აპირებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას? - ეს კითხვა ჰქონდათ 28 დეკემბერს დღის 3 საათზე ათონელის რეზიდენციასთან აქციაზე მდგარ, სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულებს და მათი ოჯახის წევრებს, თუმცა პრეზიდენტისგან ზუსტი პასუხი არ მიუღიათ. აქციის დაწყებიდან ერთ საათში, შეკრებილებთან სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა. რეზიდენციის ეზოში პრეზიდენტის განცხადებას ხმაური და უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. შეკრებილები განსაკუთრებით იმ ფრაზამ გააღიზიანა, როდესაც ზურაბიშვილმა აქციას პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა და კითხვით მიმართა: „აქ რატომ მოვარდით?“ კითხვის საპასუხოდ, აქციის მონაწილეებმა კი მას შეახსენეს, რომ მათ მიერ არჩეული პრეზიდენტია და მსგავს მიმართვას მისგან არ იმსახურებენ.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ მას „ოცნებისგან“ განსხვავებით არ შეუწყალებია მურუსიძე და ჩინჩალაძე, მაგრამ ამის გასაპროტესტებლად ისინი ქუჩაში არ გამოსულან და დასძინა: „ჭორების ფონზე მოვარდნა არასწორია“.
აქციის მონაწილეებს, მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილმა უკვე ბრიფინგით უპასუხა. პროტესტის ფორმა ისევ გააკრიტიკა და პროცესის უკან, გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესზე მიანიშნა.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ზეწოლად და შანტაჟად შეაფასა. მისი განცხადებები აქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფად მიიღეს და უფრო მასშტაბური აქციები დააანონსეს.
„არა შეწყალებას!“ - ამ ლოზუნგით, ათონელის ქუჩაზე, ყოფილი ხელისუფლების დროს დაზარალებულები აქციების გაგრძელებას კვლავ აპირებენ. ისინი ამბობენ, რომ ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ იგი სააკაშვილის შეწყალებას აპირებს. ზურაბიშვილის მხრიდან ბრიფინგზე გაკეთებულმა კომენტარმა სააკაშვილის შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა. პრეზიდენტი ამბობს, რომ „მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“, - მას აღარ უთქვამს: „არა და არასდროს“.
ზურაბიშვილის ბრიფინგის დასრულებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები ელოდებოდნენ, რომლებმაც მისი განცხადებები შეაფასეს. ისინი ამბობენ, რომ შეურაცხმყოფელი იყო მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება. თქვეს, რომ ისინი საპროტესტო აქციაზე პირადმა ტრაგედიებმა მიიყვანა.
„ამდენი ადამიანი როგორ შეიძლება ხელისუფლებამ მართოს?! მე სულხანის ტკივილმა მომიყვანა, ია თავისი შვილის ტკივილმა.
მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში დაიწყება თბილისში და მთლიანად საქართველოში სისხლისღვრები, არეულობები და დესტაბილიზაცია, რაც უნდა მიხეილ სააკაშვილს.
როგორ შეიძლება მე მართული ვიყო, ძმა ჩამიდეს მიწაში, ადამიანმა მომიკლა ძმა, შვილები დაუხოცა ხალხს და ის ხალხი ვიყავით მოსული. უკვე ეჭვი მიჩნდება, რომ მართლა აპირებს შეწყალებას. ასეთ შემთხვევაში ვაპირებთ აქციებს“, – აცხადებს სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ათონელის სასახლესთან ადგილი უპრეცედენტო თავხედობას ჰქონდა, მისი ამომრჩეველი ასეთ მოქცევას არ იმსახურებს. პრეზიდენტს, რატომღაც, ჰგონია, რომ საზოგადოება მასთან ვალშია. არადა ამ დროს პირიქით არის, ის სადაც ახლა იმყოფება იმ ხალხის დამსახურებაა, რომლებიც ათონელის სასახელესთან მასთან შესახვედრად მივიდა. მან კი შეურაცხყოფა მიაყენა და ნორმალური პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა.
„საინტერესო ისაა, რომ ზურაბიშვილს მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვა მოსამართლეები ახლა გაახსენდა, არადა მას ამაზე პროტესტი 2018 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ ჰქონია. პრეზიდენტის მხრიდან ადგილი, ძალიან იაფფასიან სპეკულაციებს ჰქონდა. საუბარი იმაზე, რომ მას ვინმე აბულინგებს და ატერორებს, სიცრუეა, რადგან ბულინგს ხელისუფლების მისამართით ის ახდენს, იქედნურად ესაუბრება იმ ხალხს, ვინც ამ თანამდებობაზე მოიყვანა. ასეთი ქცევის გამო, ევროპის ნებისმიერი ჩინოსანი თანამდებობას რამდენიმე საათში დატოვებდა. ის შეუფერებლი საქციელი, რაც მან ჩაიდინა, გაუბედურებული, შვილმკვდარი დედების და მამების შეურაცხყოფა იყო. ასეთი შეურაცხყოფის მიყენება წარმოუდგენელია, ამას თავად „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელიც კი არ იკადრებს. სალომე ზურაბიშვილმა მასსა და საზოგადოებას შორის დიდი უფსკრული გააჩინა, ეს ყველაფერი ასე წყნარად არ დამთავრდება. მას ამ დღეს და უსაქციელობას ყოველ წუთს გაუხსენებენ. ასეთი დამოკიდებულება არავისგან მისაღები არ არის. იმედი მაქვს, რომ მას მისი მრჩევლები თუ სხვა პირები ურჩევენ, რომ ტონი შეარბილოს და ასე უდიერად ქართულ საზოგადოებას ნუ მიმართავს. ის არის ამ ხალხის მიერ დაქირავებული და არა პირიქით, ის თავის დროზე ამ ხალხმა აირჩია“, - ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება იმ ეჭვებს, რომელიც ზურაბიშვილის მისამართით გაჩნდა, აპირებს თუ არა ის დასავლეთიდან წამოსული ზეწოლის გამო სააკაშვილის შეწყალებას, აბაშიძე ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის პროგნოზირება რთულია და არაფერია გამორიცხული. მის რეზიდენციასთან ჩადენილი საქციელის და შემდეგ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებებით, დიდი ალბათობით, მას პოზიცია შეცვლილი აქვს.
