ვაჭრობა ომბუდსმენის კანდიდატურების ირგვლივ და „ლომჯარია 2“ -ის არჩევის მცდელობა, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიიცის მხრიდან წარმოდგენილ 3 კანდიდატს, რომლის მიმართაც „ოცნებაში“ მიუღებლობა აქვთ. ხელისუფლების აზრით, კანდიდატები ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი და გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.
„ოცნებამ“ დაწუნებული 3 კანდიდატის შემდეგ ოპოზიციას დარჩენილი 5 კანდიდატიდან არჩევანის გაკეთება შესთავაზა. ესენი არინა, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე და ქეთევან ჩაჩავა. თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ის კანდიდატები არიან, რომლებიც ხელისუფლებისთვის მისაღებია.
ეყოლება თუ არა საახალწლოდ ქვეყანას ახალი ომბუდსმენი, ეს მიმდინარე კვირაში, რიგგარეშე სესიაზე გახდება ცნობილი. საკითხზე მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან მორიგი კონსულტაცია გამართა, თუმცა შეხვედრაზე პოლიტიკური სპექტრი საერთო კანდიდატზე ვერ ჩამოყალიბდა.
როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, მიზეზი პროცესისადმი ოპოზიციის ხისტი დამოკიდებულება იყო. მმართველი გუნდისთვის მიუღებელია ოპოზიციის მიერ შეთავაზებული 3 კანდიდატი, ისინი ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი სოციალურ ქსელში მათ მიერ დაფიქსირებული აგრესიის და სიძულვილის შემცველი გამონათქვამებიც არის, რაც უმრავლესობის აზრით, კანდიდატებს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ისინი დამოუკიდებლები იყვნენ. უმრავლესობა ოპოზიციას 5 კანდიდატურის ირგვლივ მსჯელობას სთავაზობს.
„მიზეზი იყო აბსოლუტურად ხისტი და მოუქნელი დამოკიდებულება საკითხისადმი ოპოზიციის მხრიდან, იმიტომ, რომ პირველივე დღეს მათ მიერ შერჩეული 2 კანდიდატი დარჩა ბოლომდე დღის წესრიგში, უცვლელად და არავითარი მზადყოფნა იმისა, რომ განსხვავებული ალტერნატიული პირობების ირგვლივ გვემსჯელა, უბრალოდ, არ არსებობდა. ეს არის მიზეზი მთავარი, რამაც განაპირობა ამ შემთხვევაში შეთანხმების მიუღწევლობა“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ისეთ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომელიც მიუკერძოებელი იქნება და არ იქნება ქვეყნისთვის „ლომჯარია 2“.
„ოპოზიცია ვაჭრობს და ცდილობს, რომ „ლომჯარია-2“ კანდიდატი ჰყავდეს საქართველოს და ახალი სახალხო დამცველი სწორედ, „ლომჯარია-2“ იყოს, რაც მიუღებელია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ღიად აფიქსირებს და მის განცხადებებში ჩანს, რომ ის ასევე მხარეს წარმოადგენს, ვერ იქნება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი. ამიტომ, აქ სავაჭრო არაფერი არ არის. აქ არის ძალიან მკვეთრად გამიჯნული პოზიციები, ჩვენ გვაქვს გამოხატული კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც დავუჭერთ იმ კანდიდატს მხარს, რომელიც მიუკერძოებელი იქნება“, - აცხადებს უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“-ს თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატს იგი მხარს არ დაუჭერს.
„ბოლოს სესიები თუ ამ კვირაში ჩატარდება, დიდი ალბათობით, ჩავარდება, იმიტომ, რომ მე არ მსმენია, რომ ვინმეზე შეთანხმება იყოს. „ქართული ოცნების“ კანდიდატებად ვინც სახელდება, ჩვენი იმას მხარს არ დავუჭერთ“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ხელისუფლება მაშინ შეცდა და თავი ჩიხში შეიყვანა, როდესაც განაცხადა, რომ მას ომბუდსმენის საკუთარი კანდიდატურა არ ეყოლებოდა. ახლა კი, როდესაც ამბობს, რომ 5 კანდიდატიდან ერთ-ერთი ოპოზიციამ უნდა აირჩიოს. მათ უკვე უჩნდებათ განცდა, რომ „ოცნება“ მისთვის სასურველი პირის გაყვანას ცდილობს.
„ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან 3 კანდიდატის დაწუნებას უკვე პირობის დარღვევად აღიქვამს და უნდათ „ოცნებამ“ ის კანდიდატი მიიღოს, რომელიც მათ სურთ. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ხელისუფლება მზად იყო იპოზიციისთვის ეს პოსტი დაეთმო, როგორც ეს ნინო ლომჯარიას შემთხვევაში გააკეთა. ოპოზიციას ჰქონდა განცდა, რომ ხელისუფლება ამ კომპრომისზე კვლავ წავიდოდა. ამიტომ არის ახლა ეს შეთანხმება ჩაშლის პირას. ეს სამი კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილი, ანა აბაშიძე და გიორგი ბურჯანაძე, ზუსტად იგივე ხაზის მატარებლები არიან, როგორიც ნინო ლომჯარიაა. ბურჯანაძე საერთოდ ლომჯარიას პირველი მოადგილე იყო და გვახსოვს მასზე აგრესიულ და ხისტ განცხადებებსაც კი აკეთებდა. ანა აბაშიძის შემთხვევაც ასეა, როგორც ხელისუფლება ამბობს, ის, ფაქტობრივად, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და მხარეს წარმოადგენს. რაც შეეხება ჯანეზაშვილს, მან პარლამენტში მისვლა და გასაუბრებაც კი არ იკადრა და უარი ძალიან შეურაცხმყოფელი პოზიციით განაცხადა. ამიტომ ის პრეტენზიები რაც ახლა ხელისუფლებას ამ კანდიდატების მიმართ აქვს, ლოგიკურია. როგორც ჩანს, ხელისუფლება მიხვდა ლომჯარიას შემთხვევა შესაძლოა განმეორებულიყო და ისევ იგივე ყლუფში თავის გაყოფა არ უნდა. კი აცხადებენ, რომ ეს თანამდებობა ოპოზიციას დაუთმეს, მაგრამ ფაქტია, იგივე დანაშაულის ჩადენა აღარ უნდათ. ამ მძიმე ტურბულენტურ პოლიტიკურ ვითარებაში, ოპოზიციის ინტერესშია, ომბუდსმენის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა გაიყვანოს. კანონის მიხედვით ახლა სახალხო დამცველს ძალიან ფართო უფლებამოსილება აქვს. მისი გადაყენება ძალიან რთულია და ამას დიდი პროცედურა სჭირდება. ოპოზიცია თუ ომბუდსმენის თანამდებობაზე სასურველ კანდიდატურას გაიყვანს, ეს დიდი შენაძენი იქნება. მათთვის ასეთი ნინო ლომჯარია იყო. პრაქტიკულად, ოპოზიციისთვის ის საყრდენი იყო. რა თქმა უნდა, ოპოზიცია კბილებით ამ კანდიდატებს დაიცავს და ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კანდიდატურებს არ დასთანხმდება“, - ამბობს ანჯაფარიძე.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი კი ამბობს, რომ გასაკვირი არ არის ოპოზიციის თავგანწირვა იმ კანდიდატების მიმართ, რომლებიც ნინო ლომჯარიას პოლიტიკის გამტარებლები არიან. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლების პოზიცია სავსებით გასაგებია, რადგან ქალბატონი ლომჯარიას არჩევაც და კანდიდატურის შემოთავაზება ხელისუფლების სახელს უკავშირდება. თუმცა ის ბოლოს ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინა, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა და მხარე იყო.
„ლომჯარიას მიმართ საზოგადოებაში საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება გაჩნდა, რადგანაც ეს ქალბატონი იმის მაგივრად, რომ საკუთარი უფლებამოვალეობები შეესრულებინა, ოპოზიციის პოლიტიკურ ნარატივს აჟღერებდა და მათი დღის წესრიგით მოქმედებდა. ყევლამ კარგად იცის ჩვენი პატიმრების და მათი ოჯახების უკმაყოფილება მის მიმართ. მას ეს ხალხი არც ადარდებდა და მათი პრობლემებით არ ინტერესდებოდა. მისი საქმიანობა ბოლო დროს, მხოლოდ ენმ-ის და მათი ლიდერის სააკაშვილის პორობლემებით შემოიფარგლებოდა. რეალური ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება ადამიანი ენდოს, ომბუდსმენს უნდა გამოჰქონდეს, იქნება ეს ციხიდან თუ სხვა დაწესებულებებიდან. ლომჯარიამ 5-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, ყურადღება მხოლოდ ერთადერთი პატიმრის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოიჩინა. ამიტომ ხელისუფლება თავის გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს, რომელიც ლომჯარიას სახით მძიმე ტვირთად ადევს. ხელისუფლება გრძნობს, რომ საზოგადოება, რომელიც ლომჯარიათი „მოიწამლა“, მას, უბრალოდ, „ლომჯარია 2“-ის არჩევას აღარ აპატიებს, რადგან ხელისუფლების განზრახვას ვეღარ გაიგებს, თუკი ვაის გავეყრებით და უის შევეყრებით. ამიტომაც მმართველი გუნდი ომბდუსმენის არჩევას ფრთხილად უდგება. „ოცნებამ“ ერთი მხრივ ბურთი და მოედანი არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას დაუთმო და საკუთარი კანდიდატი არ წამოაყენა. მიუხედავად ამისა, ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას სურს მონაწილეობა მორიგ ფატალურ შეცდომაში მიიღოს. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს მათი უფლებების დამცველი აირჩიონ და არა ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგის მატარებელი ომბუდსმენი“, - ამბობს ქართველიშვილი.