„არ გავდა რევოლუციონერს სააკაშვილი და არც მისი ჩამოსვლის სტილი, თუმცა რომელ მხარეს არ უნდა გავიხედოთ, ჩანს მერაბიშვილი-კეზერაშვილის კვალი“

„არ გავდა რევოლუციონერს სააკაშვილი და არც მისი ჩამოსვლის სტილი, თუმცა რომელ მხარეს არ უნდა გავიხედოთ, ჩანს მერაბიშვილი-კეზერაშვილის კვალი“

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, სავარაუდოა, რომ რუსეთი, ისევე როგორც ცალ-ცალკე კეზერაშვილი და მერაბიშვილი ეცდებიან, რომ არ გაიხსნას 2008 წლის აგვისტოს ომის თუ სხვა პერიოდის ის ასპექტები, რომელიც დღეისთვის გასაიდუმლოებულია, მათ შორის იარაღით ვაჭრობის თემაც. როგორც პოლიტოლოგი ამბობს, უზარმაზარი იარაღი ტრიალებდა 2008 წლის ომში დაწყებული ვაჭრობით, დამთავრებული ბრძოლის ველზე დატოვებით - იარაღი, რომელიც ქართველებმა დაუტოვეს რუსებს.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

გიორგი რურუა ამბობს, რომ უცხოელ პარტნიორებთან ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს აბრალებდა ომის დაწყებას და აქვე დასძენს, რომ დიდი ეჭვი არსებობს მერაბიშვილისა და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ. 2008 წლის აგვისტოს ომი საკმაოდ სენსიტიური თემაა, შესაბამისად, პარტიულ დაპირისირებაში ომის ფაქტორის შემოტანას როგორ ხსნით?

რამაზ საყვარელიძე: მეეჭვება, რომ ეს მსჯელობა რურუას ინიციატივა იყოს. არ ვარ დარწმუნებული რურუა საქმის კურსში იყო იმ შეხვედრების, რასაც მერაბიშვილი ატარებდა უცხოელებთან. მინიმუმ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ადამიანს, როცა ასეთ ბრალდებას აყენებს. ამიტომ მეეჭვება, რომ გიორგი რურუას ასეთ ინფორმაციასთან წვდომა ჰქონოდა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, აგვისტოს ომი სენსიტიური იყო მაშინაც და ახლაც. რა თქმა უნდა, რურუას ფაქტორი აამოქმედა იმ მხარემ, რომელსაც შეტევა უნდა უკვე მერაბიშვილზე და იმ ჯგუფზე, რომელსაც ექს-მინისტრი ეკუთვნის.

როგორ ფიქრობთ, რა გახდა ამ დაპირისპირების პოლიტიკური ნაწილი, რომელშიც მთავარი მონაწილე პირი გახდა ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშივილი? ორივე ყოფილი ძალოვანია და ორივე ოდიოზური ფიგურა იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში. ორივე ძალოვანი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე არის...

- კიდევ ერთი დამატაება, რაც მათ განასხვავებს - კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან რომ წავიდა, მინიმუმ, მილიონერი გახდა. მერაბიშვილს არ ეტყობა ასეთი შემოსავლიანობა, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ისინი იმთავითვე ერთი ჯგუფის მონაწილეები იყვნენ. 90-იან წლებში აფხაზეთის ომმა გასტანა წელიწადნახევარი და იბრძოდნენ გამოუცდელი ბიჭები, მაგრამ მაინც შეძლეს საკამოდ შთამბეჭდავი ბრძოლა რუსეთის არმიასთან. 2008 წელს 5 დღეში დამთავრებული ომი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ქართული მხიდან ამ ომში ჩართულ ადამიანებს აინტერესებდათ ომის დაწყება, მისი სასწრაფოდ წაგება და მერე სახლში დაბრუნება. ვიცით, რომ წაგებულმა საქართველომ უცხოეთიდან კომპენსაციის სახით მიიღო 5 მილიარდი, მაგრამ არ ვიცით სად გაქრა.

შესაძლებელია, რომ სწორედ ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა 2008 წლის აგვისტოს ომს - ანუ, წაგება?

