2022 წელს საქართველოში ბევრი გარდამტეხი მოვლენა მოხდა. მართალია, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, ევროპულ ოჯახში შესვლა გადაგვივადეს, მაგრამ შიდა პოლიტიკაში მოვლენები კანონზომიერად განვითარდა. მთელი წელი „ნაციონალების“ დუელის მომსწრენი ვიყავით, როცა ევოლუციის სპირალური დინამიკის შესაბამისად, დაბადების, განვითარების, გამრავლების შემდეგ ლოგიკურად მოვიდა მათი დაღმასვლის დროც. „ნაციონალებმა“ ერთმანეთი არ დაინდეს თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში და ამასობაში მიივიწყეს პატიმარი, თუ პაციენტი სააკაშვილი, რომელიც საკუთარ ოჯახს შეატოვეს გათავისუფლების მოლოდინში.
ეს წელი უკრაინაში არაერთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის წელი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, არ მოხდა ამ ომის საქართველოში გადმოტანა, რაც ამ წლის ყველაზე აქტიური განსჯის საგანი იყო თუგინდ უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული არესტოვიჩების, პოდოლიაკების მხრიდან, თუგინდ საქართველოში „ნაცების“ მხრიდან. საბედნიეროდ, არ მოხდა „რაღაც ბომბის“ ჩამოვარდნა, რომელზეც ასე აქტიურად ლაპარაკობდნენ ცალკეული ადამიანები.
თუ ვინ იყო 2022 წლის პერსონა საქართველოში, ამის შესახებ ჩვენს რესპონდენტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, მაგრამ ერთ რამეში თანხმდებიან, რომ 2022 წლის მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსთვის უდავოდ იყო ომის აცილება.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ 2022 წლის მთავარი მოვლენა ის იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდა ომის თავიდან აცილება. ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ჩამოიშლებოდა მთელი ქართული სახელმწიფო. ომის თავიდან აცილება უშუალოდ ვისი დამსახურება იყო, ამის თქმა ნანა კაკაბაძეს უჭირს, მაგრამ ფიქრობს, რომ, ალბათ, ეს ერთიანობაში ხელისუფლების დამსახურება იყო.
„ამ მშვიდობის გამო ყველაზე მეტად ვისაც უპირისპირდებიან დასავლეთიდან, თუგინდ ომის პარტიიდან, ანუ „ნაცებიდან“, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სხვას არავის ახსენებენ, პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს ადებენ ხელს, რომ თურმე მშვიდობა ყოფილა დანაშაული და ეს „დანაშაული“ გაიგივებულია ბიძინა ივანიშვილთან. თუ დასავლეთი ომში ჩართვას მოითხოვდა ჩვენგან, თუ ამერიკის ელჩი ამისთვის იყო მისული ივანიშვილთან, რომ ომი დაწყებულიყო და ივანიშვილს ადანაშაულებენ ომის შეჩერებაში, მაშინ ყველანაირი ჯილდო ივანიშვილს ეკუთვნის და არა ის ლანძღვა-გინება, რასაც ივანიშვილი ღებულობს ომის პარტიისგან. ყოველ შემთხვევაში, ვისაც უპირისპირდებიან საქართველოს მტრები, მე მიმაჩნია, რომ სწორედ მათ აქვთ გარკვეული დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. მტერი ვის ებრძვის? ვინც ყველაზე მეტად იცავს თავისი ქვეყნის პოზიციას. ომის პარტია და ომის გამჩაღებლები რომ იყვნენ როგორც უკრაინული ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე სააკაშვილის დღევანდელი ლობისტები, ამას რად უნდა ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, ვისაც ისინი უპირისპირდებიან, ის არის დღეს საქართველოსთვის მშვიდობის გარანტი“,- გვითხრა ნანა კაკაბაძემ.
ე.წ. მუხროვანის ამბოხის სპეცოპერაციისას დაღუპული გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი მიიჩნევს, რომ 2022 წლის მიღწევა იყო, რომ უკრაინის ომის მსგავსი პროცესები თავიდან ავიცილეთ. ეს „ნაცებს“ არანაირად არ სიამოვნებთ, მაგრამ ეს უდავო მიღწევა იყო.
„იმედი მაქვს, 2023 წელს და შემდგომ წლებშიც მშვიდობა გვექნება. აქ მთავარია, რომ გარე მტერზე მეტად შინაური მტერი გვებრძვის და შინაური მტერი დავამარცხოთ“,- აღნიშნა ლია კრიალაშვილმა და განმარტა, რომ დღეს ჩვენ გონიერი ხელისუფლება გვყავს და ჯერჯერობით საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს ჩვენს ქვეყანას. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი, ალბათ, გაგვატარებს დანის პირზე და ომს გადავრჩებით.
„მიმაჩნია, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ირაკლი ღარიბაშვილზე დგას. ის ჩემთვის წლის ადამიანია. ის წლევანდელი წლის მშვიდობის დესპანია. მისი იმედი ბევრ ადამიანს აქვს. მართალია, ხალხის ჯიბეს ეკონომიურად დიდად არ შეტყობია, მაგრამ რაც მთავარია, მშვიდობაა საქართველოში და უკრაინაში როგორც იღუპებიან ბავშვები, მოხუცები და ქალები, ეს არ ხდება და ღმერთმა აგვაცილოს“.
