„არსებობს ციხის დაავადება, ე.წ. გონკები, ეს დაავადება იმ პატიმრებს უვითარდებათ, რომელთაც დაკარგული აქვთ ყოველგვარი იმედი, რომ გათავისუფლდებიან, ასეთ პატიმრებს პატიმრობის საკმაოდ ხანგრძლივი ვადა აქვთ შეფარდებული. გონკები ყველა პატიმარს ჰქონდა, ვისაც მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ფსიქოლოგიური აშლილობაც ამიტომ გაუმძაფრდა სააკაშვილს და საჭმელსაც ვერ იღებს ნორმალურად“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.
ცალკეულ ადამიანებს მოსწონთ კიდეც, რომ მიშა ასე თავდადებით იბრძვის თავისუფლების მოსაპოვებლად, მათ შორის, იბრძვის უღირსი მეთოდებითაც, სიმულაციით, საჭმლის არმიღებით, შიმშილობით... როგორ ფიქრობთ, თავისუფლების მოპოვება ყველა მეთოდით გამართლებულია?
- პოლიტპატიმრებისთვის მთავარია ყველა დამნაშავე დაისაჯოს, როგორც მიშა, ასევე, უსამართლო მოსამართლეები, გამომძიებლები, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღემდე ლობირებს. მიშას დროს თუკი ავტოკრატიული რეჟიმი იყო, დღეს არის ჰიბრიდული რეჟიმი, ამ მხრივ პოლიტპატიმრებისთვის არაფერი შეცვლილა. მე ამას ვუყურებ იუმორისტულ-სატირისტული ჟურნალ „ნიანგის“ თვალებით, როგორც მკვლევარი, ექსპერტი და, განსაკუთრებით, პოლიტპატიმარი. ცხადია, ამ ფაქტის შეფასებისას სუბიექტური ვიქნები, როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი. ჩემთვის ორივე ავტოკრატიული რეჟიმია, რადგან ორივე შემთხვევაში, არიან ის მწამებლები, რომლებიც გვაწამებდნენ პატიმრებს. ჩვენთვის, პოლიტპატიმრებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს პატიმრობაში სააკაშვილი იქნება, თუ მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯალათი მოსამართლეები, რომლებსაც უსამართლო განაჩენები გამოქონდათ. თუკი სამართლიანობის აღდგენა უნდათ, თანაბრად უნდა დაისაჯონ როგორც ჯალათი მოსამართლეები, ასევე, სუსში მოკალათებული ჯალათები, გამომძიებლები და ოპერატიული თანამშრომლები. შესაძლოა, უსამართლობის ჩადენას სააკაშვილი მათ უშუალოდ არ ავალებდა, მაგრამ მიშასთვის რომ მოეწონებინათ თავი, ყველაფერს კადრულობდნენ. რა მნიშვნელობა აქვს სააკაშვილი იქნება, ზუმბაძე, თუ ოთარ ორჯონიკიძე, პოლიტპატიმრებს მიშა კი არ გვაწამებდა უშუალოდ, არამედ ეს ადამიანები გვაწამებდნენ. რაც შეეხება მიშას, მას უკვე მიეზღო.
როგორც „ვივამედის“ მესვეურები ირწმუნებიან, ორგანიზაცია „ემპათიის“ რეკომენდაციითაა შედგენილი სააკაშვილის მეტად მწირი მენიუ, რომლითაც ექსპრეზიდენტის სიგამხდრე და დასუსტებული ვიზუალი გარანტირებულია. როგორ ფიქრობთ, მსგავსი ორგანიზაციები ასეთი შეთქმულების თეორიებით უნდა დაკავდნენ? თქვენი პატიმრობის დროს „ემპათია“ რაიმე სასარგებლოს აკეთებდა ნაწამები პატიმრებისთვის?
