„ნაციონალური მოძრაობა“ ომზე, დაპირისპირებაზე და გადატრიალებაზე უკვე ღიად ალაპარაკდა. მიუხედავად იმისა, რომ პარტია კატეგორიულად უარყოფდა საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, ქვეყნის შიგნით სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით იმუქრება. ფაქტობრივად, გუბაზ სანიკიძემ და გიორგი ჩალაძემ სამხედრო გადატრიალება დააანონსეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მომხრე, უკრაინაში მებრძოლი სამხედროების მეშვეობით უნდა მოხდეს. ისინი ამბობენ, რომ თუკი სასამართლო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ ხელისუფლება ქუჩაში ომს მიიღებს. მოსამართლემ სააკაშვილის მოთხოვნა უკვე არ დააკმაყოფილა და ცნობილია, რომ მას სასჯელს არ გადაუვადებენ. ამიტომ, ახლა თუ მათ ლოგიკას გავყვებით, პარტია მოქმედებაზე უნდა გადავიდეს.
რითი და ვისით აშინებს ქართველ ხალხს „ნაციონალური მოძრაობა“?
„ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, ვეტერანებთან, აფხაზეთის, ცხინვალის, აქ ბევრი ვაპირებთ ომს!“ - გამოგვიცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერიდან.
მისი თქმით, უკრაინაში რამდენიმე ათასი ქართველი რომ იბრძვის, მეორე დღესვე აქ გაჩნდებიან და დამხმარეც ეყოლებათ - მთელი ცივილიზებული სამყარო.
„თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად, ეს არის მუქარა“, - ასე კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ჩალაძე გვაფრთხილებდა.
მისი თქმით, სააკაშვილისთვის რეალური საფრთხე დადგება თუ არა, „ქართული ოცნება“ ქუჩაში მიიღებს იმ პროტესტს, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებს.
მანამდე კი 8 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა სამხედროებმა, რომელბიც უკრაინაში იბრძვიან, ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ისინი საქართველოს და ქართველ ხალხს განადგურებით ემუქრებიან. ერთ-ერთია ნოდარ ყარალაშვილი, რომელიც საქართველოში ტანკებით შემოსვლას აპირებს. გარდა ამისა, იგი შეურაცხყოფას აყენებს კახელებს და ქართულ ღვინოს.
ნოდარ ყარალაშვილი ყოფილი პატიმარია, რომელიც გასამართლდა თაღლითობის მუხლით და მისჯილი ჰქონდა 11-წლიანი პატიმრობა. ის შეწყალების აქტის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს გაათავისუფლა, რის შემდეგაც უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად და უკრაინული ლეგიონის გალიჩინას მეთაური გახდა.
რამდენიმე თვის წინ კი ზუსტად იგივე სცენრაზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობდა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.
მმართველი გუნდის წევრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ყველა მსგავს განცხადებას ყუარდღებით უსმენს და ნებისმიერი ერთი არასწორი ნაბიჯის გადადგმა პასუხგაცემული იქნება კანონის ყველა მოთხოვნით.
როგორც ის განმარტავს, საყურადღებოა რადიკალური და სიძულვილით სავსე რიტორიკა, რაც ომისკენ მოწოდებებს შეეხება.
„ნება მათია, აირჩიეს ხაბეიშვილი, პოლიტსაბჭო. ახმოვანებენ ომის მოწოდებებს. ყველაზე მთავარია ის კოორდინაცია, საერთო და დალაგებული მესიჯი, ასევე ის, თუ ვინ ახმოვანებინებს ამ მესიჯებს“.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გუბაზ სანიკიძის და გიორგი ჩალაძის განცხადებები საყურადღებოა. როგორც ჩანს, გარკვეული სცენარი საქართველოში არეულობის დაწყებასთან დაკავშირებით მუშავდება და ამას ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.
„არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში არეულობის დაწყების შესახებ მოლაპარაკებები არსებობს. შესაძლოა ამაზე კონკრეტულ წრეებში იდეებსაც განიხილავენ და სანიკიძეს ეს სიტყვები ასე ჰაერზე არ წამოსცდენია. მსგავსი განცხადებები უკრაინაში მებრძოლი ზოგიერთი ქართველის მხრიდანაც მოგვისმენია. სააკაშვილის მომხრე ჯარისკაცები, რომლებიც მისი ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, პირდაპირ სამხედრო ძალით ხელისუფლების ჩამოგდებით იმუქრებიან. ჩვენ გვახსოვს, უკვე გადაყენებული ზელენსკის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩის განცხადებები: „როცა უკრაინა რუსეთთან ომს მოიგებს, ამის მერე საქართველოს გავათავისუფლებთ“. პირდაპირი მუქარები ხელისუფლების წინააღმდეგ საქართველოს შიგნითაც და მის გარედანაც ისმის. ეს ყველაფერი ჰაერიდან არ მოდის. მარტო ქართველების მიერ რომ ყოფილიყო ეს განცხადებები გაკეთებული, შესაძლოა, სანდო არ ყოფილიყო, მაგრამ ამ პოზიციების უკრაინელების მხრიდან გამყარება იმის ვარაუდს იძლევა, რომ ეს სცენარი ვიღაცების თავში იხარშება.
პოროშენკოს ხელისუფლებასაც და ამ ხელისუფლებასაც, რომელიც ახლა ზელენსკის მეთაურობით უკრაინის სათავეში იმყოფება, ნაციონალები ჰყავთ შეფარებული. ამ ადამიანებს ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალი თანამდებობები უკავიათ. ასევე გვახსოვს დავით არახამიას განცხადებებიც. არახამიასაც იგივე პათოსი ჰქონდა და პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ არ აწყობთ. ეს ხალხი ყველა ხერხს ხმარობს იმისთვის, რომ „ოცნების“ ხელისუფლება საგარეო ველზე დაასუსტონ და ნებისმიერ შანს ხელიდან არ უშვებენ, რომ არ გააკრიტიკონ. ამიტომაც ეჭვები ბევრია და ამ ეჭვებს საქართველოში მყოფი ზოგიერთი პოლიტიკოსი კიდევ უფრო ამყარებს“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, გამოდის, თუკი ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს და ზელენსკი კვლავ ხელისუფლებაში იქნება, მათ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საყრდენი დასჭირდებათ. ამიტომ არაა გამორიცხული, გაუჩნდეთ ამბიცია, რომ ამ ქვეყნებში მათთვის სასურველი ხელისუფლებები იყვნენ. ამიტომაც მუქარა, რომელიც ამ ბოლო დროს ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ ისმის, მხოლოდ მუქარა არ არის და ეს შესაძლოა ქვეყნისთვის რეალური საფრთხე იყოს.
„მიუხედავად იმისა, რომ მჯერა, ეს არის გარკვეული გეგმა, რომელსაც ვიღაცეები ამუშავებენ, ჩვენმა ხელისუფლებამ მაინც მოზომილი განცხადებები უნდა გააკეთოს და ხმაურიანი კომენტარებისგან თავი შეიკავოს. რადგან უკრაინა ომში იმყოფება, ჩვენს ქვეყანას ასეთი განცხადებების გაკეთება მაინც ანტიუკრაინულ განცხადებად ჩაეთვლება. ამას კი სწორედ ეს ჯგუფები საგარეო ასპარეზზე ჩვენი ხელისუფლების და სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენებენ. მსოფლიო ამას, როგორც პრორუსულ ნაბიჯს, ის გაიგებს. თუმცა ყველა სისტემის მზადყოფნა აუცილებელია. ასევე ეს განცხადებები უგულებელყოფილი არ უნდა დარჩეს და მოხდეს ანალიზი, ეს ადამიანები ამ ყველაფერს რის საფუძველზე ამბობენ. უკრაინამ, როგორც უკვე საკმაოდ ძლიერმა ევროპულმა ქვეყანამ, რომელსაც კარგი შეიარაღება და საბრძოლო გამოცდილება ექნება, შესაძლოა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა მოისურვოს. ჩათვალოს, რომ აქ მისთვის სასურველი ხელისუფლება უნდა იყოს და ასეთი ყველამ კარგად ვიცით სააკაშვილია“, - ამბობს საყვარელიძე.
