ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება და თუკი განსაკუთრებულ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემა, აფთიაქებს, პირველ ეტაპზე, ჯარიმის სახით - 9 000 ლარის გადახდა მოუწევთ, აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი, ჯარიმა 18 ათასს ლარამდე გაიზრდება.
კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო კობა დავითაშვილის მიერ მომზადებულ ინიციატივას იხილავს, რომლის დამტკიცებაც მომავალი კვირის დასაწყისში იგეგმება, ცვლილებები კი ძალაში გამოქვეყნებისთანავე, ანუ, აგვისტოში შევა.
დავითაშვილის განმარტებით, ქვეყანაში პარადოქსული გარემოებაა შექმნილი, რადგან აფთიაქი, რომელიც ისეთ მედიკამენტებს ყიდის, რომლისგანაც ე.წ. სააფთიაქო ნარკოტიკები - „ვინტი“, „კრაკადილი“ და „ჯეფი“ მზადდება, 500 ლარიანი ჯარიმით ისჯება, ამ ნივთიერების მომხმარებელს კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 7-დან 11 წლამდე ეკისრება.
„აფთიაქებთან პოლიციელები არიან ჩასაფრებულები და როდესაც, ნარკომანები ამ აფთიაქებთან გამოდიან, მათ აკავებენ. დღეს მოქმედი რეგულაციით, გამსაღებელი 500 ლარით ისჯება, ხოლო მომხმარებელი 7-11 წლამდე ციხით, რაც არანორმალური მიდგომაა. მიმაჩნია, რომ აფთიაქები უნდა დაისაჯონ და ჯარიმა სერიოზულად უნდა გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში, მათ სტიმული არ ექნებათ, რომ ეს მედიკამენტები გაყიდონ. სწორია, ვებრძოლოთ მიზეზს და არა შედეგს!“, - განუცხადა for.ge-ს დავითაშვილმა.
კანონმდებელის განმარტებით, იმ მედიკამენტთა ნუსხას ჯანდაცვის მინისტრი განსაზღვრავს, რომლის გაყიდვაც რეცეპტის გარეშე აკრძალული იქნება.
„საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, რეცეპტის შემოღებამ მოსახლეობის ნაწილს დისკომფორტი შეუქმნას, თუმცა, საზოგადოებას იმ საკითხზე დისკომფორტის ატანა მოუწევს, რაც ჩვენი ახალგაზრდების სიცხოცხლის გადარჩენასთან არის დაკავშირებული. ეს ნარკოტიკები სიკვდილიანობის მაღალი პროცენტით გამოირჩევა და რომელი სჯობს - საზოგადოების კომფორტი თუ ახალგაზრდების გადარჩენა?! გარკვეული დისკომფორტი იქნება, რომელიც სხვათაშორის ფინანსური დისკომფორტი არ იქნება, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში, ექიმთან ვიზიტი და რეცეპტის გამოწერა უფასოა. საუბარია, ექიმთან მისვლის აუცილებლობაზე. ფასეულობებს რომ გადავხედე, მივხვდი, რომ სჯობს, მუხუცს დისკომფორტი შეექმნას და ექიმთან მივიდეს, ვიდრე ახალგაზრდები დაიხოცონ!“, - აღნიშნავს დეპუტატი.
დავითაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ხომ არ გახდება - ყალბი რეცეპტების გაცემის მიზეზი, ამ საკითხზე, კანონმდებელი განმარტავს, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში, ექიმს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.
„აფთიაქებთან მიმართებაში, არანაირი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ არის. ექიმს კი, ყალბ რეცეპტზე პასუხისგება მოუწევს. ხვრელი აფთიაქების პასუხისმგებლობის საკითხშია“, - დასძენს დეპუტატი, რომლის საკანონმდებლო იდეასაც უმცირესობა მხარს უჭერს, უმრავლესობის ზოგიერთ ლიდერს კი, სანქციების ნაწილი არაპროპორციულად მიაჩნია.
როგორც for.ge-ს გიგი წერეთელმა განუცხადა, კანონმდებლობაში რეგულირება არსებობს, რომელიც რეცეპტურის სისტემის - წამლის გამოწერის დარღვევის შემთხვევაში, სანქციებს გულისხმობს, თუმცა, ფსიქოტროპული წამლების - ე.წ ნარკოტიკების პრეკურსორებთან მიმართებაში განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა.
„კანონმდებლობაში ცვლილებები ადრეც შევიტანეთ და რეგულაციები გავამკაცრეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის და ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სისხლის სამართლის პასუხიმგელობაც უნდა იყოს, რადგან რეალურად, შეიძლება ეს ფატალური შედეგების გამომწვევიც იყოს. ინიციტივას გავეცნობით, თუმცა, წინადადებას იდეის დონეზე მხარს ვუჭერთ“, - აღნიშნა წერეთელმა.
თანაგუნდელის ინიციატივას გედევან ფოფხაძეც დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ფაქტიურად, პრეპარატების ვაჭრობით ნარკოტიკების ლეგალიზაცია ხდება.