- როდესაც პოლიტპატიმრები გამოუშვეს ციხიდან, მაშინ არ იჩენდა იმ ნაწამები პატიმრების მიმართ მზრუნველობას „ემპათია“, აბსოლუტურად განდგომილ მდგომარეობაში იყო, ეს არის პოლიტიზირებული გაერთიანება. ძალიან კარგად ვიცი, რამდენმა პოლიტპატიმარმა მიმართა „ემპათიას“ 2013-14 წლებში, მაგრამ მათ არავინ დაეხმარა, არადა, იმ ადამიანებს მართლაც სჭირდებოდათ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, წამების ფაქტების დაფიქსირება, სჭირდებოდათ მკურნალობა, შესაძლოა, არსებობენ გამონაკლისი პატიმრები, მაგრამ მე არ მინახავს პოლიტპატიმარი ჩემს გარშემო, რომელსაც „ემპათიამ“ დახმარება გაუწია. საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა მაქვს ჩემს კოლეგებთან, რომლებმაც სააკაშვილის ციხე გაიარეს, მაგრამ „ემპათიისგან“ სიკეთის მარცვალი მათთვის არ დაფიქსირებულა. არ ვიცი ახლა „ემპათია“ სააკაშვილს რატომ უდგება თავდებში და ასე მზრუნველობს მასზე, შეიძლება „გამოსწორდა“ უკვე ეს ორგანიზაცია. პირადად მე როდესაც 60-დღიანი შიმშილობა დავასრულე და ლამის სიკვდილის პირას ვიყავი, მცირეკალორიული საკვების მიღება მიწევდა. დიდი კალორია რომ მიმეღო, ამას შეიძლება ლეტალური დასასრული გამოეწვია. როგორც ჩანს, სააკაშვილს კუჭ-ნაწლავის პრობლემები გააჩნია. არ ვიცი, იგი რეალურად შიმშილობდა თუ არა, მაგრამ აქ ფსიქოლოგიურ აშლილობასთანაც უნდა გვქონდეს საქმე. ისედაც არ იყო სააკაშვილი თავის მოტორზე, ისედაც შლეგი ადამიანი იყო, შეიძლება ახლა კომპლექსური დაავადების რეციდივები გამოუვლინდა.
როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი თვითდაზიანებას მიმართავს? მეუფე ნიკოლოზი ამბობს, სააკაშვილის თვითდაზიანების ოდნავი ეჭვი რომ ჰქონდეს, არავითარ შემთხვევაში, არ აზიარებდა, რადგან თვითდაზიანება არაქრისტიანული საქციელია და თვითმკვლელობას ნიშნავს.
- არა მგონია, სააკაშვილი ახლა თვითდაზიანებას ეწეოდეს, უბრალოდ, მას აქვს ფსიქოლოგიური აშლილობა, მას კლინიკურ სტადიაში გადასული ციხის დაავადება აქვს. არსებობს ციხის დაავადება, ამას ე.წ. გონკებს უწოდებენ, ეს დაავადება იმ პატიმრებს უვითარდებათ, რომელთაც დაკარგული აქვთ ყოველგვარი იმედი, რომ გათავისუფლდებიან, რომელთაც პატიმრობის საკმაოდ მაღალი ვადა აქვთ შეფარდებული. გონკები ყველას ჰქონდა, ვისაც სასჯელის მაღალი ვადა მიუსაჯეს. როგორც ჩანს, მიშას გადაეწურა პატიმრობიდან გათავისუფლების იმედი და ფსიქოლოგიური აშლილობაც ამიტომ დაემართა.
ანუ თქვენ არ თვლით, რომ მიშა სიმულანტობს და განგებ არ იღებს საკვებს, როგორც „ვივამედის“ ექიმები გვარწმუნებენ?
- მიშა ისეთ მდგომარეობაში არ არის, რომ ისიმულანტოს, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, თუმცა ამაზე თავს ვერ დავდებ. ზოგადად, სააკაშვილი კარგი მანიპულატორია და ყველაფერზე შეიძლება წავიდეს, მაგრამ, მე მგონი, მიშას მართლაც გადაეწურა ყოველგვარი იმედი, რომ მას გაათავისუფლებენ და მას განუვითარდა ციხის დაავადება.
„ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ამბობს, რომ მიშას თავისუფლების გასაღები შიმშილობა ჰგონია, ანუ თუკი იშიმშილებს, კალორიებს დაიკლებს, იქნებ პატიმრობას თავი დააღწიოს. თქვენი აზრით, სად არის სააკაშვილის თავისუფლების გასაღები?
- ზოგადად, ადამიანები შიმშილობენ მაშინ, როცა მიიჩნევენ, რომ მათთვის გამოტანილი განაჩენი უსამართლოა. წინა რეჟიმის დროს უამრავი პატიმარი სწორედ უსამართლობის გამო შიმშილობდა. რაც შეეხება სააკაშვილს, მის თავს რაც ხდება, აქ რამდენიმე მომენტია: პირველი, მან დაკარგა პოლიტიკური წონა საქართველოში და მისი რეიტინგი ისეთია, როგორც ლენინის რეიტინგი იყო 1923-24 წლებში; მეორე, სააკაშვილმა დაინახა, რომ მის გადასარჩენად არავინ გამოდის, თავისიანებმაც კი გაყიდეს და შიდა მხარდაჭერა არ გააჩნია. ამიტომაც გააკეთა განცხადება, უკრაინელი მოქალაქე ვარ და ჯობია, ჩემი გული უკრაინაში დაიმარხოსო. მან, როგორც ქართველმა პოლიტიკოსმა, ნეკროზი განიცადა. ის უკვე ქართველ პოლიტიკოსად არ მოიაზრება საქართველოში.
