რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალა“ განცხადება გაავრცელა, რომელმაც ახალი ინტრიგა შეიტანა „სააკაშვილის საქმეში“. განცხადების ავტორები, მათ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საზოგადოებას ატყობინებენ იმ სახიფათო სცენარზე, რომელიც შეიძლება განვითარდეს სააკაშვილთან დაკავშირებით.
საუბარია იმაზე, რომ დასავლეთში სააკაშვილის მხარდამჭერების მზარდი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოწვეულია იმითაც, რომ სააკაშვილი თავის დასავლელ პატრონებს თუ კურატორებს კონკრეტული თემებით აშანტაჟებს. „ხალხის ძალის“ ინფორმაციით, ამ თემებს შორის არის სენსიტიური ინფორმაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, რომლის გასაჯაროებითაც და შესაბამისი მტკიცებულებების გამოქვეყნებითაც იმუქრება სააკაშვილი. ალბათ, ყველასთვის გასაგებია, რომ საუბარია კონკრეტულ ინფორმაციაზე კოლექტიური დასავლეთის როლზე ამ ომში, რომლის გამომზეურებამაც დასავლეთი შესაძლოა უხერხულ როლში ჩააყენოს, და მას არ სურდეს ამის დაშვება.
აქედან გამომდინარე, განცხადების ავტორები ვარაუდობენ, რომ თუ დასავლეთმა ვერ შეძლო სააკაშვილის გათავისუფლება და საქართველოდან გაყვანა, ისინი შეეცდებიან მიშას, როგორც სახიფათო მოწმის თავიდან მოშორებას, ანუ მის ლიკვიდაციას. განცხადების ავტორთა აზრით, სააკაშვილის ლიკვიდაციის ორგანიზატორები (იგულისხმება დასავლეთი), უხერხულ და სახიფათო მოწმესაც სამუდამოდ დაადუმებენ, ხოლო მის სიკვდილს ხელისუფლებას - „ქართულ ოცნებას“ დააბრალებენ, და ამის ნიადაგზე შეეცდებიან, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ ხელისუფლების შეცვლის მიზნით.
განცხადებამ, ბუნებრივია, ვნებათაღელვა და განსხვავებული შეფასებები გამოიწვია. სავარაუდოდ, „ხალხის ძალისთვის“ ამ განცხადების ერთ-ერთი მოტივატორი გახდა, ის მასშტაბური კამპანია, რაც სააკაშვილმა დასავლეთში ააგორა მისი გათავისუფლების მიზნით. მან „ხალხის ძალის“ განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა დასავლეთის სამიზნე ჯგუფებზე გათვლილი გზავნილი, რომ თუ დასავლეთი და განსაკუთრებით აშშ არ მიიღებენ ზომებს ჩემს დასაცავად, ეს საშინელ სიგნალს გაუგზავნის რეგიონში ყველა პრო-დასავლურ ლიდერსო. ამით სააკაშვილი მის დასავლელ კურატორებს აფრთხილებს იმ დანაკარგებზე, რაც მათ შეიძლება საქართველოში განიცადონ, თუკი სააკაშვილის საქმეს თვითდინებაზე მიუშვებენ, რაც, ფაქტობრივად, ხდებოდა ბოლო თვეებში. რეალურად კი მიშას ეს გზავნილი, და, სავარაუდოდ, სხვა გზავნილებიც, რომლებიც გასაგები მიზეზების გამო საჯარო სივრცეში არ გამოდო, შეიძლება ნიშნავდეს სწორედ შეფარულ მუქარას იმაზე, რაზედაც „ხალხის ძალის“ განცხადებაში იყო მინიშნება.
ჩამოთვლილ თემებს შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და საჩოთირო, სწორედ, 2008 წლის აგვისტოს ომია, რომელთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, ეჭვები და ე.წ. „თეთრი ლაქები“, მათ შორის დასავლეთის როლზეც. „ხალხის ძალის“ განცხადებაშიც, ალბათ, შემთხვევით არ არის გაკეთებული ამაზე აქცენტი.
საზოგადოებაში ხომ დღემდე მუსირებს აზრი, რომ როდესაც სააკაშვილის ბრძანებით ქართულმა ჯარმა ცხინვალში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა“ დაიწყო, მაშინდელ ხელისუფლებას და პირადად სააკაშვილს დასავლეთის და, უპირველეს ყოვლისა, აშშ-ს დახმარების იმედი ჰქონდა. ომის დღეებში ერთ-ერთ საჯარო მიმართვაში სააკაშვილი დაბნეული და სასოწარკვეთილი სახით ამბობდა, რომ საერთაშორისო დახმარება არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ველოდითო. სხვათა შორის, აგვისტოს ომის შემდეგ არაერთი დასავლელი ანალიტიკოსი აღნიშნავდა, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცხინვალში დაწყებული ოპერაციის დროს დასავლეთის დახმარებას ელოდა, რადგანაც მიაჩნდა, რომ ამ დახმარების ფასი უკვე გადახდილი ჰქონდა.
აშშ-ს მაშინდელი ხელისუფლების გარკვეული ჯგუფები რომ, შესაძლოა, სააკაშვილს დახმარებას პირდებოდნენ და აგულიანებდნენ კიდეც, ნაჩვენებია სააკაშვილის ყოფილი მრჩევლის, აწ გარდაცვლილი რონალდ ასმუსის 2010 წელს გამოცემულ წიგნში „მცირე ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა“. წიგნი ქართულადაც ითარგმნა. რონალდ ასმუსი აშშ-ს ადმინისტრაციებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა და აშშ-ს შიდაპოლიტიკურ სამზარეულოს კარგად იცნობდა.
