გიორგი არევაძემ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განმარტა, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც პრესასთან აკეთებს გარკვეულ განცხადებებს, არ შეიძლება იყოს მოწმე.
გარდა ამისა, არევაძის განცხადებით, ყველა დამატებითი მოწმის დაკითხვა დაკარგავს დროს, მით უფრო ისეთი მოწმის, რომელიც მსჯავრდებულის ჯანმრთელობის თაობაზე არ არის ექსპერტი და ვერ მოგვაწვდის ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საკუთარი მოწმეების დაკითხვა დაიწყო. პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დორექტორი ნინო ნადირაძე დაიკითხა. ხმაურიან სასამართლო სხდომას მსჯავრდებული სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ დაესწრო.
ნინო ნადირაძემ დეტალურად ისაუბრა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სააკაშვილის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულებაში ყოფნა, რადგან ის ვერ ეგუება გარემოს, არ შეუძლია. როგორც ნადირაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ დიაზეპამის ინტრამუსკულარული ინექცია არ შეწყვეტილიყო. მისი თქმით, ეს იყო ერთადერთი ზეწოლა, როდესაც თავად ჩაერია ექიმის დანიშნულებაში.
„მამაოს შეჰქონდა ხოლმე ხანდახან ღვინო. იმის მერე ხაჭაპურიც უჭამია. ანუ ის მომენტი, რომ მას რაღაცის ჭამა არ შეუძლია, ასე არ არის, მაგრამ მისი ფსიქოემოციური ფონი არის საკმაოდ დამძიმებული. მან იცის, რომ კარგად ყოფნით ის გარეთ ვერ მოხვდება. შესაბამისად, ის საკუთარ თავს და არც ექიმებს არ უწყობს ხელს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მე ის ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი“, - მიმართა ადვოკატს ნინო ნადირაძემ.
როგორც ნადირაძემ სასამართლოზე აღნიშნა, ცენტრი „ემპათიის“ მიზნები რადიკალურად განსხვავებულია კლინიკის მიზნებისგან. ამბობს, რომ ბევრჯერ მიმართა მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებს დახმარებისთვის, რათა სააკაშვილის კვებითი რაციონი გაუმჯობესებულიყო. მისივე განმარტებით, ის საკვები, რაც ყოფილ პრეზიდენტთან ყოველდღიურად მიაქვთ, მაგალითად, ნივრიანი პური, შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნიორი და სოკოს შილაფლავი, არაფერში წერია.
„ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად, თუმცა ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია და ესეც მესმის, გათვითცნობიერებული მაქვს, მაგრამ ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას. არ დავასახელებ ამ პიროვნებებს, ნამდვილად იყო მათგან მცდელობა, რომ დამხმარებოდნენ კვებითი რაციონის გაუმჯობესებაში, თუმცა ის საკვები, რაც მასთან ყოველდღიურად მოდის, მაგალითად, ნივრიანი პურის და შავ პურზე წასმული გაჭყლეტილი ნივრის რაღაც რაოდენობის მოტანა, მე არ ვიცი რაში წერია. ვერ ვხვდები შილაფლავი სოკოთი რომელ გაიდლაინში წაიკითხეს. ჩვენმა ენდოკრინოლოგმა ჩაუშალა კალორაჟით, რომელი პროდუქტებია საჭირო, რა რაოდენობით არის საჭირო, ეს ყველაფერი მათ ძალიან ბევრჯერ აქვთ ახსნილი“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.
„ვივამედის“ გენერალური დირექტორის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებას არ იზიარებს სააკაშვილის დაცვის მხარე. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ნინო ნადირაძის „ბჟუტური“, არაკომპეტენტური ექიმის ლაპარაკია, რაც თვითონ დაადასტურა.
„კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებულ არც ერთ შეკითხვას არ გასცა პასუხი. მალაბსორბციასთან, კახექსიასთან, დემენციასთან, ავადმყოფობის ისტორიებთან, გარდაცვლილ პატიმრებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა დაისვა და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა. თქვა, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედის. მაშინ, მე ვერ გავიგე, პენიტენციურ სამსახურს მოწმედ რატომ ჰყავდა გამოძახებული?! არ არსებობს არც ერთი პროცედურა, მედიკამენტი, ექიმის რეკომენდაცია, რომელზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა. დადასტურდა, რომ სააკაშვილი იღებს საკვებს, მაგრამ არ ერგება იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც მას გააჩნია“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, პაციენტის უფლებების დარღვევის გარდა, ნადირაძის ჭორაობა საზოგადოების დაცინვაა და ე.წ. საცივის თემით მანიპულირება. მისი თქმით, თუკი ვინმე იტყვის, რომ საცივით 38 კილოს იკლებენ, მაშინ ახალი დიეტა აღმოჩენილა. მისივე თქმით, „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი დაარღვია და მის ამ ქმედებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
„სიმართლე იყო შემდეგი - ბატონი სააკაშვილისთვის მირთმეული საცივის გასინჯვას რა შედეგიც მოყვა დადასტურებული და დაფიქსირებული არის სამედიცინო ისტორიაში. ამას მოჰყვა მწვავე, კუჭ-ნაწლავის გართულება. ეს საცივი განკუთვნილი იყო სამედიცინო პერსონალისთვის და ქალბატონ ნინოს შეუძლია კარგად მოჰყვეს, რამდენად გემრიელად დააგემოვნა ეს საცივი.