- თუკი 2008 წლის ომი არ იყო გამარჯვებისთვის ჩაფიქრებული და თავგანწირვა მის მხედართმთავრებს არ ჰქონდათ ისეთი, როგორც ჯარისკაცებს, სავარაუდოა, რომ ამის საქმის კურსში იქნებოდა არამარტო პირველი პირი - მიხეილ სააკაშვილი, არამედ სწორედ ძალოვანი მინისტრები. ასე რომ, რაც მოხდა 2008 წელს და ჯერ არ ვიცით რეალურად რა მოხდა, არ ვიცით ომის ბნელი მხარე და მათ შორის არ ვიცით. ვინ რა ხეირა ნახა ამ ომში. სავარაუდოა, რომ ამ ბნელ მხარეში ჩართული იქნებოდნენ კეზერაშვილიც და მერაბიშვილიც. სავარადუოა, რომ მათ ეს საერთო ცოდვა აერთიანებთ.

როგორ ხსნით ორი ოდიოზური ყოფილი ძალოვანი მინისტრის ჩართულობას პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი ფინანსური რესურსები აქვთ? საინტერესო სურათია, მერაბიშვილი რეგიონებში მართავს შეხვედრებს და ამ ყველაფერს ფინანსურად უზრუნველყოფს კეზერაშვილი. რეალურად, ისინი ხომ ამ ფორმით სააკაშვილს უპირსპირდებიან, ვიდრე მელიას?

- ამ განცხადებით პირდაპირ სააკაშვილს უპირისპირდებიან. მელია უკვე აღარაფერ შუაშია. ძნელი სათქმელია როგორი გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს, თან, კიდევ უფრო ძნელია გამოცნობა, თუ გავიხსენებთ პარტიული ჯგუფის „ხალხის ძალა“-ს ბოლო პერიოდის განცხადებას, რომ სააკაშვილმა ბევრი რამე იცის, რაც უეჭველია. ამიტომ, ხომ არ არის აქ მნიშვნელოვანი ის საიდუმლო, რომელიც შეიძლება სააკაშვილმა იცოდეს და ეს არის იარაღით ვაჭრობის თემა. ეს, ხომ არ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა? - თუ სააკაშვილმა ბრალდება მერაბიშვილი-კეზერაშვილის წინააღმდეგ გამოუშვა, მაშინ ამათ უკვე უნდა ჰქონდეთ ისეთი პლატფორმა, რომლიდანაც საპასუხო ბრძოლა შეეძლებათ სააკაშვილთან.

ახლოვდება პარტიის თავმჯომარის არჩევნები და, როგორც ჩანს, ძალიან მძიმე იქნება არჩევნების პროცესი. როგორ ფიქრობთ, გაიმარჯვებს მელია, რომელსაც მხარს პარტიული აქტივი უჭერს, მაგრამ არ აქვს ძლიერი ფინანსური მხარე?

- მე მაინც მგონია, რომ ძალა აღმართს ხნავს. ამ შემთხვევაში აღმართი არის ეს არჩევნები და ძალა კეზერაშვილ-მერაბიშვილის ხელშია. როგორ მოხნავენ არ ვიცი, მაგრამ ის, რომ მათი სიძლიერე უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ეს დასტურდება რურუას ფრაგმენტით. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საჭიროდ ჩათვალეს, კომპრომატების ძალიან დიდი წვიმა წამოვა. ეს კომპრომატები უკვე მიმართული იქნება არა მელიას, არამედ სწორედ სააკაშვილის მიმართ და ფაქტობრივად, დაიწყო ბრძოლა სააკაშვილსა და მის ყოფილ თანაგუნდელებს შორის.

ამ პროცესში საინტერესოა მელიას განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე გარკვეული პროცესები თავიდან ბოლომდე ინსპირირებული, დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიერ. მელიაც, რურუას მსგავსად, მინიშნებას აკეთებს მერაბიშვილის კავშირზე რუსულ სპეცსამსახურებთან. წლებია არსებობს ინფორმაცია ვანო მერაშვილის და სპეცსამსახურების თანამშრომლობის შესახებ და ეს მყარდებოდა რუსული ინვესტიციებით, რომელიც იმ წლებში საქართველოში შემოვიდა და მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სასწრაფო წესით სტრატეგიული ობიექტების რუსეთი მმართველობაში გადასვლა. დღეს, როცა ამ პროცესებს ვადევნეთ თვალს, შეიძლება ითქვას, რომ მერაბიშვილი რუსეთის და მათ შორის ბელორუსის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს?

