„მაინტერესებს, ამ გაგანია ომში, როცა საავადმყოფოები დაჭრილებით არის გადავსებული, ამ უსაქმურს ერთი სართული უნდა დაუთმონ და მისი 1500-მდე ვიზიტორი უნდა მიიღონ?“

„მაინტერესებს, ამ გაგანია ომში, როცა საავადმყოფოები დაჭრილებით არის გადავსებული, ამ უსაქმურს ერთი სართული უნდა დაუთმონ და მისი 1500-მდე ვიზიტორი უნდა მიიღონ?“

მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და მისი გარემოცვა მოულოდნელად ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებიან, ერთმანეთის მიყოლებით განცხადებებს აკეთებენ და საქართველოს ხელისუფლებას მისი ქვეყნიდან სამკურნალოდ გაყვანას სთხოვენ. ზელენსკის ევროპარლამენტარების განცხადებების და რეზოლუციის მიღების შემდეგ გაახსენდა, რომ მისი მოქალაქე საქართველოში პატიმრობაში იმყოფება და დახმარებას საჭიროებს.

საქართველოს ხელისუფლებას და არა მარტო მას, უჩნდება კითხვა - რატომ იცლის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი მოქალაქე სააკაშვილისთვის, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ერთხელაც არ გახსენებია?

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარვის სპეცოპერაციაში უკრაინიაც იყო ჩართული და მისი ხელით საქართველოში სიტუაციის არევა სურდათ, რაც ქვეყნის რუსეთთან ომში ჩართვას გამოიწვევდა. ამიტომ ისინი სააკაშვილთან პასუხისმგებლობას გრძნობენ და იმის შიშით, რომ პირი არ მოაღოს, მის სასარგებლოდ სიტყვა დაასველეს.

ზელენსკის და მისი მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის შემდეგ, ქართულ მხარეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ ოლეგ ნიკოლენკომაც მოუწოდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის კიდევ ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა. უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ოლეგ ნიკოლენკო ამტკიცებს, რომ უკრაინა არც ჩარეულა და არც მომავალში აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.

„ქართული ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში ექსპრეზიდენტის შემოსვლის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით მათი ეჭვები ამ განცხადებების შემდეგ კიდევ უფორ ლეგიტიმური ხდება.

„უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო იმ სპეცოპერაციაში ჩართული, რასაც ერქვა სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნა, თქვენ იცით, რომ ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, პირდაპირ ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას და გარდა ამისა, სხვა ინფორმაციებც გვაქვს, ვინ რა დონით იყო ჩართული ამაში“, -  განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სატელევიზიო ეთერში და დასძინა, რომ პროგნოზი კეთდებოდა რამდენიმე თვით ადრე, როდის დაიწყებოდა ომი უკრაინაში ეს დაახლოებითი თარიღი იყო მოსალოდნელი, აქედან გამომდინარე სააკაშვილი ოქტომბერში, რომ ჩამოვიდა ეს არაფერს ცვლის.

„საარჩევნო კვლევები მაშინ ჰქონდა ყველას და ყველამ იცოდა, რომ „ქართული ოცნება“ ადვილად იგებდა ამ არჩევნებს. ერთი უცნაური რამ იყო, პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ ფულსაც არ ხარჯავდა. ეს უცნაური იყო და ამაზე ვსაუბრობდით კიდეც რატომ ხდებოდა ასე. გათვლა იყო სააკაშვილის ჩამოსვლა -სცენარი იყო ასეთი - სააკაშვილი არჩევნების დღეს სიურპრიზად უნდა გამოსულიყო და მიემართა მხარდამჭერებისთვის, რითაც ჩვენი მხარდამჭერები დაითრგუნებოდნენ.

ამ სპეცოპერაციაში იყვნენ ჩართულები უკრაინული ხელისუფლებიდან. ლორთქიფანიძე უმაღლეს დონეზე იყო აქ ჩართული. ეს აღიარებითი ჩვენება საზოგადოებას ჯანაშიამ მისცა, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, მან პირდაპირ თქვა, რომ ლორთქიფანიძემ ჩამოიყვანა სააკაშვილი. უკრაინული მხარე გრძნობს სააკაშვილზე ამ ერთგვარ პასუხისმგებლობას და შესაბამისად, არც ზელენსკის განცხადება არ არის გასაკვირი. ჩვენ გვესმის უკრაინელების პასუხისმგებლობა, ჩვენ გვესმის, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა ადამიანზე, რომლის ხელითაც უნდოდათ აქ ყველაფრის არევა, მაგრამ ეს ჩვენთვის მისაღები ვერანაირად ვერ იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა მიხეილ სააკაშვილის თემა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გააქტიურდა. აბაშიძე აცხადებს, რომ მათ იციან თუ არა იციან, საააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებებს აკეთებენ. ბოლო პერიოდში კი ახალი გზავნილი გვესმის, რომ სააკაშვილი აუცილებლად უცხოეთში უნდა იყოს გადაყვანილი და რატომ - არავინ აკონკრეტებს. სწორედ ამ ახალი „ტრენდის“ გამოძახილი იყო ვოლოდიმერ ზელენსკის მოწოდებაც, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონია.

