„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური დაისი

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური დაისი

დაიშლება თუ არა „ნაციოანლური მოძრაობა“ 30 იანვარს, ანუ მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნების საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი?

პარტიაში მიმდინარე დაპირისპირება ყოველდღიურად მწვავდება და ანალიტიკოსებს for.ge-სთან იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ, დიდი ალბათობით, პარტია ორად გაიყოფა. მათი თქმით, ბრალდებები, კომპრომატები და არაფორმალური მმართველობის მცდელობა - ეს ის კრიტერიუმებია, რომელიც პარტიაში კლანურ დაპირისპირებას ადასტურებს. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ზუსტად ის ხდება, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ხდებოდა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს პროცესები „ნაცმოძრაობას“ კიდევ უფრო დაასუსტებს, რაც ახალი პოლიტიკური მოთამაშეების გამოჩენისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

ნიკა მელიას ბრალდებებისგან ვანო მერაბიშვილის დაცვა კვლავ ლევან ხაბეიშვილს მოუწია. თავად მერაბიშვილი, რომელსაც მელია პროცესების არაფორმალურ მმართველად ასახელებს, მედიასთან ისევ არ ჩნდება. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი კი, მოქმედ თავმჯდომარეს ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებს. ხაბეიშვილმა მელიას, ბრალდებების საპასუხოდ, ახალაიების გარემოცვის მხარდაჭერა შეახსენა. თქვა, რომ არჩევნებს მოიგებს, რის შემდეგაც მისი ოპონენტი პარტიაში აღარავის ემახსოვრება.

ხაბეიშვილის როლი პარტიულ დაპირისპირებაში ნომინალურად შეაფასა ნიკა მელიამ. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, მან ყოფილი ხელისუფლების დროს ქვეყნის ხერხემლად წოდებული ვანო მერაბიშვილი, ფარული ჩანაწერების დამზადებასა და ზაზა გოროზიას ხელით გავრცელებაში ღიად დაადანაშაულა. მელიამ თქვა, რომ რამდენიმე წელია მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი მის წინააღმდეგ ერთად მოქმედებენ. პარტიის თავმჯდომარემ ისიც განმარტა, რომ კეზერაშვილს კობა ნაყოფიას გადაყენების მოთხოვნის გამო დაუპირისპირდა, მერაბიშვილის პერსონა კი მისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო.

მელიას ბრალდებას ჩანაწერებთან დაკავშირებით აბსურდულს და გამოგონილს უწოდებს მერაბიშვილის თანამებრძოლი ზაზა გოროზია.

ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამ დაპირისპირების და ერთმანეთზე ტალახის სროლის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობა“ 30 იანვრის არჩევნების შემდეგ გაიყოფა. ძაბირაძე გამორიცახვს, რომ ნიკა მელიას ნათქვამი - თუ დამარცხდა გამარჯვებულს ხელს ჩამოართმევს - რეალურად მოხდეს. მისი აზრით, პარტიაში დაპირისპირება იმაზე მწვავევა, ვიდრე ეს აქამდე საჯაროდ ჩანდა. ფაქტობრივად, პარტია ორად არის გაყოფილი. ახლა ორივე მხარე მხოლოდ იმას ელოდება ენმ-ის სახელს ხელში საბოლოოდ ხელში რომელი ჩაიგდებს.

