ომი თუ მშვიდობა?!

ომი თუ მშვიდობა?!

არის თუ არა უკრაინის ომი, ჩვენი, ქართველთა ომიც?

ეს საკითხი, ისევე როგორც ზოგადად - საქართველოს ღირსეული ადგილი და როლი ამ საერთაშორისო ომიანობაში, სინდისიერად და კეთილგონივრულად მხოლოდ და მხოლოდ სჯუილისმიერად, სჯულზე დაყრდნობით შეიძლება განვსჯოთ და გადავწყვიტოთ. არავითარ შემთხვევაში - სხვაგვარად. აქ რაიმე იდეოლოგიური სპეკულაციების ადგილი არ არის. ეს სრულიად დაუშვებელი და დამღუპველია. ერთადერთი მართალი გზა მართლზომიერი განსჯისა და გადაწყვეტისა - ოდენ სჯულია. შეგახსენებთ, „სჯული“ ქართული სიტყვაა და ოდითგანვე სამართლს+სამართლიანობას, სამართლის იდეას ერქვა. ხოლო „სჯულიერებად“, ე.ი. „სჯულზე დგომად“ სწორედაც სამართალსა და სამართლიანობაზე დაყრდნობილი ცხოვრების მართალი წესი იწოდებოდა. განსჯისა და გადაწყვეტისთვის, სამართლიანობას უნდა მოუხმოთ და ჭკუა, უწინარეს ყოვლისა, სამართალს უნდა დავეკითხოთ.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით ვითარება თითქოსდა სავსებით ნათელია: რუსეთმა ფეხს ქვეშ გათელა რა საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარი, ფუძემდებლური პრინციპი: საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუვალობა, აგრესიული ომი წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ, სამართალი და სამართლიანობა იმპერატიულად მოითხოვს, რომ აგრესია დაუყოვნებლივ შეწყდეს და აგრესორმა პასუხი აგოს, ეს უდავოა.