„ადამიანის ჯანმრთელობა გამოსავალი უნდა იყოს და ეს პრინციპი სწორადაა გაგებული“, - დასძენს ფოფხაძე, რომლისგან განსხვავებითაც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ პროექტით შეთავაზებული ჯარიმები არაპროპორციულია და სწორი არ არის.
„მართებული არ არის - მაგალითად, დღეს არსებული 3-ათას ლარიანი ჯარიმის 9 ათას ლარამდე გაზრდა“, - დასძენს დეპუტატი.
კობა დავითაშვილის საკანონმდებლო წინადადებაზე თუ რას ფიქრობენ სააფთიაქო ქსელის მფლობელები, ამის გარკვევის მიზნით, for.ge PSP-ს დამფუძნებელს, დეპუტატ კახა ოქრიაშვილს დაუკავშირდა.
კანონმდებელის განმარტებით, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიამ სერიოზული მასშტაბები მიიღო და ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მყისიერი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.
„როგორც კი დაფიქსირდება, რომ ამა თუ იმ მედიკამენტისგან რაღაცა მოხარშვის თუ ალკიმიკოსობის მეთოდით რაღაც ნივთიერებას იღებენ, რომელიც ნარკოტიკულ თრობას იწვევს, ეს მედიკამენტი რეცეპტის სიაში უნდა ჩასვან. ამ ბოლო პერიოდში, რაღაც მედიკამენტებით კაიფი თუ გონების თრობა დაიწყეს, რომლებიც არანაირ სიაში არ არის. შესაბამისად, ეს მედიკამენტები ან სწრაფ-სწრაფად უნდა გადაიხედოს, ან ამ საკითხზე რაღაც კომისია უნდა შეიქმნას. კანონით, რიგი მედიკამენტები რეცეპტის გარეშე არ იყიდება, მაგრამ თუ კობა თვლის, რომ ჯარიმები დაბალია და უნდა გაიზარდოს, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან ამ მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის წინააღმდეგი მეც ვარ. სიას კი, ძალიან სწრაფად ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ადგენდეს, რომ ეს აფთიაქებს არ დაბრალდეს - აი თქვენ, რატომ ყიდით ამ წამალსო?! ამას ფარმაცევტული კომპანია თავისი ნებით ვერ გააკეთებს და კონკრეტული მედიკამენტები ნუსხაში სამინისტრომ უნდა ჩასვას. ყველანაირი ნარკომანიის წინააღმდეგი ვარ, რადგან ჯანმრთელი ცხოვრების წესის მომხრე ვარ“, - განუცხადა for.ge-ს ოქრიაშვილმა, რომელიც წინადადებას დაწვრილებით გაეცნობა.
კობა დავითაშვილის მიერ მომზადებულ წინადადებაზე, პარლამენტი მიმდინარე კვირაში იმსჯელებს და თუ მას მხარს ქვეყნის უმაღლესი ორგანო დაუჭერს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან თუ ჯერ კიდევ ორი-სამი წლის წინ, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება მასშტაბურობით არ გამოირჩეოდა, ბოლო პერიოდში „ჯეფი“, „ვინტი“ და „ნიანგი“ ქართულ ნარკობაზარზე ყველაზე პოპულარულ პროდუქტად იქცა და ნარკოტიკების მომხმარებელთა, თითქმის, ყველა ფენა მოიცვა. უფრო მეტიც, ქუჩებში იმ პირებსაც შეხვდებით, რომელთაც კოაქსილის „წყალობით“ მხოლოდ უკან სვლა შეუძლიათ.
რაც შეეხება ინიციატივით გათვალისწინებულ საკითხებს, ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის საქმიანობა, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 16 000 ლარის ოდენობით.
ასევე ცვლილებებით, ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლსდაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამასთან, ფარმაცევტული პროდუქტის მომზადება, რეალიზაცია არაუფლებამოსილი პერსონალის (ფარმაცევტული განათლების არმქონე, დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების არმქონე სუბიექტის) მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების წესის დარღვევა, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება იმ კატეგორიის ფარმაცევტულ პროდუქციას, რომელიც განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება და ექიმის დანიშნულების გარეშე არ უნდა გაიცეს, მათი გაცემის წესის დარღვევაზე ჯარიმა 3000-დან 9 000 ლარამდე იზრდება. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენაზე ჯარიმის ოდენობა 18 ათას ლარამდე იზრდება.
ამას გარდა, წუნდებული, ვადაგასული, გაუვარგისებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ბაზარზე ფალსიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა - 20 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების განმეორება - ჯარიმას 4 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით ან ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – 12 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
ცვლილებებით, ორმაგდება ჯარიმა ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის წესების დარღვევაზეც, რაც 2 000 ლარით დასჯადი ქმედება შეიძლება გახდეს.
ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყება და დასრულება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – 4 000 ლარის ოდენობით. ასევე ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების ცვლილება რეგისტრაციის ან სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდასთან იქნება დაკავშირებული.