იმ დროს, როდესაც უკრაინელები საქართველოსგან, ფაქტობრივად, განიარაღებას ითხოვენ და იმ მცირე რაოდენობის იარაღის ჩუქებას გვთხოვენ, რაც საქართველოს ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეიარაღებული კონფლიქტების დროს შეუძენია, ნატო პარალელურ რეჟიმში მთელ მსოფლიოში დაეძებს საბჭოთა შეიარაღებას. რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს, უკრაინაში დღეს საბჭოთა ტექნიკით უფრო ომობენ, ვიდრე თანამედროვე იარაღით, რადგან საბჭოთა ტანკების, ჭურვების, ქვემეხების გამოიყენება პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხისთვის გაცილებით მარტივია. არც თვეების მანძილზე გადამზადებას საჭიროებს და არც ძვირი არ ჯდება მისი შესწავლა. ასე რომ, საბჭოთა ჟანგიან ტექნიკას კი დავცინით, მაგრამ ეს ტექნიკა უკრაინაში დღეს ყველაზე მეტად ფასეულია.
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, მაგრამ არა სამხედრო დახმარებას. თუ რა არის ამის მიზეზი, წესით, ამას უკრაინელები უთქმელადაც უნდა ხვდებოდნენ. თუკი პოლონეთს ან ჩეხეთს შეუძლიათ უკრაინა საბჭოთა ტექნიკით მოამარაგონ ისე, რომ რუსეთის არ შეეშინდეთ, ეს ნატოს ზურგით აიხსნება, მაგრამ საქართველოს მყარი გარანტიები არ აქვს.
ისე, უკრაინაში ხუმრობენ კიდეც, რომ რუსეთისგან უფრო მეტი იარაღი „მიიღეს“, ვიდრე პარტნიორებისგან. აქ იგულისხმება ის ნადავლი, რომელიც უკრაინელებმა რუსებისგან ჩაიგდეს ხელში. ჯერ კიდევ სექტემბერში უკრაინაში მიტოვებული რუსული ტექნიკა შთამბეჭდავად გამოიყურებოდა - 400 ტანკი, 700 ჯავშანტექნიკა, 170 საარტილერიო სისტემა. უპრეცედენტო ნადავლის გამო უკრაინელებმა იზიუმის ტყეებს „შერვუდის ტყეები“ დაარქვეს, მიტოვებულ რუსულ საწყობებს კი „ალადინის გამოქვაბულები“.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინელებს თითქოს ამზადებენ იმისთვის, რომ თანამედროვე იარაღის გამოყენება ისწავლონ, მაგრამ ისიც რეალობაა, რომ უკრაინელებმა გაცილებით უკეთ იციან საბჭოთა იარაღის გამოყენება.
„რამდენად სწორია, რომ ნატო საბჭოთა სამხედრო ტექნიკას უკრაინისთვის აგროვებს, ეს არ ვიცი, მაგრამ გაურკვეველი იყო საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადება, საქართველოს ვთხოვეთ იარაღიო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ ერთი, არა მგონია, იმ რაოდენობის იარაღი გვქონდეს, ერთი დღე მაინც ეყოს უკრაინას. მეორეც, რაც გვაქვს, ისიც თუ გავეცით, ჩვენ რა დაგვრჩება?! თუკი ნატო გვთავაზობს, საბჭოური იარაღი მივცეთ და სანაცვლოდ მოგვცემს ახალ შეიარაღებას, ამას რა სჯობს, თანამედროვე იარაღის გამოყენებისთვის დროც გვაქვს და ვისწავლით კიდეც ამ ტიპის იარაღის გამოყენებას, მაგრამ რამდენად რეალურია ასეთი შეთავაზება? არა მგონია, საქართველოს მიერ იარაღის გადაცემა უკრაინისთვის სახიფათო იყოს რუსეთიდან საფრთხის თვალსაზრისით, რადგან ჩვენ იარაღს უშუალოდ უკრაინას არ მივცემთ, უბრალოდ, საბჭოთა იარაღს გავუცვლით ნატოს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge- სთან საუბრისას.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განმარტებით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნატო მთელ ევროპაში და ევროპის გარეთაც ეძებს საბჭოთა პერიოდის შეიარაღებას, ძირითადად ჭურვებს, ტანკებს, ქვემეხებს. თუმცა თვითონ ევროპაშიც აღარ არის ამ ტიპის შეიარაღება. სლოვენია, სლოვაკეთი, კიდევ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია საბჭოთა პერიოდის ტექნიკა, სწორედ ეს ქვეყნები გადასცემენ უკრაინას საბჭოთა შეიარაღებას. იმის გამო, რომ ეს ქვეყნები ნატოს წევრები არიან, გერმანია სლოვენიას სანაცვლოდ გადასცემს თავის უახლეს იარაღს, ახალ ტანკებს- „გეპარდებს“, რათა სლოვენიამ საბჭოთა „ტე- 72“- ები დაუთმოს უკრაინას. საბოლოო ჯამში, ასი ტანკი გროვდება.
