„აქციის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ენმ-ში დაწყებული დაპირისპირება მათთვის ხელსაყრელ პირობებს იძლევა და ცდილობენ, რომ ენმ-ის ელექტორატის ნაწილი გადაიბირონ“

„აქციის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ენმ-ში დაწყებული დაპირისპირება მათთვის ხელსაყრელ პირობებს იძლევა და ცდილობენ, რომ ენმ-ის ელექტორატის ნაწილი გადაიბირონ“

„დროამ“, „გირჩი - მეტი თავისუფლებამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ საზოგადოებას ამცნეს, რომ 24 თებერვალს პოლიტიკური ბრძოლის მორიგ ეტაპს იწყებენ. პოლიტიკოსები და რამდენიმე სამოქალაქო გაერთიანების წარმომადგენლები რუსეთის მიერ ომის წამოწყების წლისთავზე უკრაინის მხარდამჭერი აქციისთვის იწყებენ მზადებას. ასევე მოძრაობის მთავარი მიზანი იქნება, რომ საქართვველოსთვის ევროპულ მისწრაფებას მხარი დაუჭირონ.

ორგანიზატორების აზრით, ამ შეკრებამ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, ვის გვერდით დგას ქართველი ხალხი. 24 თებერვლის აქცია ასევე გახდება პერმანენტური გამოსვლების დასაწყისი, რისი შედეგიც, საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქიული რეჟიმის“ დასასრული უნდა გახდეს.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ ადამიანებს, რომელთა რეიტინგიც 2%-ს ვერ სცდება, ეროვნული მოძრაობის შექმნის ამბიცია არ უნდა ჰქონდეთ. ასევე იმ ხალხს არ უნდა იყენებდნენ, გვერდით, რომლებიც ზუსტად ამ მოძრაობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და დემოკრატიული გზით არჩეული ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობას იღებდნენ.

მათი აზრით, საკმაოდ დიდი ხანია ეს ხალხი ექსპლუატაციას უწევს გარკვეულ თემებს, რუსეთის თემას, ახლა უკრაინის თემა მიეცათ სასპეკულაციოდ, მაგრამ საზოგადოებას მათი გულწრფელობის ნაკლებად სჯერათ. მათი განცხადებები, დამოკიდებულება საკითხებისადმი, რუსული ფულისადმი, ოკუპაციისადმი იძლევა საფუძველს იმის, რომ ხალხი მათ დაძახებულზე ქუჩაში არ გავა.

ოპოზიიცის ნაწილი 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას უკვე გაემიჯნა.

„გირჩის“ დეპუტატი, იაგო ხვიჩია არ აპირებს, რომ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას შეუერთდეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესი თვითგამორკვევიდან უნდა დაიწყოს და პოლიტიკოსებმა საკუთარ თავს დაუსვან კითხვა - რატომ სურთ ხალხის ქუჩაში გამოსვლა?

„არ ვაპირებ ამ აქციაზე მისვლას და ზოგადად, არც ერთ ოპოზიციურ აქციაზე სიარულს, სანამ არ მეცოდინება, რომელ პარტიას რა უნდა, რისთვის იბრძვის და რაში სჭირდებათ ჩემი დახმარება. ის, რომ გამოვიდეთ და უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ, ამას ყოველდღე ვაკეთებთ და 24 თებერვლისთვის ლოდინი რა საჭიროა?“, - განაცხადა ხვიჩიამ, რომელიც ფიქრობს, რომ პარტიებს აქციები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ.

„რამდენადაც ვიცი, 24 თებერვალს თბილისში უკრაინელების აქციაა და მე ვაპირებ, რომ იქ ვიყო“, - ამის შესახებ კი „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველო“ აღნიშნულ სამ პარტიასთან ერთად არც ერთი აქციის ორგანიზატორი არ არის.

„პარტია „საქართველოსთვის“ არ იქნება იმ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებენ“, - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პირველ რიგში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოირჩევა იმ მოწოდებებით და ნაბიჯებით, რაც კრიტიკულ ვითარებებში „ოცნებას“ ეხმარება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით კი ოპოზიციის იმ ნაწილის პოლიტიკური დავალება, რომელიც 24 თებერვალს აქციის გამართვას გეგმავს, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა და საბოლოო ჯამში მეორე ფრონტის გახსნაა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ხელისუფლება ქვეყანაში არეულობის შემოტანის უფლებას არავის მისცემს.

„ამ ადამიანებმა გასული წლის 24 თებერვლიდან უახლოეს დღეების ჩათვლით, არაერთხელ სცადეს ვითარების არევა ჩვენ ქვეყანაში და ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ისინი მოქმედებენ დავალების შესაბამისად და მათი დავალებაა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანა და ამის საბოლოო მიზანია მეორე ფრონტი. როცა ამას ვამბობთ, ამის უკან დგას კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამ შემთხვევაშიც მცდელობის ერთადერთი მიზანია ვითარების არევა ქვეყანაში, სიმშვიდის დარღვევა და მშვიდობის დარღვევა. ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ მათ, ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ არავის მივცეთ სიმშვიდისა და მშვიდობის დარღვევის საშუალება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფრიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში, ისტორიულად, პოლიტიკურად და ემოციურად იმ პერიოდს უკავშირდება, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. ასევე, ეს მოძრაობა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდებოდა. ამიტომ ახლა ამ ფენომენის ჩაჭიდება და მოძრაობის მითვისება აბსურდად გამოიყურება.

„საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო უკვე არის და კითხვა ისმის, ვისგან ათავისუფლებენ? ის რომ „ოცნებას“ ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, ყურით მოთრეული თემაა, რომლის ხალხს არ სჯერა. ამ თემის ტრიალს პოლიტიკური ქულები ვეღარ მოაქვს, საკმაოდ მძიმე პოლიტიკურ კრიზისში იმყოფებიან და ვერაფერი სხვა ვეღარ მოიფიქრეს. მათთვის ეს ძალიან წამგებიანი ნაბიჯია. რაც მთავარია პერსონები: ვაშაძე, ხოშტარია და ჯაფარიძე, არანაირად იმ ცნებასთან არ ასოცირდებიან, რომელსაც ეროვნული ჰქვია. ამ ხალხს, პირველ რიგში, აკია ბარბაქაძე ედგათ გვრდზე, რომელიც გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობდა. ასევე ვიხილეთ ზოგიერთი ზვიადისტიც. ამიტომ ამ მოძრაობის მიმართ საზოგადოებაში უკვე პროტესტი გაჩნდა. თუ ზვიადისტები არიან, მაშინ როგორღა აღმოჩდნენ ამ ხალხის გვერდით? ამიტომ ამ ამ ადამიანებს ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობასთან, არც ღირებულებითი და არც პოლიტიკური შემხებლობა არა აქვთ. ამიტომ ნაკლებად ველი, რომ ქუჩაში ხალხის გამოყვანას შეძლებენ“, - აცახდებს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, არც ისაა გამორიცხული, რომ ამ სამ პარტიას პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა უნდათ, რადგან ფიქრობენ, რომ ენმ-ში დაწყებული დაპირისპირება მათთვის პოლიტიკურად ხელსაყრელ პირობებს იძლევა. ისინი სავარაუდოდ, ამ ფორმით ცდილობენ, რომ ყურადღების ცენტრში მოექცენენ და ენმ-ის ელექტორატის რაღაცა ნაწილი გადაიბირონ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ საზოგადოებაში ამ სამი პარტიის მსგავსი ფორმით აქტიურობა და მერე ეროვნული მოძრაობის წამოწყება ღიმილის მომგვრელია. საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეროვნული მოძრაობა ქართველი ხალხისთვის სრულიად სხვა ღირებულებებთან არის ასოცირებული, რასაც მოცემული პოლიტიკური სახეები ვერ აკმაყოფილებენ.

„საერთოდ ჩვენს პოლიტიკოსებს ბოლო დროს საკუთარი თავის დისკრედიტაცია ყველაზე კარგად გამოსდით. მოცემული სამი პარტია, რომელთა რეტინიგი იმდენად დაბალია, რომ რომც გაერთიანდნენ, 5%-საც კი ვერ იღებენ, ამბიცია ეროვნული მოძრაობის შექმნაზე გაუჩნდათ. მართლა, რბილად რომ ვთქვათ, საზოგადოებაში დაცინვის მეტს ვერანაირ მხარადჭერას ვერ იღებს. სამწუხარო ისაა, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმა არ იციან, რომ თამასა ამხელაზე არ უნდა ასწიო, როცა ამის თავი არ გაქვს. ამიტომაა რომ ბოლო წლების განმავლობაში მათ მიმართ საზოგადოებაში ნიჰილისტური დამოკიდებულება არსებობს. პოლიტიკოსის სიტყვასა და ქცევას წონა არ აქვს. ხალხს არ უნდა დაპირდე იმას, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია. ქუჩაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელსაც ნახევარმილიონამდე მხარდამჭერი ჰყავს, არჩევნების მიხედვით, ხალხი ვერ გამოიყვანა და ამათმა რა ხალხი უნდა გამოიყვანონ? კი ბატონო, პოლიტიკოსმა უნდა იაქტიუროს, რაღაცა უნდა გააკეთოს, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობის ანალიზი ხომ უნდა გააკეთოს. იმ დანარჩენმა პარტიებმა მონაწილეობის მიღებაზე უარი იმიტომ თქვეს, რომ იციან ხალხი არ მივა. თავის მასხრად აგდებას ურჩევნიათ არ მივიდნენ. ძალიან სწორი დამოკიდებულებაა. ბოლო არჩევნების მიხედვით, პატარა პარტიებს პულსი აღარ ესინჯებათ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საკუთარ პოლიტიკურ შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებენ. ხალხის მხარდაჭერა უაზროდ გაფლანგეს და ამ იწილო - ბიწილოში დაკარგულები უკვე აბუჩად ასაგდები გახდნენ“, - ამბობს საყვარელიძე.

რომანი დიდი განუკითხაობაა ე.წ. ოპოზიციის ფლანგზე.
1 წლის უკან