მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა წერილით მიმართა რუს ბლოგერს, მარკ ფეიგინს და მოახსენა, რომ პუტინმა ნამდვილად გასცა მისი ციხეში მოკვლის ბრძანება. მეტიც, როგორც მსჯავრდებული წერს, ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა ზუსტად დაადგინეს, რომ ქართულ ციხეში მოწამლეს და ყველა სიმპტომის გამომწვევი გახდა მოწამვლა, რომელსაც, სააკაშვილის წერილის შეინაარსით თუ ვიმსჯელებთ, ცდილობს, რომ გაუძლოს.
მარკ ფეიგინი, რომელიც დაპირისპირებილია რუსეთის ხელისუფლებასთან და გამოკვეთილად პროუკრაინელია, მიმართვის საპასუხოდ, სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ აქვთ მიხეილ სააკაშვილის დახმარების გეგმა, მაგრამ დაელოდებიან საქართველოს მთავრობის რეაქციას. რუსმა ბლოგერმა სააკაშვილის მიერ მისთვის მიწერილი წერილიც გამოაქვეყნა წარწერით: „მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხის საავადმყოფოდან. თუ არაფერი გაკეთდება, მიხეილ ნიკოლაევიჩი დაიღუპება“, - წერს მარკ ფეიგინი „ტვიტერში“ და კიდევ ერთ პოსტში სააკაშვილის დახმარების გეგმაზე საუბრობს.
„ჩვენ გვაქვს მიხეილის დახმარების გეგმა, მაგრამ დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაქციას. თუ არაფერი მოხდება, მაშინ ჩვენ დავიწყებთ მოქმედებას. მაგრამ ყველა უნდა იყოს ჩართული ამ გეგმაში“, - წერს მარკ ფეიგინი „ტვიტერში“.
სააკაშვილი-ფეიგენის სოციალური ქსელით მიმოწერების პარალელურად, რა თქმა უნდა, ისევ აქტუალური გახდა ექსპერტიზის ჩატარება. სააკაშვილი და დაცვის მხარე ცდილობენ დაარწმუნონ საერთაშორისო საზოგადოება, რომ სააკაშვილი ქართულ ციხეში მოწამლეს, მაგრამ უარს ამბობს მისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სააკაშვილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს, შესაბამისად, სახელმწიფოს შეთავაზეს ჩამოიყვანონ ევროპიდან ან ამერიკიდან ავტორიტეტული საექსპერტო ბიუროს ექსპერტები და კვლევა უცხოეთში ჩაატარონ.
„ვინაიდან ყოფილი პრეზიდენტის ციხეში შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებითა ეჭვი არსებობს, ისინი სახელმწიფო უწყების ექსპერტიზას უნდობლობას უცხადებენ. გახსოვთ, ერთხელ უკვე აიღეს სისხლის ანალიზი, ჩვენ ნებართვა მივეცით, გაირკვა, რომ თურმე, ეს სისხლი საკმარისი არ არის. თვითონ ვერ იყვნენ ჩამოყალიბებული, ახლა ჩამოყალიბებული აქვთ პოზიცია სამხარაულის საექსპერტო ბიუროსთან, ამაზე ჩვენ უარი რამდენიმე მოტივით ვუთხარით და ჩვენი ალტერნატივა შევთავაზეთ. ნიმუშების აღებაზე უარს არ ვეუბნებით.
ჩვენ მიერ მოპოვებული საექსპერტო დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის მოწამვლა პენიტენციურ დაწესებულებაში, ანუ სახელმწიფო დაწესებულებაში მოხდა, თუკი, ეს სახელმწიფო დაწესებულებაში მოხდა, სახელმწიფომ ექსპერტიზა როგორ უნდა ჩაუტაროს?! შესაბამისად, შევთავაზეთ, ევროპული სახელმწიფოების, ასევე აშშ-ს რომელიმე ავტორიტეტული საექსპერტო ბიუროდან ექსპერტები ჩამოიყვანონ, მათ აიღონ ნიმუშები, ჩემ თვალწინ დალუქონ, ამას დაასწრონ ჩვენი ექსპერტები, წაიღონ და უცხოეთში ჩაატარონ. საგამოძიებო მოქმედებაზე უარი არ გაგვიცხადებია, უბრალოდ, უნდობლობას ვუცხადებთ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, რომლის ხელმძღვანელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერი“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
სააკაშვილის და მისი დაცვის სტრატეგია, რომ მსჯავრდებულის საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლებაა, ეს კარგად იცის პარლამენტის თამჯდომარემ. შესაბამისად, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ადვოკატი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ყველაფრის მიზანია, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა შეირყეს.
