტესტს გამოიწვევს და ამის გამო მათი რეიტინგის დაცემა გარდაუვალია.

„წარმოუდგენელი და დიდი იდიოტობა მგონია, როცა პოლიტიკოსს ხალხი საკუთარ ხმას გაძლევს, მანდატს განიჭებს და მისი სახელით საუბრის უფლებას გაძლევს, შენ კი ამას არაფრად აგდებ და რაღაცა აბსურდულ დღის წესრიგში ცვლი. პარლამენტში მუშაობა მათთვის მიუღებელია და მიაჩნიათ, რომ სამარცხვინო და არაეფექტურია. კი ბატონო, გამართონ ქუჩის აქციები, ამაში მათ ვინ ზღუდავთ, მაგრამ ამის პარალელურად ხალხის მიერ მინიჭებული უფლებით რატომ არ უნდა ისარგებლონ? ხალხმა ისინი პარლამენტში სამუშაოდ აირჩია და არა ბოიკოტისთვის. ამით, პირველ რიგში, თავს იზიანებენ. ენმ-ის ამომრჩეველი არ ვარ და მათი ბედი დიდად არც მადარდებს, მაგრამ მიკვირს, როგორ ვერ ხვდებიან, რომ თვითდაზიანებას და დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციას ახდენენ, რაც უკვე ყველას სადარდებელი ხდება.

ჩვენ თუ ვიცით რეალურად ენმ რასაც წარმოადგენს, ეს უცხოეთში არ იციან? ამიტომ ყოველთვის უკვირთ, რატომ თმობენ იმას, რაც მათ ხალხმა მიანიჭა. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ დისკრედიტაცია საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო გაძლიერდება. იმდენსაც კი ვერ ხვდებიან, რომ პარლამენტში „ოცნების“ მარტო დატოვება ხელისუფლებას წაადგება. ეს ხომ მათ წისქვილზე წყლის დასხმაა“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, პოლიტიკის ქუჩაში გადმოტანა სახელმწიფოსთვის ყველაზე უფრო სახიფათოა. ოდესღაც ხალხი ქუჩაში იმიტომ გამოდიოდა, რომ პარლამენტში ხმა არ ჰქონდათ. ახლა ფიქრობენ, რომ პარლამენტში ხმა აქვთ და ქუჩაში არ გამოვლენ. ისინი ოპოზიციისგან პარლამენტში მუშაობას მოითხოვენ, რადგან უსაქმური პოლიტიკოსები ყველაზე მეტად აღიზიანებთ. მისი აზრით, უნდა ეყოთ ვაჟკაცობა, რომ „ოცნებას“ პარლამენტში არგუმენტირებულად ეკამათონ. ამის მაგივრად კი ქუჩაში დარბიან და ხალხის გაყვანას ვერ ახერხებენ. აქციაზე არმისვლით ხალხი ოპოზიციას აჩვენებს, რომ მათი დაკვეთა ქუჩა და რადიკალიზმი არ არის.

 

 

merab ამერიკას არ სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. გადატრიალებას ყოფილი ნაც ზონდერებით გეგმავენ. მერე იტყვიან - ხალხის ნება აღსრულდა. ვეღარ აიტანა ხალხმა ევროპის კურსიდან გადახვევა და აჯანყდა.
ეგეთები გადაუტრიალებია!
მთელი ლიბერალური მედია მთელ მსოფლიოში ნაცარს აყრის ხალხს თვალებში და საქართველოში ძალით ხელისუფლების შეცვლა გაუჭირდება?
1 წლის უკან