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ყველა განცახდება, რასაც გუბაზ სანიკიძე, გიორგი ჩალაძე და სხვები აკეთებენ, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, შანსდაკარგული მიხეილ სააკაშვილი მოატყუონ. ამით არწმუნებენ, რომ მის ციხიდან დახსნას მაინც შეძლებენ. ქართველიშვილი ამბობს, რომ ამ ხალხს რეალურად იმის შიში აქვს, რომ სააკაშვილმა არ დაიწყოს საუბარი საქართველოში ვინ და რატომ გამოგზავნა, არ მოაღოს პირი და ყველაფერს ფარდა ახადოს. ამიტომაც მას ამ სახის მესიჯებს უგზავნიან და მის დამშვიდებას ცდილობენ.
„როგორც ჩანს, სააკაშვილს იმაზე უფრო დიდი მისია ჰქონდა შესასრულებელი, ვიდრე ჩვენ ვიცით. ის ძალები, რომლებმაც 2003 წელს სააკაშვილის ხელისუფლებაში დესანტირება მოახდინეს, ცდილობენ, რომ გავლენის აგენტი სანამ ალაპარაკდება, ციხიდან ნებისმიერი ფორმით დაიხსნან. ან, თუ ვერ დაიხსნიან, ფუჭი იმედი მაინც მისცენ და ამით გააჩერონ. ის უამრავ ინფორმაციას ფლობს და ბევრი რამ ამა თუ იმ საერთაშორისო დანაშაულის შესახებ იცის. ის არის ბევრი რამის მოწმე, ამიტომაც ცდილობენ, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი ფორმით გადაიყვანონ.
სააკაშვილისთვის შეზღუდული თავისუფლება და ძალაუფლება მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იწვევს და არავინ იცის ხელჩაქნეული სააკაშვილი როდის და რაზე ალაპარაკდება. ახლა უკვე ვიცით, რომ მოსამართლემ მისთვის სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. ამიტომაც მისი მდგომარეობა ამ ადამიანებისთვის კიდევ უფრო სარისკო გახდება. მე მგონია, რომ სანიკიძის და ჩალაძის საუბარი სწორედ ამას ემსახურება. მას დამატებით იმედს აძლევენ, რომ თუკი ეს ლობისტები და სხვა აქტივობები არ გაჭრის, მაშინ აგერ, უკრაინიდან სამხედროები დაიძრებიან და გაგათავისუფლებთო. ეს არის მორიგი ტყუილი და სატყუარა სააკაშვილისთვის, რომლის ციხეში დაოკება უკვე ძალიან უჭირთ. ეს არის პირდაპირ სამხედრო გადატრიალების მცდელობა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ხვდება, რომ ხელისუფლებაში მათ ქართველი ხალხი არ დააბრუნებს. ამიტომ ახლა ქართველ ხალხს უკრაინაში მყოფი მებრძოლებით აშინებენ. თურმე ეს ხალხი როგორც კი ომს მოიგებს, ამ გამარჯვების ეიფორიით, ტანკებით დაბრუნდებიან და სამხედრო გადატრიალებას მოახდენენ“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, საინტერესოა უკვე ყველანაირი ნებისყოფისგან დაცლილი სააკაშვილის გაჩერებას როდემდე შეძლებენ, რადგან უკრაინაში ომის დასრულებას ჯერ პირი არ უჩანს. რამდენ ხანში შეიძლება ეს მეომრები უკან დაბრუნდნენ და ქართველ ხალხს ომი დაუწყონ? ქართველიშვილი ამბობს, რომ, დიდი ალბათობით, სააკაშვილის გაჩერებას ვეღარ შეძლებენ და როცა ის მიხვდება, რომ მოატყუეს, გუდას პირს მოხსნის.
არც ისეთი სულელია ვივამედის ვიპ-პაციენტი, რომ მაგ შარში გაჰყოს თავი.
იმაზე მეტს, რასაც მისგან ველოდებით, ამერიკის ელჩი ლაპარაკობს თითქმის ყოველდღე. ოღონდ, დემოკრატიით, თავისუფლებით და ხალხის სახელით ფუთავს.
სწორი თარგმნა სჭირდება. რამდენიმე სიტყვის შეცვლა და აწყმოც ჩანს, წარსულიც და მომავალი გეგმებიც.
პირდაპირ გვეუბნებიან რა უნდათ.
და რას იზამენ, თუ არ დავემორჩილებით.