სულხან მოლაშვილის მეუღლის, თათია მოლაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა იცოდა, რომ სულხანი მისი ღირსებიდან გამომდინარე ხმაურს არ ატეხდა და იმიტომ აწამა. როგორც მოლაშვილი აცხადებს, ციხის მე-7 დაწებულებაში 4 კვ/მ-ში იხდიდა სასჯელს, არ ჰქონდა ლეიბი და პლედი, რკინის საწოლზე იწვა. ჭერი იმდენად დაბალი იყო, რომ ვერ იმართებოდა; არ ჰქონდა მაგიდა და სკამი. რკინის საწოლის გვერდით იყო უნიტაზი და სწორედ იმ უნიტაზზე უნდა დაედო თავი, ან ფეხი. გარდა ამისა, 24-საათი კამერასთან იდგა ბადრაგი.
for.ge თათია მოლაშვილს ესაუბრა.
გასაჯაროვდა ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. კადრებში კარგად ჩანს, როგორ პირობებში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი და როგორი აგრესიულია სამედიცინო პერსონალის მიმართ. თათია, როდესაც ეს კადრები ნახეთ, რა განცდა გაგიჩნდათ თქვენ, სულხან მოლაშვილის მეუღლეს, რომელიც სწორედ სააკაშვილის სისტემამ აწამა და მოკლა?
თათია მოლაშვილი: ამ კადრების გავრცელების შემდეგ ვფიქრობ, რომ ერთი წელი გავიდა სააკაშვილის პატიმრობიდან და ეს იყო მისი გახდომა და წამება? სულხანი დააკავეს 24 აპრილს და 16 ივნისს სულხანის ნაწამები ფოტოები გამოქვეყნდა. 127 კილო შევიდა ციხეში და ზუსტად ორ თვეში 60 კილო გახდა. თქვენ ხომ გახსოვთ რა მდგომარეობაში იყო სულხანი? იცით, შალვა ხაჭაპურიძეს მინდა მივმართო - თუ შეიძლება, კითხოს სააკაშვილს, რატომ აღუძრეს სულხანს საქმე ადმინისტრაციაზე თავდასხმის მუხლით? მაშინ ამ საქმეში სულხანის ადვოკატი იყო სწორედ შალვა ხაჭაპურიძე.
ამ კითხვაზე თვითონ ხაჭაპურიძე, ალბათ, არ გაგცემთ პასუხს...
- მაშინ მე შევახსენებ - იმიტომ რომ, ერთ-ერთი პატიმარი სისხლისგან იცლებოდა, სულხანი შევიდა ექიმთან და შეეხვეწა გადაეყვანათ ციხის საავადმყოფოში, თუ რამე დაემართა საავადმყოფოში დაემართოსო. სიკვდილის პირას იყო ის პატიმარი. ექიმმა ნაცვლად იმისა, რომ პატიმარი გადაეყვანა, თქვა, რომ მოლაშვილმა ხელი დამარტყაო, ამ დროს ექიმს არავითარი დაზიანება არ ეღენიშნებოდა. ამის მიუხედავად, აღძრეს სისხლის სამართლის საქმე სულხანის წინააღმდეგ ადმინისტრაციაზე თავდასხმის მუხლით. არადა, სულხანს უნდოდა გადაერჩინა პატიმარი. კითხოს შალვა ხაჭაურიძემ იმ სამარცხვინო ყოფილ მთავარსარდალს - რა მოხდა მაშინ?!
რაც შეეხება სულხანის წამებას, არასოდეს მოუყოლია ჩემთვის მისი წამების შესახებ, ერიდებოდა. სულხან მოლაშვილი იყო ღირსეული, მართლმადიდებელი ქართველი. იცოდა სააკაშვილმა, რომ ასეთ ამბავს არ ატეხდა და იმიტომ აწამა. ყველამ იცის, სულხანი როგორ ღირსეულად იჯდა ციხეში, მიუხედავად იმ საშინელი წამებისა და ზეწოლისა.
