რუსული ხაფანგი - რა კარტს მალავს რუსეთი სახელურში?

რუსული ხაფანგი - რა კარტს მალავს რუსეთი სახელურში?

მოსკოვისთვის პრიორიტეტულად რჩება საქართველოს სავიზო რეჟიმის გაუქმება. დენის გონჩარი არ არის ერთადერთი რუსი მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივას არ გამორიცხავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი არ გამორიცხავს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

„2012 წელს ჩვენ უყოყმანოდ დავუჭირეთ მხარი თბილისის მიერ შემოთავაზებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ახლა კი, მიუხედავად რთული საგარეო ვითარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთქმედება ვითარდება. მიმდინარე წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ერთნახევარჯერ გაიზარდა და 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობის პარალელურად, მაჩვენებლები იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით.

რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, მინდა გავიხსენო, რომ ისინი თბილისის ინიციატივით 2008 წელს გაწყდა, რომელიც სამწუხაროდ, განაგრძობს მისი აღდგენის შესაძლებლობის თავისი პოლიტიკური მოთხოვნებით გარშემორტყმას, რომლებიც რეგიონში ახალ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამრიგად, ბურთი კვლავ ქართულ მხარესაა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივებს, არ გამოვრიცხავთ პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებას, როგორც კი ამის აუცილებელი წინაპირობა ჩამოყალიბდება“, - განაცხადა მიხაილ გალუზინმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა რუსულ გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვმა შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენები განაახლოს, ასევე, განიხილება საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმება. თუმცა, რუს დიპლომატს არ დაუკონკრეტებია რის საფუძველზე არ გამორიცხა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება.

რუსეთის ამ განცხადებების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე განმარტავს, რომ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას ექნება გარკვეული წინაპირობები, რის შესრულებასაც საქართველო არ აპირებს, რადგან საქართველოს საგარეო პრესპექტივა განსაზღვრულია, რომლის შეცვლა არ გამოვა.

დიპლომატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი მოლაპარაკება ჯერ-ჯერობით არ მიმდინარეობს, თუმცა რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს, მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთოს, ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში, როდესაც შესთავაზა მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობა.

„ამიტომ, მე არა მგონია ეს მთლად გულწრფელი განცხადება იყოს და ახლა, უცებ, მოსკოვს საქართველოსთან დათბობის ჟინი გაუჩნდა. ისინი, ალბათ, საერთაშორისო მეგობრობას, როგორც უკრაინის შემთხვევაში, ეუბნებიან, რომ ჩვენ გვინდა კონფლიქტები მოვაგვაროთო. სავიზო რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება პირდაპირ არ უკავშირდება ტერიტორიულ საკითხს, ეს არაა აფხაზეთის რკინისგზის გახსნა.

ამ საკითხზე შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება, მაგრამ საჭიროა კარგად იქნეს გარკვეული. ყოველ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა საშუალება და რაც შეიძლება სწორი დასკვნა გააკეთოს, საიდან უბერავს ქარი, ანუ რა არის მოსკოვის სურვილი ამ შემთხვევაში. ცუდი იმაში არაფერი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ერთით ნაკლები სადავო თემა ექნება რუსეთთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს სახელურში მონიშნული კარტი არ აქვს დამალული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, გასაგებია რუსეთის ინტერესი, გეოპოლიტიკური განხეთქილების პირობებში, როცა ის თავისუფლდება მოკავშირეებისგან, არ უნდა საქართველოც, საბოლოოდ, აღმოჩნდეს მის მოწინააღმდეგეთა ბანაკში, რაც უკვე მომხდარი ფაქტია და ამიტომ ცდილობს, რაღაცა გარკვეული პირობების დაყენებას, გარკვეულ შეტყუებას, რომ სავიზო რეჟიმის აღდგენა სურს.

„რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესშია გაუქმდეს სავიზო რეჟიმი, მაგრამ იმ პირობით, რომ რაღაც სარგებელი მივიღოთ. მიღება იქნება ის, რომ საქართველომ შეასუსტოს უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა და ნელ-ნელა ნეიტრალურ პოზიციაზე გადავიდეს და, საბოლოო ჯამში, რუსეთის მოკავშირე გახდეს. ეს არის რუსეთის ინტერესი, მაგრამ ეს არ გამოვა, ამიტომ ნაკლები პერსპექტივა აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტორს სურვილებს“, - ამბობს ზარდიაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს არ აქვს რუსეთთან სავიზო რეჟიმი. შესაბამისად, თუ ყოველგავრი პირობების გარეშე მოხდება სავიზო რეჟიმის გაუქმება, ცხადია, ეს საქართველოსთვისაც ხელსაყრელი იქნება, იგივე ეკონომიკური ურთიერთობების და მოგზაურობის თვალსაზრისით.

„მოგეხსენებათ, რომ რუსეთში ძალიან ბევრი ქართველია, ბევრი მათგანი, სამწუხაროდ, რუსეთის მოქალაქე გახდა და მათ, რა თქმა უნდა, გაუადვილდებათ საქართველოში მოგზაურობა და ეს კარგია. ცხადია, ამაში ეკონომიკური ინტერესიც არის, მაგრამ არავითარ შეთხვევაში არ შეიძლება პოლიტიკური წინაპირობა დადგეს ამისათვის და საქართველოს მოსთხოვონ მეტი ლოიალობა რუსეთის ფედერაციის მიმართ ამ საერთაშორისო კონიუნქტურის, გეოპოლიტიკური განხეთქილების და დაპირისპირების პირობებში, რაც არსებობს რუსეთსა და დასავლეთს შორის.

საქართველოს ორიენტაცია და პოზიცია აქ ცალსახაა - საქართველო სრულად უჭერს მხარს უკრაინას და გმობს რუსეთის აგრესიას. ბუნებრივია, დასავლეთის მხარეს არის და არაფერი ამ პოზიციის შეცვლას არ ემუქრება და ვერც ის, რომ რუსეთმა სავიზო რეჟიმი გააუქმოს და ამის გამო საქართველომ პოზიცია შეიცვალოს, ეს არ მოხდება, გამორიცხულია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

Aburjga Tasmanieli საბჭოთა კავშირი უნდა აღდგეს, საბჭოთა კავშირი უნდა დაბრუნდეს!
Back In The U.S.S.R.
ბმული /> დიდება საბჭოთა კავშირს, დიდება საბჭოთა ხალხს! დიდება საბჭოთა საქართველოს!
დიდება სტალინს!
დიდება ლავრენტი პავლეს ძე ბერიას!
1 წლის უკან
მარადონა რომ არ ვიცოდე თქვენი სხვა კომენტარები, ვიფიქრებდი, ხუმრობს, ვიღაცაა თქო. D)))
აფსუს, ძია სოსოს მაინც დაანახა თქვენი ნოსტალგიური განწყობა. :))
1 წლის უკან