სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებული მამუკა ივანიაძის ადვოკატს, მაია ხუციშვილს მთავარ პროკურატურაში განცხადება შეაქვს. ხუციშვილის თქმით, პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედების პროცესში მის დაცვის ქვეშ მყოფზე ფსიქოლოგიური ზეწოლა კვლავ განხორციელდა. ადვოკატი კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს და მომხდარის გამოძიებას ითხოვს. თავად ბრალდებული მამუკა ივანიაძე კი აცხადებს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს სისტემატიურად უთვალთვალებენ.
როგორც მან საიას ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას შემდეგ, რაც მან 11 ივლისს პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შესახებ ისაუბრა, სისტემატური ხასიათი მიიღო მის სახლთან რამდენიმე პირის და მანქანის მოძრაობამ და თვალთვალმა.
„ისინი ჩემი ოჯახის წევრებსაც არ ერიდებიან და ღიად იყურებიან. ეს უფრო ზეწოლის ფორმაა, რომ „ჩვენ აქ ვართ“. მანქანის მოძრაობისას სისტემატურად დაგვყვებიან, ეს სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლაა, ჩემ მცირეწლოვან ბავშვებს სახლიდან გასვლის ეშინიათ და სტრესში იმყოფებიან“, - განაცხადა მამუკა ივანიაძემ.
საიას იურისტის და მამუკა ივანიაძის ადვოკატის, მაია ხუციშვილის თქმით, თვალთვალის შესახებ ინფორმაცია 18 ივლისს ივანიაძის დაკითხვის ოქმშიც დაფიქსირდა. ადვოკატის განმარტებით, ოქმში მიეთითა ავტომანქანების ნომრები და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნები, ასევე, მითითებულია, რომ არსებობს თვალთვალის დამადასტურებელი ვიდეო მასალა, რაც დაინტერესების შემთხვევაში გამოძიებას მიეწოდება. თუმცა, ადვოკატის თქმით, გამოძიება ამ ინფორმაციით არ დაინტერესებულა.
ივანიაძის ადვოკატი პროკურატურაში განვითარებული მოვლენების შესახებაც ამახვილებს ყურადღებას. მისი ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედების პროცესში, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურაში იმყოფებოდა, ოთახის კარი შეაღო უცნობმა პირმა და გამომძიებელ გიორგი ლომთაძეს გარეთ გასვლა სთხოვა.
„გამომძიებელი დადგა კარის ზღურბლთან, რა დროსაც ივანიაძის და ჩემს გასაგონად უცნობმა პირმა გამომძიებელს უთხრა - „იქნებ იმათ დაურეკო და უთხრა, რომ ქუჩაში არ დააკავონ, მაინც ყოფილი მინისტრია“. რამდენიმე წუთის შემდეგ იგივე პირი კვლავ მოვიდა და კვლავ იგივე სიტყვები ოთახში მყოფ პირთა გასაგონად გამომძიებელს უთხრა“, - განაცხადა მაია ხუციშვილმა.
მისივე თქმით, მან აღნიშნული ფაქტის შენიშვნის სახით ოქმში დაფიქსირება ითხოვა, რაზეც გამომძიებლისგან უარი მიიღო. საბოლოოდ კი, დაკითხვის ოქმს ივანიაძემ და მისმა ადვოკატმა ხელი არ მოაწერეს.
ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, წამოსვლამდე გამომძიებელმა გიორგი ლომთაძემ მამუკა ივანიაძეს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იტყოდა რატომ და ვის გამო შეცვალა ჩვენება, გარანტიას მისცემდა, რომ მას არ დააკავებდნენ. მამუკა ივანიაძე და ადვოკატი „ყოფილი მინისტრის ქუჩაში დაკავების შესახებ“ საუბარს ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებენ.
საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბრალდებულ მამუკა ივანიაძეზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობას გუშინდელ დაკითხვაზეც ჰქონდა ადგილი.
„როგორც ცნობილია, გუშინ ივანიაძე დაკითხვაზე იყო დაბარებული. საგამოძიებო მოქმედების მომენტში ოთახში შემოვიდა უცნობი პირი და გამომძიებელ გიორგი ლომთაძეს დაუძახა, რომ გარეთ გასულიყო. ცოტა ხნის შემდეგ, როცა გამომძიებელი ოთახში ბრუნდებოდა, კარების ზღურბლიდან უცნობმა პირმა ხმამაღლა დაუძახა: „ასე ნუ დააკავებენ, მაინც ყოფილი მინისტრიაო“.
