აღმოუჩენს თუ არა ბელარუსი დამატებით მხარდაჭერას ვლადიმერ პუტინის ომს უკრაინაში, ეს არის ის, რასაც ახლა მსოფლიო ყურადღებით აკვირდება. იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსი ოფიციალურად ჩაერთვება საომარ მოქმედებაში, ვაშინგტონი მინსკს დამატებით სანქციებს დაუწესებს. დასავლეთი შეშფოთებულია მოახდენს თუ არა გავლენას პუტინსა და ლუკაშენკოს შორის მოლაპარაკებები ოფიციალური მინსკის როლზე უკრაინაში მიმდინარე ომში. არსებობს შესაძლებლობა, რომ ბელარუსმა გაზარდოს რუსეთის არმიისთვის დახმარება.
რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა მინსკში გამართულ სამიტზე, საჯარო განცხადებებში უკრაინის ხსენებას თავი აარიდეს. ბელარუსში ჩასულმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ბელარუსი რუსეთის უახლოესი მოკავშირეა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ წელს შესაძლოა 40 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს, რაც რეკორდულად მაღალი ნიშნული იქნება. ლუკაშენკოსთან გამართულ შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა გააგრძელოს ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი და დაეხმაროს ოფიციალურ მინსკს ატომური ენერგიის ინდუსტრიის შექმნაში.
რუსული მედიის ცნობით, პუტინი ლუკაშენკოს სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და ბირთვული ენერგიის განვითარების გარდა, კოსმოსში თანამშრომლობასაც დაჰპირდა. თუმცა, მსოფლიო ლიდერები ფიქრობენ, რომ ვლადიმერ პუტინის და ალექსანდრე ლუკაშენკო შეხვერდა სავარაუდოდ, პროაქტიულობის და ომის ახალი ეტაპისთვის ინფორმაციის პირობების შექმნის მცდელობის ნაწილია.
უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდალი სერჰი ნაევი ამბობს, რომ პუტინი-ლუკაშენკოს შეხვედრა მოხდა, პუტინის რუსეთის სამხედრო სარდლობასთან 17 დეკემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, სადაც განიხილეს ომის როგორც უშუალო, ისე შუალედური მიზნები. ნაევის განცხადებით, უკრაინის მთავრობას მიაჩნია, რომ პუტინი განიხილავს ბელარუსის ძალების უფრო ფართო ჩართულობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომ აგრესიაში, რაც თანხვედრაშია ომის შესწავლის ინსტიტუტის პროგნოზთან.
პუტინის შეხვედრა რუსეთის სარდლობასთან, შოიგუს ვიზიტი ფრონტზე და პუტინი-ლუკაშენკოს შეხვედრა, შესაძლოა, უახლოეს თვეებში უკრაინის წინააღმდეგ განახლებულ შეტევის მომასწავებელი ნიშანი იყოს. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ციხანოვსკაიას განცხადებით, ოფიციალური მინსკის მიერ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შანსები შესაძლოა უახლოეს კვირებში გაიზარდოს.
„ბელარუსის შეიარაღებული ძალები საზოგადოების ნაწილია და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ერთნაირი შეხედულება აქვთ - ბელარუსელთა 86% ომში მონაწილეობის წინააღმდეგია. ამან შეაჩერა უკრაინაში, ბრძოლის ველზე, ბელარუსის ჯარების გაგზავნის ბრძანება.
ეს არ იყო დიქტატორების კეთილი ნება ან ლუკაშენკოს მიერ პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევა - ლუკაშენკო მთლიანად კრემლის მხარესაა, ის უკრაინას საფრთხედ აღიქვამს. დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული უკრაინა ცუდი მაგალითია ლუკაშენკოსა და პუტინის დიქტატურისთვის, აქედან გამომდინარე, ეს ომი მათთვის ლოგიკური გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა სვეტლანა ციხანოვსკაიამ.
