2023 წელს რადიკალური ოპოზიცია და მასთან აფილირებული საზოგადოებრივი ჯგუფები, კიდევ ერთხელ შეეცდებიან ხელისუფლების ცვლილებას და, დიდი ალბათობით, რევოლუციის გზით, რადგანაც როგორც მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა აღიარა, „რუტინული“ არჩევნების მოგების იმედი აღარ აქვთ.
რა შეიძლება უქმნიდეს რადიკალურ ოპოზიციას წარმატების ილუზიას და იმედს? უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე მორიგი უარი ბრიუსელიდან, რაზედაც ოპოზიცია დიდ რესურსებს ხარჯავს რომ ასე მოხდეს. ოპოზიციის გათვლით, ამას უნდა დაემატოს სანქციები „ოცნების“ მაღალჩინოსნების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის გამარჯვება და კიევის ჩართულობის გაძლიერება ჩვენთან ხელისუფლების შეცვლის საქმეში და, რაღა თქმა უნდა, დასავლეთის მხარდაჭერა.
როგორც აღვნიშნეთ, მთავარი ბიძგის მიმცემი, რა თქმა უნდა, „კანდიდატის სტატუსია“. რადიკალების გათვლით, რასაც აღარც მალავენ, სწორედ მისი არმიღება უნდა გახდეს ქუჩის მასობრივი პროტესტის საფუძველი, რაც უნდა დასრულდეს ან ხელისუფლების დამხობით, ან ვადამდელი არჩევნებით. ამ არჩევნებზე კი დელეგიტიმირებულ და ამომრჩევლის ნდობა დაკარგულ „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციის გათვლით, არათუ მოგების შანსი არ ექნება, შესაძლოა პარლამენტშიც კი ვერ მოხვდეს, რადგანაც „რევოლუციური არჩევნების“ შედეგები წინასწარ იქნება დაწერილი.
მოკლედ, ასეთი სცენარი იკვეთება და, თუ რამდენად განხორციელებადია, ვიტყვი პირდაპირ რომ - ნაკლებად! რევოლუციური სცენარის განხორციელების სურვილი იმ რეალობებზე იმსხვრევა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. თვით რადიკალური ოპოზიციის რიგებშიც კი არ სჯერათ ბოლომდე ამის, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს საკუთარ თავს.
გამოიკვეთა სამი საკვანძო კითხვა, რომლებზედაც პასუხი მოგვცემს საშუალებას განვჭვრიტოთ, რა შეიძლება მოხდეს წლის ბოლოსთვის:
1) შეძლებს თუ არა კანდიდატის სტატუსის ვერმიღების გამო რადიკალური ოპოზიცია კრიტიკული მასის ქუჩაში გამოყვანას, ან გამოვა თუ არა ეს კრიტიკული მასა ქუჩაში თავად, და ხელისუფლებას უნდობლობას გამოუცხადებს?
2) შეძლებს თუ არა რადიკალური ოპოზიცია ქუჩის ზეწოლით აიძულოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გადადგეს და/ან დანიშნოს ვადამდელი არჩევნები?
3) დაუჭერს თუ არა მხარს დასავლეთი, და რა ფორმით, საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას არაკონსტიტუციური ანუ რევოლუციის გზით, თუ აიძულებს ხელისუფლებას დანიშნოს ვადამდელი არჩევნები?