ეს თქვა ჩვენი ადვოკატის და მამუკა ივანიაძის გასაგონად. ძალიან მაღალი ალბათობით ეს სპეციალურად გაკეთდა ივანაიძეზე ზემოქმედების მიზნით, რადგან ყოფილი მინისტრი, ვინც იმ მომენტში დაკითხვაზე იყო დაბარებული და ვისი დაკავებაც შეიძლებოდა მომხდარიყო, დავით კირვალიძე იყო, რომლის წინააღმდეგაც, როგორც ივანიაძე ამბობს, აიძულეს ჩვენების მიცემა. ჩვენმა ადვოკატმა აღნიშნული ფაქტის საგამოძიებო ოქმში დაფიქსირება მოითხოვა, მაგრამ პროკურატურის გამომძიებელმა ამის უფლება არ მისცა“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
მამუკა ივანიაძემ გირაოთი განთავისუფლების შემდეგ ღიად განაცხადა, რომ პროკურატურას ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა, მთავარი პროკურატურის განცხადებით კი, ივანიაძეზე არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ივანიაძის საუბრის ამსახველ ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
„პროკურატურის მიერ გასაჯაროებული იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შპს „მექანიზატორის“ რიგ თანამდებობის პირთა საქმეზე ბრალდებულ მამუკა ივანიაძის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნაწილი. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ხსენებული ვიდეოჩანაწერის როგორც მოპოვება, აგრეთვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვა განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და ხსენებული მოქმედებები სრულ შესაბამისობაშია მოქმედ საპროცესო მოთხოვნებთან“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
პარალელურად, ე.წ. მოდულის შენობაში, შსს-ს ანტიკორუფციულ სააგენტოში საქართველოს სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს დავით კირვალიძეს ხუთი საათის განმავლობაში კითხავდნენ. დაკითხვა დაახლოებით 23.00 საათამდე გაგრძელდა. როგორც კირვალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, გამოძიებას კი ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა.
„კითხვების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ყველა კითხვაზე გაიცა ამომწურავი პასუხი. დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ. თუ გახდება საჭირო ჩემი დაკითხვა, კიდევ გავცემ პასუხებს, ეს გამოძიებაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა დავით კირვალიძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, თუ როგორი წესით განხორცილდა ტრაქტორების შესყიდვა, კირვალიძემ აღნიშნა, რომ შესყიდვა „ყველაზე გამართული მეთოდით განხორციელდა“.
„საქმის მასალებით დავით კირვალიძის ბრალეულობის საკითხი არ იკვეთება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას კახა კოჟორიძემ.
რაც შეეხება მამუკა ივანიაძის საკითხს, კირვალიძის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის განცხადებით, დაკითხვაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, შპს „მსოფლიო ტექნიკის“ დამფუძნებელს, ზვიად ბრეგვაძეს სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო პასუხის გაცემა მოუწევს. მისი თქმით, ზოგიერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელი აქტიურობს ამ საქმესთან მიმართებაში მაშინ, როდესაც მათ ეს საკითხი არ ეხებათ.
„მე, როგორც წესი, არ ვაკეთებ არანაირ პოლიტიკურ განცხადებას, მე მივუთითებ მხოლოდ სამართლებრივ დარღვევაზე. ყურადღება უნდა მივაპყროთ იმ კონკრეტულ ფაქტებს, თუ ვინ იყო წინა წლებში მონოპოლისტი ამ დარგში, რა ფასად ხდებოდა ტრაქტორებისა და სხვა ტექნიკის შეძენა და რატომ აქტიურობს ზოგიერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელი მაშინ, როდესაც მათ არ ეხებათ ეს საკითხი.
ამ შემთხვევაში პირდაპირ ვასახელებ გვარს, ზვიად ბრეგვაძეს, რომელიც საშინელი ცილისმწამებლური განცხადებით გამოვიდა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით. მას მოუწევს პასუხის გაცემა თავის განცხადებაზე“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ბრალდების მხარეს აქვს ფარული ჩანაწერი ზვიად ბრეგვაძისა და ერთ-ერთი პირის, ბოკუჩავას შორის, რომელიც ასევე ყურადღებამისაქცევია.
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი დღეს დაცვის მხარის ხელთ არსებული ჩანაწერების გამოქვეყნებას აპირებს. მისი თქმით, ამ ჩანაწერებში აშკარად ჩანს, თუ როგორც ხორციელდება ექსპერტებზე - ბედიაზე და შაფაქიძეზე ზეწოლა გამომძიებლისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ერთ-ერთი ექსპერტის მხრიდან.
„არსებობს ფარული ჩანაწერები, სადაც ბედიაზე და შაფაქიძეზე პირდაპირ არის ზეწოლა განხორციელებული. რადგან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ბრალდების მხარე ავრცელებს ჩანაწერებს, დაცვის მხარეც გაავრცელებს მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებს. სამართალდამცველი უწყებების მხრიდან ბოლო პერიოდში ვიდეომასალების გამოქვეყნება იმას ემსახურება, რომ საზოგადოება დაარწმუნონ ამ საქმეში ბრალდებულები დამნაშავეები არიან.
ის, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხდება უპრეცედენტო მოვლენაა. როდესაც სრულიად აშკარა, აღვირახსნილი, სამარცხვინო პიარკამპანია უდანაშაულოობის პრეზუმპციის დარღვევით მიმდინარეობს, შელახვითა და თვალთვალით კონკრეტული ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს ხდება სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და ამით ცდილობენ, საზოგადოება როგორმე დაარწმუნონ, რომ ამ საქმეში ბრალდებულები დამნაშავეები არიან“, - განაცხადა ბარათაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, უკანონო იყო მოპოვებული მამუკა ივანიაძის მიმართ ვიდეოჩანაწერი.
„გამომძიებლების მიმართ უნდა დაისვას კითხვები, თუ რატომ იყო საჭირო, რომ მკერდზე მიმაგრებული კამერით ჩაეწერა ივანიაძე, თან იმ დროს, როდესაც მას არ ახლდა ადვოკატი. აქაც აშკარად იკვეთება სამართალდარღვევა“, - განაცხადა ბარათაშვილმა.