რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ, მივიღებთ თუ არა ორად გაყოფილ ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ ორი დამოუკიდებელი პარტიის სახით? - დღეს ეს კითხვები, არა მხოლოდ თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისმის. პარტიის წევრები და მხარდამჭერები უკმაყოფილებას ვერ მალავენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მოსურნეებს შორის გაჩაღებულ დაპირისპირებასა და კომპრომატებით ომის გამო. ყველა ხვდება, რომ ეს პროცესი თავად პარტიას, რომელიც რეალურად სააკაშვილის პარტიაა, სერიოზულად აზიანებს. მაგრამ ეს ეტაპიც გასავლელია და ნგრევის პროცესია შესაჩერებელი მათი მხრიდან, ვისაც ამბიციები არ ასვენებს. იყო მეორე ძალა ქვეყანაში, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში პირველობისთვის იბრძოლებს, „ნაცმოძრაობისთვის“, ფაქტობრივად, უკვე წარსულის სიმღერიდანაა.
საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ დიდი დროა. იქამდე პარტიამ ჯერ უნდა მიაღწიოს და თან იმ რაოდენობით, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლას შეეჭიდოს. სწორედ ამ ბრძოლისთვის ემზადება, როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი, რომელმაც შიდაპარტიული არჩევნებისთვის თავმჯდომარის კანდიდატად ლევან ხაბეიშვილი გამოაგორა, რომელიც თავად პარტიის მოქმედი თუ ყოფილი სახეებისთვის „სამარცხვინო ფიგურაა“. ყოველ შემთხვევაში, ასე ახასიათებენ ხაბეიშვილს გავლენიანი ნაცები, ცნობადი სახეები და მას პაიკს უწოდებენ. ყველა ფიქრობს, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესები ბოლო დროის ხმაურიანი ნაცის, ვანო მერაბიშვილის თამაშის ნაწილია - მას ღიად უნდა პოლიტიკაში შემოსვლა და საკუთარი გავლენების გაძლიერება. როგორც ითქვა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათ შორის, სამეგრელოში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა - ძველ თუ ახალ სახეებთან.
რა შანსები აქვს თავად მერაბიშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“, რატომ არის ასეთი ღირებული იგივე ბაიდენისთვის მიხეილ სააკაშვილი და რა დიდი ფულის მოლოდინშია საქართველოს მესამე პრეზიდენტი? - ამ საკითხების ირგვლივ for.ge- გთავაზობთ ინტერვიუს „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარესთან, ნანა კაკაბაძესთან.
ქალბატონო ნანა, 24 თებერვალს „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი, „დროა“ და სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყებას აანონსებებ. რას ნიშნავს მათი მხრიდან (ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ძველი სახეების) ეროვნულ მოძრაობაზე საუბარი და რა შანსები აქვთ?
- მათი შანსები ნულს ქვემოთ არის, ეს რაც შეეხება პოლიტიკურ შანსებს. საერთოდ, მე არ ვფიქრობ, რომ ახლა ეს ადამიანები პოლიტიკისთვის იბრძოდნენ, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ. „ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლა ახლა არა პოლიტიკაში გაძლიერებისთვის, არამედ ქონების გადანაწილებისთვის მიდის. მათ უნდათ წვდომა იმ ფულზე და ფინანსებზე, რაც არის პარტიის ფული. სწორედ ამ დიდი ფულის განკარგვა უნდათ.
შიდაპარტიულ ბრძოლაში კეზერაშვილთან ერთად, ვანო მერაბიშვილის ფიგურა გამოიკვეთა. ვანო მერაბიშვილი იბრძვის გავლენისთვის პარტიის შიგნით, თუ მხოლოდ პარტიული ყულაბის ფულის გადანაწილებისთვის არის ეს დაპირისპირება?
- მხოლოდ ფულის გადანაწილებისთვის.
ანუ არ ფიქრობთ, რომ „ორი გვამის“ მომთხოვნ მერაბიშვილს, რომლის მიმართ, როგორც მენეჯერის, სიმპათია ივანიშვილმაც ვერ დამალა, უნდა იყოს მთავარი სკრიპკა, ლიდერი ამ პარტიაში და საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილოს?
-რაღა არის ეს პარტია? სააკაშვილის გარეშე პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არაფერია. პარტია აღარ არსებობს. ვინ არის ამ პარტიაში ღირებული ან ფიგურა? მელია რომ მელიაა, ისიც არ გაჩერდება ვანო მერაბიშვილთან. სხვა ვინ, მამულაშვილი? რა გავლენა შეიძლება ვანო მერაბიშვილს ჰქონდეს? უზარმაზარი ფინანსებია მაგ პარტიის უკან და მის დაუფლებაზეა ბრძოლა.
