ნორა კვიციანი - ქალი, რომელსაც ღირსება არც ციხეში დაუკარგავს და არც ციხის გარეთ

ნორა კვიციანი - ქალი, რომელსაც ღირსება არც ციხეში დაუკარგავს და არც ციხის გარეთ

ირინა ენუქიძის, სულხან მოლაშვილის, იური ვაზაგაშვილის და სხვათა შემდეგ სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი ნორა კვიციანი აღესრულა და სისხლიანი რეჟიმის შემქმნელებს ერთი უპასუხო კითხვა დაუტოვა - რას მეტყვის სინდისი, ჩემს გზაზე მდგომი მრისხანე აჩრდილი?!

საკუთარი ცხოვრებით ნორა კვიციანმა თავადვე გაიკვლია გზა ტაძრისკენ. სიცოცხლის მიწურულს მონაზვნად აღკვეცილი და დედა ქეთევანად სახელდებული კოდორის ხეობის დაბრუნებას ავედრებდა უფალს, იმ ხეობის, რომელიც „ვარდებით“ მოსულმა ხელისუფლებამ უბრძოლველად ჩააბარა რუსებს. სააკაშვილის ჯურღმულებიდან გამოსულ ნორა კვიციანს ისევე, როგორც პოლიტპატიმართა უმეტესობას, ხშირად ნახავდით ეკლესიაში. მისმა მოძღვარმა დედა ქეთევანი ტყუილად არ უწოდა, იცოდა რა მის მიერ განვლილი მძიმე ცხოვრება, მას საეკლესიო სახელად წმინდა მოწამის - ქეთევან დედოფლის სახელი შეურჩია.

რამდენიმე წლის წინ მეუფე იობმა ციხიდან გამოსულ ნორა კვიციანს დედათა მონასტრის წინამძღოლობა შესთავაზა, მაგრამ მაშინ ნორა კვიციანი მზად არ იყო მონაზვნობისთვის. შემდეგ იყო ავარია, ჯერ კიდევ ციხიდან გამოყოლილი დაავადება ფილტვის სიმსივნე გაუმძაფრდა და საბოლოოდ ფერისცვალების დღეს მონაზვნად აღიკვეცა.

ნორა კვიციანთან ბევრჯერ გვისაუბრია. ის არ იყო სტატიკური მოსაუბრე, ყოველთვის ემოციით ლაპარაკობდა, განსაკუთრებით, თუ საქმე კოდორის ხეობას ეხებოდა, რომელსაც დალის ხეობად მოიხსენიებდა და აპროტესტებდა, რომ სააკაშვილმა ამ ხეობას განგებ უწოდა ზემო აფხაზეთი, რათა მტრისთვის მისი ჩაბარება შეემზადებინა. ჟურნალისტებს არ უკვირთ უმადური რესპონდენტები, რომლებიც საკუთარ არასწორ ნათქვამს მათ გადააბრალებენ და სტატიას მოგვიანებით შეალამაზებენ ხოლმე, ნორა კვიციანი კი ის იშვიათი რესპონდენტი იყო, რომელიც თავის ემოციას ბოლომდე გადმოსცემდა, ნათქვამს არ შეალამაზებდა და სტატიის დაბეჭდვის შემდეგ გირეკავდა მადლიერების გამოსახატად. ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროსაც დარეკა და სვანების სახელით მადლობა გადაგვიხადა, ჩემს ნათქვამს ამახინჯებენ ხოლმე და თქვენ სიზუსტით ჩაწვდით, რისი თქმაც მინდოდაო.

სათქმელი კი ბევრი ჰქონდა, რასაც, როგორც აღმოჩნდა, საკუთარ დღიურებსაც ანდობდა. ნორა კვიციანი 21-ე საუკუნეში იყო შუასაუკუნეობრივი მძევალი, რადგან ემზარ კვიციანს ვერ მისწვდნენ და ვერც ნორა კვიციანის ვაჟი ჩაიგდეს ხელში და შური იძიეს მასზე, როგორც დასა და დედაზე.

