„ეს არის პატიმრის მდგომარეობის დაზიანება ანგარებითი მიზნით. სააკაშვილის უფლებებს ვინმე რეალურად რომ იცავდეს, თუნდაც მისი ოჯახი, ვისაც მიშაზე გული შესტკივა, დააყენებდა საკითხს, რატომ არ აძლევენ სააკაშვილს საჭირო კალორიებს. სხვათა შორის, ამის თაობაზე დედამისმა რამდენჯერმე თქვა, ყველა ცდილობს, იპარაზიტოს სააკაშვილის სახელის გამოყენებით, რომ პოლიტიკური სარგებელი ნახოსო“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელის თქმით, სააკაშვილი ასრულებს ორგანიზაცია „ემპათიის“ რეკომენდაციას, რომ იმდენი კალორაჟი მიიღოს, რაც მხოლოდ მისი სიცოცხლის შენარჩუნებას სჭირდება და არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ხომ შეიძლება ამგვარი „რეკომენდაციების“ შესრულებამ არ გაამართლოს და საცდელი ობიექტი, ანუ სააკაშვილი დაიღუპოს, რაც დესტრუქციული ძალების ინტერესშია?
- რა თქმა უნდა, ეს რისკი არსებობს. სააკაშვილი იმის ჩიტი არ არის, ვინმეს ან რამეს თავი შესწიროს. რაღაც ეჭვი მეპარება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყოს, რომ საშიში აღმოჩნდეს მისი სიცოცხლისთვის, ამის არ მჯერა. სააკაშვილი არ არის ისეთი მტკიცე ხასიათის, ასეთ მსხვერპლზე წავიდეს.
სააკაშვილის გამოწეულმა ნეკნებმა და ჩავარდნილმა მუცელმა, ცოტა არ იყოს, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა საზოგადოების ნაწილზე.
- ცხადია, ის წონაში იკლებს. ამბობენ, რომ შეიძლება არსებობდეს ანორექსიის, კვებითი აშლილობის ნიშნები. სამედიცინო საკითხების განსჯაში ვერ შევალ, მაგრამ ფაქტია, სააკაშვილის მდგომარეობა არ არის დაკავშირებული მის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნასთან, მით უმეტეს, ამ წუთას ის არც არის საპატიმრო დაწესებულებაში. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულია და სასჯელის ქვეშ მყოფ პირად მიიჩნევა, იგი სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება და არავითარი საფუძველი არ მაქვს, ვთქვა, რომ მას ან ყურადღება აკლია, ან სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ, ეჭვს ვერ შევიტან ქართული სამედიცინო პერსონალის არაკვალიფიციურობაში. ახლა მის მოწამვლაზეც ლაპარაკობენ, ესეც გამორიცხულია.
მისი მოწამვლა შესაძლოა, იმიტომაც არ იყოს ხელისუფლების ინტერესში, რომ თუკი ლოგიკას მივყვებით, სააკაშვილი გათავისუფლების შემთხვევაშიც, საშიში აღარაა ხელისუფლებისთვის, ის ვერ აიყოლიებს ხალხს. უფრო მეტიც, ტრაგიკული ფინალიც რომ დადგეს, ვერც ეს ფაქტი ასწევს მუხტს ზევით. ამდენად, ხელისუფლებას შეიძლება არ უნდოდეს სააკაშვილის მოწამვლა, მაგრამ ხომ შეიძლება სხვა ძალებს აწყობდეთ?
- სააკაშვილიც ადამიანია და ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. რა თქმა უნდა, არავის უხარია მისი ჯანმრთელობის დაზიანება. ღმერთმა დაიფაროს და დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი უბედურება რაღაცნაირად შეცვლის საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას, რადგან თვითონ სააკაშვილსაც და მის პოლიტიკურ ძალასაც ისეთი პერიოდი უდგათ, მთლიანად კარგავენ პოლიტიკურ კაპიტალს. აბსოლუტურად განძარცვულია ამისგან ერთიც და მეორეც, ანუ სააკაშვილიც და მისი პარტიაც, საამისოდ შესანიშნავი ილუსტრაციაა ლევან ხაბეიშვილის არჩევა პარტიის თავმჯდომარედ. პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობა“ თავმოჭრილი პოლიტიკური ძალაა ისევე, როგორც სააკაშვილის ქცევაა მადისკრედიტირებელი. როგორ შეიძლება სააკაშვილი პოლიტიკოსად იყოს მიჩნეული, როცა არ შეუძლია სასჯელი მიიღოს და ციხეში გაძლოს. ეს არის მისი ავადმყოფობის თეორია, მისი ავადმყოფობის მიზეზი არის ის, რომ ვერ ეგუება ციხეს. პოლიტიკოსი, რომელსაც არ შეუძლია ღირსეულად მიიღოს ნებისმიერი არახელსაყრელი მდგომარეობა, სხვა ადამიანების აყოლიებას როგორ შეძლებს? როგორ უნდა იფიქროს სხვა ადამიანებზე, როცა მცირე გაჭირვების ატანაც არ შეუძლია?
ისე, საინტერესოა, კაცი, რომელიც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, დღეში 40 ხინკალს ჭამდა, ამჯერად როგორ იღებს მცირე ულუფა საკვებს? შეიძლება, ეს კუჭის რეზექციით აიხსნას, მაგრამ მაინც მისგან მოულოდნელია ასეთი თავშეკავება საკვების მიმართ.
- სააკაშვილი ახლა დისკომფორტშია, მაგრამ უფრო მეტად ახლა განიცდის ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და უღირს ეს ყველაფერი ამად. მზად არის ამ მსხვერპლზე წავიდეს, იმდენად მძიმეა მისთვის პატიმრობაში ყოფნა. თუმცა რაიმე სერიოზული საფრთხე რომ შეუქმნას საკუთარ ჯანმრთელობას, მით უმეტეს, სიცოცხლეს, ეჭვი მეპარება. ეჭვი მეპარება კი არა, გამოვრიცხავ ამას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადგმულია პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. სამედიცინო თემა იქნება ეს, თუ სამართლებრივი თემა, ყველაფერი ფალსიფიცირებულია. რასაც „ემპათია“ აკეთებს, ეს ყოვლად შეუთავსებელია ჰიპოკრატეს ფიცთან, სამედიცინო პროფესიულ ეთიკასთან. თუკი „ემპათიის“ მხრიდან ეს შეგნებულად კეთდება, ამით ზიანდება პაციენტის ჯანმრთელობა, შეიძლება „ემპათიის“ პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, როგორც ამ დანაშაულში თანამონაწილისა. ეს არის პროცესი, რომლის მიზანიცაა პატიმრის მდგომარეობის დაზიანება ანგარებითი მიზნით. სააკაშვილის უფლებებს საქართველოში ვინმე რეალურად რომ იცავდეს, თუნდაც მისი ოჯახი, ვისაც მიშაზე გული შესტკივა, ეს საკითხი უნდა დააყენოს. სხვათა შორის, ამის თაობაზე დედამისმა რამდენჯერმე თქვა, ყველა ცდილობს, იპარაზიტოს სააკაშვილის სახელის გამოყენებით, რომ პოლიტიკური სარგებელი ნახოსო. სააკაშვილის პოლიტიკური წონით სარგებელი ნახონ, ეს უკვე პარაზიტიზმია.
შეუძლებელია, სააკაშვილმა, როგორც იურისტმა, არ იცოდეს, რომ თვითდაზიანება ვერ გახდება პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი. ითქვა კიდეც, განა შეიძლება ბრეივიკმა იშიმშილოს და ამის გამო ნორვეგიის ციხიდან გაათავისუფლონ?!
- დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა სააკაშვილთან მიმართებითაც, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო მგონია, ეს თვითდაზიანება სააკაშვილის ინიციატივით ხდებოდეს. სააკაშვილი მისდა უნებურადაა ჩართული ამ თამაშში, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სასპეკულაციოდ გამოიყენება. ამას ადასტურებს ევროკავშირში გამართული დებატებიც, რამაც შთაბეჭდილება დატოვა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა მეათეხარისხოვანია, მთავარია, საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლა.
საქართველოზე პოლიტიკურ ზეწოლას როცა ახსენებთ, გულისხმობთ, რომ ამ ზეწოლით გვსჯის ზელენსკიც, როცა აფრიალებს „ნაწამები“ სააკაშვილის ფოტოებს?
- ამ შემთხვევაში, ზელენსკიც არ არის დამოუკიდებელი, ზელენსკი აკეთებს იმას, რასაც ავალებენ. ბრჭყალები გავხსნათ და ვუწოდოთ ამას გლობალური ომის პარტია, ზელენსკი გლობალური ომის პარტიის არა იმდენად მოთამაშეა, რამდენადაც მათი ნების შემსრულებელი. რასაც ეტყვიან, ზელენსკი იმას გააკეთებს. სააკაშვილიც გამოიყენება, როგორც ზეწოლის მექანიზმი და, პარალელურად, აქ მართლაც დგას საკითხი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანი სამკურნალო დაწესებულებაშია. თუ არ მოსწონთ ეს ექიმები, შეუძლიათ, უკეთესი ექიმები ნახონ, უკეთესი სამედიცინო მომსახურება მიიღონ. საუკეთესო ადგილია, კაცი საავადმყოფოშია, ნებისმიერი ექიმი შეუძლიათ ჩამოუყვანონ. არავითარი ობიექტური აუცილებლობა არ არსებობს, გაიყვანონ საქართველოდან. თუკი ადამიანის გადარჩენა სადმე შეიძლება სამედიცინო ჩარევით, ეს შეიძლება საქართველოშიც. თუ სააკაშვილს სჭირდება განსაკუთრებული სამედიცინო პროცედურები, უნიკალური ექსკლუზივით, მაშინ გვითხრან, რა დაავადება სჭირს სააკაშვილს, რაც საქართველოში არ იკურნება. ასეთი დაავადება არ არსებობს. თუ ის საკვებს ვერ იღებს, ალბათ, ამას ანორექსია ჰქვია, ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამო ადამიანი საკვებს ვერ იღებს. ეს არ არის ისეთი მდგომარეობა, რასაც განსაკუთრებული მკურნალობა სჭირდება საქართველოს გარეთ.
