„ვფიქრობ, ყველაფერი მზადდება სააკაშვილის გასაშვებად“

„ვფიქრობ, ყველაფერი მზადდება სააკაშვილის გასაშვებად“

„თუ მოსახლეობა, რიგითი ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ შეიწყალონ მიხეილ სააკაშვილი, მმართველ გუნდს ამოცანას გავუადვილებთ“, - ასეთი ორაზროვანი განცხადება გააკეთა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა და ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს ხელისუფლება ნატრობს სააკაშვილის გათავისუფლებას, მაგრამ საზოგადოების კრიტიკის ეშინია.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სააკაშვილი არ არის სიკვდილმისჯილი და უფლება აქვს, იმკურნალოს. თუ ეს ამ ქვეყანაში არ ხერხდება, უნდა მოხდეს უცხოეთში.

სააკაშვილის ჰუმანიტარული მოსაზრებით გათავისუფლებას მოითხოვენ საქართველოს გარეთაც. ერთ-ერთი მათგანია დმიტრი გორდონი, რომელიც მიიჩნევს, „თუ მსოფლიო არ გადაარჩენს სააკაშვილს, აუცილებლად ინანებს“.

პარალელურად, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით 562 ქალი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. „სასწრაფოდ იმოქმედეთ შემდგომი პოლარიზაციისა და სახელმწიფოს დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს „მარადიული“ ნაციონალები და არანაციონალებიც აწერენ, მათ შორის, მაია ნადირაძე, ქეთევან იგნატოვა, ლელა წურწუმია, სევდია უგრეხელიძე, ნანა ალექსანდრია, თამარ ჭოხონელიძე, გაბრიელა ჰაბსბურგი და სხვები.

ჩნდება ეჭვი, საქართველოს ხელისუფლებამ ხომ არ გადაწყვიტა, ეს მძიმე ტვირთი წინასაახალწლოდ მოიშოროს, გადაულოცოს უცხოეთს და, საახალწლო დღეების პასიურობიდან გამომდინარე, მომავალ წელს გამოფხიზლებული ხალხისთვის სააკაშვილი შეიძლება აღარც აღმოჩნდეს თავის ტკივილი.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე for.ge-სთან საუბრისას მიიჩნევს, რომ სააკაშვილის თემა საერთოდ დახურული უნდა იყოს, ტელევიზიები მასზე ხშირად არ უნდა ლაპარაკობდნენ, საქართველოს ხელისუფლებას კი შეუძლია ღიად მიმართოს მსოფლიოს ყველა დაინტერესებულ, კვალიფიციურ ექიმს, ჩამოვიდნენ და სააკაშვილის ოჯახს მისცენ საშუალება, გამოიკვლიონ ეს ადამიანი.

„თუკი ქართველი ექიმების კვალიფიკაცია არ ჰყოფნის, მე ვერ ვხედავ სხვა რაიმე მიზეზს, ასეთი ავადმყოფები საზღვარგარეთ გაიგზავნონ. 600 ქალი ითხოვს სააკაშვილის გამოშვებას? 2000-მაც რომ მოითხოვოს, 10000-მაც რომ მოითხოვოს, მერე რა, არაფერს არ ნიშნავს მათი მოთხოვნა. თუკი ხელისუფლება ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რა ვქნათ, გვაიძულებენ და სააკაშვილი უნდა გავუშვათო, ეს სხვა ამბავია. ამას ემატება ევროსაბჭოს პარაზიტული, ყოვლად კურიოზული რეზოლუცია, ზოგიერთი ფრაქციის და დეპუტატის ამაზრზენი ქცევა, იმაზე მინიშნება, რომ თურმე ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას არ გვაძლევენ მიშას გამო, სინამდვილეში, საქართველოს უახლოესი ასი წელი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა არც სჭირდება. საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მას აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ძალიან ღონიერი, კარგი ქვეყანა აშენდეს, უბრალოდ, ქართველების ერთი ნაწილის განწყობაა ცუდი ამ ბელადომანიებით. დღესაც თავის ბელადს მისტირიან. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების ნამოქმედარი მხოლოდ პროპაგანდის დონეზეა და არასდროს არ დამდგარა საკითხი პროფესიულად და სამართლებრივად გაეანალიზებინათ, რა გაკეთდა დადებითი სააკაშვილის დროს და რა გაკეთდა ისეთი, რომლის პატიებაც იმ ხელისუფლებისთვის არასდროს არ შეიძლება“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

მისივე მოსაზრებით, თუკი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოამზადებს ნიადაგს და სააკაშვილს „წარმატებით“ გაუშვებს საზღვარგარეთ, ეს დააზიანებს ამ ხელისუფლების იმიჯს. 2012 წელთან შედარებით ისედაც განახევრებულია „ქართული ოცნების“ ავტორიტეტი, მაგრამ შესანიშნავი ტექნოლოგიაა მოძებნილი, მე თუ არ ვიქნები, მოვა სააკაშვილი. ეს სატყუარა შესანიშნავად მუშაობს ხელისუფლების სასარგებლოდ და სააკაშვილის თემაც ხელოვნურადაა აქცენტირებული.

