უკრაინიდან ულტიმატუმის ენით საუბარი გრძელდება - „თუ უკრაინის მოქალაქეებს, რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში საფრთხე დაემუქრებათ, კიევი საქართველოდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციას დაიწყებს“, - ამ განცხადებას ანდრეი კასიანოვი აკეთებს, რომელიც ქართველებს უკვე მერამდენედ ელაპარაკება „ევროპეისკაია პრავდა“-ს ფურცლებიდან.
აღმოჩნდა, რომ უკრაინა უკვე ყველანაირად უწყობს ხელს მისი მოქალაქეების უკან, უკრაინაში დაბრუნებას და ევაკუაციისთვის სპეციალურ მარშრუტებსაც კი ამუშავებს.
რუსეთიდან მორიგი საუბრების დაწყებამდე საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, საქართველოში თვეების განმავლობაში ათობით ათასი რუსი შემოვიდა, თუმცა მაშინ უკრაინის დიპლომატიური მისია ანალოგიური ულტიმატუმებით არ გამოსულა. კიევი დუმდა და შესაბამისად აწყობდა, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ რუსები მათთან საომრად არ წასულიყვნენ და თავი მეზობელი ქვეყნებისთვის შეეფარებინათ.
უკრაინელ დიპლომატს განცხადების ტონი და შინაარსი დაუწუნეს „ქართულ ოცნებაში“. მმართველი გუნდის წევრებისთვის ანდრეი კასიანოვის პოზიცია იმ რიტორიკის ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდში უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ისმის. საფრთხე, რომელზეც კასიანოვი საუბრობს, „ქართული ოცნების“ დეპუტატების განმარტებით, არარეალურია.
საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხზე 18 იანვარს, წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე, სერგეი ლავროვმა ისაუბრა. რუსეთის პირველ დიპლომატს კითხვა „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტმა, უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დაუსვა. პასუხად ლავროვმა ფრენების აღდგენის იმედი გამოთქვა.
ამის შემდეგ კი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებოდ დაიბარეს, თუმცა მან მედიასთან სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ კომენტარი არ გააკეთა.
უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით საფრთხეს ვერ ხედავს.
„აღინიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი უკრაინას მოუწოდებს ელჩი შეცვალოს, რადგან რჩება შთაბეჭდილება, რომ ის ხელოვნურად გამოგონილი თემებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს. მისი თქმით, კასიანოვის საქმიანობა მავნებლობაა და დიპლომატი ასე არ უნდა იქცეოდეს.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ბატონი კასიანოვი გარკვეული პროვოკაციების მონაწილეა“, - ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ანდრეი კასიანოვის განცხადებას.
მისივე თქმით, კასიანოვი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების პროვოკაციაში ჩართვა ვერ შეძლო, „ახლა უკრაინის მოქალაქეებს მიადგა“.
საბედნიეროდ, არც რუსეთის, არც უკრაინისა და არც საქართველოს მოქალაქეების კონფლიქტის არც ერთი ფაქტი არ არსებობს, გამოდის და რაღაც კონფლიქტებსა და ევაკუაციაზე საუბრობს. მაინტერესებს, სად წაიყვანს ევაკუაციით ევროპაში წასულ მილიონობით უკრაინელს? ვიდრე საკუთარი მოქალაქეებისგან ჩვენი დასაცავი არ გამხდარა, ცოტა ნორმალური განცხადებები გააკეთოს. ასევე, განმარტოს დღემდე პასუხგაუცემელი საკითხი: რატომაა საქართველოდან ელჩი გაწვეული და ბელარუსიდან, რომელიც რუსეთის მოკავშირეა უკრაინასთან ბრძოლაში, ელჩი არ გაუწვევიათ“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ კასიანოვი და მისი ზემდგომი ინსტაციებიც ამ აბსურდში აიხლართნენ და ბოლოს პოზიციები შეცვალეს. ნიკოლეიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ ეს არის ჩვეულებრივი დავალება, რომელსაც დროებითი რწმუნებული ახმოვანებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში, რუსებსა და უკრაინელებს შორის საქართველოში ერთი დაპირისპირების და კონფლიქტის ფაქტიც კი არ ყოფილა. მისი თქმით, ორივე მხარე ერთმანეთთან საქართველოში ძალიან კარგად ურთიერთობენ და არანაირი პრობლემა არ აქვთ.