- რა თქმა უნდა, გამორიცხვა შეუძლებელია, ისევე როგორც ხელაღებით მტკიცებაც. უფრო ხშირად ასეთი კავშირები ბოლომდე გაშიფრული არ არის და ეჭვის დონეზე რჩება. რუსეთმა, ან ბელორუსიამ უნდა დადოს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომ ეს ადამიანი თანამშრომლობს მათთან, მაგრამ ასეთი რამე არ ხდება. ძირითადად, ანალიტიკური დასკვნა კეთდება ხოლმე და არა დოკუმენტური. მიმაჩნია, რომ 2008 წლის ომი ჯერ კიდევ გასაშიფრი მოვლენაა. არ ვიცით მისი მოტივები, მასში მონაწილე ადამიანების ინტერესები და ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ომში ჩართვით ბევრი რამე რუსეთის ინტერესებზე ყოფილიყო გათვლილი.

მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ ვისი ხერხემალიც მერაბიშვილი იყო და ეს არის სააკაშვილი ე.ი. ისიც უნდა ყოფილიყო ამ ურთიერთობებში მონაწილე, თუ არადა მარტო მერაბიშვილი შედეგიანი ვერ იქნებოდა. ვიმეორებ, თუ ანალიტიკურად მივუდგებით საკითხს და არა დოკუმენტებით. ანალიტიკურად კი დევს ეს ფაქტები და ტრიალებს კითხვაც - რატომ დამთავრდა ომი 5 დღეში? - ლაპარაკი იმაზე, რომ ქართულმა ძალებმა ვერ შეძლეს მეტი ბრძოლა, ალბათ, ზედმეტია. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვის ინტერესებში იყო ომის 5 დღეში დამთავრება. თუკი ამ კითხვებზე მოვახდენთ პედალირებას, მაშინ ბევრი ადამიანი და არა მარტო მერაბიშვილი აღმოჩნდება ეჭვის ქვეშ.

თუკი მერაბიშვილი რუსული სპეცსამსახურების პერსონაა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მაშინ ვის ინტერესშია, რომ მერაბიშვილის ჯგუფი წამოიწიოს ამ პარტიის სტრუქტურაში?

- თუ რუსული კვალი იკვეთება, სავარაუდოა, რომ ეს რუსული კვალი აქაც მივა და სავარაუდოა ისიც, რომ რუსეთიც, ისევე როგორც ცალ-ცალკე კეზერაშვილიც და მერაბიშვილიც ეცდებიან, რომ არ იყოს გახსნილი 2008 წლისა თუ სხვა პერიოდის ის ასპექტები, რომელიც დღეისთვის გასაიდუმლოებულია, მათ შორის იარაღის ვაჭრობის თემაც. უზარმაზარი იარაღი ტრიალებდა 2008 წლის ომშიც დაწყებული ვაჭრობით და დამთავრებული რუსებისთვის დატოვებით.

აი, ეს პროცესები რომ ისევ დაფარული იყოს და არ გაიხსნას, შედის მერაბიშვილისა და კეზერაშვილის, ასევე რუსეთის ინტერესში. ოღონდ, ასეთი ინტერესების მქონე ძლიერი მხარეები, რა თქმა უნდა, სახიფათო არიან ქვეყნისთვისაც და უპირველეს ყოვლისა სააკაშვილისთვის. სულ უფრო დამაჯერებელი ხდება ის, რომ სააკაშვილი უფრო დიდი საფრთხის წინაშეა, ვიდრე მისი პარტია და ახლობლები ამბობენ. მას, შეიძლება უფრო სერიოზული მტრები აღმოაჩნდეს, ვიდრე არის „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ნაწილი, ან საერთოდ „ქართული ოცნება“, რომელიც სააკაშვილის კეთილდღეობაში დაინტერესებული მხარე უფრო არის, ვიდრე მის ლიკვიდაციაში.

როგორ ფიქრობთ, ვინ არის დაინტერესებული სააკაშვილის ლიკვიდაციით?

- უკვე ამ გაშიფვრებით და მათ შორის მელიას ნათქვამის მიხედვით, ეს არის მერაბიშვილი-კეზერაშვილი და რუსული კვალი.

აქედან გამომდინარე, რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის სააკაშვილის როგორც პატიმრის და 2008 წლის აგვისტოს ომის მთავარი მოქმედი პერსონის და მოწმის უსაფრთხოების დაცვა?