როგორც გვიყვებოდა, მისი ოჯახის ტრაგედია იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთმა პილოტმა პირადად ოქრუაშვილისა და სააკაშვილისგან მიიღო ბრძანება კოდორის ხეობის სოფლის დაბომბვის შესახებ. პილოტს მოტყუებით უთხრეს, ხეობა დაცლილია, იქ აღარავინ დარჩა, მარტო კრიმინალები არიან და ყველა გადაბუგეო. თუმცა მოულოდნელად პილოტმა ეზოში მოთამაშე ბავშვები და ქალები შენიშნა და იყვირა, რატომ მღუპავთო. ნორა კვიციანი ამბობდა, რომ სწორედ ამ პილოტებმა შეუნარჩუნეს სიცოცხლე მაშინ, როცა ბრძანება იყო გაცემული, ქვა ქვაზე არ დატოვოთო. სამაგიეროდ, პილოტები სააკაშვილის რეჟიმმა ციხეში გაისტუმრა.

ნორა კვიციანი ჩხალთიდან არასდროს წამოსულა. ოჯახში რვა და-ძმანი იყვნენ და მოგვიანებითაც, როცა ოჯახი შექმნა, შეუვალი ხასიათის გამო მეუღლე ეტყოდა ხოლმე, შენ ტყვიის წერა გახდებიო. თავად მისი მეუღლე ვაჟკაცური ბუნების, მონადირე, კლდის კაცი ყოფილა. ნორა კვიციანს სჯეროდა, რომ მისი მეუღლე არ დათმობდა კოდორის ხეობას, ცოცხალი რომ ყოფილიყო.

ციხეში ყოფნისას მძიმედ ახსენდებოდა ტყეში საკუთარ შვილთან - ბაჩოსთან განშორება. კოდორის ხეობის დაბომბვის დროს დედა-შვილმა ტყეს შეაფარა თავი, ნორა კვიციანი ვეღარ მირბოდა და შვილს გაქცევა სთხოვა, ესენი შენ გეძებენ და მოგდევენ, მე ხელს გიშლი, დამტოვეო. შვილმა ხელში აიყვანა, აქ არ დაგტოვებო, მაგრამ ნორა კვიციანმა თავისი გაიტანა და შვილი გაუშვა, რომ ის მაინც გადარჩენილიყო. შვილის გაქცევის შემდეგ არ იცოდა, ცოცხალი იყო თუ არა ბაჩო. ნორა კვიციანს სამოსში ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა, ირგვლივ კი ყველაფერი იბომბებოდა, სოფლიდან კივილი ისმოდა, თურმე რუსები კი არა, საქართველოს ხელისუფლება ბომბავდა გმირ ხეობას და ამ ფორმით ცდილობდა კოდორის დამცველი ბატალიონის-  „მონადირის“ დასჯას...

შემდეგ იყო მოტყუებით მისი წაყვანა კოდორიდან, დაკითხვა იარაღის თაობაზე, რაზეც გამომძიებელს ლოგიკური პასუხი გასცა, ბარითა და თოხით როდი ვიცავდით ხეობას 14 წლის განმავლობაშიო. „ემზარ კვიციანს სახელმწიფო გადატრიალება დააბრალეს, რანაირად უნდა გადაეტრიალებინა 12 პერევალის იქით? მალადეც ჩემი ძმა, ეს რა ძლიერი ყოფილა, თურმე 12 პერევალის იქიდან თბილისს ატრიალებდა“.

