„სააკაშვილის ბიოგრაფიაშიც ბევრი ისეთი რამ იკვეთება, რაც გაფიქრებინებს, რომ რუსეთის სეცსამსახურებისგან არც სააკაშვილი იყო შორს“

„სააკაშვილის ბიოგრაფიაშიც ბევრი ისეთი რამ იკვეთება, რაც გაფიქრებინებს, რომ რუსეთის სეცსამსახურებისგან არც სააკაშვილი იყო შორს“

მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ. მსჯავრდებული, რომელსაც ადვოკატისა და ოჯახის მტკიცებით დემენცია აქვს ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მისმა წინამორბედმა დიმიტრი მედვედევმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა მხოლოდ მისი ფიზიკურად განადგურების, არამედ საქართველოში დაკავებისა და გასამართლების ბრძანება გასცეს.

გარდა ამის გერმანულ გამოცემასთან სააკაშვილი მის პრეზიდენტობის პერიოდზე საუბრობს და ამბობს, რომ ნანობს სანდრო გირგვლიანის ინციდენტის შემდეგ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. სააკაშვილი არ აკონკრეტებს ვინ იგულისხმებიან კრემლის ოპერაციის მონაწილეებად, თუმცა თუკი გამოძიების მასალებს გავითვალისწინებთ ეს არის გია ლორთქიფანიძე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ვანო მერაბიშვილის დავალებით მოქმედებდა. არაოფიციალური ინფორმაციით სწორედ ამ გზით იძია შური მერაბიშვილმა სააკაშვილზე, რომელმაც ყოფილი შს მინისტრი პატიმრობის პერიოდში მიატოვა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, ის 2021 წლის ოქტომბერში, არჩევნების წინ დაბრუნდა. ის ჩამოსვლიდან მალევე დააკავეს. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მას ბრალი ოფიციალურადაც წაუყენეს. სააკაშვილთან ერთად ბრალი წაუყენეს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გია ლორთქიფანიძეს რომელიც ექსპრეზიდენტს საზღვრის უკანონო კვეთაში ეხმარებოდა.

სწორედ ლორთქიფანიძემ შეიმუშავა გეგმა და დაგეგმა თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. სწორედ ლორთქიფანიძე შეხვდა ამ საქმის კიდევ ერთ-ერთ ბრალდებულს, ელგუჯა ცომაიას, რომელმაც სააკაშვილი ქვეყანაში არაჟნებში დამალული შემოიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს მერაბიშვილის გვარი არ უხსენებია, ყოფილმა შს მინისტრმა სოციალური ქსელით უპასუხა ყოფილ მეგობარს და შეახსენა, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად ის ხალხი აბრალებს, ვისაც ბიოგრაფია სავსე აქვს ქვეყნის მტრებთან კოლაბორაციის მაგალითებით. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო. ამბობს, რომ წარსულში შეცდომები დაუშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გაქცევია. მისი თქმით, სამარტოო საკანში გატარებულმა 7 წელმა ბევრი დრო მისცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის.

„სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შემიძლია.

რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი“, - წერს ვანო მერაბიშვილი.

გერმანულ გამოცემა Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა ყოფილი თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი. მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში ოფიციალურად ფიგურირებს, შაშკინი ამბობს, რომ ლოთქიფანიძე არის ადამიანი, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.

„თქვენ ხომ არ აფრენთ?! ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას?! გენერალ ლორთქიფანიძეს?! 2008 წლის ომის გმირს! უკრაინის უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსანს და ოდესის პოლიციის ყოფილ უფროსს?! გენერალი ლორთქიფანიძე ომშია რუსეთთან! სანამ თქვენ აქ კლავიატურაზე ნაძირლობებს წერთ, ის ადამიანი ყოველდღიურად და ყოველწამიერად თავის სიცოცხლეს რისკავს და ჩვენ უკრაინელ ძმებთან ერთად ომობს!

ან ვის აბრალებთ რუსეთის აგენტობას? ვანო მერაბიშვილს, რომელიც რუსული რეჟიმის პირობებში 7 წელი ციხეში იჯდა იმის გამო, რომ მიშაზე არ მისცა ჩვენება? ამას ჰქვია ნაძირლობა და არაფერი საერთო არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მიხეილ სააკაშვილთან!“, - წერს დიმიტრი შაშკინი.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სააკაშვილის სკანდალური ინტერვიუ არის აღიარებითი ჩვენება, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლუსტრაცია მოახდინა. ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სააკაშვილის ინტერვიუ კიდევ ერთი თაღლითობის გამოვლინებაა და არავითარ დემენციასთან არ გვაქვს საქმე.