- თუ გიული ალასანიას ფრაზას გავიხსენებთ - „ნუ, ბოლოს და ბოლოს გაიგეთ, არ მოსწონს ამ რუსეთს ეს ბიძინა ივანიშვილი“ - ამ მხრივაც დგება რუსული ინტერესის თემა - სააკაშვილს რომ რამე დაემართოს, რა თქმა უნდა, პირველი, ვინც ხდება პოლიტიკური დარტყმის ქვეშ, იქნება ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი. უშუალოდ ივანიშვილი, სავარაუდოა, რომ აღარ მონაწილეობს ამ ჯგუფის მოღვაწეობაში, მაგრამ თვითონ ჯგუფი თუ აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ, ბუნებრივია, რომ ეს ივანიშვილის და მისი პოლიტიკის მარცხი იქნება საქართველოში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილის საქართველში ჩამოსვლა იყო რუსული პეცსამსახურების გეგმის ნაწილი, რომლის ორგანიზატორი იყო მერაბიშვილი გია ლორთქიფანიძესთან ერთად. თუ გიული ალასანიას საუბრიდან გამოვალთ, რომ რუსეთს არ მოსწონს ივანიშვილი, ასეთ შემთხვევაში რამდენად აქვს არსებობის უფლება ვერსიას, რომ მერაბიშვილი და ლორქიფანიძე მოქმედებდნენ სწორედ რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით?

- სულ უფრო იხლართება კვალი და შესაბამისად, სულ უფრო ძნელი ხდება მსჯელობა იმაზე, რა ამოცანა იდგა მიშას ჩამოყვანაში. თუნდაც რუსული კუთხიდან რომ შეხედოთ - რა ინტერესი ჰქონდა რუსეთს, რომ ოდესიდან წამოეყავა არაჟანში ჩადებული მიშა სააკაშვილი, სიმართლე გითხრათ, ამ ინტერესს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. რატომ შემოიპარა საქართველოში ეს გასაგებია, მაგრამ ჩემთვის საყურადღებო და პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა იმაზე, თუ რატომ გამოიპარა უკრაინიდან. ფაქტია, რომ უკრაინის საზღვარიც მალულად გადმოლახა. სანამ ამ კითხვას არ გავცემთ პასუხს, იქამე ჩემთვის ძნელი იქნება საეროდ ამ შემოსვლის აზრი.

თუნდაც ის, რომ უნდოდათ დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორი ყოფილიყო სააკაშვილი...

- ესეც გაუგებარია იმიტომ, რომ იმ პერიოდში აქ მეტ-ნაკლებად სერიოზული მობილიზაციით მიტინგი იყო და შეეძლოთ პირდაპირ მიტინგზე შეეყავანათ სააკაშვილი, რაც გაზრდიდა საპროტესტო ტალღის მუხტს. მაგრამ ასე არ მოხდა, სააკაშვილი აღმოჩნდა მარტო ბინაში და ამ სიმარტოვეში მიაკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა. ისიც საკითხავია, როგორ მიაგნეს. ვნახეთ ისიც, რომ სააკაშვილიც გაღიმებული სახით ჩაბარდა. ანუ, რაღაცა სხვა თემის სუნი უდის ამ მოვლენას, ვიდრე რევოლუციის მოხდენის სურვილი.

არ გავდა რევოლუციონერს არც ჩამოსული სააკაშვილი და არც მისი ჩამოსვლის სტილი. ამიტომ, რა ინტერესი ჰქონდა რუსეთს, ეს ამჟამად უცნობია. თუმცა, რომელ მხარეს არ უნდა გავიხედოთ, ჩანს მერაბიშვილი-კეზერაშვილის კვალი. ამიტომ, სასურველია, რომ სამხედროებმა გააკეთონ ანალიზი  2008 წლის აგვისტოს ომამდე და ომის შემდეგ იარაღით ვაჭრობის თემაზე. როგორია ამ იარაღით ვაჭრობის სქემები და ვისკენ მიდის კვალი.

გავიხსენოთ რა სისწრაფით გაქრა საქართველოდან სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია, როცა სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს მეორე დღეს გამოაცხადა, რომ სამკურნალოდ მივდივარ თურქეთშიო და აღარაც დაბრუნებულა. რა ხდება მთელ ამ ჯგუფში მყოფი პიროვნებების გარშემო, რომლებზედაც გადის იარაღით ვაჭრობის თემა, ეს ჩვენ არ ვიცით და, ალბათ, არც უნდა ვიცოდეთ მოკვდავებმა, მაგრამ სანამ ამ თემას ოდნავ მაინც არ აეხდება ფარდა, მანამდე ძნელი იქნება მსჯელობა.