მაგრამ, მეორე მხრივ: ნუ დაგვავიწყდება, რომ საერთაშორისო სამართალი კონვენციურია, საერთაშორისო შეთანხმებების საფუძვლებზე დგას და ასეთ შეთანხმებათა დაცვა საკუთარი ნებით შეუძლიათ მხოლოდ იმათ, ვინაც სამართალას+სამართლიანობას, სამართლის იდეას, ანუ ქართულად - „სჯულს“, მისდევენ და არა უსჯულოთა. ხოლო ამ საერთაშორისო კონვენციური სამართლის დევალვაცია, მისი გაუფასურება და ფაქტობრივად არარად ქცევა, რამაც მშვიდობასა თუ წესრიგსაც ბოლო მოუღო და დღევანდელი ომიანობა მოიტანა, სწორედაც, „მრავალმხრივი და მრავალგანზომილებიანი უსჯულოების“ შედეგია. და აქ, შესაძლოა, რუსეთზე არანაკლებ სცოდავენ სხვებიც, ხოლო ამ მრავამხრივი უსჯულოების მსხვერპლი კი, გასაწირად გამეტებული უბედური უკრაინელი ხალხია. რუსეთის აგრესიის გამართლება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თუმცა მხედველობაში ესეც უნდა მივიღოთ: უკრაინის კრიზისი 24 თებერვალს არ დაწყებულა, მას წინ უძღოდა 2014 წლის „მეიდანის“ ამბები, რამაც უკრაინა დაუნდობელ სამოქალაქო ომამდე მიიყვანა და რუსეთსაც მისცა ხელჩასაჭიდი საბაბი, უკრაინის საშინაო საქმეებში უხეშად ჩარეულიყო. მეტიც, მიეტაცებინა (რასაც თავად „დაბრუნებას“ უწოდებს) ყირიმი, ხოლო დონბასში, სისხლისმღვრელი სამხედრო კონფლიქტი გაეღვივებინა. ამ უთუოდ ანგარიშგასაწევ საბაბს რუსეთისთვის წარმოადგენდა „მეიდანის“, ფაქტობრივად უკანონო სახელმწიფო გადატრიალების თუ ინსპირაცია არა, ღია მხარდაჭერა დასავლეთის მიერ, რაც უკრაინის სუვერენიტეტის ასევე თვალსაჩინო დარღვევაა. ამაზე თვალის დახუჭვა თავის მოტყუება იქნება. ასევე, რაც საერთაშორისო, ე.ი. კონვენციური სამართლისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია - ომის და უკრაინის დესუვერენიზაციის შესაკავებლად, 2015 წელს დასავლეთის, კონკრეტულად, გერმანიისა და საფრანგეთის, დიდი ძალისხმევით მოხერხდა „მინსკის შეთანხმებების“ მიღწევა, რისი შესრულებაც საერთაშორისო სამართლის ხედვით უკრაინაში მშვიდობის და სამართლიანობის უზრუნველყოფის ძირეული პირობა გახლდათ. უკრაინისა და მთელი მსოფლიოსთვისაც ნამდვილი უბედურებაა, ხოლო კონვენციური საერთაშორისო სამართლისათვის ნამდვილი კატასტროფა, ის, რაც ახლახანს ამ შეთანხმებების ერთ-ერთმა მთავარმა ინიციატორმა და მონაწილემ, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ქ-ნმა ანგელა მერკელმა აღიარა: თურმე მინსკის შეთანხმებები მთლიანად თვალთმაქცური ყოფილა - დასავლეთის მიერ წაქეზებული უკრაინა არც კი აპირებდა ამ ხელშეკრულების პირობათა დაცვა-შესრულებას, არამედ მიზანი არა მშვიდობა და სამართლიანობა, არამედ თურმე მხოლოდ დროის მოგება გახლდათ, რათა უკრაინა დასავლეთის მიერ უკეთ შეიარაღებულიყო, საუკეთესოდ მომზადებულიყო ომისთვის და რუსეთთან კონფლიქტი არა კონვენციურ სამართალზე, არამედ სწორედაც სამხედრო ძალაზე დაყრდნობით გადაეწყვიტა; როცა საერთაშორისო ხელშეკრულებების და მაშასადამე, სამართლის მიმართაც ასეთი უსჯულო დამოკიდებულება ჰქონია კონფლიქტის ერთ მხარეს, არც მეორე მხარის უსჯულოება და თუნდაც უარესად ბარბაროსული, აგრესიული რეაქცია აღარ უნდა გაგვიკვირდეს. დასკვნა, რაც აქედან უნდა გამოვიტანოთ, ასეთია: ამ ომიანობას წინ უძღოდა საერთაშორისო კონვენციური სამართლის და შესაბამისად, ამ სამართალზე დამყარებული წესრიგის არსებითი ნგრევა, რაც ცალმხრივი პროცესი სულაც არ ყოფილა: დაპირისპირებული მხარეები უსჯულოებაში თითქოს ერთი-მეორეს ეჯიბრებოდნენ! ყველას, ვინც ამ კონფლიქტის გაღვივებაში მონაწილეობდა, ე.ი. რუსეთის, უკრაინის და დასავლური სახელმწიფოების ხელისუფალთ, თავისი წილი პასუხისმგებლობა უდავოდ ეკისრებათ, ვის როგორ და რა ზომით, ამისი განსჯა საქართველოს საქმე არ არის და თანაც, ახლა არც ამისი დროა. ადამიანურობა მოითხოვს და დღეს მთავარია, ეს დაუნდობელი ძალადობა უკრაინელი ხალხის მიმართ როგორმე შეწყდეს, მშვიდობიანობა აღდგეს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს პოზიცია განწირული უკრაინელი ხალხის მიმართ ცალსახაა: ჩვენ, ქართველებს, უეჭველად მიგვაჩნია, რომ უკრაინელი ხალხის უფლებები, მისი სუვერენობა, სასიცოცხლო ეროვნული ინტერესები, ტერიტორიული მთლიანობა და უარესიც: ფიზიკური არსებობაც კი, ხელყოფილი და არსებითად დაუცველია; უკრაინელი ხალხი - განწირულ და საოსწარკვეთილ მდგომარეობაშია; მათ მიმართ რუსეთის მიერ, სავარაუდოდ, ამაზრზენი სამხედრო დანაშაულებია ჩადენილი, რაც გამოძიებული უნდა იქნას და რუსეთს სამართალმა პასუხი უნდა მოსთხოვოს. უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება უკრაინელ ხალხს ყოფნა-არყოფნის ზღვარზე აყენებს, მაგრამ ესეც ნათელია: უკრაინა მსხვერპლია ამ მრავალმხრივი, მრავალგანზომილებიანი, ურთიერთგანმაპირობებელი შიდა თუ გარე უსჯულოებისა და ბუნებრივია, საქართველო სამართლისა და სამართლიანობის, უწინარესად კი, მშვიდობიანობის აღდეგნის, მაშასადამე, უკრაინელთა სიცოცხლის უფლების უპირობო დაცვის მხარესაა: ყველა საერთაშორისო ფორუმზე ამ პოზიციას მკაფიოდ გამოხატავს და სრულად სოლიდარულია უსჯულოების მსხვერპლი უკრაინლი ხალხის მიმართ. მაგრამ, ეს სოლიდარობა, უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა, რასაკვირველია, უწინარესად, ჰუმანიტარული შინაარსისაა, კაცთმოყვარეობით არის განპირობებული. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაიანაში ჩადენილი „მრავალმხრივი უსჯულოება“ უშუალოდ და პირდაპირ საქართველოს სასიცოხლო ეროვნულ ინტერესებს ხელყოფს, რომელთა დაცვა ომიანობაში ჩართვას გარდაუვლად გამოიწვევდა.

