ისრაელი უკრაინისთვის „რკინის გუმბათის“ სისტემის გადაცემას არ გამორიცხავს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „სიენენ“-თან საუბრობს ამის შესახებ.
„რკინის გუმბათი“ საჰაერო თავდაცვის სისტემაა. ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ანტისარაკეტო სისტემაა, რომლის სიზუსტეც 90%-ია. „რკინის გუმბათის“ პლუსი ის არის, რომ ყველანაირ ამინდში მუშაობს, ნისლშიც, წვიმაშიც, მტვრის ღრუბელშიც. აღნიშნული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა განკუთვნილია ისრაელის დაცვისთვის 4-დან 70 კილომეტრამდე ფრენის მანძილიდან. თითოეულ ბატარეას შეუძლია დაიცვას 150 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია. „რკინის გუმბათი“ აიგნორებს ისეთ რაკეტებს, რომლებიც საფრთხეს არ ქმნიან მოსახლეობისთვის და დაუსახლებელ ადგილებში ეცემიან.
ასეთი ეფექტური მონაცემების მიუხედავად, „რკინის გუმბათი“ ყოვლისშემძლე არ არის და, თუ ერთდროულად ძალიან ბევრ რაკეტასთან მოუხდა გამკლავება, რამდენიმე რაკეტამ შეიძლება მისი დამცავი სისტემა გაარღვიოს. სხვათა შორის, ეს კარგად იციან პალესტინელებმაც, ამიტომაც ცდილობს „ჰამასი“ ერთბაშად ბევრი იაფი რაკეტა გატყორცნოს და „რკინის გუმბათის“ სისტემა ამგვარად გადატვირთოს.
ეს თავდაცვითი ფარი უძლეველობის განცდას ბადებს და პოლიტიკოსები მშვიდობისთვის მიღწევას აღარ ცდილობენ. გამორიცხული არ არის, „რკინის გუმბათის“ გადაცემის შემდეგ უკრაინელებსაც უძლეველობის განცდა დაეუფლოთ და მშვიდობის დამყარებაზე ნაკლებად იფიქრონ.
რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინამ ისრაელს სამხედრო მხარდაჭერის თხოვნით არაერთხელ მიმართა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა, რომ დროა, ისრაელმა აირჩიოს, ვის მხარესაა, პასუხად კი ისრაელი თავს იმართლებდა, რომ უკრაინას ვერ დაეხმარებოდა, რადგან საკმარისი შეიარაღება არ გააჩნდა.
რამდენად დაიცავს უკრაინას „რკინის გუმბათი“ და რატომ არ მოხდა მისი დროულად გადაცემა, რითაც უამრავი უკრაინელის სიცოცხლე გადარჩებოდა?
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ისრაელის „რკინის გუმბათის“ საჭიროება უკრაინას დღეს უკვე აღარ აქვს. იმ ამოცანის შესრულებას, რაც უკრაინას სჭირდება, ისრაელის თავდაცვითი ფარი ვერ შეძლებს, რადგან ის მუშაობს ოპერატიულ-ტაქტიკური სისტემებისა და ზონალური სივრცის დასაფარად, უკრაინას კი ოპერატიულ-სტრატეგიული დარტყმების მიყენებისგან დაცვა სჭირდება.
აქედან გამომდინარე, ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ისრაელის „რკინის გუმბათის“ შესაძლებლობები ცოტა გაზვიადებულია, ის მოქმედებს ჰიბრიდული ტიპის გასამხედროებული ფორმირებების წინააღმდეგ, როგორიცაა „ჰესბოლა“, „ჰამასი“, რომლებიც იყენებენ თვითნაკეთ და ტაქტიკური ტიპის სარაკეტო კომპლექსებს.
„პრინციპში, უკრაინა უკვე ქმნის სათავისო თავდაცვით კომპლექსებს, უკრაინას ამის საშუალება აქვს. შეიძლება ეს უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე ისრაელის „რკინის გუმბათი“, რადგან უკრაინის სისტემა ადაპტირებულია რუსეთის ფედერალური, რეგულარული შეიარაღებული ძალების და ბირთვული სახელმწიფოს შემტევი იარაღის წინააღმდეგ. ამდენად, უკრაინისთვის „რკინის გუმბათის“ გადაცემის შეთავაზება ნეთანიაჰუს მხრიდან, უბრალოდ, პოლიტიკური კეკლუცობაა, უკრაინისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა, თორემ უკრაინას ახლა ნამდვილად არ სჭირდება „რკინის გუმბათი“. უკრაინას საკუთარი უკრაინული „რკინის გუმბათის“ შექმნა თავისუფლად შეუძლია“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ for.ge-სთან საუბრისას.
მანვე განმარტა, რომ რუსები სწორედ სტრატეგიული ტიპის შემტევი შეიარაღებით ურტყამენ უკრაინას, მათ შორის, ზებგერითი და ჰიპერბგერითი კომპლექსებით, რომელთანაც ისრაელის „რკინის გუმბათი“ უძლურია.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ცხადია, ისრაელისგან გადაცემული „რკინის გუმბათის“ სისტემა გარკვეულ შეღავათს მოუტანს უკრაინას, მაგრამ გააჩნია დაფარვის რა სივრცე ექნება. ამ სარაკეტო თავდაცვის მთელი ფილოსოფია ის არის, თუ რამდენად შეუძლიათ თავდაცვის ერთიანი სისტემა შექმნან უკრაინაში. საბოლოო ჯამში, უკრაინის თავდაცვისუნარიანობა, რა თქმა უნდა, გაიზრდება, რაც რუსეთის სარაკეტო დარტყმებს გაანეიტრალებს.
ეს რომ ასე იყოს, ამერიკელებივით მოასწორებდნენ ქალაქებს არტილერიით და მერე შევიდოდნენ, თუ რამე დარჩა ცოცხალი, მათ გასანადგურებლად.