მიწებისთვის სტატუსის შეცვლის პროცესი შეჩერდება

მიწებისთვის სტატუსის შეცვლის პროცესი შეჩერდება

მიწების გასხვისების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს სტატუსს უცვლიან და მათი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიაში გადაყვანა ხდება, რის გამოც, 2014 წლის 31 დეკემბრამდე, მიწებისთვის სტატუსის შეცვლის პროცესი შეჩერდება.

როგორც for.ge-ს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა, მას შემდეგ, რაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა, რომლის საფუძველზეც უცხოელებისა და უცხოური ფირმების მიერ მიწის საკუთრების უფლების მოპოვების პროცესი შეჩერდა, მიწებისათვის სტატუსის შეცვლას მასიური სახე მიეცა.

დეპუტატის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მიწებისთვის სტატუსის შეცვლის მიზნით, 61 განაცხადი დაიწერა, რომელთაგან 10 განაცხადი კერძო პირს ეკუთვნის, ხოლო 51 იურიდიულ პირს.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება მისი მიზნობრივი დანიშნულების შეცლის საშუალებით დროებით უნდა შეიზღუდოს. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ბევრად უფრო ძვირია, ანუ თანახმანი არიან გადაიხადონ მეტი, მაგრამ აი ასეთი ხვრელი მოძებნეს, რომ მიწებს სტატუსს უცვლიან, რომ ამ გზით მიწების პრივატიზება მოხდეს“, - აცხადებს ტყემალაძე, რომელმაც არსებული მაქინაციების გამოვლენის შემდეგ, მიწებისთვის სტატუსის შეცვლის პროცესის შეჩერების მიზნით, საკანონმდებლო წინადადება მოამზადა, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირის რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.

კერძოდ, ტყემალაძის ინიციატივით ცვლილებები - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულების და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შედის, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებისთვის გასხვისებაზე გამოცხადებული მორატორუმის ვადის ფარგლებში, 2014 წლის 31 დეკემბრამდე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისთვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვებია, თუ იგი განპირობებულია სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი საჭიროებით. თუმცა, ეს მოხდება სააგენტოს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე და შესაბამის გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ კანონი, რომელიც უცხოელებისა და უცხოური ფირმების მიერ მიწის საკუთრების უფლების მოპოვებას დროებით ზღუდავს, უკვე ძალაშია, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ გასულ სასესიო კვირაში მიიღო.

კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, უცხოელებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით 2014 წლის 31 დეკემბრამდე მორატორიუმი ცხადდება.

ამას გარდა, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, მთავრობამ ექვსი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულაციების განსაზღვრა და მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება.

ასევე, მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება უნდა უზრუნველყოს.