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ვერ ხედავს საქართველოში წლის ადამიანს. მისი მოსაზრებით, ომი ამ ხელისუფლებამ აგვაცილა იმის გამო, რომ თუკი ეს ხელისუფლება ომს დაიწყებდა, პირველი, ვინც განადგურდებოდა, სწორედ საქართველოს ხელისუფლება იყო და შემდეგ უბედურება მოუვიდოდა მთელ საქართველოს.
„ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ გარკვეული პრაგმატიზმი გამოიჩინა. ძალიან კარგია, რომ ეს გააკეთა საქართველოს მთავრობამ, არანაირი საომარი საქართველოს დღეს არ ჰქონდა და ომში ჩვენი ჩართვის მცდელობაც მხოლოდ პროვოკაცია იყო ქართული სახელმწიფოს ლიკვიდაციისთვის“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ for.ge- სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი იგორ კვესელავა საქართველოში არც ერთ პოლიტიკოსს არ ასახელებს წლის ადამიანად, მას წლის ადამიანად მიაჩნია ილია მეორე.
„დავანებოთ იმ ამბებს და შეცდომებს თავი, რამაც 90-იან წლებში გამოიწვია სახელმწიფო გადატრიალება და ზვიად გამსახურდიას დამხობა, გასულ წელს ილია მეორეს მრგვალი თარიღი ჰქონდა, მისი აღსაყდრებიდანაც მრგვალი თარიღია. ილია მეორე თუნდაც იმიტომ უნდა დავასახელოთ წლის ადამიანად, რომ ამით ყველას სალაპარაკო მოვუჭრათ, რადგან ილია მეორის საწინააღმდეგო არა მგონია, ვინმეს ჰქონდეს“,- აცხადებს იგორ კვესელავა.
რაც შეეხება წლის მოვლენას, თუ რამით შეიძლება აღინიშნოს ეს წელი, ანალიტიკოსისთვის ეს იყო მშვიდობის შენარჩუნება, რომ საქართველოში ომი არ ატყდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო მოსაზრებები, ჩვენ ჩავბმულიყავით ამ ომში. იგორ კვესელავას თქმით, ერთი კვირა დასჭირდებოდა რუსეთს, მთელი საქართველო აეღო. ამიტომ მშვიდობის შენარჩუნებისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას და მის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც რატომღაც აკრიტიკებენ იმის გამო, რატომ ომი არ დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ.
„იმ მონაცემების ფრიალი, რომ ეკონომიკაში თურმე ორნიშნა ციფრი გვაქვს, არ ეტყობა საქართველოს მოსახლეობის ჯიბეს. ჩვენს მოსახლეობაში არის უღარიბესი ხალხი, არიან ღარიბები, მდიდრები და უმდიდრესები. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ გადადგა ნაბიჯი, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს საშუალო ფენა, რომელიც ყველა სახელმწიფოს ბერკეტია“, - აცხადებს ანალიტიკოსი, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია ევროპასთან საქართველოს მჭიდროდ დაკავშირება, უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის შეთანხმება ევროკავშირში ელექტროენერგიის მიწოდებაზე.
მართალია, ჯერჯერობით ამ მოვლენამ პრაქტიკული შედეგი არ მოიტანა, მაგრამ ამას პრაქტიკული შედეგი უნდა მოჰყვეს 2- 3 წლის შემდეგ. ყველა ასეთ წამოწყებას აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური მხარე. ამ პროექტით პოლიტიკურად ვერაფერს მოვიგებთ, მაგრამ ეკონომიკურად თანხებს მოვიზიდავთ. მომავალშიც მნიშვნელოვანია, ეკონომიკური პროექტები განვავითაროთ.
„დიდი მოვლენა იქნება ანაკლიის პროექტი. ბათუმის პორტი არ ვარგა, ფოთის პორტში ვერ შემოდიან დიდი გემები, ანაკლიის პორტში კი დიდი გემები შემოვლენ და საქართველო იქნება ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენ დერეფნის ფუნქცია არ გვინდა, დერეფანი არაფერი არ არის, მაგრამ ხიდი უფრო მისაღები ტერმინია. ამ ხიდზე პრეტენზია სხვასაც აქვს, განსაკუთრებით, აზერბაიჯანს. სომხეთში ამ ხიდის გამო ძალიან დიდი წინააღმდეგობაა, სომხებს მსოფლიოში ებრაელების შემდეგ ყველაზე დიდი ლობი ჰყავთ. ასე რომ, თუ განხორციელდება საქართველო-აზერბაიჯანის და ევროპული სახელმწიფოების ერთობლივი პროექტი, მაშინ სომხეთი გარეთ დარჩება, სომხეთი მაშინ არაფერი არ იქნება“, - მიაჩნია იგორ კვესელავას.