„ადრე მანვე გააკეთა განცხადება, რომ თუ საქართველოში სადისტური მმართველობა ხორციელდებოდა, ეს არ იყო მისი ბრალი და ის კონკრეტულ გვარებს ასახელებდა - გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი და სხვები, თითქოს, თვითონ არაფერი გაეგო ამის თაობაზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა და კონკრეტული პირები იყვნენ დამნაშავეები. ახლაც იგივე მცდელობაა, მაგრამ კიდევ ერთი თაღლითობის გამოვლინებაა ეს. არავითარ დემენციასთან, ფიზიკური რესურსის შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე. წეროს, გააკეთოს განცხადებები, მისცეს ინტერვიუები.

მცდელობა, რომ სააკაშვილი წარმოეჩინათ უნარშეზღუდულ ადამიანად, ჩვენ ადრეც გვახსოვს. ეს წინააღმდეგობრივი ვითარება, რომელიც დღეს რადიკალურ ოპოზიციაში შეიქმნა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გაერთიანება, ასეთი გააფთრებული და მავნებლური შეტევა ყოველთვის დამთავრდება ფიასკოთი. თაღლითობასთან გვაქვს საქმე და არა გულწრფელ საქმიანობასთან, რომელიც ქვეყნის ინტერესების დაცვას შესაძლოა ემსახურებოდეს, ან კონკურენციას უწევდეს მმართველ გუნდს, რომელიც ცდილობს როგორმე დესტაბილიზაცია ააცილოს ქვეყანას“, - აღნიშნავს გია ვოლსკი.

მსჯავრდებული სააკაშვილი საქართველოში რომ შემთხვევით და მხოლოდ საკუთარი სურვილით არ ჩამოსულა, ეს სააკაშვილის ინტერვიუს გარეშეც ცხადი იყო, მაგრამ რაც შეეხება გეგმას, რომელშიც რუსეთის აგენტებთან ერთად ქართველები იყვნენ ჩართული, სააკაშვილის მხრიდან მართლაც საინტერესო განაცხადია. რაც შეეხება მერაბიშვილის რუსეთის აგენტობას, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, ეს თემა ნაკლებად აქტუალური ეჩვენება, რადგან მისი თქმით, მერაბიშვილი ჭანჭიკი იყო, სააკაშვილი სანტენქნიკი, რომელმაც ხელისუფლებაში მოიყვანა მერაბიშვილი.

„ეს საკითხი, ვინ არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი - დგება სააკაშვილთან მიმართებაში და საკამოდ დიდი მოცულობით. უშიშროება არ არის ერთადერთი საშიში რამ რუსულ სინამდვილეში, ასეთივე საშიში იყო ეკონომიკური სიმდიდრეების შენარჩუნება ქვეყნისთვის. ეკონომიკური პოტენციალის განიავების ავტორი იყო სააკაშვილის მიერ რუსეთიდან ჩამოყვანილი კახა ბენდუქიძე, რომელიც თითქოს ევროპული რეფორმების გამტარებელი იყო და ამ დროს, ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ ევროპული რეფორმების გამტარებელი ადამიანები თურმე რუსეთში არიან და არა ევროპაში.

არის ეჭვი, რომ ბენდუქიძის მხრიდან ძალიან ბევრი პრივატიზაცია კეთდებოდა იმ ინტერესით, რომ რუსეთის სახელმწიფოს ან კერძო სტრუქტურებში გადასულიყო საქართველოს ქონება. ეს ადამიანი ჩამოიყვანა სააკაშვილმა და ამის მერე რაღა საჭიროა მერაბიშვილზე აქცენტირება? ბენდუქიძის ჩამოყვანა არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენს და აი, ამ კუთხით რომ შევხედოთ, მეტ-ნაკლებად იკვეთება ის, რომ სააკაშვილისთვის, ისევე როგორც 2008 წლის ომის მერე ცხინვალის რეგიონის სოფლები ქვების გროვას წარმოადგენდა, სხვა დანარჩენი საქართველოც მის პირად ინტერესში დიდ არ განსხვავდებოდა, ისიც ქვების გროვას წარმოადგენდა“, - აცხადებს საყვარელიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, თუკი ასეთი ბენდუქიძე ჩამოიყვანა ეკონომიკური რეფორმებისთვის, ძალისმიერ პროცესების გასატარებლად ძალოვანი სტრუქტურის მინისტრი გახდა ადამიანი, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა ძალოვან სისტემებში მუშაობის.