მეორე ძალის პოზიცია უკვე დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“? მუდმივად აფიქსირებდნენ, რომ 800 ათასი მხარდამჭერი ყავს ყოფილ მმართველ პარტიას.
- მეორე ძალად მიხეილ სააკაშვილის გამო ითვლებოდა, თორემ მის გარეშე, ეს პარტია არაფერია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდში, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა. ეს და მსგავსი შეხვედრები საკმარისია ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გასაყვანად?
- სწორედ მაგიტომ ხვდება ამ ხალხს და არა იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს. ლევან ხაბეიშვილი არის მერაბიშვილისთვის დიდ ფულზე წვდომის მექანიზმი.
ისე ჩანს, თითქოს სააკაშვილისთვის პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია უფრო მისაღებია, ვიდრე კეზერაშვილ-მერაბიშვილის რჩეული ხაბეიშვილი. ეს გამოჩნდა იგივე პარტიის ცნობადი სახეების შეფასებებშიც, რომ ცუდსა და უარესს შორის, ისევ ცუდი თავმჯდომარე - ნიკა მელიაა მისაღები. ეს იმის ბრალია, რომ ექსპრეზიდენტი ვანო მერაბიშვილს აღარ ენდობა?
- რა თქმა უნდა, მიშა სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს არ ენდობა. ვინ დააჭერინა მიხეილ სააკაშვილი? ვინ შემოუშვა ის საქართველოში?- გია ლორთქიფანიძემ და ვანო მერაბიშვილმა შემოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და ჩასვეს ციხეში.
სწორედ ამიტომ, საეჭვოა, რომ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილს ამ ფულზე წვდომის საშუალება მისცეს და მის კანდიდატს გაამარჯვებინოს.
- როგორ არ მისცემს, თვითონ ციხეშია და ფული გარეთ არის. სწორედ ამიტომაც მოიშორეს პარტიის რეალური ლიდერი, რომ სააკაშვილის გარეშე ფულს ვერ ხარჯავდნენ. ის არ ახარჯვინებდა. ახლა სააკაშვილი ციხეშია და როგორ შეეკითხებიან მას. პარტიას ფული სჭირდება, ხან რა და ხან, რა. ამიტომ, პატიმარ სააკაშვილს ხომ არ ჰკითხავენ?
ნიკა მელიამ და მერაბიშვილმა დამოუკიდებელი თამაში წამოიწყეს?
- არაფერი თამაში არ წამოიწყეს, გარდა ფინანსური ინტერესებისა. სააკაშვილი იმდენად დიდი ინფორმაციის მატარებელია, ვერ ხედავ, რამხელა მოთხოვნაა მთელი დასავლეთის მხრიდან - მიშა გამოუშვით, მიშა გამოუშვითო?! სააკაშვილის თვალების გამო ხდება ეს, ცოლების თუ რის გამო? რა თქმა უნდა, იმ ინფორმაციის გამო, რაც მან იცის.
რატომ უფრთხილდებიან ასე, ასეთი რა შეიძლება იცოდეს?
- იმიტომ, რომ დიდი ინფორმაციის მატარებელია. მე არ გამოვრიცხავ, ბაიდენთან რომ ჩხრეკა მოხდა, ამაზეც ჰქონდა მას ინფორმაციები. კელი დეგნანის მხრიდან ასეთი სულელური განცხადებები რომ ისმის, არასერიოზული და უშინაარსო, სიგიჟეებს რომ ლაპარაკობს - მიშას რეკომენდაციები გაითვალისწინეთო, ხელისუფლებას რომ ეუბნება, იბრძოლა ომბუდსმენ ლომჯარიათი და სხვა ლიბერალების არასამთავრობოებით, ყველაფრით რომ იბრძოდა იმისათვის, რომ სააკაშვილი გამოეშვათ და ასეთი თავგადაკლულები რომ არიან, მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს სწორედ ბაიდენის, კლინტონის და მათ შავ-ბნელ საქმეებს უკავშირდებოდეს. სააკაშვილის გამოყვანა და გამოგლეჯვა უნდათ იმათი ხელიდან, ვისთანაც შეიძლება ეგ ინფორმაციები გასკდეს და გამჟღავნდეს. სააკაშვილი ერთ-ერთი „ოქროს მოწმეა“ იმ საქმეებისა, რომელზეც ბაიდენი გაჩხრიკეს.