აქვე ესეც ხაზგასასმელია - სრულიად ცალსახა და მკაფიოა საქართველოს დამოკიდებულება აგრესორი, ბარბაროსული რუსეთის მიმართ. ეს დამოკიდებულება კი, არამხოლოდ ჰუმანიტარული პოზიციით, არამედ, სწორედაც, ჩვენი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესებითაა განსაზღვრული. კერძოდ: ერთი მხრივ, საქართველოს რუსეთის 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიის შემდეგ ზავისთვის არ მიუღწევია, საზავო ხელშეკრულება არ დაგვიდია, ხოლო რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის - 20%-ზე მეტის სამხედრო ოკუპაციასა და ფაქტობრივ ანექსიას; ე.წ. მედვედ-სარკოზის შეთანხმება - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იყო და არა ზავი; მართლზომიერად ასეც შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთთან საქართველო „გაყინული ომის“ მდგომარეობაშია, ვინაიდან „casus belli“ მანამდე იარსებებს, ვიდრე სამხედრო ოკუპაცია არ შეწყდება და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჩვენი იურისდიქცია სრულად არ აღდგება. ამდენად, რუსეთთან „ომის სასარგებლოდ“ და ასეთი ომის ლეგიტიმურობის დასაბუთებისთვისაც მნიშვნელოვანი, ძალზე წონადი არგუმენტები მართლაც არსებობს.

