„რა ინტერესი ჰქონდა, არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი, რომ მერაბიშვილი კურირებდა მიშას ჩამოყვანის ოპერაციას და გადასცეს ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს“

„რა ინტერესი ჰქონდა, არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი, რომ მერაბიშვილი კურირებდა მიშას ჩამოყვანის ოპერაციას და გადასცეს ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს“

„მე არ ვიცი, სააკაშვილის მოწამვლა ვის რაში დასჭირდებოდა. უბრალოდ, მას კლაუსტროფობია აქვს, ჩაკეტილი სივრცის შიში. შეიძლება, ადამიანს ფსიქიკური აშლილობის პერიოდში ქიმიური ცვლილებებიც დაეწყოს. ციხეში შიმშილობის აქცია რომ გამოვაცხადე, ფაქტობრივად, მეც დამეწყო ბიოქიმიური ცვლილებები. უბრალოდ, სულზე მომისწრეს, თორემ კიდევ ხუთი დღე რომ გამეგრძელებინა შიმშილობა, შეიძლება ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია.

ვინ უღალატა მიშას? „ნაცმოძრაობის“ წევრებს კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩნდათ, თუ ვის დაადებს ხელს სააკაშვილის ძმა და ვის მიანიჭებს მოღალატის იარლიყს. ფაქტია, რომ სააკაშვილს ფოთის პორტიდან გადმოსვლის შემდეგ სანდო ადამიანი არ დახვედრია. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის ოჯახის წევრებს მიშას მოტყუებით შემოყვანის ვერსია იმისთვის დასჭირდათ, რომ ამით ერთგვარად გაამართლონ სააკაშვილი და შეუმსუბუქონ მდგომარეობა, თითქოს მიშას არ უნდოდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, მაგრამ ვიღაცამ შემოიტყუა?

- საქართველოში სააკაშვილის შემოყვანის ამბებს კურირებდა ვანო მერაბიშვილის ჯგუფი, უშუალოდ ვანო მერაბიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, რომლებმაც, როგორც ჩანს, თხასავით გაყიდეს მიხეილ სააკაშვილი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით. უკვე გამოჩნდა, რომ მერაბიშვილი და კეზერაშვილი ერთად არიან, ახლა მათი მეგობარი ვიქტორ ბუტიც გამოჩნდა.

სიკვდილის ვაჭრად წოდებული ვიქტორ ბუტის ციხიდან გაშვება საეჭვოდ ემთხვევა მოვლენებს. თქვენ ხშირად ახსენდებდით ჩვენთან საუბრისას, რომ ვიქტორ ბუტი უკანონო იარაღის ბიზნესში იყო ჩართული, სადაც სააკაშვილის ბიძის სახელიც ფიგურირებდა. მისი გამოშვება რამდენად სახიფათოა? ისევ შეიკვრება ეს წრე?

- ვიქტორ ბუტი და ვანო მერაბიშვილი ერთ გუნდში იყვნენ და ერთ საქმეს აკეთებდნენ. ასე რომ, ვანო მერაბიშვილს შეიძლება „მივულოცო“ მისი ძმაკაცის და მეგობრის გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ვიქტორ ბუტის გამოშვება სახიფათოა, შეიკრა ეს დაჯგუფება, როგორც ჩანს, აქ არის რუსული ინტერესები. კეზერაშვილი, განსაკუთრებით კი, მერაბიშვილი ეს არის რუსეთის გავლენის აგენტი, მიხეილ სააკაშვილის მთავრობაშიც ეს ფაქტი არ იმალებოდა, პირდაპირი მტკიცებულებებიც არსებობს და მთავარ პროკურატურასაც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები გააჩნია. უბრალოდ, დღევანდელი პროკურატურა თავს იკავებს ვანო მერაბიშვილის შესახებ მტკიცებულებები გამოააშკარავოს, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მერაბიშვილის რუსულ კავშირებსა და რუსულ გავლენის აგენტობაზე. როგორც ჩანს, ისინი ერთ გუნდში არიან.

