„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების დასრულებამდე 2 დღით ადრე, ზუსტად კვლავ არავინ იცის ვის მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი. ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, ვივარაუდოთ, ვისი გამარჯვება უფორ ხელსაყრელი იქნება სააკაშვილისთვის და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, რომ მისი მხარდაჭერა მოიპოვოს. როგორც ჩანს, ორივე მხარე კარგად ათვიცნობიერებს, რომ სააკაშვილის და მისი ოჯახის მხარდაჭერის გარეშე, რომც გაიმარჯვონ, მათი ფასი არაფერი იქნება. ამიტომ სააკაშვილის „სხეულით ვაჭრობა“ გრძელდება. მოულოდნელად კი თამაშში სააკაშვილის ოჯახის წევრი შემოდის. ცნობილი ხდება, რომ თუკი არჩევნებში გიორგი მუმლაძე გაიმარჯვებს, მაშინ პარტიის გენერალური მდივანი სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი გახდება. გამომდინარე იქედან, რომ მუმლაძე კეზერაშვილის კაცად ითვლება, ჩნდება ეჭვი, რომ ის როგორც სარეზერვო კანდიდატი, ისე ჰყავთ შემოყვანილი - თუ ხაბეიშვილს გაუჭირდა, ხმები დაუთმოს. ამიტომაც, დიდი ალბათობით, სააკაშვილის ძმის გააქტიურება რაღაც კონკრეტული გარიგების დადების მცდელობას უფრო ჰგავს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ რეგისტრაცია დასრულებულია, თუმცა არ დასრულებულა შიდაპარტიული დაპირისპირება. პირიქით, ნიკა მელია უკვე ღიად ამბობს, რომ არაფორმალური გავლენებისთვის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე მას თანაპარტიელები არჩევნების ჩატარებას საჯაროდ მოსთხოვდნენ.
მოქმედი თავმჯდომარის მტკიცებით, კეზერაშვილ-მერაბიშვილმა პარტიის შიგნით კიდევ ერთი პარტია შექმნეს - „ანტიკორუფციული მოძრაობა“, რომელსაც სათავეში მისი კონკურენტი ლევან ხაბეიშვილი უდგას. მელია ამბობს, რომ მისთვის უცნობი იყო მოძრაობის დაფინანსების წყაროები.
ნიკა მელიას განცხადებებს, არაფორმალურ მმართველობაზე, ჭორაობას უწოდებს ლევან ხაბეიშვილის ფლანგი, სადაც ამბობენ, რომ მოქმედმა თავმჯდომარემ იცოდა, რომ ანტიკორუფციული მოძრაობა ყალიბდებოდა და მათივე მტკიცებით, სწორედ მელიამ დანიშნა მოძრაობის ხელმძღვანელად ხაბეიშვილი.
ცნობილია, რომ ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია 49,756 ამომრჩეველმა გაიარა. მათ არჩევანის გაკეთება 4 კანდიდატს - ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს, ნონა მამულაშვილსა და გიორგი მუმლაძეს შორის მოუწევთ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ჯერჯერობით ორ ბანაკად გაყოფილ და დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ვის მხარეს იხრება მიხეილ სააკაშვილი, არ ჩანს, თუმცა, შესაძლოა, ვიმსჯელოთ იმაზე, ვისი გამარჯვება უფრო აწყობს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ენმ-ში მიმდინარე პროცესებს სააკაშვილი დიდი ყურადღებით აკვირდება და არ არის ის ფაქტი რეალური, თითქოს სააკაშვილი პარტიული საქმიანობისგან ან ქართული პოლიტიკისგან დისტანცირებულია.
„ვფიქრობ, სააკაშვილი, ალბათ, უფრო იმ ჯგუფის მხარეს გადაიხრება, რომელიც ყველაზე რადიაკლური იქნება. ის აკვირდება მოვლენებს და ვფიქრობ, გადაწყვეტილებასაც ამ გარემოებიდან გამომდინარე მიიღებს. ის გადაწყვეტილებას მიიღებს იმის მიხედვით, მისი ჯამრთელობით რომელ ფრთას უფრო მეტი სპეკულანტობა შეუძლია. შესაბამისად, როგორც ამ ბოლო აუდიო ჩანაწერებით ირკვევა, სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას და-ძმა ალასანიებთან ერთად მიიღებს. ის ბიძის და დედის გარეშე არაფერს გადაწყვეტს. ასევე საინტერესოა მოულოდნელად სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის გააქტიურება. ის მხარს გიორგი მუმლაძეს უჭერს და უნდა მისი გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის გენერალური მდივანი გახდეს. ესეც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.
