დავით კეზერაშვილთან შეხვედრის შემდეგ კობა ნაყოფიას შეცვლილი რიტორიკა აშკარაა - დაიდო თუ არა ორ ოლიგარქს შორის ენმ-ის საერთო მართვაზე შეთანხმება და რა ბედი შეიძლება მელიას ეწიოს?
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს მდივანი კობა ნაყოფია ადასტურებს, რომ მასსა და დავით კეზერაშვილს შორის შეხვედრა მართლაც შედგა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე საარჩევნო პროცესი იყო. ნაყოფია ადასტურებს იმასაც, რომ მათ შორის წარსულში პირადი წყენა არსებობდა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ სურს და ეს კეზერაშვილთან ერთად არ განუხილია. მისი თქმით, პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ისაუბრეს იმაზე, თუ არჩევნების შემდეგ პროცესები როგორ უნდა განვითარდეს. ის თითქმის არ მალავს იმ ფაქტს, რომ კეზერაშვილსა და მას შორის გარკვეული სახის შეთანხმება პარტის მართვაზე შედგა. თუმცა თავის დაზღვევის მიზნით ამტკიცებს, რომ კვლავ ნიკა მელიას მხარეს არის.
„კეზერაშვილსა და ჩემს შორის კომუნიკაცია 2011 წლიდან არ შემდგარა. არსებობდა გარკვეული მიზეზები, რომლის შესახებაც საუბარი არ მსურს. ეს იყო პირად საკითხებზე არსებული წყენა. შეხვედრა ამით დაიწყო, მაგრამ იქვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ თემებთან დაკავშირებით საუბარს გავაგრძელებთ მაშინ, როცა მთავარი ბრძოლა ქვეყანაში დასრულდება. ეს კი მაშინ იქნება, როცა ქვეყანა „ოცნებისგან“ გათავისუფლდება. წარსულზე აღარ გვისაუბრია და ძირითადად საუბარი შეეხებოდა იმას, რომ საარჩევნო ისტორია არ გადაიზარდოს ისეთ დაპირისპირებაში, ხვალ ადამიანებმა ერთმანეთს ხელი ვეღარ ჩამოართვან. პარტია არ დაზიანდეს და ის მთავარი საქმე, რომელიც „ოცნებასთან“ ბრძოლა ჰქვია, გაგრძელდეს - ძირითადი საუბარი ამაზე იყო. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსვათ“, - ამბობს ნაყოფია.
ნაყოფია აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს. მისივე თქმით, კეზერაშვილს საქართველოში პოლიტიკა და ბიზნესი არ აინტერესებს.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ კობა ნაყოფიას გზავნილები დავით კეზერაშვილთან შეხვედრის შემდეგ აბსოულუტურად შეცვლილია და სულაც აღარ იგრძნობა, რომ ის სხვა ბანაკის წარმომადგენელია. დიდი ალბათობით, ის რომ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს მიიღებდა, მოსალოდნელიც იყო.
„კობა ნაყოფია, მართალია, პოლიტიკაშია, მაგრამ ის მაინც ბიზნესმენად აღიქმება. ამიტომ, ეს ადამიანი პრველ რიგში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და შემდეგ უკვე პარტიული ინტერესებით მოქმედებს. ნაყოფია, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მაინც სათავისოდ პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამს. თუ ხაბეიშვილი გაიმარჯვებს, პარტიაში დარჩება და შეეცდება, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის სტატუსი შეინარჩუნოს. შესაძლოა, კეზერაშვილთან სწორედ ამაზე იყოს შეთანხმება. ასევე რაიმე სახის მსხვილ ბიზნესთანამშრომლობაზე საუბარი, რაც ნაყოფიასთვის ურიგო არ იქნება.