სწორედ ამ წიგნშია აღწერილი ის ეპიზოდი, რომელიც კითხვებს აჩენს დასავლეთის როლზე. ომის მსვლელობისას 11 აგვისტოს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან შეკრებილ საგანგებო შეხვედრაზე მისი ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსანი აქტიურად განიხილავდა საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე აშშ-ს სამხედრო პასუხს, რაც უნდა გამოხატულიყო საავიაციო დარტყმებით როკის გვირაბის ამოკეტვაში, რუსული ჯარის შემოსვლის შესაჩერებლად, ასევე სხვა „ქირურგიულ დარტყმებში“. როგორც წიგნიდან ვიგებთ, სამხედრო დახმარების საკითხში განსაკუთრებით აქტიურობდა „ომის ქორად“ მიჩნეული ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი და მისი აპარატის წევრები. გამოითქვა აზრი, რომ აშშ-ს არ უნდა დაეშვა მისი მოკავშირის ასე დაცემა. საგულისხმოა, რომ ომამდე ცოტა ხნით ადრე ჩეინის ერთ-ერთი თანაშემწე ჯო ვუდი თბილისში იმყოფებოდა და მაშინდელ ხელმძღვანელობას შეხვდა. უცნობია რაზე ისაუბრეს, თუმცა შემდგომი მოვლენები გვიქმნის წარმოდგენას, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო განხილვის თემა. მიიღო თუ არა სააკაშვილმა აშშ-ს გარკვეული წრეებისგან დაპირება დახმარებაზე? ეს კითხვა ამ ეტაპზე ღიად რჩება. თუმცა, რაკი იმ შეხვედრაზე სამხედრო დახმარების საკითხი აქტიურად განიხილებოდა, სავარაუდოდ, ეს თემა იქნებოდა მსჯელობის საგანი ადრეც, მათ შორის საქართველოს ხელმძღვანელობასთან. საბოლოოდ, ბუშმა უარი თქვა კონფლიქტში აშშ-ს სამხედრო ჩარევაზე, რადგანაც ეს რუსეთთან გარდუვალ ომს გამოიწვევდა. უშიშროების საკითხებზე პრეზიდენტის მრჩეველმა სტივენ ჰედლიმ იმ შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა: „მზად ვართ ჩვენ, რომ რუსებთან ომი დავიწყოთ საქართველოს გამო?“ და ამით თემის განხილვაც დასრულდა. სხვათა შორის, იგივე ეპიზოდი საკუთარ მემუარებში „No Higher Honor“ აღწერილი აქვს აშშ-ს მაშინდელ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს. ამას გარდა, ისიც გვახსოვს თუ რა აქტიურად და საკმაო წარმატებით იყენებდა 2008 წლის აგვისტოს ომის თემას თავის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიაში სააკაშვილის დიდი მეგობარი და ლობისტი სენატორი ჯონ მაკკეინი.
ცხადია, 2008 წლის ომი მხოლოდ ერთი სენსიტიური თემაა, იმ მრავალ თემებს შორის რომლებზედაც სააკაშვილს შეუძლია ძალიან ბევრი ჭუჭყიანი საცვალი გამოფინოს, მათ შორის დასავლეთისთვის ძალიან არასასურველი ფორმით და შინაარსით, თუკი ჩათვალა, რომ ის საბოლოოდ ჩამოწერეს. მისი მმართველობის პერიოდში ხომ საქართველო, ფაქტობრივად, დასავლეთის ავანპოსტი იყო რუსეთთან დაპირისპირებაში და სააკაშვილის „სადგისი“ ხშირად საკმაოდ მტკივნეულად იჩხვლიტებოდა.
აქ მთავარი, ალბათ, ის გახლავთ, მზად არის თუ არა სააკაშვილი რეალურად შეასრულოს მუქარა, თუ ეს დასავლეთის მხოლოდ მსუბუქი შანტაჟია და პიარ-კამპანიის ინსტრუმენტი. ვინ-ვინ და სააკაშვილმა შესანიშნავად უწყის, რა ფასის გადახდა მოუწევს „ალაპარაკების“ შემთხვევაში. აქ ხომ მარტო მის ბედზე არაა საუბარი. სავარაუდოდ, სააკაშვილი, მისი მხდალი ბუნებიდან გამომდინარე, ასეთ სარისკო ნაბიჯს არ და ვერ გადადგამს. შესაბამისად, არც დასავლეთს დასჭირდება მის მიმართ „სპეციალური ღონისძიებების“ გატარება, რის გაკეთებაც მათთვის ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას, თუკი დარწმუნდებიან იმაში, რომ ოდესღაც მათი „ოქროს ბიჭუნა“ უკვე თავის ტკივილად გადაექცათ.
თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ განხორციელდა ის სცენარი, რაც „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღწერილი, პრობლემები სახელმწიფოს საერთაშორისო არენაზე შეექმნება, თუმცა, საეჭვოა განხორციელდეს მეორე სცენარი - სააკაშვილის სიკვდილის გამო ხელისუფლების შეცვლა რევოლუციის გზით, რადგანაც საზოგადოების/ამომრჩეველთა უმრავლესობას არ სურს „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების ხელისუფლებაში ხილვა. რთული წარმოსადგენია, რომ დასავლეთში ამას ვერ ამჩნევდნენ.