უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას ითხოვს. მისი თქმით, უკრაინა გვერდზე არ იდგება, რადგან მისი მოქალაქის „წამებას“ ხედავენ. უკრაინის ომბუდსმენის შემდეგ საქართველოს ღიად უპირისპირდება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სააკაშვილი უკრაინას დაუყოვნებლივ გადასცეს.
„სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყველაზე უარეს ტრადიციებში საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყენებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, უარს ეუბნება მას სასწრაფოდ საჭირო სამედიცინო დახმარებაზე, განზრახ უქმნის პირდაპირ საფრთხეს მის სიცოცხლეს. უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს და მიუთითებს საქართველოში დემოკრატიისგან გადახვევაზე.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას. ნუ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. ასევე მივმართავთ უცხოეთის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების გამო“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა პოლიტიკურ ომს საქართველოსთან აწარმოებს. ამჯერად პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობა მკვლელობაში დაადანაშაულა ყოველგვარი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე.
„საქართველო, მისი ხელმძღვანელობა - ვისკენ არიან ისინი დღეს? ისინი ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ? რადგან რუსეთი ისევე ეპყრობა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ეპყრობა უკვე არა თავის პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. და ამიტომ, კიდევ ერთხელ: ისინი ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ არიან? თუ ისინი უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან?“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის პოსტს მიხეილ სააკაშვილის შესახებ, twitter-ში საქართველოს მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. „ტვიტერის“ ქართველი მომხმარებლები უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე 2003-2012 წლებში მოკლული და ნაწამები პირების ფოტოებს აქვეყნებენ. ზელენსკის პოსტზე სისტემის სხვა მსხვერპლების ფოტოებთან ერთად, სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის, ბუტა რობაქიძის, ვალერი გელაშვილის და სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი მოქალაქეების ფოტოებიც დევს, რომელთა საქმეზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრდადებულია. კომენტარების ნაწილი პოსტიდან უკვე წაშლილია.
უკრაინის ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებების საპასუხოდ, ელჩის გამოწვევას აუცილებლობაზე საუბრობენ ქართველი ანალიტიკოსები. ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, უკრაინის საგარეომ ჩვენს ქვეყანას საჯაროდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად მიაყენა უმძიმესი შეურაცხყოფა, მათი ერთი კრიმინალი მოქალაქის გამო, რომელიც თავად შემოგზავნეს აქ ხელისუფლების დასამხობად.
„ახლა უკვე აღარ გამოვა თავის დაძვრენა - „ქვეყანა ომშია“ და მსგავსი დიპლომატიური ეკვილიბრისტიკა. დაიცავით ქვეყნის და სახელმწიფოს ღირსება და დაუყონებლივ გამოიწვიეთ კიევიდან ელჩი კონსულტაციისათვის და საპასუხო დიპლომატიური ნოტის გადაცემაც არ დაგავიწყდეთ!“, - მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წელია ძალიან ხმაურიანი განცხადებებით დაგვამახსოვრა თავი უკრაინის ხელისუფლებამ, თუმცა ამჯერად ბრალდება გაცილებით ხმაურიანი აღმოჩნდა. უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას მკვლელობაში სდებს ბრალს. იმ ადამიანის მკვლელობაში, რომელიც იყენებს თვითდაზიანებას მხოლოდ იმიტომ, რომ აირიდოს მოსალოდნელი სასჯელი. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდება და მით უმეტეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უნდა გახდეს ელჩის გამოწვევის საფუძველი, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე ელჩის გამოწვევის საკითხი არ დადგება.