„ეჭვები ადამიანის მიმართ ტყუილად არ ჩნდება ხოლმე. მაღალი ალბათობით, ზურაბიშვილზე ევროპის რამდენიმე დედაქალაქიდან ზეწოლა ხდება. ის ლაპარაკობს ისეთი ლექსიკით, როგორითაც უსაქციელო, ცალკეული ევროპარლამენტარი. თითქმის აღარ დარჩა ღონისძიება თუ მისი ინტერვიუ, სადაც ის ხელისუფლებას თავს არ ესხმოდეს. არა აქვს მნიშვნელობა, ზურაბიშვილის მეგობარი ევროპაში თუ ამერიკაში ვინ არის. ის უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის არჩეული პრეზიდენტია. ისე უნდა იქცეოდეს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს ეკადრება. მისი განცხადების შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის ნამდვილად არაადეკვატური ადამიანია და ნებისმიერი არაორდინალური გადაწყვეტილებაა მოსალოდნელი. არაადეკვატური ადამიანი ამხელა თანამდებობაზე კი არა, საერთოდ საჯარო სამსახურშიც არ უნდა იყოს“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს არ ეკადრება ისეთი მოქცევა, ელემენტარულად, ზდილობის და ეთიკის საკითხია, როდესაც შენთან შენი ამომრჩეველი მოდის, ამ ლექსიკით არ ესაუბრო.
„ამხელა თანამდებობის პირები საკუთარ მოქალაქეებს და ამომრჩეველს ამ ლექსიკით არ ელაპარაკებიან, მით უმეტეს ევროპაში, სადაურადაც ის თავს მიიჩნევს. რაც შეეხება სააკაშვილის შეწყლების საკითხს, მე იქით ვიხრები, რომ ის, სავარაუდოდ, შეწყალებას ფიქრობს. მასზე, როგორც ჩანს, გარედან სერიოზული ზეწოლაა, მაგრამ მას ეს უნდა ისე შეფუთოს, რომ ყველა ისრები მასზე არ გადატყდეს. მთავარი შესაფუთი მასალა კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იქნება. ამ სტატუსმა უკვე ჩვენი ქვეყნისთვის საკრალური მნიშვნელობა შეიძინა. შესაბამისად, სტატუსის მიღების პერსპეტქივით ფაქტობრივად, ყველაფერი მართლდება. მთავარია სტატუსი მივიღოთ და ყველაფერი მას უნდა ემორჩილებოდეს. თუ ეს ყველაფერი ასეა და ჩვენი პოლიტიკური კლასის უმრავლესობა ამის დამტკიცებას ცდილობს, რატომ არ შეიძლება, რომ სააკაშვილის შეწყალება ამ კუთხით გასაღდეს?! უკვე ისმის ხმები რომ სტატუსის მიღება-არმიღება იმაზე იქნება დამოკიდებული, სააკაშვილი ციხის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდება თუ არა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილის ციხიდან გაშვების მიუხედავად სტატუსი მაინც არ მოგვცენ“, - ამბობს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, არ არის გამოირცხული, რომ ზურაბიშვილს კარს მიღმა, სააკაშვილის შეწყალებას ბევრად მნიშვნელოვანი ევროპელი ლიდერები სთხოვდნენ. ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, თუნდაც საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი მას ტელეფონით ურეკავდეს და ამაზე ესუბრებოდეს. იგივე შეიძლება სხვა ლიდერებზეც იყოს საუბარი.
„ევროკავშირის 15 ელჩი და ამერიკის წარმომადგენელი იუსტიციის მინისტრს სააკაშვილის თემაზე შეხვდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპაში ამ საკითხის მიმართ ინტერესი არსებობს. იუსტიციის მინიტრს, სავარაუდოდ, ის მესიჯი გადასცეს, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის უკეთესი იქნებოდა სააკაშვილი გარეთ იყოს. როცა ევროკავშირის 15 ელჩი იუსტიციის მინისტრს ხვდება და სასაუბრო თემა სააკაშვილია, ეს უკვე სიმპტომია. ამ შემთხვევაში კი, გამოდის, რომ ზურაბიშვილი მათთვის ყველაზე კარგი დასაყრდენი აღმოჩნდეს. „ოცნებასთან“ არცთუ გულთბილი დაოკიდებულება აქვთ და ზურაბიშვილი მაინც მათთვის მისაღები პოზიციების მქონე პოლიტიკოსია. იმ გზავნილების გამო, რასაც ის თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში აჟღერებს და ხელისუფლების პოლიტიკისგან განსხვავდება, რა თქმა უნდა, ისინი მიიჩნევენ, რომ ზურაბიშვილი ის ფიგურაა, რომელიც შექმნილ სიტუაციაში მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამბობს ანჯაფარიძე.