რაც შეეხება ციხის მე-7 დაწებულებას, სადაც სასჯელს იხდიდა სულხან მოლაშვილი, შეგიძლიათ გაიხსენოთ როგორ პირობებში უწევდა სასჯელის მოხდა, რომლის დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ მან გაბედა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა სააკაშვილის წინააღმდეგ?
- თქვენ, პირდად ხომ იცით რა მდგომარეობაში ჰყავდათ, რაც დაადასტურა მათიას იორშმა, მათ შორის თინა ხიდაშელმა და ელენე თევდორაძემ. სულხანი იყო 4 კვ/მ საკანში, არანაირი ლეიბი და პლედი, რკინის საწოლზე იწვა. ჭერი იმდენად დაბალი იყო, რომ ვერ იმართებოდა. არ ჰქონდა მაგიდა და სკამი. იყო რკინის საწოლი და იქვე იყო უნიტაზი, რომელსაც თავი არ ეფარებოდა. იმ უნიტაზზე ან ფეხი უნდა დაედო, ან თავი უნდა მიედო, რადგან საწოლთან იყო და ამაზე დასცინოდნენ. შუქი არ ჰქონდა. გარდა ამისა, საკანში მზის სხივიც კი არ შედიოდა. ოჯახს საჭმელის შეტანის უფლება არ გვქონდა. 24 საათი სულხანის კამერასთან იდგა ბადრაგი.
ერთ დღეს მოხდა ისე, რომ შემთხვევით ბადრაგი იყო გასული და ამ დროს ავიაციის დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ ჭანკოტაძემ, რომელიც ასევე იხდიდა სასჯელს, რომ დაინახა სულხანის საკანი ბადრაგის გარეშე იყო, კარგი გააღო და მიაწოდა ხაჭაპური. მოუსწრო ბადრაგმა და პირიდან გადმოაყრევინა ხაჭაპური. არც სინათლე ჰქონდა, არც საათი და კალენდარი. წერილი რომ გამეგზავნა, ამის უფლებაც არ მქონდა. სააკაშვილს კი, ყოველ დღე დედა უზის თავთან, შვილები მიდიან პატარებით დაწყებული, უფროსებით დამთავრებული, თავთან უსხედან. სულხანს კი შვილები ენატრებოდა. ელენე რომ იზრდებოდა, სურათებს ვუღებდი, გავაკეთე ალბომი და გავუგზავნე სულხანს. ერთ თვეში უკან გამომატანა. როცა ვკითხე, რატომ მატან სულხან ბავშვს მაინც შეხედავ-თქო და შეურაცხოფას მაყენებენო. ყოველ ღამე ნიღბიანები შემოდიან, ბავშვის ფოტოებზე ფეხს ადგამენ და აბაკუნებენო. წაიღე, თორემ შეიძლება შევაკვდე მაგათო.
როგორც მახსოვს, სულხანმა მოითხოვა ოჯახთან შეხვედრა, თუმცა მაშინ პროკურატურამ ელენიკოს შეყვანის უფლება არ მოგცათ, მოტივად რა დაასახელა გამოძიებამ?
- ახალი წლის დღე იყო, 31 დეკემბერი, ვითხოვეთ, რომ მარტო ელენე შეეყვანათ და ყოფილიყო 1 საათით მაინც, მაგრამ ამის უფლება არ მოგვცეს, საიდუმლო ინფორმაციას გამოიტანსო ელენე, რომელმაც მაშინ მისი ასაკიდან გამომდინარე, ლაპარაკიც არ იცოდა. თვეში ერთხელ შევდიოდით, ისიც წელიწადი და ორი თვის შემდეგ. არ გვქონდა უფლება, რომ სამი სრულწლოვანი და სამი არასრულწლოვანი ერთად შევსულვიყავით. ეკა ზღულაძის სახელზე შევიტანე განცხადება, რომ სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და დაგვრთეთ უფლება ნახონ შვილებმა მამა-თქო. მიპასუხა, რომ არა უშავს, თვეში ერთხელ ნახავს ერთ შვილიო. ასე იყო უფროსებზეც და ყოველთვის იჩაგრებოდა უფროსი შვილი, რომელიც ყოველთვე არ შემყავდა. შემყავდა პატარა ელენე.
