„რა დარჩა „გასაკეთებელი“ ვანოს და რუსეთის დაკვეთა რომ შეასრულოს. ვანო მერაბიშვილი კრემლის დაკვეთებს ასრულებს იმ კუთხით, რომ ოპოზიციაში გაჩნდეს პრორუსული ფლანგი. გიორგი რურუას ნათქვამი შემთხვევითი არ არის, რომელმაც მერაბიშვილი რუსეთთან საეჭვო კავშირებში დაადანაშაულა“, - აცხადებს for.ge- სთან საუბარში ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.
ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „ნაციონალების ხერხემალი“ ვანო მერაბიშვილი ქვეყანას აზანზარებდა, რატომღაც თვლიდა, რომ ის სამუდამოდ დარჩებოდა ქართველების მეხსიერებაში, როგორც უნაკლო პოლიტიკოსი. მერაბიშვილი მაშინ ამბობდა, „სრულიად უმუშევარი რომ დავრჩე, ირიბად მაინც ჩავითვლები პოლიტიკოსად“. თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ სხვა რეალობას შეეჯახა, მცდელობა ჰქონდა, პოლიტიკაში დაბრუნებულიყო, ხან მიშას ჩააკითხა უკრაინაში, ხან უცხოეთში წავიდა, მაგრამ „ნაციონალებს“ მერაბიშვილი აღარ სჭირდებოდათ, დარჩა ჰაერში გამოკიდებული. მაშინ ითქვა კიდეც, რომ მერაბიშვილი არის ცხელი კარტოფილი, რომლის ხელში დაჭერაც არავის სურდა. დღეს რა დარჩა მერაბიშვილს „გასაკეთებელი“ ქართულ პოლიტიკაში? რაში დაინახა თავისი საჭიროება?
- რა დარჩა „გასაკეთებელი“ და რუსეთის დაკვეთა რომ შეასრულოს. ვანო მერაბიშვილი ყოველთვის ითვლებოდა რუსული ლობისტური ფრთის წარმომადგენლად, რუსეთის გავლენის აგენტად. მიშას პერიოდშიც ასე იყო, ამის შემდეგ დაუპირისპირდა მერაბიშვილს ბოკერია-ჩერგოლეიშვილის დაჯგუფება და მას გამოუცხადა ფარული პირდაპირი ომი, შემდგომში ეს დადასტურდა ლაფანყურის ოპერაციიდანაც, რომ მერაბიშვილი არის რუსეთის გავლენის აგენტი, მას პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის „სილოვიკების“ კლანთან, ის ჯერ კიდევ გადაბირებული იყო საბჭოთა კგბ-ს მესამე სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლების მიერ, რადგან ის იყო სასაზღვრო ზოლში მცხოვრები პიროვნება.
გულისხმობთ მის მშობლიურ ადიგენის რაიონს?
- რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ყოველთვის იღებდნენ სპეციალური კონტროლის ქვეშ, სხვათა შორის, ის სამხედრო სამსახურს გადიოდა სპეციალიზირებულ კგბ-ს სამხედრო ნაწილებში. თუ სად გადიოდა სამხედრო სამსახურს, ამ მონაცემებს ვერსად ვერ ნახავთ. ჩემი მეშვეობით მოხდა, რომ სააკაშვილის კგბ-ს ჯარებში მუშაობა დადასტურდა, მე წამოვწიე ეს თემატიკა, სააკაშვილის სამსახური მაინც არ იყო გრიფით საიდუმლო, მართალია, სააკაშვილი ამას მალავდა, მაგრამ მაინც შეზღუდული წვდომა არსებობდა მასზე. მერაბიშვილის სამსახური საბჭოთა არმიაში კი გასაიდუმლოებულია, რაც მაძლევდა პირდაპირ შთაბეჭდილებას, რომ მერაბიშვილი მაშინ მსახურობდა საბჭოთა კავშირის სუკის სპეციალიზირებულ რადიოტექნიკურ ნაწილებში, რაც გრიფით „საიდუმლო“ იყო. როგორც ჩანს, მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურებმა გაააქტიურეს უკვე საქართველოს მიმართულებით, შეაგზავნეს სააკაშვილის შექმნილ „ნაცმოძრაობაში“ და, რა თქმა უნდა, მერაბიშვილი ყოველთვის ასრულებდა რუსეთის დაკვეთას. ჩემი დაპატიმრების ერთ-ერთი მთავარი მოტივიც ეს იყო, რომ მე გამოვავლინე მერაბიშვილის პირდაპირი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან და რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების კლანებთან, ეს ჩემს საქმეში მტკიცებულების სახით დევს. ახლაც კრემლმა მისცა მას კონკრეტული დაკვეთა. როგორც ჩანს, უკრაინელებმა ვანო მერაბიშვილი გაშიფრეს, არ მიიღეს და გამოაძევეს უკან, ყველა ხვდებოდა, რომ ის იყო კრემლის მიერ ინსპირირებული. „ნაცმოძრაობაშიც“ ხვდებიან ამას, გიორგი რურუამაც იგივე განაცხადა და მერაბიშვილი რუსეთთან საეჭვო კავშირებში დაადანაშაულა. მე უკვე მტკიცებულებად მაქვს და რომც მიჩივლოს ამ ბლუყუნა იდიოტმა, ჩემი საქმე აიღონ, გახსნან და იქ მტკიცებულება დევს. ვანო მერაბიშვილი იყო ის ჯალათი, რომელმაც საქართველოში სისხლიანი კალოები დააყენა.
თუკი თავიდან ვანო მერაბიშვილისგან დისტანცირდებოდა „ნაცმოძრაობა“, თუკი კახა კალაძე ირონიით შენიშნავდა უფუნქციოდ დარჩენილი მერაბიშვილის შესახებ, „მეტი ვანო ოპოზიციასო“, მაშინ დღეს რა შეიცვალა, დღეს რა გარანტიაა, რომ ოპოზიციაში ვანო ვინმეს სჭირდება? კეზერაშვილთან დაახლოებამ სურათი შეცვალა და ოდიოზური ვანო საჭირო გახდა?
- დღეს ვანო მერაბიშვილი კრემლის დაკვეთებს ასრულებს იმ კუთხით, რომ ოპოზიციაში გაჩნდეს პრორუსული ფლანგი. ფაქტობრივად, მმართველ პოლიტიკურ გუნდშიც და ოპოზიციაშიც რუსეთს ეყოლება თავისი აგენტურა. ამით საქართველო იდეალურად შევა რუსული გეოპოლიტიკური გავლენის სფეროში. ვანო მერაბიშვილი ამის შესრულებას ბრწყინვალედ ცდილობს.
ფაქტია, რომ სააკაშვილს თავიდანვე ეშინოდა, ვანოს არ მოეღო პირი და ბევრი რამ არ დაეფქვა. ალბათ, ამიტომაც ურჩია მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის შემდეგ, რომ „დროა, ვანომ დაისვენოს“, ანუ პოლიტიკას შეეშვასო.
- რა თქმა უნდა, სააკაშვილმაც იცის მერაბიშვილის პრორუსული ორიენტაცია. გიორგი რურუას ნათქვამი მერაბიშვილის შესახებ შემთხვევითი არ არის, რურუა საკმაოდ ახლოსაა „ნაცმოძრაობის“ პარტიასთანაც და უსაფრთხოების საკითხებშიც კარგად ერკვევა. მხოლოდ ლაფანყურის ოპერაციასთან მერაბიშვილის ჩართულობა რომ გამოიძიონ, პირდაპირ მიდის რუსეთის სპეცსამსახურებთან მისი კავშირები. პლუს კიდევ, აგვისტოს ომის პერიოდში როგორ ჩაუვარდა რუსეთის სამხედრო დაზვერვას არა მარტო მაშინდელი თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიები, არამედ დოკუმენტაციები, ასევე, საეჭვო ვითარებაში მოხდა ვანო მერაბიშვილის ბრძანებით კოდორიდან ჩვენი შეიარაღებული ძალების გამოყვანა და რუსებმა ყოველგვარი დანაკარგების გარეშე დაიკავეს ეს ხეობა, როცა შეიძლებოდა ზემო კოდორის დაცვა. ჩვენ დღეს შევინარჩუნებდით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ პლაცდარმს. ეს პლაცდარმი დაგვაკარგინა მერაბიშვილმა. ასევე, საეჭვო ვითარებაში მოხდა მერაბიშვილის ბრძანებით სენაკის მეორე ბრიგადის ევაკუაცია ისე, რომ სამხედრო ტექნოლოგიები და სამხედრო დოკუმენტაცია, მოდერნიზებული ტექნოლოგიები მტერს ჩაუვარდა.