დედამისის ნათქვამით თუ ვიმსჯელებთ, სააკაშვილს საქართველო ისე ენატრებოდა, რომ გარისკა საქართველოში შემოსვლა, ახლა კი ვისმენთ სააკაშვილის დანაბარებს, რომ მისი გული უკრაინაში უნდა დაიმარხოს.
- ეს ამაზრზენია, ქართველისთვის სამარცხვინო საქციელია, უკრაინაში გულის დამარხვა რატომ უნდა უნდოდეს საქართველოში დაბადებულ ადამიანს, ის მისთვის მაინც უცხო ქვეყანაა. ადამიანს საკუთარი სამშობლო აქვს, ადამიანი არ ირჩევს არც მშობლებს, არც სამშობლოს. რომელი ქვეყნის შვილიცაა ადამიანი, ეს უკვე მოცემულობა. უკრაინაში მყოფ სააკაშვილს პირიქით შეეძლო ეთქვა, ჩემი გული საქართველოს ეკუთვნისო, მაგრამ როგორც სჭირდება, ისე ამბობს. შეიძლება ამას აკეთებს იმიტომ, რომ უკრაინელებში სიმპათია დაიმსახუროს.
ამას აკეთებს იმიტომ, თითქოს ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს, ყოველ შემთხვევაში, ასეთ მესიჯს უკვე მერამდენედ უგზავნის ჩვენს ხელისუფლებას.
- არასერიოზულ ხალხს შეიძლება მოეწონოს მისი ნათქვამი, მაგრამ რაღაც სპეკულაციაა, ცდილობს, საქართველოს პოლიტიკაზე თქვას უარი, უკრაინელებს თავი მოაწონოს, მაგრამ ამით ობიექტურ საფუძველს კარგავს, რომ ქართველებმა მას მხარი დაუჭირონ.
შეიძლება, ტარას ბულბას როლშია შეჭრილი, უკრაინელების საყვარელ გმირის მიბაძვას ცდილობს, რომელმაც სიკვდილის წინ წარმოთქვა მგზნებარე სიტყვები, „გამიხსენეთ, მეგობრებო, იცოდეთ, არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ძალა, რომლისაც შეეშინდება კაზაკს“.
- შესაძლოა, ჩვენი ქართველი პატრიარქის-ამბროსი ხელაიას სიტყვებსაც იმეორებს, ჯალათებს რომ მიმართა, „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“ სააკაშვილი იძახის, ჩემი გული უკრაინას ეკუთვნისო, ეს ძალიან ყალბია, ხელოვნურია და არავინ დაიჯერებს, გარდა არასერიოზული ხალხისა.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ სააკაშვილმა აღიარა, თითქოს მისი ჩამოყვანისთვის ჩანერგილმა აგენტებმა იმუშავეს. ამ ჩანერგილ აგენტებში უკრაინელი აგენტებიც ხომ არ იგულისხმება, რომლებმაც დამალეს, რომ სააკაშვილი საქართველოში იპარებოდა და დაგვარწმუნეს, თითქოს ის უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში ისვენებდა?
- სააკაშვილს ენაზე რაც მოადგება, იმას რატრატებს. შესაძლოა, მისი ერთადერთი ჩანაფიქრი ისაა, რომ ავლაპარაკდები და პრობლემებს შეგიქმნითო. თუმცა არა მგონია, ამ ნათქვამის უკან რაიმე ჩანაფიქრი იმალებოდეს. მის ნათქვამს თავისთავად ეტყობა ხოლმე რაღაც კომბინაციები. უბრალოდ, ახლა რაღაც დააბრეხვა ჩანერგილი აგენტების შესახებ.
ფიქრობთ, აგენტებისგან მიცემული დავალების გარეშე შემოვიდა საქართველოში?
- აქ აგენტებზე არ უნდა იყოს საუბარი. უბრალოდ, ბევრ ადამიანს ჰქონდა გავლენა სააკაშვილზე. ის, რომ ვიღაცამ დაუგეგმა საქართველოში ჩამოსვლა, არ არის ასე.
მაშინ უკრაინულმა მხარემ რატომ დამალა მისი რეალური ადგილსამყოფელი და რატომ დაგვაჯერა, თითქოს მიშა ისვენებდა?
- უკრაინას არ აწყობდა, რომ სააკაშვილი გამოიპარა. რა მიზნითაც ჩამოვიდა, ეს უკვე გასაგებია. სააკაშვილის დაყოლიებას რა უნდოდა, ეტყოდნენ, საქართველოში იმდენად მყიფე სიტუაციაა, საკმარისია, ჩახვიდე და მოხდება ის, რაც შენ გინდაო, სააკაშვილმაც ეს დაიჯერა.