„რეალურად რა დაავადებები სჭირს სააკაშვილს ვინმემ იცის? „ემპათიას“ მიერ ჩამოწერილ რაღაცა სამედიცინო დასკვნაში, 10 დიაგნოზი და სიმპტომები დამალულია. ამიტომ რაზე დაყრდნობით საუბრობს თუნდაც ზელენსკი ან მისი გარემოცვა, რომ სააკაშვილს საქართველოში ვერ უმკურნალებენ? თავად სააკაშვილის გარემოცვა, სრულიად სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს, დიაგნოზის დასმაში თავად არ არიან ჩამოყალიბებულები. რასაკვირველია, არც ზელენსკის და არც რომელიმე ევროპარლამენტარის საქმე არ არის, დამოუკიდებელი საქართველოს მართლმსაჯულება დამნაშავის მიმართ რა განაჩენს ან გადაწყვეტილებას გამოიტანს. საქართველოში პატიმრის გაშვება-არგაშვებაზე, სასამართლო და მოსამართლე მსჯელობს. არანაირად ამ გადაწყვეტილებაში ხელისუფლება არ ერევა. ზელენსკის და მისი მრჩევლების განცხადებები კადნიერი თავხედობაა, რომლებიც უცხო ქვეყნის შიდა საქმეში ერევა. ვერც ერთი პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებას ვერ მიუთითებს მართლმსაჯულება და სამართლიანობა როგორ აღასრულოს.

მესმის, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ბუნებრივია, ზელენსკიმ ამაზე განცხადება უნდა გააკეთოს, მაგრამ განცხადების შინაარსს გააჩნია. თუ ევროპარლამენტართა რეზოლუციამ ზელენსკი გაამხნევა, კი ბატონო, უბრალოდ მისი ტონი იყო ცუდი, რომელიც ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებას ავალდებულებს. შინაარსი ძალიან არასწორი და კადნიერი იყო. ელჩებიც აკეთებენ განცახდებას, მაგრამ მოზომილი და ფრთხილია. მართლმსაჯულების საქმეში არავინ ერევა“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი უკრაინის მაღალჩინოსნებისგან უმადურობას, სამწუხაროდ, უკვე შეეჩვივნენ, ხოლო ვოლოდიმერ ზელენსკის და მისი გარემოცვის მოთხოვნა სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის შესახებ ამორალურია. ნიკოლეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის ქვეყანაშიც უმძიმესი ომია, ათიათასობით ადამიანი იღუპება და ის სააკაშვილისთვის იცლის, გამოდის საკუთარი ქვეყნის ბედი არ აინტერესებს.

„ზელენსკის სადღაც რამდენიმე თვის შემდეგ, ამ გაგანია სისხლისმღვრელ ომში ახსენდება, რომ სააკაშვილი ციხეშია. იქიდან თითს იქნევენ და იმუქრებიან ამას და იმას ვიზამთო. ჯერ სააკაშვილთან მიმართებაში რისი თავი აქვთ. რამე რომ შესძლებოდათ, ამ ყმაწვილს უკრაინაშივე ხომ მოთოკავდნენ. როგორ გამოეპარათ კაცი ასე და თან უსირცხვილოდ იტყუებოდნენ, რომ იქ იყო. კი ბატონო, მესმის ჩვენი ხელისუფლების, რომ ომში მყოფ ქვეყანას ახლა არ უნდა გამოვეკიდოთ, მაგრამ მოვა დრო და ამ ყველაფერზე პასუხი მოეთხოვებათ, უკრაინელი კი არა, ვინც გინდა ის იყოს. თუ საქართველოს მტრობს, ის ჩვენი მეგობარი ვერ იქნება. უკრაინა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების თავშესაფარი გახდა.

მაშინ არ ახსოვდათ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე რომ იყო, როცა ქვეყნის საშინაო საქმეებში ღიად ერეოდა? მაშინ არ ახსოვდათ, როცა ქვეყანაში შემოიპარა თუ შემოაპარეს? უბრალოდ უკრაინას მინდა ვურჩია, წარმოიდგინოს ომის დროს სააკაშვილი უკრაინაში რა სახის პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ უკვე გამოცდილი გვაქვს რუსებთან ომში რაც გააკეთა. ახლა იქ რა რჩევებს მისცემს და რა უბედრებას გადაჰკიდებს კიდევ კაცმა არ იცის. მაინტერესებს, ამ გაგანია ომში, უკრაინას აქვს საშუალება მთელი საავადმყოფოს ერთი სართული სააკაშვილისთვის გაათავისუფლოს ის ფინანსურის ხარჯები გაიღოს, რასაც ჩვენი ქვეყანა მის სამკურნალოდ იღებს? მთელი საავადმყოფოები დაჭრილებით და გაუბედურებული ხალხით არის გადავსებული. ამ დროს, ამ უსაქმურს ერთი სართული უნდა დაუთმონ და ეხვეწონ მიირთვას რა მოეწონება და რა არა? ან სააკაშვილის სანახავად მისულ 1500-მდე ვიზიტორს მიიღებენ? იკითხონ ერთი ჩვენს ქვეყანას და ხალხს ამ დამნაშავის შენახვა, მოვლა, მკურნალობა რის ფასად უჯდება“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.

 

Aburjga Tasmanieli მიეცით უკრაინას ეს სააკაშვილი, მიეცით. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ! ვიცი არ შეიძლება კანონის მიხედვით, მაგრამ მაინც მიეცით. შევღონდი უკვე!
1 წლის უკან