მერაბიშვილ-სააკაშვილი ახლა ერთმანეთთან დაპირისპირებულნი არიან. აუდიოჩანაწერების გავრცელება, სააკაშვილისთვის პარტია „ნაცმოძრაობის“ წართმევა და მერაბიშვილ-კეზერაშვილის ხელში ჩაგდება, ეს უკვე ვანო მერაბიშვილის დღევანდელი ინტერესის სფეროა, კიდევ რა პროცესებს გააშიშვლებს სააკაშვილისა და მერაბიშვილის დაპირისპირება?
- ვანო მერაბიშვილი გაშიფრულია, მისი რუსული კავშირებიც უკვე დადასტურებულია. ახლა მიმდინარეობს გეოპოლიტიკური თამაშები, რომელი ფლანგი შეინარჩუნებს „ნაცმოძრაობაში“ გავლენას - პროდასავლური, თუ პრორუსული. გასაგებია, რომ პრორუსულ ფრთას გააჩნია სერიოზული ფინანსური სახსრები და პოზიციები. ხაბეიშვილი მარიონეტია მერაბიშვილის და კეზერაშვილის ხელში. მაღალი ალბათობით, პრორუსულმა დაჯგუფებამ 30 იანვარს შეიძლება გაიმარჯვოს „ნაცმოძრაობაში“, მათ ხელშია ფინანსები, გავლენის სპექტრი, პრორუსული საფუძვლები.
ერთნი არიან ვანოც, მიშაც და მთელი ნაც-ბანდა!
სააკაშვილს და მერაბიშვილს, კისერი უტეხიათ. ორივე, უცოდინარი, ბოროტი და დაკომპლექსებული ქვეშაფსიაა, ქვეყანა ტერორის ქვეშ აცხოვრეს . . . მაგრამ საბჭოთა უშიშროებას რომ თურმე, ყველა, ათიათასობით ადამიანი, დავერბოვკებული ჰყავდა, ვინც სასაზღვრო ზოლში ცხოვრობდა, სულელის მეტს ვერავინ იტყვის.
ისე, ვანო ახალციხელია. ახალციხე კი სასაზღვრო ზონა იყო და არა ზოლი.
ამ ყბადაღებულ ,,კაგებეს ჯარს" რაც შეეხება, სასაზღვრო ჯარები, უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში შედიოდა სტრუქტურულად, გასაგები მიზეზების გამო და ყველა, რიგითიც და იფიცერიც, ავტომატურად უშიშროების დაქვემდებარებაში გამოდიოდა. რაც, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა რიგითი უშიშროების დავალებას ასრულებდა და ვენებს იჭრიდა საბჭოთა კავშირის უშიშროებაზე.
ვინც სასაზღვრო (ე.წ. კაგებეს) ჯარებში მსახურობდა, იმათ ვერ შეეხებოდა ავღანეთის ,,სამშვიდობო მისია". ამიტომ, ვისაც ბლატები ჰქონდა (ძალიან ბევრი ქართველი) ცდილობდა, რომ შვილი იქნებოდა, თუ დისშვილი, სასაზღვრო ჯარებში მოეხადა სამხედრო სამსახური. ავღანეთში სასიკვდილოდ წასვლა არავის ეხატებოდა გულზე.