ეს სხვათა შორის სიგნალი უნდა იყოს როგითი ამომრჩევლებისთვის და პოლიტიკოსებისთვის, ვინ რა ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს. რა თქმა უნდა, ნაყოფიას და კეზერაშვილის შეთანხმების რეალურ შედეგს უკვე არჩევნების შემდეგ დავინახავთ და ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ამ ყველფრის უკან ვაჭრობა მიდის. ნაყოფიამ რა სიტყვებითაც არ უნდა შეფუთოს კეზერაშვილთან შეხვედრა, ფაქტი ერთია, რომ მათ პირადი წყენაც კი დაივიწყეს, რათა კონკრეტულ შეთანხმებამდე მისულიყვნენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ რა ღირებულებებიც ჰქონდა, თავის საქმიანობას იმ ღირებულებებით აგრძელებენ“, - ამბობს სალუქვაძე.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაკავების და შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე, პარტიის ზოგიერთი წევრი მიხვდა, რომ სააკაშვილის ფაქტორი, როგორიც ეგონათ, იმ დოზით აღარ არსებობს, ამიტომაც მერაბიშვილმა, კეზერაშვილმა, ახალაიებმა თავი წამოყვეს.
„როცა ამ ფიგურებმა სააკაშვილის პოლიტიკური სისუსტე დაინახეს, მაშინვე პარტიაში სადავეების ხელში აღება დაიწყეს. ჩვენ არც კი ვიცით ამ ხალხს რა სახის რესურსები აქვთ და რა რაოდენობის ფული აქვთ ქვეყნისთვის მოპარული. რა თქმა უნდა, ამ ძალებმა გადაწყვიტეს, რომ პარტია ხელში ჩაიგდონ. ამ ორი თვის განმავლობაში პარტიის ჭუჭყში გორაობა და ერთმანეთისთვის ტალახის სროლა ვნახეთ. მე ვფიქრობ, მელიას წინააღმდეგ მერაბიშვილ-კეზერაშვილი კიდევ რაღაცა ჩანაწერებს ფლობენ და ამაზე მინიშნებებიც გაკეთდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაყოფიასა და კეზერაშვილთან შეხევდრის შემდეგ, ამ ე.წ. კომპრომატების გამოტანისგან თავი შეიკავეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცაზე შეთანხმება მოხდა. ორი თუ სამი თვის წინ, მელიას გადაყენება მოინდომეს და როცა მელია ასე მარტივად ამ ზეწოლას არ წამოეგო, არჩევნები გამოაცხადა. ზუსტად ამ შიდა გადატრიალების მცდელობას არჩევნები მოჰყვა. ვფიქრობ, მელიამ რომც გაიმარჯვოს, კეზერაშვილი პარტიაში გავლენების შენარჩუნებას ახლა უკვე ნაყოფიას მეშვეობით გააგრძელებს. ფაქტობრივად, სწორედ, ეს თქვა ნაყოფიამ, რომ ისინი პარტიის ერთობლივ მართვაზე ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში შეთანხმდნენ“, - ამბობს სალუქვაძე.
რაც შეეხება კეზერაშვილის სამშობლოში დაბრუნების სურვილს, სალუქვაძე ამბობს, რომ გასაგებია ნებისმიერ ქართველს, სხვა ქვეყანაში როგორი კარგადაც არ უნდა ცოხვრობდეს, სამშობლოში დაბრუნების ნოსტალგია მუდმივად ექნება. თუმცა შეეკითხოს ხალხს, მის მოულოდნელად გამდიდრებასთან დაკავშირებით რა პოზიცია აქვთ.
