მთავარ პროკურორს კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი მიმართავს. გიორგი ხევიაშვილი არჩილ კბილაშვილს გაზეთ „ქრონიკა+“-ში მის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ ბრალდების გამოძების თხოვნით მიმართავს. კერძოდ, სტატიის მიხედვით ხევიაშვილი ქვემო ქართლში ე.წ. „ბარიგებს“ აკონტროლებდა. ყოფილი მინისტრი For.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ბოლომდე აპირებს ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასადგენად.
რა შეხება გქონდათ ე.წ. „ბარიგებთან“, ნარკოტიკების მომხმარებელი იყავით?
გიორგი ხევიაშვილი: არა, ნარკოტიკების მომხმარებელი არასოდეს არ ვყოფილვარ. ვინც ეს სტატია შეუკვეთა, მან იცოდა ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ. ზუსტად ის გააკეთა, რაც ჩემთვის მიუღებელია. ეს არის ბინძური სტატია და ეს ბინძური ინფორმაცია რომელიც გაზეთ „ქრონიკა+“-ში გავრცელდა, არის სრული პროვოკაცია.
რატომ დააკავშირეს თქვენი სახელი ამ დანაშაულთან?
- ეს ისეთი ბრალდებაა, რომ არ ვაპირებ გაჩერებას. დღეს განცხადება შემაქვს პროკურატურაში გენერალური პროკურის სახელზე. გაზეთში მოყვანილი ამ ფაქტებზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და პროკურატურამ აუცილებლად უნდა გამოიძიოს ეს ფაქტი. იქიდან გამომდინარე, რომ აქ მოყვანილი ფაქტები არის ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული და ამ დანაშაულზე საზოგადოების წინაშე პასუხი უნდა იქნეს გაცემული.
სტატიაში ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ ფაქტზე ლაპარაკობს. ე.ი. მან დარწმუნებით იცის, რომ ეს ფაქტი მოხდა, თითქოსდა რაღაცა სპეცოპერაცია ჩაიშალა და ა.შ. ამიტომ, ამ ფაქტზე აღიძრას საქმე და შედეგ უკვე ცალკე ვაპირებ გაზეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სასამართლოში პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელების გამო.
თქვენ არ ხართ პოლიტიკურად აქტიური ადამიანი. როგორ ფიქრობთ, ვინ დგას ამ კონკრეტული ინფორმაციის უკან?
- მას შემდეგ რაც დავტოვე მინისტრის სავარძელი, მე პოლიტიკურად აქტიური ადამიანი არ ვყოფილვარ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ვაპირებ ისევ გამოვიდე ასპარეზზე და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩავერთო. მე ვფიქრობ, რომ რაღაც ნაწილს დასჭირდა ჩემი გაჩერება.
ვაჟა ლილიუაშვილთან რა შეხება გაქვთ?
- არანაირი. მას მე ვიცნობ, მაგრამ როგორც სტატიაში წერენ, თითქოს, ნათელმირონები ვართ, ეს ყველაფერი ტყუილი და ჭორია, არავითარი ნათელმირონობა არ გვაკავშირებს. მე დაველოდები და იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ამას გამოიძიებს და ძალიან მალე გაარკვევს, ძალიან იოლია აქ მოყვანილი ფაქტების შესწავლა. მე ვფირქობ, რომ ისინი მალე დადებენ ფაქტებს, რომ ვინ იყო ამით დაინტერესებული. ეს ისეთი მძიმე დანაშაულია, რომ 2-3 დანაშაულია დედამიწაზე ისეთი, რომელიც ამას სიმძიმით გაუტოლდება. ამიტომ, დაველოდოთ გამოძიებას.
გამოიძიოს პროკურატურამ ეს ფაქტები არსებობდა თუ არა და ცრუ დასმენაზე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი, ვინც თუნდაც ამ ქალბატონს მიაწოდა ინფორმაცია. მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში უამრავი ბინძური სტატიები დაბეჭდილა, მაგრამ რადგან საჯარო პიროვნება ვიყავი თმენის მეტი ვალდებულება მქონდა. მაგრამ, ეს ისეთი ბრალდებაა, რომ მთელს ჩემს ცხოვრებას მოვანდომებ სიმართლის დადგენას.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ხევიაშვილი ხვალ, 25 ივლისს, 13 საათზე for.ge-ს პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.