„ქართული ლეგიონის“ წევრებს „ნაცმოძრაობა“ ვერ გამოიყენებს საქართველოში არეულობის მოსაწყობად, რადგან მათი უმეტესობა სააკაშვილს ეწინააღმდეგებოდა, როცა სააკაშვილი ებრძოდა პროდასავლელ პოროშენკოს“

„ქართული ლეგიონის“ წევრებს „ნაცმოძრაობა“ ვერ გამოიყენებს საქართველოში არეულობის მოსაწყობად, რადგან მათი უმეტესობა სააკაშვილს ეწინააღმდეგებოდა, როცა სააკაშვილი ებრძოდა პროდასავლელ პოროშენკოს“

უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლების შესახებ აზრი ორადაა გაყოფილი, რომ მათი ნაწილი ფულის სანაცვლოდ იბრძვის, ნაწილი კი თავისუფლების იდეისთვის. ორივე შემთხვევაში, ეს ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ, რაც საქართველოს გენოფონდის დანაკლისია.

რაც შეეხება უშუალოდ „ქართულ ლეგიონს“, ეს ადამიანებიც თავდადებულად ებრძვიან პუტინის დამქაშებს, მაგრამ „ნაციონალებთან“ სიახლოვის გამო ხიფათის შემცველებად აღიქმებიან. პრობლემა ისაა, რომ მათ ვერ მონახეს თავიანთი ადგილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და უკრაინაში გადამისამართდნენ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ ადამიანებში ჩვენი ხელისუფლება ოპონენტ ძალას ხედავს, რომელიც შეიძლება „ნაციონალებმა“ პარტიული დავალებისთვის გამოიყენონ თუნდაც იმის გამო, რომ ნაცებმა საქართველოში მყოფ ძალოვანებში თავიანთი დასაყრდენი ვერ მონახეს.

სხვათა შორის, ამავე დასახელების „ქართული ლეგიონი“ მეორე მსოფლიო ომის დროსაც მოქმედებდა. ეს სამხედრო ფორმირება მესამე რაიხის მხარეს იბრძოდა და მათ ფიურერად ადოლფ ჰიტლერი ითვლებოდა. იმდროინდელ „ქართულ ლეგიონს“ კეთილშობილური იდეა ამოძრავებდა - საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება, რომელიც 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დავკარგეთ. მაშინდელი „ქართული ლეგიონის“ გამოჩენილი მეთაურები შალვა მაღლაკელიძე, მიხეილ წულუკიძე, სოლომონ ზალდასტანი ვიწრო პარტიულ დაპირისპირებას არ დაუშვებდნენ. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ვერმახტის ქართულ ბატალიონებს პატრიოტული დასახელებები ჰქონდა: „გიორგი სააკაძე“ „ერეკლე მეორე“, „დავით აღმაშენებელი“, „თამარ მეფე“, „შოთა რუსთაველი“, „ილია ჭავჭავაძე“. უბრალოდ, მათ მეორე ბოროტი ძალის - ფაშისტების დახმარებით უნდოდათ პირველი ბოროტი ძალის - ოკუპანტი რუსების დამარცხება.

რამდენად არის იმის ალბათობა, რომ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მებრძოლები ნაციონალებმა საქართველოში პოლიტიკურ არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ?

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის აზრით, უკრაინაში მებრძოლ „ქართული ლეგიონის“ წევრებს თუ რა პოლიტიკური მიზანი ექნებათ სამომავლოდ, ეს აშკარად რისკის შემცველია, რადგან „ქართულ ლეგიონს“ სათავეში უდგას პოლიტიკურად ანგაჟირებული მამუკა მამულაშვილი. ეს ადამიანი ჩვეულებრივი ნაცია, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია. ამას ემატება მეორე რისკ-ფაქტორიც, ადამიანი, რომელიც შედის უცხოურ სამხედრო დანაყოფში, საქართველოსთან სამართლებრივ კავშირს კარგავს, არავითარი ვალდებულება საქართველოს მიმართ არ გააჩნია, რადგან საქართველოს მოქალაქეობა აღარ აქვს, ის გადის საქართველოს მოქალაქეობიდან.