„რასაც ვუსმენ და თვალს ვადევნებ, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. ფაქტი ერთია, „ნაციონალები“ ამ სახით არსებობას ვეღარ გააგრძელებენ. თურმე პარტიაში ერთმანეთი ისე ეზიზღებათ, რომ უსმენენ, კომპრომატებს აგროვებენ და შემდეგ ეს საჯაროდ გამოაქვთ. აღმოჩნდა, რომ რუსეთთან ომის დაწყებაზეც კი სხვადასხვა პოზიციები აქვთ. ნიკა მელიამ ორი წლის წინ მედიასთან ვანო მერაბიშვილზე რაც ილაპარაკა, რა თქმა უნდა, ამას ისე არავინ გაუტარებდა, მით უმეტეს სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების და მისი მდგომარეობის შემდეგ. ვფიქრობ ე.წ. კომპრომატებით ომი და ზეპირსიტყვიერი დაპირისპირება 30 იანვრამდე გაგრძელდება. მთავარი კი წინ, არჩევნების აღიარება-არაღიარება იქნება. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, არჩევნების შედეგებს დამარცხებული მხარე თუ მიიღებს. მაინც მგონია, რომ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვების მეტი შანსი აქვს. არა იმიტომ, რომ მელიაზე პოლიტიკურად ძლიერი ფიგურაა და რეალურად სააკაშვილის ციხიდან დახსნას შეძლებს, არამედ იმიტომ, რომ მის უკან უფრო ძლიერი ფიგურები დგანან. მერაბიშვილის კავშირებიდან გამომდინარე, შეუძლია თუნდაც ყოფილი ძალოვანებისგან ისეთი რეგიონალური ქსელი გააკეთოს და ორგანიზება გაუკეთოს, რომ მოგების შანსი ხაბეიშვილს უფრო ჰქონდეს. ფაქტია, ის პარტიაში და ენმ-ის ამომრჩეველში გავლენების დაბრუნებას ახერხებს. ეს კი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასაც აწყობს - ენმ-ის დისკრედიტაცია და მისგან საფრთხობელას გამოყვანა უფორ მარტივი იქნება. ეს პროცესები „ნაცმოძრაობას“ კიდევ უფრო დაასუსტებს, რაც ახალი პოლიტიკური მოთამაშეების გამოჩენისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ალბათ, 30 იანვარს განვითარებულ მოვლენებს პატარა პარტიებიც თვალს ადევნებენ, რომლებსაც თვალი ენმ-ის ამომრჩეველზე უჭირავთ. ძაბირაძე ფიქრობს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის, თუკი „ნაციონალები“ გაიყოფიან, ხელისუფლებას იმაზე მეტი კომფორტი და მოგების შანსები ექნება, ვიდრე აქამდე ჰქონდა. ამიტომ, თუ ენმ-მა ეს კრიზისი ვერ გადალახა, სიტუაცია ორივე დაპირისპირებული ჯგუფისთვის მძიმე იქნება.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი for.ge-სთან ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის საბოლოო პოლიტიკურ დაისს უახლოვდება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ნაციონალები 30 იანვრის შემდეგ, უბრალოდ, დასრულდებიან და საკუთარ თავს განაჩენს თავისივე ხელით გამოუტანენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოვლად გახრწნილი და უზნეო პარტია იყო, ამას ქართველი ხალხი 2012 წელს მიხვდა და ხელისუფლებიდან გაუშვა. იმის მერე ეს ხალხი წვალობს, მაგრამ უკან არავინ აბრუნებს. ახლა კი ვირთხებივით ერთმანეთს დაერივნენ და ძალაუფლებისთვის, ფინანსებისთვის ბრძოლას პარტიასც გადააყოლებენ. ეს არის ღირსების არმქონე პოლიტიკური ძალა, რომლის გარშემოც თუკი რამე კითხვის ნიშნები არსებობდა, ყველაფერს პასუხი თავადვე გასცეს. ვითომ პროდასავლური პარტიაა და თურმე ერთმანეთს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აბრალებენ. ეს ხალხი დასავლურ ღირებულებებს შეურაცხყოფას აყენებს და ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთის მოქალაქეები ჯერ ხელისუფლებაში გრიგოლ ვაშაძის სახით ჰყავდათ, მერე კი კობა ნაყოფია და ვაშაძე პარტიის მმართველობით ბირთვს წარმოადგენდნენ.

ჩემი გადასახადედიდან ეს არის პროცესი, რომელიც ბუნებრივად და ლოგიკურად ვითარდება. ამდენი ნამუსგარეცხილი და გარეწარი ადამიანი ერთად დიდხანს არსებობას რომ ვერ შეძლებდა, ფაქტი იყო. ის, რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა, თავად აკეთებენ. ანეკდოტია, როცა ამომრჩეველს უმტკიცებენ არა იმას თავმჯდომარეები რომ გახდებიან რას გააკეთებენ, არამედ იმას, რომელი კანდიდატის უკან ვინ უფრო ოდიოზური, უნამუსო და გარეწარი ადამიანები დგანან. ერთმანეთს სისხლიან რეჟიმს და დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნას თავად აძახებენ. ამიტომ მგონია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ძალიან კარგი საქმე კეთდება. ეს დანაშაულებრივი პარტია ერთხელ და სამუდამოდ ქართული პოლიტიკიდან უნდა გაქრეს“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.