„ცნობილია მაგალითები, თუ როგორ იქცევიან პატიმრობაში მყოფი ადამიანები - მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა, ნავალნი… ყველაფერს თავისი ფასი აქვს. როცა ადამიანი უბადრუკ წერილებს წერს, რომ სიბრალული გამოიწვიოს, ეს არის საზოგადოების შანტაჟი. მაკრონი სააკაშვილის მიერ მიწერილ წერილს არც წაიკითხავს, თუ წაიკითხავს, გაეცინება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
სააკაშვილის ახლობლები იმდენჯერ იმეორებენ, ექსპრეზიდენტი მოწამლესო, რომ შთაბეჭდილება რჩება, პატიმრობიდან გაშვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი არათუ ჩამოეხსნება ქართულ პოლიტიკას, არამედ შესაძლოა, სამართლებრივი დავაც აღძრას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ თურმე ციხეში სრულიად ჯანმრთელი შევიდა და პატიმრობის პირობებში ვერცხლისწყლითა და დარიშხნით მოწამლეს, მის სხეულში ტოქსინები და ლითონები მიზანმიმართულად გაავრცელეს.
- გაუშვებენ თუ არ გაუშვებენ სააკაშვილს, ყოველგვარი ჩივილის გარეშეც საქმე შეიძლება მაინც აღიძრას, თუკი მისი მოწამვლა დადასტურდება. ოღონდ ეს უნდა დადასტურდეს ფაქტობრივი მონაცემებით, საამისო მტკიცებულებები უნდა არსებობდეს, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზაც. ცხადია, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული, თუ რაიმე კვალი არსებობს, მის წინააღმდეგ აღიძრება საქმე, თუ არადა, მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით აღიძვრება. რაც შეეხება სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას, სამართლებრივად ამის არანაირი შანსი არ არსებობს, ერთადერთი შანსია სისხლის სამართლის კოდექსის 74 მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სასჯელისგან გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ეს ნიშნავს ჯანმრთელობის იმგვარად დამძიმებას, როცა ლეტალური შედეგი, გარდაცვალება გარდაუვალია და განკურნების არავითარი შანსი არ არსებობს. ახლა თუ ასეთ მდგომარეობაშია სააკაშვილი, რასაკვირველია, უნდა გაათავისუფლონ, მაგრამ აქ საზღვარგარეთ გადაყვანაზე კი არ არის საუბარი, არამედ იმაზე, რომ, მაგალითად, ახტალაში გაუშვან სამკურნალოდ. გათავისუფლების სხვა არავითარი სამართლებრივი შანსი არ არსებობს.
მსოფლიოში არსებობს ციხიდან პრეზიდენტების გაშვების პრეცედენტები. მაგალითად, პინოჩეტი მაშინ გაათავისუფლეს, როცა უიმედო ავადმყოფი იყო და ციხიდან გაშვების შემდეგ მალევე გარდაიცვალა. ცოტა ცინიკურიც კი იყო, რომ ჩილეს მთავრობამ სანახევროდ უთანაგრძნო პინოჩეტის ოჯახს და დროშები სანახევროდ გამოფინეს გლოვის ნიშნად. მთელმა საქართველომ იხილა აგვისტოში გადაღებული სააკაშვილის ფოტოსურათი. ემჩნევა მიშას, რომ უიმედო მდგომარეობაშია?
- ის, რომ სააკაშვილი მომაკვდავი ავადმყოფია, ამის დაჯერება ძალიან ჭირს, ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს, მით უმეტეს, იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც მას თავს გადახდა საქართველოში ჩამოპარვის შემდეგ. ერთი წელი და სამი თვეა საქართველოშია და ცხრა თვის განმავლობაში საავადმყოფოშია. წარმოუდგენელია, რომ საავადმყოფოში მისი ყოფნისას ვერც ერთი სამედიცინო დასკვნა ვერ დაიდო იმის შესახებ, რომ ეს ადამიანი თურმე მომაკვდავია. თუკი მისი დიაგნოზი საგანგაშოა, წარმოუდგენელია, იქაური ექიმები არ იყვნენ საქმის კურსში.
სააკაშვილის შვილი ედუარდი ამბობს, რომ მიშამ თავად დაიჯერა, თითქოს საქართველოში ელოდნენ. გამოდის, არ არის მთლად ისე, რომ საქართველოში ვიღაცამ ჩამოიტყუა?
- შესაძლებელია, არც არავინ ჩამოიტყუა, თვითონვე მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მასზე ზემოქმედება მოახდინეს. მრავალი ფაქტორი არსებობს, ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ბევრი ესაუბრებოდა, ზოგი რას ურჩევდა, ზოგი რას, მაგრამ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. არც იმას გამოვრიცხავ, პირდაპირი ზეწოლის ქვეშ იყო იმისგან, ვინც მას პატრონობს. არ ვიცი, ეს პატრონი ვინ არის, მაგრამ შეიძლება სააკაშვილს ამ „პატრონმა“ პირდაპირ უთხრა, რომ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა, თუკი საქართველოში არ ჩამოვიდოდა.