თუკი სააკაშვილის ძმამ ხელი დაადო მერაბიშვილსა და მის გუნდს, ეს ნიშნავს, რომ ახალი საქმე უნდა აღიძრას მერაბიშვილის წინააღმდეგ, როგორც სააკაშვილის თანამზრახველზე? ხშირად გვესმის, ვანო კი იყო დამნაშავე, მაგრამ ერთი პლუსი მაინც ჰქონდა- ღირსეულად მოიხადა სასჯელი, სააკაშვილისგან განსხვავებით.

- თუკი დაფიქსირდება, რომ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი იყენებენ რუსულ კონტაქტებს, მაშინ მათზე საქმე აღიძვრება, როგორც ეს მოხდა ამერიკაში, როცა საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსული კვალი გამოვლინდა 2016 წელს. საუბარია სამ მიმართულებაზე - რუსი ოლიგარქები გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ლობირებდნენ ამერიკაში და მათ ფულს უხდიდნენ.

თუკი ამ ვერსიას მივყვებით, რომ მერაბიშვილმა ჩამოიტყუა სააკაშვილი, მაშინ საინტერესოა, მერაბიშვილს მიშას დაღუპვა უნდოდა? მერაბიშვილი თავად იყო განრიდებული ქართული პოლიტიკისგან, ის ახალი გამოსული იყო ციხიდან, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა ქართულ პოლიტიკაში მერაბიშვილს?

- მერაბიშვილს რა ინტერესი ჰქონდა, არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი, რომ მერაბიშვილი კურირებდა მიშას ჩამოყვანის ოპერაციას.

უკრაინაში ხშირად ჩადიოდა გუბაზ სანიკიძე, ნიკა მელია, დავიჯეროთ, ისინი არ უბიძგებდნენ მიშას საქართველოში ჩამოსასვლელად? თუ ასე არ არის, კიევში მათი ვიზიტი რით იყო გამოწვეული? მიშას მონატრებით?

- გუბაზს არ დაუფიქსირებია და არ უთქვამს, რომ სააკაშვილი საქართველოში უნდა ჩამოსულიყო. გუბაზ სანიკიძე შეიძლება სხვა რამის გამოც ჩადიოდა სააკაშვილთან, თუმცა მერაბიშვილის ჯგუფი იყო დაინტერესებული სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანით. მათ განახორციელეს ოპერატიული დაფარვის ოპერაცია, როგორც ჩამოიყვანეს და გადასცეს ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს, ესეც გამოჩნდა.

დღესდღეობით მერაბიშვილ-კეზერაშვილს არც აინტერესებთ პატიმარ სააკაშვილის ბედი.

- დღეს ერთი სიტყვაც არ დაუსველებია არც მერაბიშვილს, არც კეზერაშვილს და არც უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი. „ნაცმოძრაობაში“ ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი. ჩვენ, პოლიტპატიმრები, ისე ვუყურებთ „ნაცებს“, როგორც „ნაცისტებს“, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ საქართველოზე. რუსულმა სპეცსამსახურებმა რა შეცდომებიც დაუშვეს უკრაინაში, იქიდან სწორი დასკვნები გამოიტანეს და საქართველოსთან მიმართებით უფრო ჭკვიანურად მოქმედებენ. დღეს ჩვენ ვუძლებთ ჰიბრიდულ საფრთხეს.

მიშას ტოქსიკური მდგომარეობის დამძიმება ვის ინტერესშია? მასთან უამრავი მნახველი შედიოდა, შედეგად, უცხოელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი ვერცხლისწყლითა და დარიშხნით მოწამვლას ასახელებს.

