„რუსეთის ეს საუბრები ბირთვულ მზადყოფნაზე, ისევ კუნთების თამაშია, რომელიც, ფაქტობრივად, უკვე არც აქვს“

„რუსეთის ეს საუბრები ბირთვულ მზადყოფნაზე, ისევ კუნთების თამაშია, რომელიც, ფაქტობრივად, უკვე არც აქვს“

ვოლოდიმერ ზელენსკი ამერიკაშია, ვლადიმერ პუტინი კი ისევ ბირთვული იარაღით იმუქრება და აცხადებს, რომ ბირთვული „ტრიადა“ არის რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტი. პუტინის მუქარის ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლის, რომ თუ რუსეთი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს, ომი, შესაძლოა, მთელ კონტინენტზე გავრცელდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ზელენსკი ვაშინგტონში მიიწვია, რადგან თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ომი ახალ ფაზაში შევიდა და ახლა არის შესაფერისი დრო, რომ ორი ლიდერი პირისპირ დასხდნენ და ისაუბრონ. პრეზიდენტებმა, ასევე, განიხილეს ომის დასრულების შესაძლო სცენარები, რომელიც გარდა იმისა, რომ სენსიტიური თემაა, დასავლელ ლიდერებს შორის გარკვეული კამათის საგანია. გენერალ-მაიორი, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ერთი ჩასვლით არ ხდება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა იმედი აქვს, რომ ზელენსკი ვაშინგტონიდან სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღების გარდა, „პატრიოტსაც“ ჩამოიტანს.

for.ge ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა.

ვოლოდიმერ ზელენსკი ამერიკაშია, ვლადიმერ პუტინი კი ისევ ბირთვული იარაღით იმუქრება და აცხადებს, რომ ბირთვული „ტრიადის“ საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესება მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტია. ამის ფონზე საინტერესო იყო მაკრონის შეთავაზება. როგორ ფიქრობთ, ზელენსკის ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია დაიწყოს მოლაპარაკება დაპირისპირებულ მხარეებს შორის?

ვახტანგ კაპანაძე: მე, ვერ ვხედავ იმას, რომ ამერიკის მხარე ცდილობს ზეწოლა მოახდინოს და იმოქმედოს ზელენსკიზე, რათა ის შეთანხმებაზე წამოვიდეს. მაკრონის მოსაზრებები ისეთი გაურკვევლი, ბუნდოვანი და ბურუსით არის მოცული, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება ორივე მხარე იყოს წაუგებელი, ან დაუმარცხებელი? როგორ წარმოუდგენია ეს მაკრონს, ან რა გარანტიები უნდა მისცენ რუსეთს და უკრაინას?

ამ კონტექსტში მაკრონი ამბობს, რომ ნატოს გაფართოების ეშინია რუსეთს...

- ნუ, ეს ხომ ზღაპარია. არავითარი ნატოს გაფართოების რუსეთს არ ეშინია. გაფართოვდა ნატო, დაიმატა ფინეთი და შვედეთი, და მერე, რა ქნა რუსეთმა, რამე ზომა მიიღო? აბსოლუტურად არაფერი.

მით უმეტეს, რომ დღეს ნატო აღარ არის ისეთი, როგორიც იყო თუნდაც 5 წლის წინ...

- იმედი მაქვს, რომ ნატო სხვა იქნება და არ იქნება ის ნატო, რაც იყო. იქნება უფრო ქმედითი, ვიდრე დღემდე. მაგრამ ნატოს გაფრთოება რუსეთისთვის არავითარი მიზეზი არ ყოფილა. მას სხვა მიზეზები ჰქონდა და მათ შორის საქართველოში, დანარჩენი იყო საბაბი. როდესაც იარაღით დახმარებაზე არის საუბარი, დიდი იმედი მაქვს, რომ ამერიკა კიდევ უფრო დაეხმარება ქმედითად უკრაინას. ასე რომ, რუსეთის ეს საუბრები ბირთვული მზადყოფნის გადაყვანაზე, ეს ისევ კუნთების თამაშია, რომელიც ფაქტობრივად უკვე არც აქვთ და არავითარი ნიშნული არ აქვს პუტინის ამ განცხადებას. ჯერ ერთი, გაუგებარია რა მზადყოფნაზე უნდა გადაიყვანოს - შეიძლება ერთი ჩაანაცვლოს მეორე სისტემით, თორემ მზადყოფნაში ისედაც არის ეს სტრატეგიული შეიარაღება. ეს არის პუტინის სიტყვებით თამაში, ისევ მუქარები, რომლის უკვე აღარავის არ სჯერა და არც ეშინია.

როგორ ფიქრობთ, შედის თუ არა ომი ახალ ფაზაში, რატომაც მიიწვიეს ზელენსკი ამერიკაში?

- ჯერ ვერ ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები არის. ეს უფრო, ალბათ, გაზაფხულისთვის არის მოსალოდნელი. ვგულისხმობ იმას, რომ ერთი, ან მეორე მხარე შეძლებს მოახერხოს გადაჯგუფებები, კონცენტრირება, რომ ეს პერიოდი გამოიყენოს ზუსტად ამისთვის, რათა განახორციელოს გარკვეული მიმართულება.

რუსეთს, როგორც თქვენ ამბობთ, უკვე კუნთები აღარ აქვს, შეძლებს ძალების კონცენტრირებას?