„მისი 2004 წლის დეკლარაცია და 2008 წლის დეკლარაცია რომ ამოვიღოთ და შევადაროთ, ვნახავთ, ადამიანი რა ქონებას ფლობდა და მოულოდნელად რა ქონების მფლობელი გახდა. იმასაც კი არ ცდილობდა, რომ ეს მოპარვა რაღაცნაირად მაინც შეენიღბა. ნახევარი მილიონი მაინც დაეფიქსირებნა ჯერ და მერე ვითომ ამ ფულით გამდიდრდა. უცბად, კაცი არსაიდან მილიარდერი ხდება. ეს ხომ ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. ომის ხარჯზე ადამიანი გამდიდრდა და მილიარდერი ხდება. უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომელიც მაშინდელი პროკურატურის მეშვეობით სათანადოდ ვერ იქნა გამოძიებული და მტკიცებულებების დამალვა მოხდა. თუმცა ერთ-ერთ დანაშაულზე ბრალი წარდგენილი აქვს. 7 ნოემბრის ფიგურანტიც არის. მან ჯარი შიდა პოლიტიკურ რპოცესებში ჩართო და დემონსტრანტები ჯარისკაცებს დაარბევინა. ეს არის უმძიმესი დანაშაული“, - ამბობს სალუქავაძე.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ კობა ნაყოფიასთვის ახლა მთავარია, ახლოს იყოს იმ ფინანსურ ნაკადებთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიპს ასაზრდოებს. ქართველიშვილი ამბობს, რომ ნაყოფია მიხვდა ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული უკვე დანიშნულია და ხაბეიშვილის გამარჯვება გარდაუვალია. ამიტომაც ის კეზერაშვილთან გარიგებაზე წავიდა.
„ნაყოფიამ კეზერაშვილის მიმართულებით ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ არ დაკარგოს ის ფინანსური წყაროები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული. ამ არჩევნების ბედს კონკრეტული IT სპეციალისტი გადაწყვეტს, რომელიც იმ შედეგს დადებს, რაც დავით კეზერაშვილს აწყობს. როდის იყვნენ კეზერაშვილი ან ნაყოფია პარტიული მოღვაწეები და დიდი პოლიტიკოსები? ისინი ამ ე.წ. პარტიას, როგორც ფინანსურ პროექტს ისე უყურებენ. ხოლო ნაყოფია ამ ყველაფერს ბიზნესმენის თვალით აფასებს, ისევე როგორც კეზერშვილი. რა თქმა უნდა, მათი ინტერესები, როგორც ბიზნესმენების ერთმანეთის თანხვედრაშია. მელია მიხვდა, რომ დღის წესრიგში მისი მოცილება დგას და ეს გარდაუვალია. თუმცა იმდენი თავმოყვარეობა ჰყოფნის, პარტიის ლიდერის პოზიციიდან თავისით არ წავიდეს. ამიტომაც ფარსად არჩევნების ჩატარებას ცდილობს. ამით მელია აჩვენებს, რომ პარტიიდან გააბუნძულეს არა კეზერაშვილ-მერაბიშვილმა, არამედ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას სცემს პატივს. ესაა ამ არჩევნების მთელი აზრი. სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის მიმართ, საზოგადოების ინტერესის დაკარგვამ, მერაბიშვილს, კეზერაშვილს და მისნაირ ფიგურებს პარტიის ხელში ჩაგდების შანსები გაუჩინა. სააკაშვილის სადარდებელია ახლა, როგორმე ციხეს, ყველანაირი მეთოდით, თავი დააღწიოს. ნაყოფია ამას ძალიან კარგად ხვდება და ბიზნესმენის ინსტიქტმა თავისი ქნა. ამიტომ ბურთი და მოედანი კეზერაშვილის ხელშია. აუცილებლად, ხაბეიშვილი გაიმარჯვებს, ხოლო კეზერაშვილი და ნაყოფია მშვენიერ შეხმატკბილებულ ბიზნესურთიერთობებს დაამყარებენ“, - ამბობს ქართველშვილი.
რაც მეტი ნაცი იტყვის ამ სიტყვებს,..... უფრო დიდი პარადი მექნება მეც და საქართველოსაც
ჰოოდა............................. მოკლედ მეც ვტოვებ ნაციონალურ მოძრაობას ..სხვა გზა არ დამიტოვეს
ეეეეეე ........................ისე უსუფაშვილისა და კომუნისტური პარტიის ამბავისა არ იყოს, ეხლა რომ შევიდე ნაციონალურ მოძრაობაში ხო შეიძლება ??
ერთი მითხარით განცხადება ვის სახელზე უნდა დავწერო ------ მიშასიი?? ცოდონი არიან უნდა გავაძლიერო ნაცების პარტია
ფუიიი ეშმაკს ............... ეს რეეები დამიწერია.....