უკრაინაში ბრძოლა რომ რთულდება, ამას სამხედრო საქმის ყველა სპეციალისტი პროგნოზირებს. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლობიდან გადაყენებული ალექსეი არესტოვიჩი უკვე მერამდენედ ეხვევა სკანდალში. ჯერ ის ფაქტი მონელებული არ იყო, როცა არესტოვიჩმა უკრაინას დააბრალა საცხოვრებელ კორპუსზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა, რომ სულ ახლახანს კიდევ ერთი უცნაური განცხადება გააკეთა, „თუ ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ გარანტირებული გვაქვს ომის მოგება, მაშინ ეს ძალიან საეჭვოა“. ასეთი თამამი განცხადება არესტოვიჩმა იმით ახსნა, რომ ის ოფიციალური პირი აღარ არის და შეუძლია, რაც უნდა, ის თქვას.
მოგვიანებით არესტოვიჩმა განმარტა, რომ რუსეთმა გაუვრცელა მცდარი ინფორმაცია, თითქოს მან თქვა, რომ უკრაინა ომს წააგებს. სინამდვილეში, არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინა ომს არ წააგებს, უბრალოდ, ომის მოგება უფრო რთული გახდა, რადგან პუტინს ძალიან არ სურს ამ ომის წაგება და დიდ ძალისხმევას ახორციელებს, რომ არ დამარცხდეს.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ რუსეთ-უკრაინის ბრძოლა კიდევ უფრო გართულდება, ვინაიდან რუსეთი ახდენს თავისი ჯარების კონცენტრაციას და გეგმავს დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანის მობილიზაციას, 150 ათასამდე ადამიანის გადასროლას რუსეთ-უკრაინის ფრონტზე. პუტინის გეგმაა, რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა მილიონნახევრამდე გაიზარდოს. ეს კი ნიშნავს ახალი მობილიზაციის გამოცხადებას.
„ჯერჯერობით რუსეთს გარკვეული რესურსი გააჩნია, რადგან რუსეთის ეკონომიკური დაცემა იყო სულ რაღაც 3%. თავიდან ნავარაუდევი იყო, რომ რუსეთის ეკონომიკური დაცემა 12%-მდე შემცირდებოდა, მაგრამ 3%-ით შემცირდა. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინაც ახდენს თავისი ძალების მობილიზაციას, საბოლოო ჯამში, უკრაინა მიიღებს ტანკებს - „ლეოპარდებს“, დამატებით საარტილერიო, სარაკეტო სისტემებს, ცალკე დასავლეთი გეგმავს უკრაინისთვის დახმარების გაწევას, ამ მხრივ ლიდერის პოზიცია უჭირავს აშშ-ს, აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც შეადგენს 843 აშშ დოლარს, აქედან 45 მილიარდი დოლარი განკუთვნილია უკრაინის მხარდასაჭერად. ომი ჯერჯერობით გაგრძელდება, 2023 წლის გაზაფხულიდან, სავარაუდოდ, უკრაინის სასარგებლოდ წარიმართება მოვლენები იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინამ შეძლო 2000-მდე დასახლებული პუნქტის გათავისუფლება, მათ შორის, ყველაზე დიდი ქალაქის ხერსონის ოკუპანტებისგან გათავისუფლება“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
რაც შეეხება არესტოვიჩის განცხადებას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჯერ უნდა დამტკიცდეს, მართლაც თქვა თუ არა არესტოვიჩმა, თითქოს უკრაინა ომს ვერ მოიგებს. რეალურად, ყველამ იცის, რომ რუსეთი დეზინფორმაციულ პოლიტიკას აწარმოებს და გამორიცხული არაა, დეზინფორმაცია აუგორეს არესტოვიჩსაც. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ასე იოლად უკრაინა რუსეთს ვერ დაამარცხებს. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი განცხადებები, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, ბრძოლისუნარიანობას აქვეითებს. რუსეთი იმ ინფორმაციასაც ავრცელებდა უკრაინის შესახებ, თითქოს უკრაინელი ნაცისტები აწამებდნენ მოსახლეობას, მაგრამ ესეც დეზინფორმაცია იყო.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე მიიჩნევს, რომ არესტოვიჩს სულ რომ არაფერი არ ეთქვა, ისედაც ცხადია, რომ უკრაინისთვის ცუდად მიმდინარეობს მოვლენები. მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური დასავლეთი ეხმარება და უკრაინა არის პროქსი სახელმწიფო, მაინც არ დამთავრდება ეს ომი უკრაინის გამარჯვებით. მთელი რიგი ფაქტები და რეალობა ცუდი სცენარის წინაპირობას ქმნის.
„სავარაუდოდ, უფრო ფართომასშტაბიანი ომი დაიწყება რუსეთის მხრიდან უკრაინაში. ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინის ბედი არც ისე კარგად მოჩანს. უბრალოდ, უკრაინის მესვეურების პოზიცია არ ჯდება საერთაშორისო ურთიერთობების არც ერთ თეორიაში, როდესაც მიზანმიმართულად ხდება საკუთარი ქვეყნის-უკრაინის განადგურება. იმის მაგივრად, თავის ქვეყანას უბედურება ააცილონ, ავიწყდებათ, თუ რა არის ხელისუფალის მთავარი დანიშნულება-საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანათ“, - აცხადებს თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბარში.
მისივე შეფასებით, სიტუაციას ვერ გამოასწორებს ვერც „ლეოპარდების“ გაგზავნა, რადგან გაცილებით სხვა დონის შეიარაღებაზეა საუბარი. მით უმეტეს, „ლეოპარდებს“ ან გადასცემენ უკრაინას, ან არა.
პოლიტოლოგის განმარტებით, ნატოს პირდაპირი შეტაკება რუსეთთან, ალბათ, არ მოხდება, რადგან ეს მესამე მსოფლიო ომი იქნება, მაგრამ იმ მდგომარეობით, რაც ახლა უკრაინაშია, რუსეთს მოგების მეტი შანსი შეიძლება ჰქონდეს.
ზელენსკის მარიონეტ მაიმუნებს უკრაინა ჰქვია?
აღარაა უკრაინა. მძევლად ჰყავთ უკრაინელი ხალხი და ახოცინებენ.