მიუხედავად იმისა, რომ დამარცხებულები არ უყვართ, ნიკა მელია არსად წასვლას არ აპირებს. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ ის მაინც რჩება საკუთარ პარტიაში და ამას სააკაშვილის გათავისუფლების მოტივით ხსნის.
რამდენად იქნება მელიას დარჩენა საჩუქარი ლევან ხაბეიშვილისთვის, ამის პასუხად ხაბეიშვილმა საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს, მაგრამ ფაქტია, სწორედ ხაბეიშვილ-მელიას დაპირისპირებამ და ფინანსების გადანაწილებისთვის ბრძოლამ გახლიჩა ისედაც დასუსტებული „ნაცმოძრაობა“.
ჯერ კიდევ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მყოფ მელიას საკუთარი თანაპარტიელებისგან არ აკლდა შეურაცხმყოფელი შეფასებები, მას უწუნებდნენ იმას, რომ შეუძლებელი ვერ შეძლო და სააკაშვილის გამოსახსნელად ვერაფერი შესთავაზა მომხრეებს საკუთარი „ყროყინის“ გარდა. დღეს კი, უკვე ჩამოლაბორანტებულ მელიას კარგი დღე არ ელის მის წინააღმდეგ ამხედრებულ პარტიაში. ამის მიუხედავად, მელია პარტიას არ თმობს და „ხელმოცარული ლიდერის“ იარლიყით აპირებს „ნაცმოძრაობის“ რიგით წევრად ყოფნას.
როგორი იქნება მელიას მომავალი? დასრულდება თუ არა მისი, როგორც სააკაშვილისდროინდელი აღსრულების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის, და არცთუ ისე უმწიკვლო ადამიანის პოლიტიკაში ყოფნა?
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უმჯობესია, ნიკა მელია დარჩეს საკუთარ პარტიაში, რადგან ვინც კი წავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ყველა დასუსტდა, ვერც ერთი მათგანი ვერ აგროვებს 3%-ზე მეტსაც კი არჩევნებზე. ამ ფონზე მელიაც რომ წამოვიდეს რაღაც ჯგუფით და შექმნას პოლიტიკური ძალა, ისევ და ისევ მაქსიმუმ 3%-იანი მხარდაჭერა თუ ექნება, მას შეუძლია, ვინმესთან გაერთიანდეს, „ნაცმოძრაობიდან“ ასევე წამოსულ რომელიმე ძალასთან.
„თუკი მელია დარჩება „ნაცმოძრაობაში“, მან იქ უნდა შეინარჩუნოს გარკვეული პოზიციები თავის გუნდთან ერთად, პარტია მაინც ცოცხალ ორგანიზმად რჩება, იქნება სხვადასხვა გამოწვევა, არჩევნებამდე ერთ წელიწადში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება, გამორიცხული არ არის, ისევ მელიაზე იყოს მოთხოვნა, მან უკვე ნახა გამოწვევები, რის წინაშეც მალე დადგება ხაბეიშვილი. ნიკა მელია მოგვიანებით გახდა ფრთხილი, თორემ მანამდე ხაბეიშვილისნაირი რადიკალი და თავქარიანი იყო, მაგრამ მერე მოუქლიბეს რქები, მელია მიხვდა, რომ არ იყო ყველაფერი ისე, როგორც ეგონა“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
მანვე განმარტა, თუკი ჭკვიანი პოლიტიკოსია მელია, არ უნდა მისცეს ხაბეიშვილს საკუთარ პარტიაში შევიწროების საფუძველი. რაღაცაზე უნდა შეთანხმდნენ, უნდა ჰქონდეთ ფრაქციულობა შიგნით პარტიაში. ძირითადად დაეთანხმოს ხაბეიშვილის გადაწყვეტილებებს, ეს უკეთესი იქნება და მაქსიმალურად მიჰყვეს ხაბეიშვილის ოფოფებსა და ექსტრემიზმს როგორც რიგითი წევრი. ხაბეიშვილი იმდენად რადიკალია, თუკი თვითონვე არ მოიქლიბა რქები და რადიკალად დარჩა, აუცილებლად გადაჩეხავს თავის თავსაც და პარტიასაც უფსკრულში. ხაბეიშვილს მოუწევს გახდეს დაღვინებული, პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ანგარიშის გამწევი. ხოლო, როცა ხაბეიშვილი გახდება ისეთი, როგორიც მელიაა, მაშინ მოვა ნიკა მელიას დრო და იტყვის, ხომ ნახეთ, ხაბეიშვილიც ისევე იქცევა, როგორც მე. ანუ პარტიაში შემდეგი არჩევნების დროს მელიას შანსი ექნება, დაიბრუნოს გარკვეული პოზიციები.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ის, რაც ნიკა მელიამ განაცხადა, რომ რჩება „ნაცმოძრაობის“ პარტიაში, ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება ისე, რომ შემდეგ მისი ანულირება შეუძლებელი გახდეს.
„მელიას და მის გუნდს არსად არ ეჩქარება. მაინც ვთვლი, რომ თავმჯდომარის არჩევნებზე ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება არის გარკვეული მოვლენა და გარკვეული დროის შემდეგ, ალბათ, მაქსიმუმ შემოდგომაზე, მაინც დაიწყებენ გაყოფას ხაბეიშვილისა და მელიას მხარდამჭერი ძალები. რა პროპორციით მოხდება ეს, ძნელი სათქმელია, რადგან ხაბეიშვილს აქვს გარკვეული პირობები მიცემული მოსახლეობისთვის და ახლა თავმჯდომარის ამპლუაში უნდა შეეცადოს ამ დაპირების რეალიზებას, რაც, ჩემი აზრით, მარტივი არ არის. ამიტომ პროცესებს უნდა დაელოდონ მელიაც და სხვებიც და დროის განმავლობაში პარტიაში მათი დარჩენის გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, შეიცვლება“, - გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.
წარმოიდგინეთ, იგივე ხაბეიშვილი რომ ცალკე გავიდეს და პარტია შექმნას. ხომ ნულოვანი რეიტინგი ექნება. ეგრეა მელიაც.
ისე, თუ სწორედ მახსოვს, მელიაც წავიდა ბოკერიას ახალშექმნილ პარტიაში თავიდან, მაგრამ მალე გაიაზრა, რომ თვითონ არ იყო დიდი აზრის გიგანტი და ბოკერიას და სხვების გვერდით დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა. ისევ დაბრუნდა ერთუჯრედიან ნაცებთან, სადაც ხაბეიშვილების გვერდით, უფრო ჭკვიანი გამოჩნდებოდა.