„რატომ არის გამორიცხული, რომ ამ სისტემის შიგნით რაღაცა ინტერესების გატარებისთვის დანიშნავდა მერაბიშვილს? მე ვერ გამოვრიცხავდი ამ საკითხს და არც გამიკვირდება სააკაშვილის ეს რეპლიკა. ეს მართლა შიდა ბრძოლის ამსახველ რეპლიკად გამოდგება, ვიდრე იმად, რაზედაც ხშირად ისმის კითხვა - მართლა კა-გე-ბეს თანამშრომლად ითვლება მერაბიშვილი, თუ უნდა ვივარაუდოთ? არ მესმის ამ ვარაუდების და კითხვის ნიშნების აზრი.

შეაფასონ სააკაშვილის მოღვაწეობის მთელი პერიოდი და იქიდან გამომდინარე, დასვან კითხვა, შეიძლება თუ არა, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი არ ყოფილიყვნენ მხოლოდ საქართველოს ინტერესების სამსახურში, არამედ ყოფილიყვნენ სხვა ქვეყნის ინტერესების სამსახურში და სხვათა შორის ყოფილიყვნენ თვითონ სააკაშვილის დავალებით.

სააკაშვილის ბიოგრაფიაშიც ბევრი ისეთი რამ იკვეთება, რაც გაფიქრებინებს, რომ მაგ სამსახურებისგან არც სააკაშვილი იყო დაშორებული, სხვა თუ არაფერი, მისი ბიძა შეგვიძლია გავიხსენოთ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია მერაბიშვილი ყოფილიყო სპეცსამსახურებში მომუშავე, ოღონდ ვფიქრობ, რომ მარტო მერაბიშვილი არ იქნებოდა იმ დროინდელი მაღალი ეშელონებიდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ქართული პოლიტიკური სატირა იმაში მდგომარეობს, რომ ვანო მერაბიშვილი სააკაშვილს ადანაშაულებს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, რომელიც თავის მხრივ კა-გე-ბეს სასაზღვრო ჯარების მებრძოლი იყო. თუმცა, მისი თქმით, მერაბიშვილი, რომ იყო რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის აგენტი, ეს დამტკიცებული საქმეა და ამის მტკიცებულება დევს ანალიტიკოსის საქმეში.

„თუ შოთაძე თაროდან ჩამოიღებს ჩემს საქმეს და ჩაუჯდება, მერაბიშვილის სპეცსამსახურეთან თანმაშრომლობის მტკიცებულებას იქ ნახავს, მაგრამ თვითონ შოთაძე არის რუსეთის გავლენის აგენტი და ერთი გავლენის აგენტი, მეორე გავლენის აგენტს ხომ არ ჩაუშვებს. სააკაშვილი ამ შემთხვევაში მართალია, რადგან ამას მერაბიშვილის და რუსული სპეცსამახურების თანამშრომლობას ფაქტები ადასტურებს. გავიხსენოთ როდის მოხსნეს გია ლორთქიფანიძე უკრაინის უშიშროების სამსახური კონტრდაზვერვის უფროსის სამსახურიდან? როგორც კი სააკაშვილის დაპატიმრების ამბავი გავრცელდა, იმ პერიდში მოხდა უკრაინის უშიშროების სამსახურის მთლიანი განთავისუფლება, რამოდენიმე თანამშორმელზე აღძრეს საქმე ჯაშუშობის ბრალდებით.

მეორე ფაქტი - გია ლორთქიფანიძემ და ვანო მერაბიშვილმა ლაფანყურის სპეცოპერაციაში ითამაშეს რუსული სპეცსამსახურების დაკვეთა. მათთან ერთად დაგეგმეს ლაფანყურის სპეცოპერაცია. იმიტომ, რომ იმ ჯგუფში რომლის განადგურება განხორციელდა, რუსეთის ორი აგენტი იყო ჩანერგილი. ერთი გადავიდა დაღესტანში უპრობლემოდ და რუსეთის ფედერალურ სამსახურს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, რაზეც გააკეთეს დოკუმენტური ფილმი და ფაქტობრივად, გაშიფრეს მთელი სქემა. და, ვინ დაეხმარა ამის გაშიფვრაში? - მერაბიშვილი და ლორთქიფანიძე.