დავიწყოთ მთავარით, გახდება თუ არა კანდიდატის სტატუსის არმიღება, თავად „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის პროტესტის მოტივატორი? „ოცნების“ ამომრჩევლის ბირთვი, ანუ უმრავლესობა, წარმოდგენილია მოქალაქეებით, რომლებსაც არ ემუქრება რაიმე ხელშესახები ზარალი, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობას კანდიდატის სტატუსზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ან საერთოდ არავითარი, ან ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. შესაბამისად, „ოცნების“ საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლისთვის კანდიდატის სტატუსთან დამოკიდებულება არის ემოციური და მომხმარებლური, ისევე როგორც თავად ევროინტეგრაციასთან. მათი უმრავლესობის აზრით, თუ მოგვცემენ კანდიდატობას, ხომ კარგი, თუ არა და ცხოვრება გაგრძელდება და მოგვიანებით სტატუსს მაინც მივიღებთ.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა უმრავლესობას „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და იქიდან გამომდინარე შედეგები უფრო აშინებს, ვიდრე კანდიდატის სტატუსის არმიღება, მით უმეტეს რომ ამ სტატუსის ირგვლივ მითები უკვე გაქარწყლებულია. რაც შეეეხება ე.წ. საპროტესტო, ანუ ოპოზიციურ ელექტორატს, არც იქ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. კანდიდატის სტატუსი სურთ, მაგრამ არა დესტაბილიზაციის და არეულობის ხარჯზე, რომელიც შეიძლება დიდხანს გაიწელოს. სხვადასხვა მონაცემებით, ისინი ვინც შეგნებულად და გულწრფელად თვლის, რომ „ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“, ჩვენი მოსახლეობის 20-30% თუ შეადგენს, ეს ზუსტად შეესაბამება ხალხის იმ რაოდენობას, რომელიც ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად შარშან 20 ივნისს მიტინგზე გამოვიდა - ძირითადად ემოციებით მართული. მათი რაოდენობა მეორე დღესვე განახევრდა, როდესაც გაიგეს თუ ვინ იდგნენ სინამდვილეში მიტინგის უკან და რას აპირებდნენ.
დასავლეთში, რა თქმა უნდა, არიან წრეები, რომლებიც ისურვებდნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლას, თუნდაც უკრაინაში ომთან მიმართებაში მისი პოზიციის გამო, რომელიც დასავლეთისთვის მიუღებელია. ამ წრეებმა ეს უკვე აჩვენეს სიტყვითაც და საქმითაც. ომი უკრაინაში, სადაც თამასა სულ უფრო მაღლა იწევა და კონფლიქტის ესკალაცია ხდება, ნოყიერ ნიადაგს ქმნის პოლიტიკური ავანტიურებისთვის და რადიკალურ ოპოზიციასაც სწორედ ამის იმედი აქვს.
ევროპაში ზომიერი პრაგმატული პოლიტიკის მომხრეები უმცირესობაში არიან და ეს დაადასტურა თუნდაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციებზე კენჭისყრის შედეგებმა. შესაბამისად, დაბალია ალბათობა იმისა, რომ დასავლეთში „თეთრი ხელთათმანებით“ მიუდგნენ საქართველოს საკითხს. როგორც ჩანს, ოპოზიციამ მათგან გარკვეული სიგნალები მიიღო და ამიტომაც ამბობენ, რომ დასავლეთი ჩვენგან მოქმედებას ელოდებაო. ამავე დროს, დასავლეთი საქართველოში დესტაბილიზაციის და ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ცვლილებაში, პერსპექტივაში იმაზე უფრო დიდ ფასს გადაიხდის, ვიდრე წარმოუდგენია. ეს ესმით დასავლეთის ნაკლებად რადიკალურ წრეებს და არაერთი გეოპოლიტიკური თუ გეოეკონომიკური ფაქტორი არსებობს იმისათვის, რომ დასავლეთმა საქართველოსთან მიმართებაში დესტრუქციულ სცენარზე ხელი აიღოს, როგორი დიდიც არ უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლის ცდუნება. რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაზეც“ ბევრი იქნება დამოკიდებული ამ კუთხით!
თუ ხელისუფლება ანტიკონსტიტუციური გზით შეიცვლება, არ არის გამორიცხული, რომ დასავლეთმა „რევოლუციურ“ ძალებს იმედი გაუცრუოს და უთხრას, ჯერ საქართველომ დაამტკიცოს, რომ ევროპასთან შესაბამისი საარჩევნო დემოკრატია აქვს, მინიმუმ ორი დემოკრატიული არჩევნები ჩაატარეთ, 12 რეკომენდაცია სრულად შეასრულეთ და კანდიდატის სტატუსზე მერე ვილაპარაკოთო. აი, ასე მოგვიშორებენ თავიდან და მართალიც იქნებიან!