ეს მაშინ, როცა სოხუმი დაეცა, ემზარმა გვირაბები გადაკეტა, რომ აქეთ არ წამოსულიყვნენ ტანკები და მშვიდობიანად გადმოსულიყო ყველა ლტოლვილი. შემდეგ ემზარმა ფიცი დადო, ამ ხეობას არ დავტოვებო და სიტყვა შეასრულა. ნორა კვიციანი კი აფხაზეთიდან გამოქცეულ დევნილებს თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფდა.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებს არ უთმობდნენ კოდორის ხეობას, ემზარ კვიციანს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა აფხაზებში. ჩვენთან საუბრისას ნორა კვიციანი იხსენებდა, რომ აფხაზები არც მალავდნენ, „ჩვენ ის ქართველები გვიყვარს, ის ვაჟკაცები, თავიანთ მიწას და ერს რომ არ ღალატობენ. თქვენ ხართ ის უღალატო ხალხი, რომლებმაც თქვენი მიწა დაიცავით, მერე რა, რომ წინააღმდეგობა გაგვიწიეთ, უნდა გაგეწიათ კიდეც წინააღმდეგობაო“. თავად ნორა კვიციანი ათი დღე იმყოფებოდა სოხუმში თავის ვაჟთან და სითბო და პატივისცემა მიიღო აფხაზებისგან. აფხაზმა პარლამენტარებმაც მოინახულეს ნორა კვიციანი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ არ უნდოდა სააკაშვილის ხელისუფლებას შერიგება, თორემ ახლა აფხაზებთან შერიგებულნი ვიქნებოდით.

იმ სვანების მიმართაც არ დაიტოვა წყენა, ვინც სასამართლოში მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ყველას შევუნდე და ჩავეხუტეო, - ამბობდა, რადგან მიაჩნდა, რომ ეს იყო ცდუნება ბოროტი ძალისგან, ეს ყველაფერი ძალით და შიშით იყო განპირობებული. როცა დააკავეს, იმ მძიმე წუთებში საკუთარი თავისთვის უთქვამს, ოღონდ ჩემი ლოცვები მიიღოს უფალმა, არავის დავემდურები, რადგან უფალს უყვარს მიტევება, შენდობა.

ერთადერთი, ვისი შენდობაც უჭირდა, სააკაშვილი იყო. უკვირდა, რატომ არ იქცეოდა ნაპრეზიდენტალი ღირსეულად, რატომ ათრევინა სააკაშვილმა ბადრაგს ციხეში თავი?! „კაცები არიან? ქართველი ქალი უფრო უძლებს ყველაფერს, ვიდრე ესენი. ეგენი კარგ ცხოვრებაში არიან კაცები, როცა აქვთ ძალაუფლება, თორემ რომ გაუჭირდებათ, მარტო უფალი არ აპატიებს და არ მისცემს სულიერ სიძლიერეს, რომ ამ განსაცდელს გაუძლონ. ნაპრეზიდენტალი ადამიანი თუნდაც დახვრეტაზე ყოფილიყო, მაინც ღირსეულად უნდა წასულიყო“. არც ექსპრეზიდენტის მიერ წამოწყებული შიმშილობა მოსწონდა. იხსენებდა, რომ მასაც ურჩევდნენ პატიმრობის დროს შიმშილობის დაწყებას, რომ მდგომარეობა შემსუბუქებოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტპატიმრის საერთაშორისო აღიარება ჰქონდა, მაინც არ დაიწყო შიმშილობა, რადგან ეკლესიური ადამიანისთვის შიმშილობა დიდი ცოდვაა, ეს თვითმკვლელობაა.

„მე არ ვიცი, რა სადისტთან, მანიაკთან გვქონდა საქმე სააკაშვილის სახით. პატიმრები პირს იკერავდნენ, მაგრამ არანაირი რეაქცია არ ყოფილა. ფსიქოლოგიური ტრავმა მიმაღებინეს, სასამართლოზე გამიყვანეს ეტაპით, ნიღბებით, თითქოს ტერორისტი ვიყავი, შვილებისკენ რომ გამეხედა, იმის უფლებაც არ მქონდა. სასამართლოში რომ მიმიყვანეს, ჩამიყვანეს „პადვალში“, ჩააქრეს შუქი, ეს წამებში მოხდა, მაგრამ ამ წამებში მე გავნადგურდი. 12 წლის ბავშვები იყვნენ მაშინდელ ციხეში და მიკვირს ჩვენი ხალხის ამბავი, დღეს რომ სააკაშვილს ექომაგებიან. მაგან თავისი პრეზიდენტობა გამოიყენა ბოროტებისთვის, ხალხის განადგურებისთვის“.

ნორა კვიციანს არც იმ სასულიერო პირების პოზიციის ესმოდა, რომლებიც სააკაშვილს შთააგონებდნენ, შიმშილობის გამო ღმერთთან ახლოს ხარო. ამაზე აღშფოთებული გვეუბნებოდა, „ღმერთო, შენ მიშველე, მიშა კი არა, ზოგიერთი მამაო არ არის ახლოს ღმერთთან. სააკაშვილი ღმერთთან რომ ყოფილიყო, შიმშილობას დაიწყებდა? შიმშილობა ერთ-ერთი დიდი ცოდვა და უნდობლობაა ღმერთის მიმართ“.

ღვთის განსაკუთრებულ მადლად მიაჩნდა ის ფაქტი, პატრიარქი რომ ესტუმრა საკანში. უწმინდესის წაბრძანების შემდეგ კი საჩუქრებიც მიიღო - ქურთუკი, კაშნე, მამაკაცის სვიტერი, საბანი, წმინდა გიორგის მედალიონი. ნორა კვიციანმა იფიქრა, ეს საჩუქრები შეცდომით შეუგზავნეს მას, რადგან მამაკაცის ტანსაცმელი რად უნდოდა?! თუმცა მეორე დღეს ერთ- ერთ მამაოს შეახვედრეს, რომელმაც აცნობა, რომ პატრიარქმა მას საკუთარი ნივთები უსახსოვრა, ქურთუკი, რომელიც უწმინდესს ამდენი წელი ეცვა, საბანი, რომელიც პატრიარქს ეხურა მთელი ცხოვრება, კაშნე, სვიტერი, ყველაფერი უწმინდესის ყოფილა. მამაომ ისიც უთხრა, რომ პატრიარქს იგი ძალიან უყვარდა, მისთვის ყოველდღე პარაკლისს კითხულობდა და, როცა ნორა კვიციანმა გაიკვირვა, რით დაიმსახურა ასეთი სიყვარული პატრიარქის მხრიდან, მამაომ განუმარტა, უწმინდესი 50 წელი ემსახურება უფალს, ის ყველაფერს ხედავს, შენს ირგვლივ ყველაფერი ნახა, შენი სიმართლე ნახაო.

ნორა კვიციანმა არც ის დაგვიმალა, რომ პირველად მასაც გაუჭირდა ციხეში ყოფნა, ისეთი ნერვული შეტევები ჰქონდა, ძილი არ ეკარებოდა და ფსიქოტროპულ წამლებს იღებდა, 20 კილოც დაიკლო, მაგრამ ეკლესიურად ცხოვრებამ გადაარჩინა. საკანში პატარა სამლოცველოც მოაწყო, სადაც ლოცულობდა. თუმცა მანამდე, სანამ დააპატიმრებდნენ, საკუთარი რწმენა ჰქონდა, რომელიც სიკეთესა და სამართალზე იყო აგებული.

შეწყალებასთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეუტანეს განცხადება, მაგრამ არ მოაწერა ხელი, რადგან თვლიდა, რომ შესაწყალებლები თავად „ნაციონალები“ იყვნენ. არც პატრიარქი ჩარია ამ საქმეში და უსამართლო სასჯელი 6 წლისა და 4 თვის განმავლობაში ღვთის ნებად მიიღო.

შეგახსენებთ, ნორა კვიციანი კოდორის ხეობის მთავარანგელოზების, მიქაელისა და გაბრიელის ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

 

ცუგო- გაანათლოს ღმერთმა, საოცარი ადამიანი ყოფილა!
1 წლის უკან