მესამე ფაქტი - სააკაშვილი მსახურობდა კა-გე-ბეს სასაზღვრო ჯარებში და ვეთანხმები მერაბიშვილს, მაგრამ გაიხსენოს მაგ იდიოტმა სააკაშვილმა სად მსახურობდა მერაბიშვილი? არ მსახურობდა მოსკოვთან ახლოს მდებარე სუკის სპეციალიზირებული კავშირგაბმულობის შენაერთში, რომელსაც ჰქონდა სპეციალური გრიფით საიდუმლოს ნომერი? გაცილებით უარესი ცენტრი იყო, ვიდრე სააკაშვილის სასაზღვრო ჯარებში მსახურობა. ამას მერაბიშვილი თავის ბიოგრაფიაში მალავს“, - აცხადებს მაისაია.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი აცხადებს, მერაბიშვილი ცხოვრობდა ახალციხეში, რომელიც მაშინ შედიოდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განსაკუთრებული მეურვეობის ზონაში, სადაც თითოეული მოსახლე იყო გადაბირებული სუკის შესაბამისი სტრუქტურების მიერ. მისი თქმით, მერაბიშვილი პირადად იქნა გადაბირებული სუკის მესამე სამხედრო კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ. თავის დროზე მას ამზადებდნენ როგორც ფარულ აგენტს და მის გახსნა-გააქტიურება მოხდა 1999 წელს, როცა შეაგზავნეს „ნაციონალურ მოძრაობაში“. „მერაბიშვილი არის რუსეთის შტირლიცი საქართველოში. მერაბიშვილი იყო კრემლის გავლენის აგენტი. ის იყო კავშირზე რაშიდ ნურგალიევთან, რომელიც პირდაპირ დაახლოებული იყო რუსეთის ძალოვანი უწყების დაჯგუფებასთან - პატრუშევთან, სეჩინთან, ივანოვთან და ასევე ბორტიკოვთან. მეგობრობდა ლუკაშენკოს რუხ კარდინალ ვიქტორ შეიმანთან და პირდაპირ კავშირზე იყო ბელორუსიის მაშინდელ კაგებეს უფროსთან მასლოვთან. მერაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სერიოზული საქმე გაუკეთა რუსეთის სპეცსამსახურებს - კოდორის პლაცდარმის დაკავება ყოველგვარი დანაკარგების გარეშე. მერაბიშვილის ბრძანებით მოხდა ჩვენი შეიარაღებული ძალების გამოყვანა, მისი ბრძანებით მოხდა სენაკში მეორე სამხედრო ბაზიდან ჯარების გამოყვანა, რის შემდეგაც ყველა სამხედრო ტექნიკა რუსებმა ჩაიგდეს ყოველგვარი პრობლემის გარეშე. დიახ, მერაბიშვილმა დაგეგმა მუხროვანის ამბოხი და დარტყმის ობიექტი აღმოჩნდა ის ნაწილი, რომელმაც ცხინვალი დაიკავა და გმირულად ებრძოდა რუს ოკუპანტებს.

სწორედ ეს ბრიგადა გახდა მერაბიშვილის დარტყმის ობიექტი და ამ ბრიგადიდან ითხოვდა ორ ტრუპს, რომელიც ვის უფრო აწყობდა - სააკაშვილს, თუ მერაბიშვილის კრემლის დამქაშებს? ეს იყო რუსეთის დაკვეთა, რომელიც მერაბიშვილმა ხუთიანზე შეასრულა კრიალაშვილი-ოთანაძე-ამირიძის ჩაცხრილვით“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.

 

მიშა მე კი ვიტყვი, რომ ვახტანგ მაისაია სრული იდიოტია.
ანუ, მისი თქმით, მე, ვინც ახალციხეში დავიბადე და ვცხოვრობდი, ჩემი მშობლები, ნათესავები და სულაც, მთელი ახალციხე, ,,სუკის შესაბამისი სტრუქტურების" მიერ ვიყავით გადაბირებული?
უკვე მეორედ ამბობს ეს კვერცხი მსგავს სისულელეს.
კარგი, თვითონ არ კითხულობს თავის ინტერვიუებს და კომენტარებს სტატიის ქვეშ.
ფორ.გე-ს ჟურნალისტს არ უნდა გაუჩნდეს კითხვა, რანაირად იქნება 50 000 მაცხოვრებლიანი რაონის მთელი მოსახლეობა სუკის აგენტი?
მერაბიშვილი და სააკაშვილი კი არამზადები არიან, ქვეყანა რამდენი წლით დასწიეს უკან.
მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ,,ნაბან წყალს ბავშვი გადააყოლო". აქაოდა, მერაბიშვილი რუსეთზე მუშაობდა, მთელი ახალციხე ერთ კატეგორიაში გაუშვა ამ მართლა იდიოტმა.
1 წლის უკან