ხაბეიშვილმაც გამოიყენა მისი ფაქტორი?
- ხაბეიშვილი მარიონეტია, აქ მთავარია ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი. კეზერაშვილიც მაინცდამაინც არ გამოირჩევა მაღალი ინტელექტით, პოლიტიკური კულტურით. აქ უფრო მეტად ვანო მერაბიშვილის საკითხია, რომელმაც გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება მიიღო. მართალია, პოლიტიკურად იდიოტია მერაბიშვილი, მაგრამ სხვებთან შედარებით „ნორმალური იდიოტია“, ანუ ჩვენი იდიოტი მაინც არის.
ისე, მერაბიშვილმა ერთ რამეს გაუსვა ხაზი, როცა პატიმრობაში ვიყავი, მაიძულებდნენ, სააკაშვილისთვის დამედო ხელი, მაგრამ ეს არ გავაკეთეო. საინტერესოა, ახლა მოიცალა მერაბიშვილმა სააკაშვილზე შურის საძიებლად?
- რატომაც არა, ახლა მოიცალა, „შურისძიება ისეთი კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვა“. ვანო მერაბიშვილმა სწორი ტაქტიკა აირჩია, მიშა გაწირა და გაუხსენა დაპირისპირების ყველა ნიშა.
მაგრამ ციხეში მყოფმა მერაბიშვილმა არ დაარტყა იმ პერიოდში თავისუფლებაზე მყოფ სააკაშვილს. ამით მერაბიშვილს მამაცობის წარმოჩენა სურდა?
- ციხეში ყოფნისას რომ დაერტყა მიშასთვის, აზრიც არ ჰქონდა. ამით ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური ეფექტი დაიკარგებოდა. მერაბიშვილი დაკარგავდა იმ კაპიტალს, რომელიც უნდოდა, რომ ჰქონოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სიამაყით განაცხადა, მე ხელი არ დავადე სააკაშვილსო. ეგ კი არა, „ქართული ოცნებაც“, მე მგონი, უცხადებდა ლატენტურ სოლიდარობას მერაბიშვილს, რომ, აი, ვანომ ვაჟკაცურად მოიხადა სასჯელი. რაში სჭირდებოდათ ვანოს შექება, ვანოს ხომ იმაზე მეტი სასჯელი არ მისცეს, რაც ეკუთვნოდა. 20 წელი მაინც უნდა მიეცათ ჯაშუშობაზე, რუსული გავლენების გამო, პლუს, ადამიანების მკვლელობების ორგანიზებაზე. ეს „ქართული ოცნების“ სინდისზე იყოს.
სააკაშვილის ანდერძსაც შევეხოთ. მისმა ნათქვამმა საფრანგეთში, ლევილის მამულში დაკრძალული ქართველი ემიგრანტის -კოკი დადიანის ეპიტაფია გამახსენა: „ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე“. სააკაშვილის ე.წ. ანდერძი ქართული სინამდვილიდან ამოვარდნილია, ზოგადად, ეს ანდერძი რა მოვლენაა, რომ მისი გული უკრაინაში დაიმარხოს?
- ამ ნათქვამითაც გრძელდება მიხეილ სააკაშვილის ლენინიზაცია. მოდით, ეს ტერმინი - „სააკაშვილის ლენინიზაცია“ შემოვიღოთ. სხვათა შორის, ლენინიც ამბობდა, მე რუსი პოლიტიკოსი არ ვარო. ბოლოს იმასაც ამბობდა, სორენტოში გამიშვითო. როდესაც დაეწყო შეტევები, ეპილეფსია, რეალური ფსიქიკური აშლილობა და ღია შიზოფრენიის ნიშნები, ლენინი იძახდა, გამიშვით იტალიაში, სორენტოში, გამიშვით საფრანგეთში, იქ უნდა დავიმარხოო. სააკაშვილი ანდერძითაც ჰგავს ლენინიზაციის დაწყების პროცესს.
შეიძლება, სააკაშვილი არც ფიქრობს სიკვდილზე და ანდერძი საზოგადოებისთვის თავის შესაცოდებლად დასჭირდა.
- არც ეს არის გამორიცხული. სხვათა შორის, ფსიქიურად აშლილ ადამიანებს სიმულაცია შეუძლიათ, მათ ძალიან კარგი აქტიორული ნიჭი უვითარდებათ. ეს კიდევ უფრო ამყარებს ჩემს ვერსიას, რომ ეს მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის ლენინიზაციას მაგონებს.