უკრაინაში თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ არასახელმწიფო მიზნებით გამგზავრება ეკრძალებათ. ხუთი დღის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტმა უნდა შეიმუშაოს საზღვრის გადაკვეთის პროცედურა თანამდებობის პირებისთვის, რომ საზღვრის გადაკვეთის მიზეზი მხოლოდ რეალური სამუშაო ვიზიტი იყოს. ეს გადაწყვეტილება ვოლოდიმერ ზელენსკიმ მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, გენერალური პროკურორის მოადგილე, ალექსეი სიმონენკო ახალი წლის აღსანიშნავად ოჯახთან ერთად ესპანეთის ქალაქ მარბელიაში 10 დღით იმყოფებოდა.
მას შემდეგ, რაც ალექსეი სიმონენკოს დასასვენებლად ყოფნის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა, მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს. სიმონენკო არაა ერთადერთი მაღალჩინოსანი, რომელიც ომის პარალელურად თავს უფლებას აძლევს, ახალი წელი ევროპაში გაატაროს. ვოლოდიმერ ზელენსკის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის რუსეთ-უკრაინის ომის გამდიდრების უნიკალური საშუალება გახდა.
აღსანიშნავია, რომ კორუფციის პრობლემა ყველა ქვეყანაშია და განსაკუთრებით საომარი მოქმედების პერიოდში. გამონაკლისი არც უკრაინაა, რომელიც ომის დაწყებამდე გამოირჩეოდა კორუფციული ინდექსით, თუმცა ომის დამწყების შემდეგ კორუცია უფრო მასშტაბური გახდა ყველა მიმართულებით. მაშინ, როდესაც უკრაინის ხელისუფლება აშშ-სა და ევროპისგან შეიარაღების დროულად მიწოდებას ითხოვს, ამერიკული ჯავშანჟილეტები სამხედრო ნაწილების ნაცვლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში ხვდება, რომლის ღირებულება 12 500 გრივნაა.
გარდა ამისა, დასავლელი ანალიტიკოსები წერენ, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღი შავ ბაზარზე ხვდება და ამაში უკრაინელი მაღალჩინოსნები არიან ჩართული. გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს იარაღით ვაჭრობა, უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ორ-სამჯერ უფრო ძვირად ყიდულობს.
მაგალითისთვის, ერთი კვერცხის ღირებულება მაღაზიაში 7 გრივნაა, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ერთი კვერცხის ღირებულებად 17 გრივნა მოჰყავს. ერთი კილოგრამი კარტოფილის შესყიდვა 22 გრივნადაა დაგეგმილი, როდესაც ბაზარზე მისი ფასი 8-9 გრივნაა. სკანდალურ ტენდერს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვიაჩესლავ შაპოვალოვი ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. შაპოვალოვმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ უზრუნველყოფაზე, ადვილად შესაძლებელია სამინისტროდან უკრაინის ციხეში გადაინაცვლოს. უკრაინის ხელისუფლებაში კორუფცია ამით არ ამოწურულა, ქვეყნის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის განკუთვნილი თანხების მითვისების ბრალდებით უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე, ვასილ ლოზინსკი დააკავეს.
ლოზინსკის ბედს გაიზიარებს საწვავისა და ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო, სპორტის მინისტრი ვადიმ ჰუტცაიტსი, მრეწველობის სტრატეგიული სფეროების მინისტრი პაველ რიაბიკინი და ვეტერანების საკითხთა მინისტრი. უკრაინული მედია წერს, რომ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი უახლოეს დღეებში მიიღებენ.
თანამდებობა დატოვა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ, ასევე სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სამხედრო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა. ყველა მათგანი კორუფციულ სქემაში იყვნენ ჩართული.ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, უკრაინელი დეპუტატი დავით არახამია აცხადებს, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკები პასუხს აგებენ.