რუსეთის უშიშროებას გულისხმობთ?
- კი ბატონო, შეიძლება ეს აღმოჩნდეს რუსეთის უშიშროება, ან სხვა ქვეყნის, ან კიდევ, ერთად იყოს. ფაქტია, რომ ის მომაკვდავი ავადმყოფი არ არის. ეს აშკარად ჩანს. ვიმეორებ, თუ ის მოწამლულია, ამაზეც საქმე აღიძრება მისი გათავისუფლება-არგათავისუფლების მიუხედავად. ყველაფერი ეს არის ერთი კამპანია და ემსახურება არეულობის ინსპირაციას სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებით. სააკაშვილის ოჯახისა და თავად სააკაშვილისთვის მთავარია, სამართლებრივი პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან, თავი დააღწიოს პატიმრობას და გავიდეს თავისუფლებაზე. დღეს დავობენ, ვინ უღალატა მიშას? მიშას უღალატა მიშამ, სხვამ არავინ. პირველ რიგში, სააკაშვილმა საკუთარ ადამიანობას, საკუთარ სინდისს უღალატა, იმიტომ არის ამ დღეში, რა დღეშიც არის. რატომღაც ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა დაიწყეს ახლა.
ფაქტია, მიშას არ დახვდნენ ფოთის პორტში და ეს ღალატი არ იყო?
- მითხარით, უნდა დახვედროდნენ? „ნაციონალებისთვის“ არც ეს არის უცხო, რომ ერთმანეთს რაღაცას ჰპირდებიან და მერე აღარ აკეთებენ. ეს თავიდან ბოლომდე დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, თავიდან ბოლომდე კლიენტელიზმზეა აგებული და დანაშაულით გაერთიანებული. მათ საერთო დანაშაული აერთიანებთ. ვინ ვის უღალატა და ყველამ ერთმანეთს უღალატა, ყველამ ერთად კი უღალატა სამართალს, სჯულს, ეგენი ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ურთიერთღალატით.
ისე, სააკაშვილის უფროს ვაჟს ხშირად სიმართლე წამოსცდება ხოლმე, ერთხელ თქვა, მიშა რომ მოკვდეს, მის ზოგიერთ თანაპარტიელს გაუხარდებაო, რადგან ურჩევნიათ მკვდარი მიშა, ვიდრე ცოცხალი. მოგვიანებით სააკაშვილმა უარყო შვილის ნათქვამი და მის ახალგაზრდულ ასაკს მიაწერა, მაგრამ, როგორც ჩანს, სიმართლის მარცვალი არის ედუარდის ნათქვამში.
- რასაკვირველია, მიშა რომ მოკვდეს, ეს იქნება ძალიან დიდი დივიდენდი „ნაციონალებისთვის“. სერიოზულ პოლიტიკურ ქულებს დაიწერენ ამით და ეგრევე აქცევენ პოლიტიკურ კაპიტალად, რადგან ეყოლებათ „წამებული ლიდერი“, რომელიც თურმე საქართველოს ბედნიერებასა და თავისუფლებას შეეწირა. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ყველაზე მეტად თუ ვინმეს აწყობს სააკაშვილის სიკვდილი, ეს თვითონ „ნაციონალური მოძრაობაა“. ხელისუფლებას პირიქით აწყობს, სააკაშვილი ჯანმრთელად იყოს. ცნობილია მაგალითები, თუ როგორ იქცევიან პატიმრობაში მყოფი ადამიანები, ნავალნი, ნელსონ მანდელა, მარტინ ლუთერ კინგი, ვინც კი ციხეში იჯდა და ვინც პოლიტიკური პატიმარი იყო.
მერაბ კოსტავა დედამისს - ოლღა დემურიას სწერდა, ციხე ჩემთვის გართობა და ცხოვრების შემეცნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ეს ტიალი დრო კი მამალი მგლისგან დამფრთხალი კურდღელივით გადირბენს თავის მინდორს, ოღონდ ნუ შევუშინდებით მის სიურპრიზებსო.
- დიახ, მერაბ კოსტავასთვის ციხე ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა იყო. ვინც ასეთ პოლიტიკურ ბრძოლაზე მიდის, ვისაც სერიოზული პოლიტიკური მიზნები აქვს რევოლუციის კუთხით, რევოლუციონერი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ციხეშიც შეიძლება მოხვდეს. ყველაფერს თავისი ფასი აქვს. როცა ადამიანი უბადრუკ წერილებს წერს, რომ სიბრალული გამოიწვიოს, ეს არის საზოგადოების შანტაჟი. მაკრონი სააკაშვილის მიერ მიწერილ წერილს არც წაიკითხავს. თუ წაიკითხავს, გაეცინება.