მეორე მხრივ, არა მხოლოდ მედვედევ-სარკოზის „ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“ (ე.ი. ამ შემთხვევაში სწორედაც კონვენციური, საერთაშორისო სამართალი), არამედ ელემენტარული კეთილგონიერება გვკარნახობს, რომ სამხედრო მოქმედებების განახლება რუსეთის წინააღმდეგ დამღუპველი ავანტურა იქნება, ვინაიდან უდიდესია რისკი, რომ ამას გაცილებით უარესი, საერთოდაც, გამანადგურებელი შედეგები მოჰყვეს, ვიდრე თუნდაც აგვისტოს ომისას იმდროინდელი ხელისუფლების სამხედრო-პოლიტიკურ ავანტურას მოჰყვა. კატასტროფის ეს უდიდესი რისკი, რომლის გაწევის პასუხისმგებლობასაც ვერც ერთი ჭკუათამყოფელი, ეროვნული და სჯულისმიერი ხელისუფლება საკუთარ თავზე ვერ აიღებს და ვერ აიღებდა (არც უნდა აეღო), გადამწყვეტი არგუმენტია მშვიდობის სასარგებლოდ. თუმცა, უთუოდ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთთან ისევ „გაყინული ომის“ მდგომარეობაში ვართ და ის, რომ სამხედრო მოქმედებების განახლება მიზანშეუწონლად დამღუპველი იქნება, არამც და არამც არ ნიშნავს რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების სამხედრო ოკუპაციასა და ფაქტობრივ ანექსიასთან შერიგებას. საქართველო ამას არასდროს შეურიგდება, მაგრამ იძულებულია, რომ არა სამხედრო, არამედ სხვა ხერხები, მშვიდობიანი გზები ეძიოს და გამოიყენოს რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად და საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

მშვიდობის სასარგებლოდ მეტყველებს მეორე, უფრო მნიშვნელოვანიც კი, სჯულისმიერი არგუმენტი - აფხაზებთან სამხედრო დაპირისპირების განახლება აბსოლუტურად კონტრ-პროდუქტიული იქნება: იურისდიქციის სამხედრო ძალით აღდგენა აფხაზეთში საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის, რაც ისტორიულადაც ქართულ-აფხაზურ კონსენსუსზე დგას, სრულიად, კატეგორიულად მიუღებელია. ეს ჩვენს სჯულს - სამართალს+სამართლიანობას, სამართლის იდეას და სჯულიერებას - „სჯულზე დგომას“ ანუ ცხოვრების მართალ წესს ძირეულად ეწინააღმდეგება! მტრობასა და ძალადობას, მით უმეტეს თანამოქალაქე ავტოქტონურ აფხაზებთან, რომელთაც ჩვენსავით არსად არ გააჩნიათ სხვა სამშობლო, ქართული სახელმწიფოებრიობა ვერ ჰგუობს, ვერ ეგუებოდა და ვერც მომავალში დაეყრდნობა! ფორმალურად, თითქოსდა ოსებთანაც იგივე დამოკიდებულება უნდა გვქოდეს, მაგრამ აქ, ვინაიდან ოსებმა ქურდულად, ავაზაკურად, „ჯაყოსებურად“, ვერაგულად გვიმუხთლეს, არავითარი კანონიერება მათ პოზიციას (აფხაზებისგან განსხვავებით) არ გააჩნიათ და სამართლით მათ ერთი გოჯი ქართული ტერიტორიაც კი არც არასდროს ეკუთნოდათ, არც ეკუთვნით და არც ოდესმე მიეკუთვნებათ, რასაკვირველია, სამაჩაბლოში ძალის გამოყენება საქართველოს იურისდიქციისა და წესრიგის აღსადგენად სავსებით ლეგიტიმური, სრულიადაც სჯულისმიერი იქნებოდა. თუმცა, უდიდესი ალბათობით, თუკი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი მოგვარდა და კონსენსუსით იქ ჩვენი იურისდიქცია აღდგა, არც ცხინვალის რეგიონში გაგვიხდება საჭირო სამხედრო ძალის გამოყენება.

რაც შეეხება უკრაინის, როგორც თითქოსდა მოკავშირე სახელმწიფოს, დასაცავად ომიანობაში ჩაბმას, აქ ცალსახად და უეჭველად ასე მგონია: ეს ჩვენი ომი არ არის! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ და უკარაინას მტერი საერთო გვყავს, უკრაინაში მიმდინარე ომში რომელიმე მხარეს ჩართვა გამორიცხულია. ზოგადად კი, საერთაშორისო ომიანობაში საქართველოს პოზიცია, როგორც სამართლებრივი, კონსტიტუცური ერი-სახელმწიფოსი, სავსებით ნათელია - საქართველო იომებს ოდენ საკუთარი თავის დასაცავად და მაშინაც, თუკი ეს უშუალოდ, პირდაპირ გამომდინარეობს მისი საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებებისგან. ასეთი რაიმე ვალდებულება რომელიმე სახელმწიფოსთან და არც უკრაინასთან არ გვაკავშირებს, ამდენად ამ ომიანობაში ჩართვა - ჩვენივე კონსტიტუციის განსაკუთრებულად უხეში დარღვევა, ანუ აშკარა უსჯულოება (დღეს „სჯული“ - კონსტიტუციურობაა!) იქნებოდა! მსგავს უსჯულეობას არ ვიზამთ და ვერც ვერავინ გვაიძულებს.