მისი თქმით, 24 თებერვლიდან ხელისუფლება ოფიციალური და არაოფიციალური არხებით მუდმივად მოუწოდებს ყველა დონის ჩინოვნიკებს, ფოკუსირებული იყვნენ ომზე, დაეხმარონ დაზარალებულებს, შეამცირონ ბიუროკრატია და შეწყვიტონ საეჭვო საქმიანობა, მაგრამ ეს ბევრმა ვერ გაიგო.
„მართლაც, ამ გაზაფხულზე აუცილებლად აქტიურად ჩავსვამთ. არ გამოდის ადამიანურად, მოხდება ომის კანონების მიხედვით. ზოგიერთმა გონება დაკარგა და მოროდიორობს შიშისა და სინანულის გარეშე. ამიტომ, ეს კვირა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებების დრო“, - აცხადებს დავით არახამია.
უკრაინაში ხმაურიანი დაკავებებისა და საკადრო ცვლილების დაწყებას წინს უსწრებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის უილიამ ბერნსის საიდუმლო ვიზიტი კიევში, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოლოდინები აქვს შეერთებულ შტატებს გაზაფხულზე რუსეთის საბრძოლო გეგმებთან დაკავშირებით. საიდუმლო შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო გაუჩინარებული საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინამ არა მხოლოდ დასავლეთიდან, არამედ აშშ-დანაც მიიღო.
ანალიტიკოსების შეფასებით, როგორც ჩანს, ბერნსინმა უკრაინის პრეზიდენტისგან მოითხოვა შესაბამისი რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინისთვის შეიარაღებისა და დახმარების გაწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ უკრაინაში იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში კორუფციამ სერიოზულ გავლენებს მიაღწია. იყო ოლიგარქების მიერ შექმნილი კორუფციული ქსელები და, ფაქტობრივად, ოლიგარქები მართავდნენ უკრაინას. შესაბამისად, კორუცფიული სქემები მოქმედებს ყველა მიმართულებით და მათ შორის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. იგივე სურსათ-სანოვაგესა და სამხედრო აღჭურვილობასთან დაკავშირებით - ასევე ირაღის მიმართულებით, რაც არ არის უსაფუძვლო ბრალდება.
„როგორც ვიცი, გაზაფხულზე იგეგმება სერიოზული პროცესების დაძვრა ამ მიმართულებით. შეიძლება ამას გადაყვეს უკრაინის მთავრობაც კი. მთავარია, რომ კორუფცია არ არის მიჩქმალული, როგორც ეს მოხდა 2008 წელს საქართველოში, რამაც ჩვენი დამარცხება გამოიწვია. ასეთი ფაქტების მიჩქმალვა არ ხდება უკრაინაში.
2008 წლის აგვისტოს ომი კორუფციული სქემების ნაწილი გახდა და ვიცით, რომ წაგებული ომის შედეგად მილიარდერი გახდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ უკრაინაზე, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. აქ მთავარი ის არის, რომ თუ მაშინ სააკაშვილმა არ მოახდინა ელიტური კორუფციის აღმოფხვრა, რამაც შემდგომში მიიღო ეროვნული უსაფრთხოების შემღალავი მასშტაბები, უკრაინამ დაიწყო ამაზე რეაგირება“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ზელენსკის ხელისუფლებამ დაიწყო სერიოზული წმენდა და სერიოზული ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარება. მისი თქმით, კორუფციის ნაწილია უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის პარალელურად გენპროკურორის მოადგილის ესპანეთში დასასვენებლად გამგზავრება.
„ომის პერიოდში, როდესაც ადამიანები იღუპებიან და შენ დასასვენებლად მიდიხარ ესპანეთში, ესეც კორუფციაა და შესაბამიად, ნავარაუდევია, რომ 8 მინისტრი დაემშვიდობება თანამდებობას, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც მხილებული არიან ამ კორუფციულ სქემების განვითარებაში. მათ მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და საკამოდ მკაცრად მოეპყრობიან. მთავარია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, რომ მთლიანად მთავრობა შეიცვალოს მთავრობის მეთაურის ჩათვლითაც კი.