„ამ ყველაფერში თან უნდათ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების, სხვადასხვა დაწესებულებების მიმართ ნდობა შეარყიონ, არადა, თავად იმ ადვოკატებს, რომლებიც ჩართულები არიან, დარწმუნებული ვარ, თავისი პროფესიული კარიერის მანძილზე მრავალჯერ მიუმართავთ სამხარაულის ეროვნული ბიუროსთვის და მრავალჯერ მათ ექსპერტიზაზე დაყრდნობით პროცესები უწარმოებიათ.
რაც შეეხება მოწამვლას, ჩვენ ვნახეთ, დილით ამბობს იგივე ადვოკატი, რომ მოწამლეს, საღამოს უარყოფს, რომ - არა, არ მოწამლეს. დილით ამბობს მისი რომელიმე მეგობარი, ან იქნება სტატია თუ რეპორტაჟი ამა თუ იმ ტელევიზიაში, რომ სააკაშვილი მოწამლეს, საღამოს თავად სააკაშვილი ამბობს, რომ არავის მოუწამლია - წარმოუდგენელია. დასკვნები, რომელიც ათას გვერდზეა, თითქოს საზოგადოებას შინაარს არ აცნობენ. პირდაპირი მანიპულაცია იყო ანალიზში, როდესაც მითითებული იყო რაღაც მაჩვენებელი და არ იყო მითითებული, რა ითვლებოდა ზედა და ქვედა ზღვრად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამხარაულის ბიურო არის საერთაშორისო ქსელის ნაწილი და დღეს, როდესაც შალვა ხაჭაპურიძეს არ აწყობს სამხარაული, უკვე აღარ არის სანდო?!
„სამხარაულის ბიურო იმავე სტანდარტებს აკმაყოფილებს, რასაც საერთაშორისო ლაბორატორიები ევროპაში და ევროპული ლაბორატორიები თუ უზიარებენ სამხარაულს მონაცემებს და პირიქით, ერთმანეთს თუ ენდობიან, მათ შორის საერთაშორისო ოპერაციებში, დღეს, როდესაც ბატონ ხაჭაპურიძეს არ აწყობს სამხარაული, არ არის სანდო?! ასეთი მტკიცება არასწორია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სააკაშვილის მიმართვა რუსი ბლოგერისთვის და მისი პასუხი, რომ აქვთ სააკაშვილის გათავისუფლების სპეციალური გეგმა; ადვოკატის განცხადება, რომ სააკაშვილი არის მოწამლული, მაგრამ არ ენდობიან სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ექსპერტიზის ბიუროს, ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, მიმართულია ქვეყანაში დესატაბილიზაციისაკენ, რომ ხელისუფლების მიმართ გაჩნდეს უნდობლობა დასავლეთის მხრიდან.
„უკვე საერთაშორისო შეთქმულების სახეს იღებს ეს ყველაფერი. არამარტო სააკაშვილი და ჩვენი ნაცები, არამედ მათი საზღვარგარეთელი პარტნიორები და მეგობრები ერთად უტევენ ხელისუფლებას, ქვეყანას, სახელმწიფოს. ფაქტობრივად, ისინი ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც ყოვლად წარმოუდგენელია - ითხოვენ სამართლის უარყოფას და მათი ნების დაყოლას, რომ გაანთავისუფლონ სააკაშვილი. გამორიცხულია ეს მოხდეს.
თუ ეს გააკეთა ხელისუფლებამ და სააკაშვილი კანონის გვერდის ავლით გაანთავისუფლა, ამას მოჰყვება დიდი არეულობა ქვეყანაში და, საბოლოო ჯამში, მოხდება დესტაბილიზაცია. ერთადერთი, რაც ახლა ხელისუფლებას ევალება, მტკიცედ უნდა იდგეს და არ დაუშვას, რომ კანონის გვერდის ავლით წარმატებას მიაღწიოს ამ შეთქმულებამ, რომელიც სახელმწიფოს სტაბილურობის წინააღმდეგ არის მიმართული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ რუსი ბლოგერისთვის მიმართვა შემთხვევითი არ არის. ფეიგინი ძალიან დიდი ხანია კრიტიკულია პუტინის მიმართ და ასევე მხარს უჭერს უკრაინას. მისი თქმით, ასეთი ადამიანისთვის მარტო ზელენსკის ნათქვამიც დასაჯერებელია, რაც არაერთხელ თქვა ზელენსკიმ და ახლა გაგრძელდება ფეიგენის მხიდან. ამიტომ, საყვარელიძის შეფასებით, სააკაშვილის მიერ ნახსენები ვერსია, რომ მოწამლა პუტინმა, სრულიად დამაჯერებელი ვერსიაა ფეიგინისთვის.
„გავიხსენოთ ზელენსკის ბოლო შეფასება, სააკაშვილი აღქმული არის როგორც პუტინთან ბრძოლის სიმბოლო. ზედაპირულად ასეც იყო. ფაქტია, რომ ომი იყო, მაგრამ ეს ომი სამ დღეში დამთავრდა, მაშინ, როდესაც 90-იანებში სააკაშვილის გარეშე წელიწადზე მეტი ხანს შეძლეს ქართველებმა რუსებთან საომარი მოქმედება. ომიდან ძალიან მალე ყველა სტრატეგიული ობიექტის 90% გადაუფორმეს რუსებს. ეს დეტალები ნიშნავს იმას, რომ იბრძოლა სააკაშვილმა პუტინთან? თუ ბრძოლის იმიტაცია იყო? დგება ეს საკითხი, ოღონდ არ დადგება ეს საკითხი ზელენსკის, ფეიგინის და მსგავსი ფიგურების მიერ“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება ექსპერტიზის მიმართ გამოხატულ უნდობლობას, პოლიტოლოგის შეფასებით, ამ ლოგიკით ნებისმერ პატიმარს შეუძლია დააყენოს უნდობლობის საკითხი, რადგან ციხე სასიამოვნო არავისთვის არ არის. შესაბამისად, სასამართლო და ისინი, ვინც ამ სასამართლო სისტემის ნაწილებს წარმოადგენენ, ექსპერტიზის ჩათვლით, რა თქმა უნდა, შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.
„ასეთი სტრატეგია დამანგრეველია. ფაქტობრივად, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს სამართალწარმოებას ასეთ პირობებში. უნდობლობა სახელმწიფოს მიმართ ეს კიდევ ცალკე თემაა. უბრალოდ, რახან დაიწყო დასავლეთმა სააკაშვილის დაცვა, უნდობლობა სახელმწიფოს მიმართ არა მარტო პატიმრის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც ჩანს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ უკარაინას, რომელიც ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომში ჩაებმებოდა. იგივე გზა გრძელდება - უნდობლობის მთელი კამპანია არის შედგენილი, რაც ფაქტობრივად, პოლიტიკური კამპანია, პოლიტიკური ვერდიქტია, რომ არ უნდა ვენდოთ და გავაგრძელოთ ბრძოლა ამ პათოსით, სანამ მოვახერხებთ. აქ არის რამდენიმე მომენტი, ამ უნდობლობის პროცესში საკვანძო ფიგურა გამოდის ზელენსკი, რომელიც პორეშენკოს მემკვიდრე გახდა იმაში, რომ გადაიბარა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკოსების მთელი ჯგუფი სააკაშვილის ჩათვლით. ეს ნაბიჯი იყო უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ. აქედან იწყებოდა ის, რომ უკრაინამ პოლიტიკურ დაპირისპირებაში ერთ-ერთის მხარე დაიჭირა, კერძოდ - „ნაცმოძრაობის“. როდესაც უცხოეთის რომელიმე მხარე შიდა დაპირისპირებაში რომელიმე მხარეს იჭერს, მერე ბუნებრივია, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი დაიწყებს საგარეო მექანიზმების და ბერკეტების გამოყენებას,
რასაც ვხედავთ კიდეც. „ნაცმოძრაობის“ ეს ნაწილი, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ცდილობს, მთლიანად საგარეო პოლიტიკაზე არის ორიენტირებული. „ნაცმოძრაობამ“ შიდა არენაზე ბრძოლას თავი დაანება და თავისი მიზნების მისაღწევად უცხოეთს იყენებს. ამ სტრატეგიის ნაწილია ისიც, რომ განაცხადონ - არ ვენდობით სახელმწიფოს და ვენდობით უცხოელ ექსპერტებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
,,მოსული,, საქმეა. ასე რომ მიშა ყველას შეეკვრება