„თანამედროვე ტექნიკის პრობლემა ის არის, რომ მის გამოყენებას სწავლა სჭირდება, გარდა ამისა, შეკეთება აუცილებელია. უკრაინაში ქვემეხების 30% გასარემონტებელია, გზავნიან პოლონეთში და პოლონეთი არემონტებს, უკრაინაში სადღაც რომ ააშენონ ქარხანა გასარემონტებლად, რუსეთი დაბომბავს. საბჭოთა ტანკები კი უფრო ადვილად მოსახმარია. მაგალითად, ავიღოთ ამერიკული თანამედროვე თვითმფრინავები, „ეფ 16-ები“, ამ ტიპის თვითმფრინავებისთვის მფრინავები უკრაინელებს არ ჰყავთ, ერთი კვალიფიციური მფრინავის მომზადებას სამი წელი სჭირდება“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისივე თქმით, მცირე რაოდენობით უკრაინელი ჯარისკაცები გადიან კვალიფიკაციის ამაღლებას, სწავლობენ ნატოს სტანდარტის თანამედროვე იარაღის გამოყენებას. საარტილერიო სარაკეტო სისტემის „ჰაიმარსის“ გამოყენებაც ისწავლეს. თუმცა რუსეთ- უკრაინის ომმა სამხედრო შეიარაღების მხრივ კიდევ ერთი პრობლემა წარმოაჩინა.
საუბარია იმაზე, რომ ირანული დრონების - „შახიდების“ ტექნოლოგიის 30% ამერიკულია. არადა, ამ დრონებმა დაბომბეს უკრაინის ტერიტორია. როგორც ირკვევა, მესამე ქვეყნებიდან ვრცელდება მათი ნაწილები.
„რუსეთიც უშვებს ჭურვების ახალ პარტიას, რომელსაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩიპები ამერიკული აქვს. ეს ჩიპები მესამე ქვეყნებიდან მოიპოვეს რუსებმა. მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩიპების 80%-ს აწარმოებს ტაივანი. ცხადია, აწარმოებს გასაყიდად, ეძებს მყიდველს, საწყობში დასადებად ხომ არ უნდა?! ამ დროს მიდის მყიდველი რომელიღაც პატარა ქვეყნიდან, აფრიკიდან, აზიიდან, ყიდულობს ჩიპებს და თურმე რუსეთისთვის უნდა ეს ჩიპები, რომ რუსეთს ორმაგ ფასად მიჰყიდოს. ამის შემდეგ რუსეთი ქმნის იარაღს. ამ იარაღიდან ზოგიერთი ხელში ჩაიგდეს უკრაინელებმა, ზოგიერთი ჩამოაგდეს, დაშალეს და ნახეს, რომ უახლესი ჩიპები ცალკეულ შემთხვევაში ამერიკული წარმოების იყო“, - აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბარში.