ორად გაყოფილი ნაციონელბი ვერ ჩამოყალიბდნენ ბელადის „დასახსნელად“ ბრძოლის რა მეთოდს მიმართონ

ორად გაყოფილი ნაციონელბი ვერ ჩამოყალიბდნენ ბელადის „დასახსნელად“ ბრძოლის რა მეთოდს მიმართონ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ორად გაყოფილმა ჯგუფმა კვლავ ვერ მოახერხა შეთანხმება ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ბრძოლის რა ტაქტიკა აირჩიონ. ნიკა მელია და მისი ფრთა ფიქრობს, რომ თუ მოსამართლემ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გაუშვა, მაშინ მათ პარალმენტი უნდა დატოვონ. ლევან ხაბეიშვილმა და მისმა მხადამჭერებმა კი პარლამნეტში შიმშილობა გადაწყვიტეს. პროტესტის უკიდურესი ფორმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ნაწილმა უკვე მეორედ აირჩია. ამჯერადაც აქციის ადგილი პარლამენტია - სხდომათა დარბაზის შესასვლელი. დავით კირკიტაძე, ანა წითლიძე და აბდულა ისმაილოვი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ის სამი წევრია, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის ვიდეო კადრების გავრცელების გამო პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს. ამბობენ, რომ მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზრდება, თუმცა, თავადვე ადასტურებენ, რომ პროტესტის ამ ფორმას ფრაქციაში ნაწილი არ ეთანხმება.

შიმშილობის წინააღმდეგია ფრაქციის თავმჯდომარე. ხატია დეკანოიძე, რომელმაც თანაგუნდელები პარლამენტის დერეფანში მოინახულა, ამბობს, რომ მცდელობის მიუხედავად, ისინი ვერ გადაარწმუნა. ფრაქციის თავმჯდომარის პოზიციას იზიარებს პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ლევან ხაბეიშვილი იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის მზადაა ბრძოლის ნებისმიერ ფორმას თავადაც მიმართოს.

კირკიტაძის, წითლიძისა და ისმაილოვის პროტესტის უკიდურესი ფორმა არ მოსწონთ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის მათ, ვინც კოლეგები პირველებმა მოინახულეს. სანდრო რაქვიაშვილი და თეონა აქუბარდია ფიქრობენ, რომ ეს ფორმა შედეგის მომტანი ვერ იქნება.

შიმშილობის მიზეზის საკუთარი ვერსია აქვს „ქართულ ოცნებას“. მმართველი გუნდი ოპონენტებს ურჩევს შიმშილობის ნაცვლად, შიდა არჩევნებზე კონცენტრირდნენ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩევს, რომ ოპოზიცია ისევ ერთი და იგივე წრეზე წასვლას აპირებს, რომელმაც შედეგი ადრე არ გამოიღო. ამიტომ მისთვის გაუგებარია ნაციონალებს პარლამენტიდან გამოსვლა ან შიმშილობის დაწყება რა შედეგს მისცემთ. მისი აზრით, თუ ისინი პარლამენტის დატოვებას გადაწყვეტენ, ეს პოლიტიკურად თავად მათ დააზიანებს. ხელისუფლებას ვერანაირი ბერკეტით სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ აიძულებენ, რადგან ეს „ოცნების“ პოლიტიკური განაჩენის ტოლფასი იქნება.

„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, ამ ხალხს დასკვნა საკუთარ შეცდომებზეც კი რატომ ვერ გამოაქვს. პარლამენტი ხომ დატოვეს და არ შედიოდნენ, ამით რა მიიღეს, რა შედეგი დადგა? არანირი, ხალხის გაღიზიანების და რეიტინგის დაკარგვის გარდა შედეგი ვერ მიიღეს. შარშან ზუსტად ახალი წლის წინა დღეებში არ გამოაცხადეს კოლექტიური შიმშილობა, გაშალეს ლეიბები - მერე, შეიცვალა რამე პოლიტიკურად? ისევ არაფერი, შიმშილობის შეწყვეტა მოუწიათ. ახლა მაინტერესებს ამ დაანონსებული შიმშილობით და პარლამენტის დატოვებით რას მიიღებენ. ამდენი წელია ხალხს ერთი და იგივე ესმის. ეს არის მოსაბეზრებელი. ხან მე მგონია, რომ ივანიშვილის საქმეს თავად ოპოზიცია აკეთებს. ვეღარ გაიგებ უკვე ვინ ვისი კაცია და ვინ რა თამაშს თამაშობს. მთელს ამ პროცეს რომ შეხედავ, ხან გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს ხელისუფლება აკონტროლებს.

აბა, „ოცნების“ სასიკეთო საქმეს აკეთებენ და რა შთაბეჭდილება უნდა დაგრჩეს კაცს? მუდმივად ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომ რისი მომტანია ეს ყველაფერი ვერ გავიგე. ამასთანავე, იკვეთება ის გარემოება, რომ მთელი ბრძოლა მიდის არა სააკაშვილის გადასარჩენად, არამედ მისი მემკვიდრეობისთვის. ვინ დაეუფლება და გადაიბირებს მთელს მის ელექტორატს. ამისთვის იბრძვიან, ამიტომ ესეც ძალიან ნათლად ჩანს და ამ პროცესებს ხელისუფლება კარგად იყენებს. ქვეყნის შიგნით ელექტორატის ათვისება კი არა მისი დაკარგვა ხდება. ხელისუფლებამ გადასარევად იცის, რომ ოპოზიციას ხალხის კრიტიკული მასა არ აჰყვება. ამიტომ ძალიან მშვიდად არის და შორიდან დასცინის“,-ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, თუკი მოხერხდა და ხელისუფლებამ მთელი ნაციონალების ვანო მერაბიშვილთან გაიგივება და მისი პერსონის კიდევ უფრო წინ წამოწევა მოახერხა, არანაირი ხალხი ქუჩაში არ გამოვა. მისი თქმით, ენმ-ის შიგნით ისეთი კომპრომატების ომი და ბრძოლა მიდის, სააკაშვილის დარდი რეალურად არც არავის არა აქვს. ამას ხელისუფლებაც და ხალხიც კარგად ხედავს, ამიტომ შიმშილობა და პარლამენტის დატოვება პროცესებს ვერ შეცვლის. იგივე შეცდომებს იმეორებენ, რაც ოპოზიციის დისკრედიტაციას იწვევს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ რეალურად ნაციონალებს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების არანაირი სურვილი არ აქვთ. საყვარელიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ყველა ინიციატივა, რომელსაც ხან ხაბეიშვილის და ხანაც მელიას ფრთა აყენებს, წინასაარჩევნო კამპანიისთვის არის გაკეთებული. მათაც კარგად იციან, რომ ვერც პარლამენტის დატოვება და ვერც ე.წ. შიმშილობის დაწყება ხელისუფლებას ვერ აიძულებს, რომ სააკაშვილი ციხიდან გაუშვას. ამიტომაც ორივე მათგანი მხოლოდ ენმ-ის ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობენ.

„ოპოზიციის მიზანი ის არის, რომელიც მათ არაერთხელ სააკაშვილის დედამ, ბიძამ და შვილმაც უსაყვედურეს. მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად დიდად თავი არ მოიკლესო, გვახსოვს, ალბათ, ალასანიას სიტყვები - პარტიამ საკმარისი ძალისხმევა არ გამოავლინაო. თუკი ჩავთვლით, რომ ესეთი საყვედური ამ პარტიისთვის დისკომფორტია, ახლა ცდილობენ რაღაცა აქტიურობის ილუზია შექმნან, ეს პარალმენტის დატოვება და შიმშილობის გამოცხადება იმის მაქსიმუმია, რის გაკეთებასაც ეს ხალხი აპირებს. ამ ფორმით აქტიურობა მათაც კარგად იციან სააკაშვილს ციხიდან ვერ გამოიყვანს. ხელისუფლება რამდენიმე კაცის პარლამენტის დატოვების შიშით და მათი შიმშილობის დაწყების გამო სააკაშვილს არ გაუშვებს. წმინდა პარტიულ მიზნებში შედის ის, რომ სააკაშვილისთვის ბრძოლაში ჩაეთვალოთ. ვითომ აი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ლიდერი დაიხსნან. რეალურად კი, ყველამ კარგად დაინახა, რომ ქვეყნის შიგნით სააკაშვილის როგორც პოლიტიკოსის ფიგურა აღარ არსებობს, ის საკუთარ ამომრჩეველსაც კი აღარ ადარდებს. ამიტომ მაინც მგონია, რომ არავინ არაფრის დატოვებას არ აპირებს, კომფორტს ისე არიან შეჩვეულები“,-ამბობს საყვარელიძე.