კიდევ ერთიც: ემოციურად ქართველების ნაწილის „გაუკრაინელება“ გასაგებია, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელი. გარდა იმისა, რომ ქართველი მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს ერთგულია, ოდენ მის წინაშეა სამხედროვალდებული და აქ სხვა მართალი პოზიცია გამორიცხულია, ესეც უნდა გვახსოვდეს - საქართველოს ტოლ-სწორი უკრაინის სახელმწიფოებრიობა არ არის და ვერც იქნება. თუნდაც მხოლოდ ამიტომაც, საქართველოს სახელმწიფოებრიობა საუკუნეთა უხსოვარი სიღრმიდან მოდის, საქართველო უფლის ნებითაა სახელმწიფო, მისი თვითგამორკვევა საბოლოოდ მე-10 საუკუნეში შედგა, მას შემდეგ ეს ქვეყნა სჯულისმიერი და ერთიანი ერი-სახელმწიფოა. ჩვენგან განსხვავებით, უკრაინის თვითგამორკვევა დღესაც არ დასრულებულა, ეს ომიანობაც დიდწილად ამ მტკივნეული პროცესის გამოხატულებაა. უკრაინა ამჟამად არა იმდენად სჯულისმიერი, რამდენადაც უფრო - კონვენციური სახელმწიფოა. უკრაინის სუვერენიტეტი, ისევე როგორც მისი ტერიტორია, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ანდა უფრო ნაკლებ მასშტაბური, შიდა-სახელმწიფოებრივი (რუსეთის იმპერიის ფარგლებში) პოლიტიკური შეთანხმებების -კონვენციების, ანდა სულაც ცალმხრივი, „ვოლუნტარისტული“ (მაგალითად, ხრუშჩოვის მიერ ყირიმის ჩუქება უკრაინისათვის) პოლიტიკური ნების ნაყოფია. მხოლოდ ამ მიზეზითაც, სხვაც რომ არაფერი, რაც არ უნდა ეცადონ, ის ვერ იქნება ჩვენი ტოლ-სწორი. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი აგრესორი და ბარბაროსი არ არის. რასაკვირველია, - ცალსახად არის და ეს უდავოა. ამიტომ სრული სოლიდარობა უკრაინას. მაგრამ ქართველების „გაუკრაინელებისა“ კი რა მოგახსენოთ - ესეც ცხადი უსჯულოება მგონია!

ომი თუ მშვიდობა? ქართველთა სჯულით უკვე ძალზე დიდი ხანია, ათადან და ბაბადან მოყოლებული, ჩვენი სახელოვანი წინაპრების მიერ ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი გაცემულია და ანდერძად დატოვებულია ეს ურყევი არჩევანი: თავდაუზოგავი ომი, თუკი ამ უდიდესი განსაცდელის თავიდან ასარიდებლად ყველაფერი ვიღონეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არანაირი სხვა გზა სამშობლოს, საკუთარი ოჯახების, ერთმანეთის, ჩვენი ეროვნული იდენტობისა თუ სჯულიერების დასაცავად აღარ დაგვრჩენია. ხოლო ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, უდავოდ, უეჭველად - მხოლოდ მშვიდობა! ჰოდა, უსჯულოთა ჯინაზე და მათი ბოროტი გულების გასახეთქად, მშვიდობა მოგვცეს და ნუ მოგვიშალოს ღმერთმაც მრავალჟამიერ!