რეალური საფრთხეა, რომ სააკაშვილი ალაპარაკდეს?
- რეალური საფრთხეა. აბა, რატომ იჭრიან ვენებს ევროპარლამენტარები და ვიღაცები, რომლებსაც სააკაშვილი შეიძლება სიზმარშიც არ ყავთ ნანახი, გამოდიან და მიშაზე სულელურ განცხადებებს აკეთებენ - პოლიტპატიმარია, ნაწამებია, მსგავს სიგიჟეებს ლაპარაკობენ. არ იციან, რომ ეს ასე არ არის? მათ ალაპარაკებს ამერიკული მხარე, ეს ჩემი პოზიციაა. ამის დამტკიცებას ვერ შევძლებ, მაგრამ ამას თვითონ დრო გვაჩვენებს. მგონია, რომ სააკაშვილი არის „ოქროს მოწმე“, იგივე იმ საქმეში, რომელზეც ბაიდენი გაიჩხრიკა და რომელსაც მოსდევს კლინტონის საქმეები და ა.შ.
ბევრი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი, დასავლეთის ამ განცხადებებს, გიული ალასანიას მიერ დაფინანსებულ პიარის ნაწილს უწოდებს ანუ ფულის სანაცვლოდ გაკეთებულს.
- ეს პიარკომპანიაც ვინ დაუქირავა?! ეს პიარკამპანია ჭირდებათ დასავლეთის პრესისთვის, საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის, რომ ამან ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე. უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩააყენონ ისეთ მდგომარეობაში, თუ სააკაშვილს არ გაუშვებ, იზოლირებული იქნები და მსოფლიო აზრს შევქმნით შენ წინააღმდეგო. უნდათ იმოქმედონ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ გამოუშვან ყოფილი პრეზიდენტი. ეს არის ზეწოლის ფორმა. ეს კეთდება სააკაშვილის დუმილის სანაცვლოდ, რომ მან პირი არ გახსნას და არ ალაპარაკდეს.
მაგნიტსკის სიაც ამის ნაწილია? ითქვა, რომ ამ სიაში ექთნებიც კი შეყავთ ექსპრეზიდენტის თანაპარტიელებს. რა შედეგს მოიტანს რეალურად ეს სია?
- ვერაფერსაც ვერ მოიტანს. მაგნიტსკის სია არის ბლეფი. მაგ სიით ვერავინ ვერავის ვერაფერს უზამს, არაფერზეა დაფუძნებული. ბაიდენის ადმინისტრაციამაც კი რომ გააკეთოს, ხომ კონგრესმა უნდა მიიღოს, როგორც მაგნიტკის სია, მაგრამ კონგრესი ამ სისულელეს როგორ გააკეთებს და თან აგერ უკვე პრეზიდენტი გაიჩხრიკა, ამაზე მეტი, რა გინდა. დოკუმენტები ამოუღეს, რომელზეც გამოძიება მიდის. გგონიათ, შიგნით საქმის კურსში არ არიან, რა ხდება? შეიძლება ყველაფერი არ იციან, მაგრამ რაღაც უბედურება რომ ხდება მათ თავს, ეს, რა თქმა უნდა, იციან. ეს სისულელე, თითიდან გამოწოვილი მაგნიტსკის სია, თვითონაც ხვდებიან, რომ მიშა სააკაშვილის გაჩუმებისთვის და მისი გაუვნებელყოფისთვის კეთდება. მსოფლიოში დიდი პროცესები მიდის. აბა, რატომ არის საქართველო ასეთი ყურადღების ქვეშ და რატომ არის ის დღეს მთავარი სამიზნე? რატომ სომხეთის მიმართ არ არის ასეთი ინტერესი და რატომ აზერბაიჯანისგან არ ითხოვენ ამ სისულელეებს? - იმიტომ, რომ აქ არის ხელისუფლება, რომელიც არ არის ბაიდენის კონტროლის ქვეშ. არ არის „პოდ კაბლუკომ“, რუსები რომ იტყვიან, ქუსლის ქვეშ. თან ამათ დაპატიმრებული ყავთ „ოქროს მოწმე“, რომელსაც საშინელებების გახეთქვა შეუძლია.
მაშინ სააკაშვილმა პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლოს, ეს ინფორმაციები რომ გასცეს და ამაზე წავა?