საერთოდ, ამ მუმლაძის ფიგურა ძალიან საინტერესოა, რომელსაც არც პოლიტიკური წონადობა გააჩნია და არც რაიმე ქარიზმა. ადამიანი მოულოდნელად საიდანღაც გამოჩნდა. მე მაინც მგონია, რომ ეს პიროვნება უფრო ლევან ხაბეიშვილის დასაზღვევად ჰყავთ შემოყვანილი. საერთოდ, ასეთ არჩევნებში მსგავს ტაქტიკას იყენებენ ხოლმე. მან შესაძლოა, თავისი ხმები შემდეგ ხაბეიშვილს გადაუნაწილოს, ან მის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნას. ამიტომ დავით სააკაშვილის ამ თამაშში შემოყვანამ, შესაძლოა, პასუხი გასცეს კითხვას - ვის მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი?“,-ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ამ არჩევნებში გამარჯვების პრეტედენტი უფრო ლევან ხაბეიშვილია, რომელმაც ძალიან კარგად იცის, სააკაშვილს რაც სურს. ამიტომაც ის აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც კი დაიხსნის. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამ გზავნილის მთავარი ადრესატი სააკაშვილი და და-ძმა ალასანიები არიან. ასევე მიშას ვეტერანი თანამებრძოლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის გარეშე პარტია არაფერს წარმოადგენს.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ფიქრობს, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადებები სააკაშვილის ფიზიკურად დახსნის და რევოლუციის შესახებ, მკვდარი პოლიტიკოსების ბოლო აგონიაა. გვენტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ხაბეიშვილი მიშისტების და თავად სააკაშვილის სიამოვნებას ცდილობს და იმის, რასაც ამბობს, თავადაც არ სჯერა.
„ის, რაც ნაციონალების თავს ხდება, ეს არის ქართველი ხალხისთვის ძალიან სასარგებლო პროცესი. ის ამბავი, რასაც საკუთარ თავს ეს ხალხი უწყობს, ქართველებს 2013 წელს უნდა დაეწყო, თუმცა ამის საშუალება მიზეზთა გამო არ მიეცა. ყველამ კარგად იცის, ვისი მფარველობითაც სარგებლობს ეს ხალხი - იმ დასავლელი პარტნიორების დამსახურებაა, რომლებიც დღესაც ჭკუას გვასწავლიან. მაგრამ ამ პარტიაში იმხელა ჭაობი და უბედურება ხდება, ვეღარ მალავს თავს ვერაფერი. აგერ, მელია პირდაპირ ამბობს, რომ პარტიაში ერთმანეთს უსმენენ, აბეზღებენ და მტრობენ. წარმოგიდგენიათ, ის რაც ჩვევაში აქვთ, იმას ვერ ივიწყებენ. არ გასწორდა ამათი კუდი და ახლა ერთმანეთს არიან დარეულები. ეს არის ხალხის სასიკეთო საქმე და ამ არჩევნებით ამ პარტიის დასასრულის დასაწყისი იქნება. ლევან ხაბეიშვილი ვის აშინებს, ან მაგისი ვის უნდა შეეშინდეს, ძალიან სასაცილოა. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, ნულს მიუმატეთ ნული იქნება. ამის მერე პარტიების მინუსებში წასვლა ნახეთ, როცა ერთმანეთს კიდევ უფრო ღიად ვამპირებივით დაერევიან. ეს არის სამარცხვინო დასასრული. არადა სააკაშვილს შეეძლო, რომ ღირსეული დასასრული მაინც ჰქონოდა, მაგრამ ესეც არ მოისურვეს. მიიღებენ იმ ნიშას, რომელიც მათ ისტორიის სამარცხვინო კანალიზაციაში ჩარეცხავთ“, - ამბობს გვენეტაძე.