აშშ–ის მთავრობის მხარდაჭერით ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტი საქართველოს განათლების სფეროსათვის 140 მლნ დოლარის ოდენობით 5-წლიანი გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.
პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც განათლების სისტემის განვითარებას, ასევე, სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლას. ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 130 სკოლის რეაბილიტაცია, მათი უზრუნველყოფა ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით, სკოლის ხელმძღვანელთა და პედაგოგთა გადამზადება. ასევე, გადამზადება მოხდება საბუნებისმეტყველო საგნებსა და ინგლისურ ენაში.
ტექნოლოგიურ-საინჟინრო და სასოფლო-სამეურნეო ინჟინერიის სფეროს ხელშეწყობის მიზნით, ასევე, განხორციელდება უმაღლესი განათლების პროექტი, დაგეგმილია პარტნიორობა პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტებთან, რის შედეგადაც ქვეყანა მიიღებს ამერიკული განათლების მქონე, უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებს.
გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები მიიღებენ გრანტს ტექნოლოგიურ დარგებში მაღალკვალიფიციური მუშახელის მოსამზადებლად.
აღნიშნული გრანტის ათვისების შესახებ For.ge საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორს ნინო ჩინჩალაძეს ესაუბრა. მისი თქმით, კომპაქტის მეორე ნაწილზე ხელმოწერა მნიშვნელოვანია. მეორე კომპაქტის დამტკიცება კი იმიტომ მოხდა, რომ პირველი კომპაქტი იყო წარმატებული და საინტერესოდ დასრულდა. ყველაზე სასიამოვნო კი ნინო ჩინჩალაძისთვის ის არის, რომ მეორე კომპაქტით გამოყოფილი 140 მილიონი მთლიანად მოხმარდება განათლებას და ამ სისტემის გაუმჯობესებას.
„მიმართულება რამდენიმეა, ეს არის ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლების რეაბილიტაციას, მაგრამ არა მარტო ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას, არამედ პედაგოგთა და სკოლის ხელმძღვანელთა მომზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერას, რაც, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მეორე ნაწილი იქნება სამრეწველო უნარ-ჩვევების და სამუშაო ძალის განვითარების პროექტი. ეს კი მიზნად ისახავს ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შესაბამისი ტექნიკური უნარების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ იქნება უმაღლესი განათლების პროექტი. ეს არის მესამე კომპონენტი, რომლის მიზანიც იქნება ამერიკულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით საქართველოში მომზადდეს შესაბამისი ცოდნის ინჟინრები და ტექნოლოგიები და მათემატიკური განათლების მოდერნიზაცია მოხდეს,“ - აცხადებს ნინო ჩინჩალაძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ქალთა ჩართულობას ტექნოლოგიურ და საინჟინრო დარგებში. მით უფრო, რომ ადამიანური კაპიტალის დღევანდელი დონე არ არის საკმარისად მაღალი და განსაკუთრებით ეკონომიკურ ზრდისთვის არ არის საკმარისი. ამიტომ აუცილებელია მისი განვითარება მეცნიერებისა და ტექნოლოგიის დარგებში, საინჟინრი სფეროებსა და მათემატიკაში.
ნინო ჩინჩალაძის აზრით, მთელი ამ წლების მანძილზე ყურადღება გადატანილ იყო სოციალურ და ჰუმანიტარულ დარგებზე, რადგან ჩვენ დახურული საზოგადოება ვიყავით და ეს დარგები ნამდვილად მოითხოვდა მნიშვნელოვან განვითარებას. თუმცა, ახლა საჭიროა მეტი შრომითი რესურსების განვითარება. ასევე, უნდა განვითარდეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით კვლევები და საინჟინრო სფეროები. ეს კი ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და შრომითი რესურსების განვითარებას.
„თუ არ განვითარდა ტექნოლოგია, არ შეიქმნება სამუშაო ადგილები, არ განვითარდება შრომით ბაზარი. ტექნოლოგიებზეა დამყარებული ჩვენი ქვეყნის წინსვლა. 140 მილიონი, რასაკვირველია, დიდი თანხაა, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი განათლების სისტემის მთლიანი რეაბილიტაციისთვის. ათასწლეულის გამოწვევის 140 მილიონი იქნება გარკვეულ მიმართულებებზე ორიენტირებული, ჩვენი სახელმწიფო კი ასევე მოტივირებულია, რომ განათლების სფეროში სერიოზული დაფინანსება ჩაიდოს“, - მიიჩნევს ნინო ჩინჩალაძე.
საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის დირექტორი მარინე მუსხელიშვილი აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, აღნიშნული გრანტი პირველი არ არის, რაც ჩვენ მიგვიღია, თუმცა კონკრეტულად ამ გრანტის შესახებ მას არაფერი სმენია.
ამის მიუხედავად, მუსხელიშვილი განმარტავს, რომ ნებისმიერი ადამიანი დაადასტურებს, რომ გრანტის გამოყოფა დადებითია. რაც შეეხება გამოყოფილ თანხებს, განათლების სფერო ისეთ ხარჯებს მოითხოვს, რომ შეიძლება 140 მილიონიც დახარჯო და ორჯერ მეტიც. ამიტომ, რაც მეტია, მით უკეთესი იქნება. უფრო მეტიც, მარინე მუსხელიშვილის თქმით, 140 მილიონი კარგია, მაგრამ კიდევ მეტი უფრო უკეთესი იქნება.