დღეს, როდესაც უყურებთ სააკაშვილის პატიმრობის ამსახველ კადრებს, სახელმწიფოს დამოკიდებულებას მის მიმართ, როდესაც პატიმარი სააკაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი არის წამების ქვეშ, იგივეს ამბობენ შვილები, რა კითხვა გაქვთ თავად სააკაშვილის და მისი ოჯახის მიმართ?
- სასამართლო ეზოში დედა და მისი თანაპარტიელები ექიმს გამოეკიდნენ - შვილებს რა პასუხს სცემთო. სულხან მოლაშვილის სამ შვილს რა პასუხს გასცემენ?! მე, ჩემი შვილები ისე არ გამიზრდია, რომ გაბოროტებულიყვნენ, მაგრამ ესენი რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ყველას სისხლს გაუშრობენ. ხომ ხედავთ უკვე ნელ-ნელა ამბობენ, ვინ უნდა დაიჭირონ და ვის უნდა ჩამოართვან ქონება.
სააკაშვილის მინდა ვუთხრა მხოლოდ ერთი - ღმერთი სამართლიანია. პირში წყალი მაქვს ჩაგუბებული, კიდევ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაქვს პასუხი გასაცემი. პირველი მარიამ ჯიშკარიანმა უნდა გამცეს პასუხი, რომელიც ახლა ლაპარაკობს, რომ სულხან მოლაშვილის საქმე მოვიგეო. სულხან მოლაშვილის საქმე რეალური იყო, სტრასბურგმა დაინახა და გაამართლეს წამების საქმეში. სააკაშვილი ვერ გაამართლეს, იმიტომ, რომ ყველაფერი ტყუილია მის შესახებ. მარიამ ჯიშკარიანმა ყველაფერი კარგად იცოდა, რატომ და როგორ მიიყვანეს სულხანი ამ მდგომარეობამდე და განგაში რატომ არ ატეხა მაშინ? ეშინოდა? - ეშინოდა!
დღეს ბევრი ითხოვს სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას, ალბათ უერთდებით ამ მოთხოვნას...
- იცით რა, მისთვის საავადმყოფოც ციხეა, ესეც ტანჯვაა მისთვის, რადგან მას უნდა ქუჩაში სირბილი. გარეთ ვერ დარბის და ეს არის მისთვის ტანჯვა. მეტი არაფერი არ სჭირს. იცით, სულხანის სასამართლოზე ცოტა ადრე მივდიოდი და ვიმალებოდი, რომ შორიდან მაინც მომეკრა თვალი. ფანჯრიდან ჩუმად ვიხედებოდი და ველოდებოდი როდის მოიყვანდნენ. მოადგებოდა პურის ძველი მანქანა, რომელზეც გამოჭრილი ჰქონდათ პატარა ფანჯარა, ამ მანქანიდან გადმოჰყავდა ბადრაგს ბორკილდადებული. კედელს მივეყუდებოდი, რომ არ დავენახე და თავი შეურაცხყოფილად არ ეგრძნო... ამცირებდნენ, მაგრამ ძალიან ჯანმრთელი ფსიქიკა და ტვინი ჰქონდა, რამაც გადაარჩინა ციხეში, მაგრამ როგორიც გამოვიდა კი იცით ყველამ.
რა თქვა ამ ქალმა ტყუილი???
რა გინდა რომ თქვა---- ე.ი დასავლეთი ჩვენს მიმართ მართალია??რაში ??/
სულხანის ძმა ამბობდა -----------2 წლის ბავშვის ნახვა უნდოდა ნანახი რაა ყავდაო და ............... ინფორმაციას გაიტანსო და არ ანახეს
იყოოო ეგრეეე???