- სააკაშვილი ჯერჯერობით ცდილობს გარეთ გავიდეს, ვინაიდან ის ამ თავისი ინფორმაციებით ასჯერ უფრო მეტ ფულს მოიზიდავს დუმილისთვის, ვიდრე ახლა კეზერაშვილის ხელშია. თუ თავისუფლებაში იქნება მიშა სააკაშვილი, მისი გაჩუმებისთვის დიდ ფულს გადაიხდიან და მექანიზმიც ექნება, თუ მომკლავთ, აგერ ინფორმაციებს გავუშვებ, დააშანტაებს კიდეც, ალბათ, იმათ. ასე რომ, სააკაშვილი ამათ უზარმაზარ ფულს გამოსძალავს.
ექსპერტები სასამართლო პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილს დემენცია აქვს. ამ ფონზე მისი მხრიდან შანტაჟი, ინფორმაციების გახმაურების კუთხით, რამდენად დამაჯერებელი იქნება?
- სად აქვს დემენცია? რომელიმე დიაგნოზში წერია, სადმე წერია? ეგ არის სიტყვით ნათქვამი იმისათვის, რომ პიარი შექმნამ. თორემ, სადმე მსგავსი დასკვნა დევს? არსად დევს.
გამოდის, ამ ექსპერტიზის დასკვნით, გარკვეულწილად, ისევ სააკაშვილს უფრთხილდებიან და მის სამომავლო ინტერესებს.
ექსპერტიზის დასკვნა საერთოდ არ არსებობს, რომ მას რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი საგანგაშო დაავადება ჭირს. რაღაც წვრილ-წვრილი დაავადებები, რა თქმა უნდა, ჭირს. ყველა ადამიანს აქვს მსგავსი დაავადებები. მე ვიძახი ისეთ დაავადებას, რომელიც არის განუკურნებელი და რომლის გამოც გათავისუფლებას ექვემდებარება, მსგავსი არაფერი ჭირს. შესაბამისად, არც ასეთი დასკვნა არსად დევს, რომ ექსპრეზიდენტს რაიმე უკურნებელი ჭირს. აქედან გამომდინარე, ეს კეთდება მხოლოდ პიარისთვის, საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის და ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის. რეალობაში მას დემენცია არ აქვს. კაცი განცხადებას განცხადებაზე წერს. დემენციის დროს წერა კი არა, ენა ავიწყდებათ, ვერ მეტყველებენ. სააკაშვილი იბრძვის თავისუფლებისთვის და ყველაფერს აკეთებს.
ცრუ ჩვენებისთვის ხომ ჩვენი კანონმდებლობით პირი პატიმრობას ექვემდებარება? ჯერ პროკურატურას არც ერთ ექსპერტზე არ უთქვამს, რომ ცრუ ჩვენებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
- რა ცრუ ჩვენებისთვის?
უცხოელმა ექსპერტმაც ხომ თქვა, რომ სააკაშვილს დემენცია აქვს.
- მერე ის იძახოდა, რომ ეს რაიმე კვლევაზე დაყრდნოთ დაადგინა? - ადვოკატებმა და ვიღაცებმა მითხრესო. თორემ, ლაბორატორიული ან რაიმე კვლევა ჩავატარე და ამ დასკვნამდე მივედიო, არც ერთს უთქვამს. ესენი იძახიან, მითხრა ხაჭაპურიძემ, მითხრეს ადვოკატებმა, ჯიშკარიანმა. ჯიშკარიანი კი არანაირ კვლევაზე დაყრდნობით მაგას არ იძახის. ეს არის პოლიტიკური განცხადებები, პიარი. თორემ გაყალბებული დოკუმენტიც კი არ დევს სააკაშვილის საქმეში, რომ მას დემენცია აქვს. ეს არის სიტყვით ნათქვამი - დასკვნა, არსად დევს. როცა ამბობენ, რომ შესაძლოა დემენცია იყოს, სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენელმა რომ ჰკითხა პროცესზე, რაზე დაყრდნობით იძახით, კვლევა ჩაატარეთო, უპასუხეს - არ ჩაგვიტარებია. აბა, რა ალაპარაკებთ? ამერიკული მხარე ალაპარაკებს, იქაური სტრუქტურები. სააკაშვილი არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ამ ყველაფრის, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს. აი, ეს ძვრები და რაზეც აღძრულია ამერიკაში საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. აი, ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა სააკაშვილი, მე ასე ვხედავ ამას.