უბრალოდ, მინდა ვუთხრა - ქალბატონო ნინო, თქვენ ძალიან სამარცხვინოდ იქცევით, როცა ადამიანის უფლებებს აი, ასე ფეხქვეშ თელავთ! თქვენი ქცევა არის თავზე გადავლა თქვენივე მედპერსონალის და იმ ადამიანების, ვის მიმართაც ჩვენ ბევრი ხანია პატივისცემას გამოვხატავთ. ეს არ ეკადრება იმ საზოგადოებას, რომლის წარმომადგენლადაც თქვენ თავს აჩვენებთ. გპირდებით, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა გიორგი ჩალაძემ.
სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს უკრაინის უმაღლეს რადაში. დოკუმენტს უმაღლესი რადას 90-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი. უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის ელენა შულიაკის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომლის წევრი საქართველოც არის, თავის 2022 წელს მიღებულ რეზოლუციაში მოუწოდა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ და გათავისუფლებისკენ, რომლებიც რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან, მათ შორის სააკაშვილის.
„ყოფილი საქართველოს პრეზიდენტი და ახლანდელი უკრაინის მოქალაქე ამ მომენტისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე შექმნას პირობები მის ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანისთვის“, - აღნიშნა ელენა შულიაკიმ.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულ პირებს სამი კითხვით მიმართავს: 1. მეტი რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად; 2. კერძოდ, პატიმრის რომელი უფლება დაირღვა და 3. არის თუ არა პარენტერალურ კვებაზე უარის თქმა მედიკამენტების შერჩევით მიღება და სამედიცინო რეკომენდაციის არშესრულება თვითდაზიანება?
„საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და სწორედ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია ის, რომ სახელმწიფო ხელისუფლება უნდა განხორციელდეს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი შესაძლებელია. ვთავაზობთ ეთერის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მოვიდეს და თქვას, უნდა წერილობით გააკეთოს განცხადება - მეტი სხვა რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად? კეთილი ინებოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, რომელსაც ვითომდა გული შესტკივა მის ჯანმრთელობაზე ან მართლა შესტკივა და არ იყენებს ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებისთვის, მოგვწეროს წერილობითი პასუხი“, - აცხადებს რატი ბრეგაძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი პოლიტიკური კოორდინაციის შეფუთვაა, რომლის ერთ-ერთი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ქვეყანაში ვითარების არევაა. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ვერანაირი ლობისტური კონტრაქტით და ვერანაირი კოორდინაციით ხელისუფლებას ვერ გადაახვევინებენ იმ გზიდან, რომელიც არის შესაბამისობაში და თანხვედრაში ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან.
„სინამდვილეში, ასეთი კონტრაქტები მხოლოდ შეფუთვაა იმ პოლიტიკური კოორდინაციისა, რომელიც ხორციელდება ამ საქმის გარშემო და ეს კოორდინაცია არის საკმაოდ ფართო, ანუ საკმაოდ ფართოა ინტერესი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ საქართველო უნდა გახდეს მეორე ფრონტი. ჩვენ ამას არ გავყვებით, ბუნებრივია. არავის სჯერა იმის, რომ ასეთი ლობისტური კონტრაქტებით ლაგდება ამხელა კოორდინაცია.
რა თქმა უნდა, ეს სხვა რამეა. ეს არის პოლიტიკური კოორდინაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და მთავარი ინტერესი არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა არ უნდა გახდეს მეორე ფრონტი, მშვიდობა არ უნდა დაირღვეს ამ ქვეყანაში.
ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიხელმძღვანელებთ ამ ინტერესით, როგორი კოორდინაციაც უნდა იყოს გარედან, ვინც უნდა მოგვიწოდოს ჩვენ, რომ უარი ვთქვათ სამართლის უზენაესობაზე, სასჯელის აღსრულებაზე და ასე შემდეგ. სიმულაციის საფუძველზე და თვითდაზიანების საფუძველზე ხომ მით უმეტეს, ჩვენ ამ მოწოდებებს ვერ გავყვებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მაგრამ რაც უფრო ადვილად დასამტკიცებელი და ახსნადია, იმაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, მოქმედი კანონმდებლობით. და არავის აქვს უფლება, კანონზე მაღლა დადგეს. ტიპმა (სხვა რამეს ვერც ვუწოდებ) დაარღვია არაერთი კანონი და იხდის სასჯელს (საავადმყოფოს ლუქს-პალატაში წოლას თუ სასჯელის მოხდა ჰქვია) და იქნება პატიმრობაში იმდენ ხანს, რამდენსაც სასამართლო მიუსჯის.