- მას შეუძლია მოიზიდოს ხალხის ძალა. ასევე შეუძლია ისევ ჩაატაროს მობილიზაცია და ამ მობილიზაციის შემთხვევაში გამოუვა მილიონიანი ჯარი. მე არ ვამბობ ხარისხს, მე ვამბობ რაოდენობას. პირველ ეტაპზე 500 ათასის მობილიზაცია შეძლო, კიდევ ერთი მობილიზაციით მილიონამდე შეკრიბავს ჯარს. შეიარაღებულ დაპირისპირებაში მნიშვნელობა აქვს რაოდენობას. უკრაინამ უნდა მოახერხოს, რომ თვითონ შექმნას დაჯგუფება, მიიღოს საჭირო რაოდენობით იარაღი, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ გააგრძელოს შეტევები. ამჯერად შეტევებს არ აგრძელებს უკრაინა, ტაქტიკურ დონეზე შეტევებს ახორციელებს რუსეთი.

სწორედ, ეს არის საინტერესო, როცა ტაქტიკურ დონზე შეტევებს რუსეთი ახორციელებს, ხოლო უკრაინა არა. უკრაინის ამ ტაქტიკას რა ახსნა აქვს - სტრატეგიული ნაწილია?

- შეტევების შემდეგ უკრაინას სჭირდებოდა ამოსუნთქვა, ძალების მოკრება, განახლება და ა.შ. რუსეთი უტევს მხოლოდ დონბასის მიმართულებაზე, სხვა მიმართულებაზე ვერ უტევს, მხოლოდ ერთ მიმართულებაზეა და ისიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ - ბახმუტის და სოლიდარის მიმართულებას ვგულისხმობ. შესაბამისად, უკრაინელებს გასათველელი აქვთ რამდენად უღირით ძალების იქ ყოლა და ამ ურთიერთდანაკარგებში მონაწილეობის გაგრძელება. ფაქტი ის არის, რომ რუსები ძალიან დიდ დანაკარგს ნახულობენ. მათ შორის - უკრაინელებიც და ამიტომ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რადგან ბახმუტს არავითარი ოპერატიული მნიშვნელობა არ გააჩნია. ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზანი რუსებისთვის.

ამის ფონზე, რა გზავნილებით შეიძლება დაბრუნდეს ზელენსკი უკრაინაში, ამერიკულმა გზავნილება შეიძლება შეცვალოს ომის სტრატეგია?

- ერთი ჩასვლით არ ხდება გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ჩამოიტანს სამხედრო აღჭურვილობას, შეიარაღებას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „პატრიოტსაც“ ჩამოიტანს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს არის პროცესი და არც ეს ომი არაა ხანმოკლე, რასაც ყოველთვის ვიძახდი და დარწმუნებული ვარ, რომ ომი დიდი ხანი გაგრძელდება.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტი კარგს არაფერს მოიტანს, რადგან რუსეთი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკების შანსს ვერ ხედავს...

- მთელი მსოფლიო მიეჩვია რუსეთის გაუთავებელ ბაქი-ბუქს. დაზვერვის ყველა საშუალებით ძალიან ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის ბირთვულ პოტენციალს. ასე რომ, არ მგონია, რუსეთმა ფარულად რაღაცა შეძლოს. როდესაც ლაპარაკია კონტინეტთაშორის რაკეტებზე, ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ერთმანეთს და ფარულად ასე ვერ განხორციელდება. ყოველ შემთხვევაში, თუკი რუსეთი დააპირებს რაიმეს განხორციელებას, მან ძალიან კარგად იცის, რომ მიიღებს შესაბამის პასუხს. არ მგონია, რომ პუტინი თუ არა, მის გარშემო მყოფები თვითმკვლელები იყვნენ. უბრალოდ, ეს ისევ არის ბაქი-ბუქი და ვითომ შეშინება მსოფლიოსი, რომელსაც რუსეთის აღარ აეშინია.

გამოიკვეთა ჩინეთის როლიც. დიმიტრი მედვედევი შეხვდა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს. შეხვედრაზე უკრაინის საკითხი განიხილეს. ჩინეთმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტის ორივე მხარე თავშეკავებას გამოიჩენს და პრობლემებს პოლიტიკური გზით მოაგვარებს, პარალელურად იწყება რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი წვრთნები. ჩინეთის ასეთი ჩართულობა რა კორექტირებას შეიტანს რუსეთ-უკრაინის ომში, თუკი ჩაერთო, რა თქმა უნდა?

- ჩინეთი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება. სწავლებები მიდიოდა, ეს არის გეგმიური სწავლებები, რომელიც ძალიან დიდი ხანია რუსეთთან ერთად მიმდინარეობს. სი ძინპინს არ აწყობს ომში ჩართვა, ჩინეთი ისედაც მოგებულია რუსეთის დასუსტებით. ასე რომ, ჩინეთი გამორიცხეთ რუსეთის მოკავშირედ. რაც შეეხება მედვედევს, ჯერ მისი ფიგურა არის კომიკური, არაფრის გადამწყვეტი არ არის. ალბათ, საუბრები იქნება ეკონომიკური მიმართულებით, მაგრამ ჩინეთმა ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთის დასუსტებით მისი პოზიციები მყარდება.