„ადამიანი, რომელიც უცხო სახელმწიფოს აძლევს ფიცს, საქართველოს მოქალაქე ვეღარ იქნება. რამდენადაც ცნობილია, „ქართული ლეგიონი“ გახლავთ უკრაინის ოფიციალური სამხედრო შენაერთი, ის მოქმედებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინირებულად. ეს ნიშნავს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს და ავტომატურად საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის გაწყვეტას. ამდენად, არასასურველი იქნება ამ პირების ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, ეს იქნება არჩევნების თემა, თუ პარტიული მოღვაწეობა. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც შეიარაღებული რაზმი გამოგზავნონ უკრაინიდან, ნებისმიერი ფორმით მათი ჩარევა ეს იქნება საქართველოს შიდა საქმეებში მონაწილეობა. ეს აღიქმება საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებად და ჩვენმა უშიშროებამ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება, ალბათ, აქცევს კიდევაც ყურადღებას“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.

ამასთან, განმარტავს, რომ „ქართული ლეგიონის“ საქმიანობა თუნდაც იმის გამო ხდება სახიფათო და საშიში, რომ ამან შეიძლება მოიტანოს სერიოზული კონფლიქტი საქართველოსა და უკრაინას შორის.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „ნაციონალების“ მხრიდან „ქართული ლეგიონის“ წევრების გამოყენების საშიშროებას ვერ ხედავს. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარეობს სერიოზული ომი, თვითონ „ქართულ ლეგიონშიც“ ორად არიან დაყოფილნი და იქ „ნაცმოძრაობის“ მომხრე დაჯგუფება ძალიან მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. ვახტანგ მაისაიას აზრით, ნაციონალურად მხოლოდ მამულაშვილის დაჯგუფებაა განწყობილი, დანარჩენები იქ აპოლიტიკური ადამიანები არიან.

უფრო მეტიც, ეს ადამიანები თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის დაჯგუფებას გამოეყვნენ და სააკაშვილის წინააღმდეგნიც კი იყვნენ, რადგან სააკაშვილი მაშინ ებრძოდა პროამერიკელ, პროდასავლურ ხელისუფლებას პოროშენკოს სახით.

„სააკაშვილის ქმედება ეს იყო რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა, რადგან პოროშენკო იყო ერთადერთი პროდასავლური ტიპის ხელისუფლება, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა უკრაინის დემოკრატიულ გზაზე დაყენებასა და პროდასავლური საგარეო პოლიტიკური ვექტორის განვითარებაში. სწორედ პოროშენკოს დროს კონსტიტუციაში შევიდა ის ცნობილი პუნქტი, როდესაც დაფიქსირდა, რომ უკრაინა უნდა გაწევრიანებულიყო ნატოსა და ევროკავშირში და მერე ეს ჩვენმა ხელისუფლებამ გადმოიღო „კოპი- პეისტით“, ამიტომ პოროშენკოს ვინც უპირისპირდებოდა, ის აკეთებდა კრემლის და მოსკოვის საქმეს. როგორც ჩანს, ეს ჩვენმა ქართველებმა, რომლებიც იმ პერიოდში უკრაინაში იმყოფებოდნენ და ეხმარებოდნენ უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, კარგად გაიაზრეს, აბსოლუტურად გამოეყვნენ ნაციონალების დაჯგუფებას, ბევრი მათგანი გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მეომარი, ოფიციალურად მოხდა მათი ინტეგრირება უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. მოგვიანებით უკვე აგრესიის მსხვერპლმა უკრაინამ მიიღო კანონი, რომლითაც მოხალისეებს ლეგალურ უფლებას აძლევდა, მონაწილეობა მიეღოთ საომარ მოქმედებებში რუსეთის წინააღმდეგ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge- სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, უკრაინაში მყოფი ქართველები არ არიან დაქირავებული მებრძოლები, რადგან დაქირავებული მებრძოლები უკანონო ტიპის მებრძოლები არიან. მაგალითად, რუსეთის მხარეს კერძო დაქირავებული მებრძოლები იბრძვიან, მათ შორის, აფხაზი და ოსი სეპარატისტები, „ვაგნერის“ წევრები, მათი ლეგალიზებაც კი არ ხდება რუსულ სამართლებრივ სივრცეში, უკრაინამ კი სერიოზული სამართლებრივი აქტი მიიღო, რადგან უკრაინა რუსული სამხედრო აგრესიის ქვეშ იმყოფებოდა და ყველას მოუწოდებდა, მისთვის დახმარების ხელი აღმოეჩინათ.

ამდენად, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, უკრაინაში მებრძოლი ადამიანები, მათ შორის, ქართველები არიან კანონიერი მებრძოლები. მათი ერთ დონეზე დაყენება რუსეთის მხარეს მებრძოლ აფხაზ და ოს სეპარატისტებთან წარმოუდგენელი მკრეხელობაა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მცდარ ვარაუდს ეფუძნება შიში, თითქოს „ქართული ლეგიონის“ წევრებს ნაციონალები გამოიყენებენ საქართველოში არეულობის მოსაწყობად, ვინაიდან ნაცების თემა დიდი ხანია, ჩამოწერილია. ნაცები თვითონვე ვერ გარკვეულან, რა უნდათ და დაშლის პირას არიან. ნაცები დაემსგავსნენ პოლიტიკურ გვამს.

 

რომანი ფრაზაში - უკრაინა გაიმარჯვებს შინაარსობრივი აბსურდია, მასში მხოლოდ სურვილი და თავის მოტყუებაა რისი დიდოსტატიც არის ჩვენი ტვინი. მეორე ასპექტი არის ამ ომში ჩარეული ქართველების მხრიდან არსებული საშიშროება ჩვენი ქვეყნისთვის. მრავალი მათგანი პოლიტიზირებულია, თავის დროზე სააკაშვილს მიერ არიან წაყვანილნი და 2014 წლის გადატრიალებაში მიიღეს მონაწილეობა, ეს ცნობილია. ახლა, უკვე , საომარი გამოცდილებაც შეიძინეს და, გარკვეულწილად, სათანადო დროს ელოდებიან, რომ არსებული ხელისუფლება დაამხონ და კვლავ სააკაშვილი დააბრუნონ. ეს მილიტარიზირებული ჯგუფი, რომელიც, სამწუხაროდ, დიდწილად, საქართველოს ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი კუთხის წარმომადგენლებისგან შედგება, ფაქტიურად, სააკაშვილის პრეტორიანული გვარდიაა. არესტოვიჩის განცხადებები საქართველოზე ძალის პროექციის განვრცობის შესახებ სწორედ ამ ხალხის გამოყენებას გულისხმობს. რუსეთის დაშლა კი მანამდე, სანამ, ჩვენ ნატოში არ მიგვიღებენ ( რაც, ჯერ-ჯერობით, საშიში ილუზიაა) ანუ სანამ დამცველი არ გვეყოლება, ღმერთმა არ ქნას, რადგან იგივე ჩეჩნებისგან, რომელთანაც დაპირისპირება უკვე უკრაინის ფრონტზე სულ უფრო კრიტიკული ხდება, რეალური საშიშროება გველის და, არა მარტო მათგან, არამედ
ზოგადად, ჩრდილოკავკასიელებთან და აფხაზებთან, რაც უაღრესად დიდ რისკებს შეიცავს ჩვენი მომავლისათვის. წინდაუხედაობა ჩვენი თვისებაა, ბევრი დავუშავეთ უკვე ქვეყანას, მისი მიზეზით. ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვები - გაუფრთხილდით საქართველოს, არასდროს ყოფილა ასე აქტუალური.
1 წლის უკან