„კასიანოვის განცხადება ჩვეულებრივი დავალებაა და ის თავისი ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს. აქ რაღაცა სხვა ტექსტები, რომ ის თვითნებურად საუბრობს, აბსურდია. ახლა რაც შეეხება იმას, რატომ ურთიერთობენ საქართველოში მყოფი რუსები და უკრაინელები ასე კარგად და კონფლიქტის ერთი ფაქტიც კი არ არის დაფიქსირებული - ადამიანები, რომლებიც უკრაინიდანაც და რუსეთიდანაც ომს გამოექცნენ, ორივე მათგანი თანხმდება იმაზე, რომ ომი არ უნდათ. ეს ხალხი თანამოაზრეები არიან, ერთმანეთთან ომი არ სურთ. შემდეგ, ეს ორივე ქვეყნის მოქალაქე, თავიაანთი ქვეყნების სახელისუფლებო პოლიტიკას არ იზიარებენ. სწორედ ეს ორი მიზეზია, რის გამოც ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი არ აქვთ. ასევე ეს ხალხი დაინტერესებულები არინ იმით, რომ საქართველოს პატივი სცენ, მადლიერება გამოხატონ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ. თავიანთი კონფლიქტით პრობლემები არ შეგვიქმნან. ისინიც ძალიან დაინტერესებულები არიან იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში კონფლიქტი არ იყოს. ეს ხალხი ფაქტიურად საქართველოში „სამოთხეში“ არიან მოხვედრილები. ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნონ. არც ერთ მხარეს, ქართველები ზედმეტ სიტყვას არ ეუბნებიან. პირიქით, უკრაინელებსაც და რუსებსაც სათანადო პატივისცემით ეპყრობიან. ჩვენს ხალხზე ყველამ იცის, რომ სტუმართმოყვარეობის განსაკუთრებული კულტურა აქვთ. უკრაინელებს კიდევ უფრო დიდი ყურადღებას აქცევენ. აბა რა გესიამოვნებათ, შენი ჭირიმე, გენაცვალეთი ესაუბრებიან. ქართველები ოდითგანვე ამ შეხედულებით ცხოვრობენ, რომ შენს სახლში მოსულ სტუმარს პატივი უნდა სცე. ამიტომ კასიანოვს და მის ხელმძღვანელებს ამ სამარცხვინო განცახდებისთვის ქართველბთან ბოდიში აქვთ მოსახდელი“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის უკრაინელი ლტოლვილები სხვა ქვეყნებშიც და საკუთარშიც რა პირობებში ცხოვრობენ. ისინი ფაქტიურად გეტოებში არიან. იქ ხაჭაპურს არავინ აჭმევს და ქინძმარაულს არავინ ასმევს. თანაც ევროპის ქვეყნებში უამრვი ფაქტი არსებობს იმის, რომ ადგილობრივებთან მუდმივად კონფლიქტი აქვთ. საქრათველოში კი ხელისგულზე ატარებენ. ეს ხომ უკრაინელებმა ძალიან კარგად იციან. მისი აზრით, კასიანოვის განცხადებას ოდნავ სერიოზული სახე რომ მიეცეს, მას ალბათ უკრაინელი ლტოლვილები საელჩოში მიუვარდებიან.
ანალიტიკოსი თამარ კიკნაძე კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება კასიანოვის და სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებს მშვიდად უნდა შეხვდეს და გაგრძელოს ის პოლიტიკა, რომელიც მას ამ პერიოდის განმავლობაში არჩეული აქვს. კიკნაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ხელისუფელებისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ქვეყნის ეროვნული ინტერესები უნდა იყოს.
„ფაქტია, რომ ხელისუფლების პოლიტიკას უკარინის ომთან დაკავშირებით, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იზიარებს. საომარ მოქმედებებში ჩაბმა საქართველოსთვის ფატალურ შედეგს იქონიებს. ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს, მაგრამ ეს მოზომილი და დიპლომატიური უნდა იყოს. უკვე დიდი ხანია ჩვენი ქვეყანა მსგავს წნეხს წარმატებით უძლებს და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. უკრაინელები და რუსები ჩვენს ქვეყანაში ერთმანეთთან ძალიან კარგ კომუნიკაციაში არიან. ჩვენი მიწა ისეთია, რომ ყველა ეროვნების ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ქართველების ადათ-წესიდან გამომდინარე, რომ სტუმარი ღვთისაა და მას პატივი უნდა სცე, თავს ყველა კარგად გრძნობს.
ქართველები თავის ხასიათით დაპირისპირებული მხარეების კარგად ყოფნას ხელს უწყობენ. კასიანოვის განცხადება აბსურდულია. აქ არიან ის რუსები და უკრაინელები, რომლებიც პაციფისტები არიან და ფიქრობენ ძმათაშორის სისხლისმღვრელი ომია. ამიტომ მათ ჩვენს ქვეყანაში ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი აქვთ. პირიქით, ორივე მათგანი ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე იმყოფება. ისინი თავიანთი ხელისუფლებების პოლიტიკას აკრიტიკებენ. ამიტომ კასიანოვი დარწმუნებულია, რომ მას გაყვებიან?“, - აცხადებს კიკნაძე.