„ძველი ქართული ანდაზა ამბობს - ძალა აღმართს ხნავსო. ანუ, ძალამ წესები არ იცის და მათ შორის - აღმართ-დაღმართიც. დღეს, მსოფლიო საზოგადოებისთვის უკრაინის ხელისუფლება პოლიტიკურად უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება. მსოფლიო საზოგადოება უზარმზარ თანხებს და ამ თანხის შესაბამის შეიარაღებას აძლევს უკრაინას და ჩვენ რამოდენიმე ომი ისე გამოვიარეთ, რომ ერთი ავტომატი არ მოუცია არავის. რატომ ხდება ეს, მსოფლიო რატომ არის ასე ორინეტირებული უკრაინაზე და არა ჩვენზე, ეს სხვა საუბრის თემაა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ უკრაინასთან დაპირისპირების თუნდაც დიპლომატიური, ან განცხადებების შემთხვევაში ყველა უკრაინის მხარეს დაიჭერს და არა საქართველოს. საქართველოს მხარე შეიძლება დაიჭიროს რუსეთმა, რაც კიდევ უარესია საქართველოსთვის. ამიტომ, მოცემულ მომენტში, სანამ უკრაინა იბრძვის სიმართლის დადგენის დრო არაა. როგორც პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებმა თქვეს, სანამ უკრაინა იბრძვის, იქამდე საქართველო არ შეეკამათება უკრაინას, მერე ვნახოთ. დღეს უკრაინასთან დაპირისპირებულ პიროვნებას, თუ ქვეყანას ავტომატურად მოათავსებენ რუსეთის უჯრაში და ეს საქართველოს არ გამოადგება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ბრალდება, რა თქმა უნდა, მძიმეა და შესაბამისად, უკრაინის პრეზიდენტის ინტერესებში არის ასეთი ბრალდების არსებობა, რომელიც თვითონ უნდა გაახმოვანოს.
„ზელენსკის აწყობს ამ ხელისუფლების ბრალდება და სააკაშვილის და მისი გუნდის გმირად წარმოჩენა. ნაციონალების თამაშია, რომელიც ჯერ კიდევ პოროშენკოს დროს დაიწყო, რაც გააგრძელა ზელენსკიმ და გააგრძელა პუტინის მითითებით. პუტინმა მიუთითა, რომ მიეცი მოქალაქეობა და ახლა მაგ სურათს ვაკვირდებით. მანდ ბევრი რამ არის გასარკვევი, მაგრამ ახლა არ არის გარკვევის დრო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსის სოსო მანჯავიძის განცხადებით, 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ შეიფარა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, ღიად ებრძვის საქართველოს ხელისუფლებას. მისი თქმით, გასაგებია ისიც რატომ არ აძლევს რეაგირებას საქართველოს ხელისუფლება უკრაინიდან წამოსულ ბრალდებას.
„რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? ზელენსკიმ დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება იმაში, რომ კლავს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს. ამაზე თუ არ გამოიწვევ ელჩს, აბა რაზე უნდა გამოიწვიო?! ეს არც პირველი განცხადებაა და არც ბოლო იქნება. უკრაინის ხელისუფლება ღიად ებრძვის საქართველოს ხელისუფლებას. გასაგებია, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აძლევს რეაგირებას ამ ბრალდებებს იქიდან გამომდინარე, რომ ერთი დირექტორი ჰყავთ - აშშ-დან ერთი კურატორი ჰყავთ“, - ამბობს მანჯავიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, დღეს, ზელენსკის განცხადებებს ყურადღება ექცევა მსოფლიოში და, ფაქტობრივად, დაუსჯელად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რასაც უნდა იმას აკეთებენ. მანჯავიძე მიმართავს ხელისუფლებას სასწრაფოდ გამოიწვიოს ელჩი.
„ამ დროს ესენი უგზავნიან გენერატორებს. ვის უგზავნი, რატომ უგზავნი? ეს ხალხი რუსეთთან ომში იმყოფა და ამ დროს ცდილობს საქართველოს მიაყენოს ზარალი. შენ ვის ეხვეწები, რას ეტენები და რას აგზავნი? იმოქმედე ადეკვატურად, გამოიწვიე ელჩი და დაამთავრე!
ტრაგიკომიკური სიტუაცია გვაქვს. რაც უფრო მეტად ლანძღავენ და ლაფს აყრიან ჩვენს ხელისუფლებას, მით უფრო ჯიუტად უგზავნიან დახმარებას. ყოველი დახმარების შემდეგ კვლავ ახალი პორცია თავს ლაფი ესხმება საქართველოს და ეს გრძელდება, მერამდენე შემთხვევაა. ბოლოს, პირდაპირ მკვლელი უწოდეს და ეუბნებიან, რომ მკვლელობაში დაგადანაშულებთ, მთელ ევროპას გავაგებინებთ, რომ თქვენ კლავთ სააკაშვილსო და ასეთ იმიჯს უქმნიან საქართველოს ხელისუფლებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ყველანაირი ლეგიტიმური უფლება გვაქვს ამ ნაბიჯს მივმართოთ, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, ელჩის გამოწვევის საკითხი სწორი არ იქნება. მისი თქმით, სხვადასხვა ინფორმაციით, რუსეთი ემზადება გამანადგურებელი იერიშისთვის, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ბედი.
„მაგრამ ის, რომ როგორც მინიმუმ, კონსულტაციების ჩასატარებლად ელჩის დროებითი გამოწვევა კიევიდან თბილისში აუცილებელია, ამაში დარწმუნებული ვარ. იმიტომ, რომ საერთოდ უპასუხოდ დატოვო, ასეც არ შეიძლება. მაგრამ ამ ვითარებაში მკვეთრ ნაბიჯებზე გადავიდეთ რამდენადაც ამის ლეგიტიმური უფლება არ უნდა გქონდეს, ვფიქრობ, რომ მაინც გადაჭარბებული იქნებოდა ჩვენი მხრიდან“, - ამბობს ქართველიშვილი.
რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების დაუსაბუთებელ ბრალდებას, ანალიტიკოსის შეფასება ეფუძნება იმას, რომ უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ზელენსკის ადმინისტრაციის ჩანაცვლება ახალი პოლიტიკური ფიგურებით, რაც მისი თქმით, ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს.
„ამაზე ირიბად მეტყველებს ის აუდიტორული კომისიის მუშაობა, რომელიც კიევში არის წარმოდგენილი ძალიან ავტორიტეტული აუდიტ კომპანიების მხრიდან, რაც ვიქტორია ნურლანდმა დააანონსა და, როგორც ჩანს, იქ კონკრეტულ შედეგებამდე მივლენ. ასევე, ამის ირიბი დადასტურებაა ის ყოველდღიური დაპატიმრებები კორუფციულ ნიადაგზე, რომელიც მიმდინარეობს უკრაინის ხელისუფლებაში. თუმცა ეს კორუფციული გარიგებები ეხება შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას. საერთაშორისო აუდიტები ჩასულები არიან საერთაშორისო დახმარების არამიზნობრივად განიავება-გაფლანგვის შესახებ არსებული ინფორმაციის შესასწავლად.
თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ დადასტურდება, ზელენსკის ადმინისტრაციას მოუწევს თავისი ხელისუფლების დატოვება. ოღონდ როგორ დატოვებენ ხელისუფლებას, შერჩებათ ყველაფერი, მათ შორის ღია წყაროებში გაჟღერებული ის ფინანსური მოგება, რომელიც ზელენსკის ადმინისტრაციის უკლებლივ ყველა წევრმა მოიპოვა ამ ომის განმავლობაში? იმისთვის, რომ შერჩეთ ყველაფერი, ან ნაწილი მაინც, აგენტოკრატებისგან მიღებული აქვთ დამატებითი დავალება - ხელისუფლებაში ყოფნის თავისი უკანასკნელი დღეები მოახმარონ იმას, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის ციხიდან განთავისუფლებაში შეიტანონ საკუთარი აქტიური წილი, რითაც აქტიურად არიან ახლა დაკავებულნი. მათი აქტიურობა კიდევ უფრო ბადებს ჩემში ამ ეჭვს და ვარაუდს, რომ მათი ჩანაცვლების საკითხი ძალიან მოახლოვებულია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.