- მე არ ვიცი, მისი მოწამვლა ვის რაში დასჭირდებოდა, მე მგონი, მიშას უბრალოდ ფსიქიკური შეუთავსებლობის პრობლემა აქვს, კლაუსტროფობია, როცა ადამიანს ჩაკეტილი სივრცე აფრთხობს. სააკაშვილს თავიდანვე ჰქონდა ანომალიური გადახრები, როგორც ჩანს, იგი შეჯდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე, ესეც არ არის დამალული საკითხი, ახლა კი მას დაემატა ფსიქოლოგიური ბრძოლა. ციხეში მეც ვიყავი, ფსიქოლოგიური სირთულე მეც მქონდა, მთავარია, ადამიანმა მონახოს საკუთარ თავში ძალები და ეს პრობლემა გადალახოს. პირადად მე ჩემმა მეგობრებმა, პოლიტპატიმრებმა, ცხონებულმა თემურ ჟორჟოლიანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, მელორ ვაჩნაძემ ხელი შემიწყვეს, რომ ეს სირთულეები არ მქონოდა.

მაგრამ თქვენი წამება, თავზე ცელოფნის პარკის წამოცმა, გაგუდვის იმიტაცია და მიშას „წამება“ ერთი იყო?

- წამება სხვა არის, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ხვდება ციხეში, ასეთი მდგომარეობა ეწყება. სხვათა შორის, იგივე ჰქონდა ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას. დღესაც ვანო მერაბიშვილი ფსიქიატრთან დადის და ციხის მდგომარეობიდან ვერ გამოსულა, ციხის შიდა სამზარეულო კარგად ვიცი და იმიტომ ვამბობ ამას.

ცალკეულ ადამიანებს ეჭვი უჩნდებათ, ხომ არ მიიღო სააკაშვილის ოჯახმა „ნამიოკი“ ხელისუფლებისგან, რომ მიშას ჯანმრთელობის შესახებ სწორედ ახლა უნდა ატეხონ განგაში, რაც მისი გათავისუფლების საწინდარი იქნება? შეიძლება ხელისუფლებას მიშას „მოშორება აწყობდეს?

- ეჭვი მეპარება, ირაკლი ღარიბაშვილის პირობებში მოხდეს სააკაშვილის გამოშვება. დიდი ალბათობით, მიშას არ გამოუშვებენ. ვიმეორებ, სააკაშვილს აქვს ფსიქოპათიური შეუთავსებლობა ციხეში ყოფნასთან. სხვათა შორის, სააკაშვილმა თვითონვე უარყო, რომ ის იყო მოწამლული.

თვითონ უარყო, მაგრამ მისმა უცხოელმა ექიმმა - ტოქსიკოლოგმა სწორედ მიშას მოწამვლაზე ააგო დაცვის სტრატეგია.

- შეიძლება, ადამიანს ფსიქიკური აშლილობის პერიოდში ქიმიური ცვლილებები დაეწყოს. ასე შიმშილობის აქცია მეც რომ გამოვაცხადე და 60 დღე ვიშიმშილე, ფაქტობრივად, მეც დამეწყო ბიოქიმიური ცვლილებები. უბრალოდ, სულზე მომისწრეს, თორემ კიდევ ხუთი დღე რომ გამეგრძელებინა შიმშილობა, შეიძლება ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი. მე არ ვიცი, სააკაშვილმა იშიმშილა თუ არა, რაღაც პერიოდი შეიძლება იშიმშილა კიდეც, ამანაც ბიოქიმიური ცვლილებები გამოიწვია.

სააკაშვილმა მაკრონს რომ წერილი მისწერა, ვკვდები, ცოტა დრო დამრჩაო, ეს წერილი რამე შედეგს გამოიღებს?

- არა მგონია, მაკრონს იმდენი პრობლემა აქვს, მიშასთვის არ სცალია. მეორეც, მაკრონი და ყველა დასავლელი პოლიტიკოსი უყურებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც, თავის მხრივ, ამბობს, რომ ყველაფერი რიგზეა და არავითარი პრობლემა არ არის სააკაშვილთან მიმართებით და მისი მკურნალობა სავსებით თავსებადია პატიმრის მკურნალობასთან.

 

 

 

 

trampi დაუჭამიათ ერთმანეთი
1 წლის უკან