პოლიტოლოგი, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის ECIPE-ის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, აღმოუჩენს თუ არა ბელარუსი დამატებით მხარდაჭერას რუსეთს, რადგან ამ შეხვედრის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია არის და რეალურად, კულისებში რა ითქვა, ეს არის მნიშვნელოვანი. როგორც ფხალაძე ამბობს, არა მხოლოდ ეს შეხვედრა, არამედ მთელი ამ პერიოდში, რაც მიმდინარეობს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე, ბელარუსზე ძლიერდება რუსეთის წნეხი იმისათვის, რომ ის ჩაერთოს სამხედრო ოპერაციებში.
„სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკო ყველანაირად ცდილობს, რომ პირდაპირი ჩართვა არ მოხდეს, თუმცა მას ბევრი რამის დათმობა უწევს ამისთვის. უპირველეს ყოვლისა, რუსეთი იყენებს ბელარუსის სამხედრო ინფრასტრუქტურას და დაბომბვები ხორციელდებოდა სწორედ ბელარუსიდან. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ლუკაშენკო ბოლომდე შეეცდება ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ პირდაპირი ჩართვა არ მოხდეს. ამას თავისი ახსნა აქვს - არმია, რომელიც ჰყავს ბელარუსს, 18 ათასია სულ აქტიური, ეს არ არის ის, რამაც შეიძლება გადაწყვიტოს, ან რაღაცა შეცვალოს საომარ მოქმედებებში. არსებობს სამობილიზაციო რესურსი, მაგრამ მობილიზაციის გამოცხადება ძალიან პრობლემური იქნება ბელარუსის ტერიტორიაზე და რაც მთავარია, ლუკაშენკოს აინტერესებს სტაბილურობა თავის ქვეყანაში. ლუკაშენკომ ძალიან კარგად იცის რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ამიტომ, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პირდაპირი ჩართვა არ მოხდეს. თავისთავად ცხადია, რომ იზღუდება მისი აქტიურობის სივრცე, თუმცა ზეწოლა კრემლიდან მუდმივად ძლიერდება. რუსეთი სარგებლობს იმითი, რომ ბელარუსს სხვა გზა არ აქვს, მაგრამ როგორც გითხარით, ზეწოალა მასზე ძლიერდება. როგორც რუსეთი ამბობს, ეს არის ბელარუსის მაქსიმალური ინტეგრირება სამეკავშირეო სახელმწიფოში. ის, რაც რუსეთის მხრიდან მიმდინარეობს ბელარუსში, ამას ფარულ ანექსიას დავარქმევდი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ.
დიპლომატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ბელარუსის შესაძლო ჩართულობა არავითარ ცვლილებას არ შეიტანს, მაგრამ ბელარუსი ბოლოს და ბოლოს შეიძლება აიძულოს რუსეთმა რაღაცა ნაბიჯი გადადგას. თუმცა, მენაღარიშვილი ფიქრობს, რომ ეს ვერ იქნება სრულმასშტაბიანი მონაწილეობა რუსეთის აგრესიაში.
„ბელარუსი ამას უბრალოდ ვერ გაბედავს და გარდა ამისა, არც ამის საშუალება არ აქვს. ვფიქრობ, რომ ბელარუსი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან, ისე, როგორც ამას რამდენი ხანი აკეთებდა ლუკაშენკო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს რუსეთმა შეიძლება ის აიძულოს რაღაცა გარკვეული ელემენტით მონაწილეობა მიიღოს. რაც შეეხება იმას, რამ შეიძლება აიძულოს - უამრავმა რამემ.
იცით, რომ ბელარუსი უკვე მონაწილეობს ამ ომში. რუსეთს აძლევს უფლებას მისი ტერიტორიიდან უკრაინის წინააღმდეგ გაუშვას რაკეტები, მათ შორის თვითმფრინავები, ეს ყველაფერი მონაწილეობაა საომარ მოქმედებაში. ეს ჩართულობა შეიძლება გაფართოვდეს. შეიძლება ძალიან დიდად არა, მაგრამ რაღაცა რაოდენობით გაზარდოს ჩართულობა, რაც მისცემს საშუალებას პუტინს განაცხადოს, რომ ბელარუსმაც დაიწყო მონაწილოება უკრაინის წინააღმდეგ სახედრო ოპერაციებში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.