„თუ ხაბეიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით პირობას არ შეასრულებს, მის წინააღმდეგ მიშას სექტანტებიც კი გაილაშქრებენ და მერე კეზერაშვილი-მერაბიშვილიც ვეღარ უშველის“

„თუ ხაბეიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებით პირობას არ შეასრულებს, მის წინააღმდეგ მიშას სექტანტებიც კი გაილაშქრებენ და მერე კეზერაშვილი-მერაბიშვილიც ვეღარ უშველის“

პარტიის თავმჯდომარედ არჩევიდან 24 საათიც არ იყო გასული, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადებები ენმ-ში ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა. აღმოჩნდა, რომ ხაბეიშვილს სააკაშვილის ფიზიკურად დახსნის სანაცვლოდ, მისი გათავისუფლების ახალი იდეა აქვს. ის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისს უთმობს, ხოლო პარლამენტიდან და საკრებულოებიდან პარტიის წევრები მანდატებს დატოვებენ. ის ამბობს, რომ თუკი საჭირო გახდება, სააკაშვილის გამო პარტია ყველაფერს ნულიდან დაიწყებს. ახალმა თავმჯდომარემ ეს პირველი ინიციატივა, არა პარტიის ოფისიდან, წევრებთან შეთანხმების შემდეგ, არამედ „ვივამედის“ კლინიკიდან გააჟღერა. ხაბეიშვილი ცენტრალურ ოფისში ჯერ არ გამოჩენილა და მისი ეს შეთავაზება პარტიის წევრებმა მედიით გაიგეს.

ხაბეიშვილის ინიციატივას მალევე მოჰყვა საპასუხო რეაქციები „ნაციონალურ მოძრაობაშივე“. ხატია დეკანოიძემ, რომელმაც ახალი თავმჯდომარის შეთავაზების მოსმენის შემდეგ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით სპეკულაცია არასწორია და ახალ თავმჯდომარეს ურჩია, მსგავსი წინადადებები გაჟღერებამდე პარტიის წევრებთან შეათანხმოს.

გაჟღერებული ინიციატივის გარდა, ხაბეიშვილს დღეს არაფერი უთქვამს პარტიის განვითარების რა კონკრეტული ხედვა და გეგმა აქვს. ახალი თავმჯდომარის თანამოაზრეები ამბობენ მხოლოდ ერთს, რომ პარტიაში აუცილებელია ერთიანობა. ასევე უცნობია, როგორ გადანაწილდება ის პარტიული თანამდებობები, რომელსაც ნიკა მელიას მხარდამჭერები იკავებდნენ.

ხაბეიშვილის შეთავაზებას არასერიოზული უწოდეს ქართულ ოცნებაში. მმართველი პარტიის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს მოუწოდებენ, შეწყვიტოს იმ მანდატებით ვაჭრობა, რომელიც ამომრჩეველმა მათ მიანიჭა.

„ეს კაცი არ არის დაბადებული საპარლამენტო საქმიანობისთვის, შესაბამისად, მას ამის არც სურვილი აქვს და არც უნარი. ახლა ცდილობს, რომ თავისი რადიკალიზაციის მცდელობები ამავე კონტექსტში შენიღბოს და პარლამენტში გაცდენები დააბრალოს ბოიკოტს. როგორც ჩანს, ასეთი მოვლენები ხშირი იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს, როცა დეპუტატი იმუქრება ან სავაჭრო დისკუსიის გამართვას აპირებს დეპუტატის მანდატთან დაკავშირებით, ეს არ არის არც კეთილსინდისიერი და არც ლოგიკური საქციელი. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ დეპუტატის მანდატი ნიშნავს კონკრეტულ მოვალეობას და როცა ამით ვაჭრობ ან ამაზე უარს ამბობ, ეს სწორი საქციელი არ არის. მგონი, შემოსვლა-არშემოსვლის საკითხმა დიდი გაკვეთილი მისცა, რომ ამ საკითხზე საუბარი აღარ წამოიწყონ. ეს არის შეცდომა, როცა ამ თემაზე საუბარს იწყებენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა პირველი სმაუშაო დღე თავმჯდომარეობის რანგში უკვე აბსურდით და სისულელეებზე საუბრით დაიწყო. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მას პრობლემები პარტიაში უკვე შეექმნა და შესაძლოა დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს.

„ხაბეიშვილსიგან რომ ინტელექტუალურ განცხადებებს და პოლიტიკურ გზავნილებს არ უნდა ველოდოთ, ყველამ ვიცით, მაგრამ პირველივე დღეს თუ ასეთი აბსურდით დაიწყებდა, ნამდვილად არ მეგონა. როგორც ვხედავთ, ხაბეიშვილმა მარგალიტების გაჟეღერება უკვე დაიწყო და ერთმანეთის მიყოლებით სულელური განცხადებები გააკეთა. ამბობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ ის „ოცნებას“ პარტიის ოფისს მისცემს და მერე პარლამენტს დატოვებენ. ჯერ ოფისში სააკაშვილის გაცვლა როგორი სისულელეა და რა დაბალ ფასად აფასებს, მეორეც პარალმენტიდან რომ გამოდის, იმ დეპუტატებს ეკითხებათ ეს უნდათ თუ არა?

პარტიაში ხალხია, რომლებსაც ფრქაციები აქვთ, თავიანთი დღის წესრიგი გააჩნიათ და საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულები. ანუ გამოდის, რომ მათ გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს. ხალხს პრეტენზია აქვს, რომ 3 ენაზე საუბრობენ და დასავლელ პარტნიორებთან მთელი დღის წესრიგი აქვთ გაწერილი. ეს კიდევ გამოდის და ამბობს, რომ საკუთარმა პარტიამ ხარაკირი უნდა გაიკეთოს, რადგან სააკაშვილი გათავისუფლდესო. საქმე ისაა, რომ ეს მასხარა კაცი, რომელმაც თავად არ იცის რას ამბობს, დაცინვის საგანი უკვე საკუთარ პარტიაში ხდება. არ მგონია, რომ მის ამ სისულელეებს ვინმე ენმ-ში სერიოზულად მიიღებს. ეს არის მარიონეტი, რომელმაც მერაბიშვილის და კეზერშვილის კონკრეტული დავალებები უნდა შეასრულოს. ამ ხალხს მხოლოდ პარტიის სახელი სჭირდება, სხვა არავინ და არაფერი ადარდებს“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისვე თქმით, ყოველ დღე ხაბეიშვილს იმ 12 პუნქტის შესრულება უნდა მოვთხოვოთ, რომელიც არჩვენების წინ წარადგინა. იქ გარკვევით წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად უნდა დაიხსნან, ხოლო ამაში ხაბეიშვილიც იქნება ჩართული. გადაკეტავენ რკინიგზას, გზებს, პორტებს და ა.შ. ქართველიშვილი ამბობს, რომ ხაბეიშვილმა ამ დაპირების შესრულება უნდა დაიწყოს, რადგან მას სააკაშვილი, მისი ოჯახი და მხარდამჭერები ელოდებიან. ასევე პოლიცია, რომელიც მზად არის მის ამ გამოწვევას დიდი სიამოვნებით უპასუხოს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ თუ ის ამას არ შეასრულებს, მაშინ მის წინააღმდეგ მიშას სექტის წევრებიც კი გაილაშქრებენ და მერაბიშვილი-კეზერაშვილიც ვეღარ უშველის.

ზაალ ანჯაფარიძე კი ფიქრობს, ლევან ხაბეიშვილის განცხადებები იმის ნათელი დასტურია, რომ ის პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდა. ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სერიოზული პოლიტიკოსები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ. ამიტომ პარტიის წვერების გამოხმაურებაც მის აბსურდულ შეთავაზებაზე ლოგიკური იყო.

„ხაბეიშვილი მოქმედებს პრინციპით „ახალი ცოცხი უკეთ გვისო“. მას უნდა, რომ როგორც ახალ თავმჯდომარეს, ჰიპერაქტიური იყოს და მედიის ყურადღება მაქსიმალურად მიიქციოს. ფიქრობს, რომ ამ განცხადებებით, „ნაცმოძრაობის“ იმედგაცრუებულ ამომრჩეველში რაღაცა იმედის ნაპერწკალს გააღვივებს. უნდა აჩვენოს, რომ სიტუაციის შემობრუნებას შეძლებს. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციას, დაზუსტებით ვიცი, რომ არაერთი დეპუტატია, რომელიც პარალმენტის დატოვების წინააღმდეგია.

ხატია დეკანოიძე, რომელიც გადადგა, პირდაპირ თქვა, რომ ხაბეიშვილის ამ იდეას - დატოვონ პარლამენტი - მხარს არ უჭერს. მის მსგავსად ბევრი დეპუტატი ასე ფიქრობს. თუკი ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ გზით იაროს, პარტიაში ეს დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღვივებს. ხაბეიშვილის წინადადება იმდენად უსუსური და წყლის ნაყვაა, რომ ამაზე რა პასუხი შეიძლება ხელისუფლებამ გასცეს?! ჯერ 24 საათიც არ იყოს მისი არჩევიდან გასული და უკვე საზოგადოებას თავი როგორც არასერიოზულმა პოლიტიკოსმა ისე დაამახსოვრა. როგორ შეიძლება ასეთი რამის შეთავაზება, როცა სააკაშვილის გათავისუფლება-არგათავისუფლებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. თუ ენმ პარლამენტიდან მაინც გავიდა, ეს შეიძლება როგორც პოლარიზაციის გაღარმავების მცდელობა, ისე იქნას აღქმული და ხელი შეუშალოს გარკვეულწილად 12 რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად გვჭირდება. თუმცა ამისთვის მას პარლამენტის და საკრებულოების წევრების თანხმობა სჭირდება. ამაზე პოლიტსაბჭოში უნდა იმსჯელონ. მარტო ხაბეიშვილი ამას ვერ გადაწყვეტს“, - ამბობს ანჯაფარიძე.

merab გირჩი ხლე გასიევ "ჯაფარიძე", შენი დედას შ***ცი!
1 წლის უკან