დემურ გიორხელიძე სამედიცინო ნიუანსებში შესვლას არ აპირებს, მაგრამ ადასტურებს, რომ სააკაშვილთან ურთიერთობა ჰქონდა პარლამენტში, მისი ინიციატივით გარკვეულ დრომდე მას ახლოს იცნობდა, ამდენად, სააკაშვილი ერთხელ რომ ნახოს, დაზუსტებით იტყოდა თავის ადამიანურ შთაბეჭდილებებს მასზე. ახლა ძნელია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბარი შორიდან, მაგრამ დემურ გიორხელიძეს ბევრი ექიმის და სპეციალისტის არ სჯერა, რომელიც წინა ხელისუფლების მეხოტბე იყო.

„აშკარაა, რომ არის პრობლემები სააკაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ რატომ არ შეიძლება ე.წ. ავადმყოფს ქართველმა ექიმებმა მოუარონ, ეს სრულიად გაუგებარია. ვფიქრობ, ყველაფერი მზადდება მის გასაშვებად და ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა“, - გვითხრა დემურ გიორხელიძემ.

ანალიტიკოსი იგორ კვესელავა აცხადებს, რომ საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლისთანავე იგრძნობოდა, რომ ეს იქნებოდა დიდი თავის ტკივილი ამ ხელისუფლებისთვის. ის ნახევარი მილიონი ხმა, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, არ არის მცირე რაოდენობა, ამიტომ ნახევარ მილიონ ადამიანს აქვს საკუთარი დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ და ზუსტად ეს არის საზოგადოების გახლეჩა, პოლარიზაცია. ამიტომ ეს ადვილად მოსაგვარებელი საკითხი არ არის.

იგორ კვესელავა იმასაც ფიქრობს, რომ არასწორი განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის მხრიდან შესაძლო სიმულაციის შესახებ. სინამდვილეში, სააკაშვილი კი არ სიმულანტობს, არამედ ის არის ისეთი, როგორიც არის.

„სააკაშვილთან მქონდა ურთიერთობა და ეს ვიცი. შევარდნაძის დროს დანგრეული, კორუფციული და აფხაზეთდაკარგული ქვეყანა სააკაშვილმა ჩაიბარა, 2-3 წლის განმავლობაში რაღაც გააკეთა, სახელმწიფოებრიობისკენ გადადგა ნაბიჯი. მესმის, მისი მმართველობის პერიოდში ბევრი უსამართლობა იყო ჩადენილი, მაგრამ სტალინის მმართველობის დროსაც ასე იყო, ყველაფერი როდი იცოდა სტალინმა, რაც მის დროს ხდებოდა“, - აცხადებს იგორ კვესელავა ჩვენთან საუბრისას და ასკვნის, რომ უკეთესი იქნება, სააკაშვილი გაუშვან უცხოეთში.

თუმცა ისიც ცხადია, რატომაც არ უშვებს პატიმარ სააკაშვილს ხელისუფლება, რადგან საზოგადოებაში ავტორიტეტი დაეკარგება და ეს არჩევნებზე აისახება. ამის მიუხედავად, საზოგადოების აზრის გათვალისწინებით, სააკაშვილის გამო საშიმშილოდ დამჯდარი ადამიანების, უცხოეთის სახელმწიფოების აზრის გათვალისწინებით, იგორ კვესელავას შესაძლებლად მიაჩნია, გამოინახოს შუალედური პოზიცია და გაუშვან სააკაშვილი. მოხდეს მისი არა გათავისუფლება სასჯელისგან, არამედ სამკურნალოდ გადაყვანა.

„ახლა მას ეუბნებიან, კონკრეტული დანაშაულები შენს დროს მოხდაო. ის კი ხელს არ აწერს ამ დანაშაულებზე. ასე ქვეყნის დაქცევა მოხდა შევარდნაძის პერიოდში, იმ დროს მოხდა პრეზიდენტ გამსახურდიას დაღუპვა, უამრავი ტრაგედია, ხაბეიშვილის, ჭანტურიას მკვლელობა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ესროლა იმ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის გარეშე ეს უბედურებები არ მოხდებოდა. ამ ყველაფერს მტკიცებულება სჭირდება“, -გვითხრა იგორ კვესელავამ.

Maverick ბატონო დემურ! თქვენ ამბობთ, რომ:
"ქართველების ერთი ნაწილის განწყობაა ცუდი ამ ბელადომანიებით. დღესაც თავის ბელადს მისტირიან"...
ჩენე აზრით:
მაგ ნაწილი ქართველები არ არიან! ისინი სულგაყიდული ლიბერასტები (ჩემი შერქმეულია ეს "წოდება") არიან!
მიშშხუილა მათ , ფეხებზე კიდიათ! მაგრამ "ფული, ბაბაია, ფული", ამ კიკუებს ძილშიც ელანდებათ, ფული რომელიც ამ არაკაცმა ქართველ ერს მოპარა, გველეშაპივით აზის, ხოლო ეს ხელისუფლება ფულავა ევრო პარლამენტარებმა გააცვედანეს და მათი "მოკრძალებული" შიშით ამ კეისის წამოწევის თავი არ აქვს!
1 წლის უკან
merab ფაჩუაშვილი, ყურებიდან ჰგავხარ დაჭერილი ნაც ბანდას. რასაც უნდათ, როცა უნდათ გაყვირებენ. მტერს არ ვუსურვებ შენს ადგილას ყოფნას. სახე დაკარგე.
1 წლის უკან
არაგველი641 ვინც მიშას საზღვარგარეთ გადაყვანას თხოულობს, ეტყომა ყველა მათგანზე ქონდა ნაცებს ფაილები ზუგდიდის კასრებში რომ აღმოაჩინეს და მაგისი ეშინიათ!
1 წლის უკან