რა თქმა უნდა, ამ კორუფციულ სქემაში ჩართული იქნებიან ის ადამიანები და ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ხელი მოითბონ. ყველა ომის დროს ასე იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს ასე იყო, სტალინის მმართველობის პერიოდშიც, საქართველოს ომმაც ეს დაადასტურა და ეს არის უკრაინაში. კორუფციის უზარმაზარი მასშტაბებია რუსეთის ფედერაციაში, რამაც ხელი შეუწყო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომ წარმატებით განეხორციელებინა შეტევები ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებით, მათ შორის კორუფციის კუთხიდან გამომდინარე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.
ექსპერტის უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილის განცხადებით, რეალურად, საომარი მოქმედებების ინსპირირებაც იმიტომ ხდება, რომ სამხედრო წრეები დაინტერესებული არიან ასთი კონფლიქტების ინსპირირებით, რასაც აქვს ორი დადებითი მხარე. პირველი - ეს არის ოფიციალურად მოქმედი ფაბრიკა-ქარხნები, რომლებიც უშვებენ სხვადასხვა სახის შეიარაღებას. ამიტომ, მისი თქმით, იქ, სადაც იქმნება შეიარაღება, აუცილებელია, რომ მისი გამოყენება მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო მრეწველობა ვერ იფუნქციონირებს.
„ქვეყნები სამხედრო წრეებთან ერთად ერთიანდებიან და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სხვადასხვა კონფლიქტების ინსპირირებისათვის, რომ მათ საკუთარი ეკონომიკა ისევ სიცოცხლისუნარიანი ჰქონდეთ, მათ შორის სამხედრო უსაფრთხოების კუთხით და შესაბამისად, არსებობს მეორე მიმართულება და ეს არის არალეგალური იარაღის ბაზრები.
ორივე მხრიდან ამ ორივე მიმართულებაზე ძალიან დიდი არის სადაზვერვო სამსახურების აქტივობა და ისინი სწორედ კორუფციის ექსპორტის მეშვეობით ძალიან ამარტივებენ იარაღით როგორც კანონიერი, ისე უკანონო ვაჭრობის სქემას. ამიტომ, ასეთი სკანდალები იქნება და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არსებობს მაღალი ალბათობა, უკრაინის ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებებში იმყოფება, პრაქტიკულად ამ კორუფციულ სკანდალშია გახვეული“, - ამბობს დავით კუხალაშვილი.
რაც შეეხება ომის პარალეურად ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენების და უძრავი ქონების შესყიდვების შესახებ გასაჯაროვებულ ინფორმაციებს, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში აცხადებს, რომ ეს არის აქტიური სადაზვერვო პროპაგანდის გამოყენება უკრაინის მოსახლეობისა და შეიარაღებული ძალების მისამართით, რომ გამოიწვიონ მათი დემოლარიზაცაია.
„ამით სამხედროებს ეუბნებიან, რომ თქვენ იბრძვით, იტანჯებით, მაგრამ აი, ნახეთ რას აკეთებენ მაღალჩინოსნები. ვფიქრობ, რომ ამ კომპრომეტაციის პროცესზედაც ძალიან კარგად აქვს ნამუშევარი ალბათობის მაღალი ხარისხით რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურს. ასეთი ინფორმაციული ნაკადების მოპოვება და გავრცელება, ეს არის საომარ მოქმედებებში წარმატების მიღწევის ხელსაყრელი პირობა საზოგადოებრივი აზრის შექმნის თვალსაზრისით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
თორემ, კუხალაშვილის თქმით რა გამოდის? მთავარი ის კი არაა, რომ კორუფცია აღმოიფხვრას, უფრო მნიშვნელოვანია არ ,,გაბაზრდეს", რომ მოსახლეობის დემორალიზაცია არ გამოიწვიოს.
..თანაც რეამდენ ნაირში
და საიდან და ვისგან მოდის ეს ყველაფერი??
გასაგებია რამდენი შეხვდებოდა საშუამავლო "ოპერაციის" წარმატებით განხორციელების შემთხვევაში.