„ახმედ ზაკაევს და ბევრ ემიგრანტს სხვა რა საქმე აქვთ? იკრიბებიან ანტიპუტინურ ღონისძიებებზე, ეს არის ე.წ. ფსევდოლიბერალური „ტუსოვკა“, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში“

„ახმედ ზაკაევს და ბევრ ემიგრანტს სხვა რა საქმე აქვთ? იკრიბებიან ანტიპუტინურ ღონისძიებებზე, ეს არის ე.წ. ფსევდოლიბერალური „ტუსოვკა“, ეს არის ქარიშხალი ჭიქაში“

უკრაინის ომის ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევის იდეები ერთიანი კავკასიის შექმნის შესახებ. ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დევნილობაში მყოფი ახმედ ზაკაევი მიიჩნევს, რომ თავის დროზე მსოფლიოს ზვიად გამსახურდიასა და ჯოხარ დუდაევისთვის რომ მოესმინა, დღეს არ დადგებოდნენ იმ მძიმე რეალობის წინაშე, რაც უკრაინაშია.

ჩეჩნეთიდან დევნილი დიასპორის წარმომადგენლები ევროპაში კონფერენციებს მართავენ და ჩეჩნეთის დეოკუპაციისთვის ბრძოლას აანონსებენ. ამ საქმეში თავიანთი წვლილის შეტანას აპირებენ უკრაინის დროშის ქვეშ მებრძოლი ჩეჩნური ბატალიონები, რომლებიც მზად არიან, იატაკქვეშა მოძრაობა გაშალონ ჩეჩნეთში კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ.

ჩეჩნურ ბატალიონებზე როცა ვლაპარაკობთ, აქ იგულისხმება უკრაინაში მოქმედი ჯოხარ დუდაევის და შეიხ მანსურის სახელობის რაზმები, სადაც ქართველებიც იმყოფებიან და საერთო ძალით ებრძვიან რუს ოკუპანტებს.

პარალელურად, უკრაინის ვერხოვნა რადამ დადგენილება მიიღო ჩეჩნეთის, როგორც რუსეთისგან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად ცნობის შესახებ.

რა პერსპექტივა აქვს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გაძლიერებას და ერთიანი კავკასიის იდეის განხორციელებას?

„სახალხო პარტიის“ ლიდერ მამუკა გიორგაძის შეფასებით, ზოგადად, ერთიანი კავკასიის იდეა ძალიან კარგია, მაგრამ ამ იდეას სჭირდება პირობები რეალიზებისათვის. თავის დროზე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლები, ემიგრაციაში მყოფი რეზო გაბაშვილი, დათა ვაჩნაძე, შალვა ამირეჯიბი, სპირიდონ კედია მუშაობდნენ ამ საკითხზე, იმართებოდა კონფერენციები 1921 წელს ჩეჩნეთის ოკუპაციასთან დაკავშირებით, მთიელთა მხრიდანაც დიდი ჩართულობა იყო.

მამუკა გიორგაძე იმასაც იხსენებს, რომ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის წინ სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა, შექმნილი იყო კავკასიური სხვადასხვა ორგანიზაცია იმისთვის, რომ ორგანიზება გაეკეთებინა ერთობლივი ანტისაბჭოთა გამოსვლებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შედგა იმის გამო, რომ კავკასიაში ორასწლოვანი ბატონობის პერიოდში რუსეთმა იმდენად დაქსაქსა ჩრდილო კავკასიელი ხალხები, რომ ძალიან რთული იყო ერთიანობის მიღწევა.

ამ სირთულის მიუხედავად, მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ კავკასიის ერთადერთი ბუნებრივი გამაერთიანებელი არის ქართული სახელმწიფო, რომელიც ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რომ კავკასიის გაერთიანება შეძლოს. ქართული პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და მაქსიმალურად შეეცადოს, კავკასიაში სხვადასხვა ეთნოსებს შორის დაპირისპირება მოაგვაროს. ერთი წარმოშობის ხალხია ჩეჩნები, ინგუშები, ალანები, მაგრამ ერთმანეთთან ტერიტორიული თუ სხვა სახის პრობლემები აქვთ. ყაბარდოელებს, ინგუშებს და ოსებს შორის სერიოზული დავაა ძველ მემკვიდრეობასთან, მიმდინარე საკითხებთან და ტერიტორიულ პრობლემასთან დაკავშირებით. არის ჩერქეზების საკითხიც. ამდენად, ერთიანობას ევროპაში ჩატარებული კონფერენციებით ვერ მიაღწევენ.

„დასავლეთში მყოფ ახმედ ზაკაევს და ბევრ ემიგრანტს დრო ბევრი აქვს და სხვა რა საქმე აქვთ? თუმცა ეს არის ემიგრანტული ე.წ. ფსევდოლიბერალური „ტუსოვკა“, იკრიბებიან კონფერენციებზე, ანტიპუტინურ ღონისძიებებზე და ეს ყველაფერი არის ქარიშხალი ჭიქაში“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე ჩვენთან საუბრისას.

რაც შეეხება უშუალოდ ჩეჩნეთის მოსახლეობას, „სახალხო პარტიის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ რუსეთმა ჩეჩნეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის დამონება ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქართული, ისე ჩრდილო კავკასიური საზოგადოება შემგუებელი საზოგადოებაა, ზეწოლას ექვემდებარება, უფრო მეტიც, რუსეთი სარგებლობს კორუფციული სქემებით და ელიტების მოსყიდვას ახორციელებს. რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკაში ელიტების დაკმაყოფილების ხარჯზე ახდენს იქაურ ხალხზე ზემოქმედებას. შესაბამისად, როცა ელიტები კმაყოფილია, შემდეგ ეს ელიტები თვითონვე ახდენენ ზემოქმედებას საკუთარ მოსახლეობაზე.

„რუსეთის ეს ტაქტიკა დიდი ხანია ცნობილია, თუნდაც ბოლშევიკების დრო ავიღოთ, ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი ზეწოლას განიცდიდა არა მარტო ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, არამედ ციხის ადმინისტრაციის მიერ წახალისებული პრივილეგირებული პატიმრებისგან. პრივილეგირებული პატიმრები შეკრულნი იყვნენ ციხის ადმინისტრაციასთან და ზეწოლას სწორედ პოლიტიკურ პატიმრებზე ახორციელებდნენ. ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი ციხეში დაიღუპა სწორედ პრივილეგირებული პატიმრების მიერ შექმნილ რთულ პირობებში. თუმცა ჩვენმა დისიდენტებმა - მერაბ კოსტავამ, ვლადიმერ ბუკოვსკიმ, მარჩენკომ და სხვებმა ეს სიტუაცია გადატეხეს და მომდევნო თაობის დისიდენტები რომ მიდიოდნენ ციხეში, უკვე სოლიდარობა იგრძნობოდა პატიმრებს შორის. ზუსტად ასეთივე გზა აქვს გასავლელი კავკასიას, საჭიროა სერიოზული მუშაობის დაწყება, ორგანიზაციულ-სტრუქტურული ნაბიჯების გადადგმა, რუსეთთან შეკრული საკუთარი ელიტების წინააღმდეგ ბრძოლა“, - გვითხრა მამუკა გიორგაძემ.

მანვე განმარტა, რომ სანამ პუტინია, იქნება კადიროვიც, მაგრამ პუტინის წასვლის შემდეგ დამთავრდება კადიროვი. მისივე სიტყვით, ჩრდილო კავკასიელი ხალხი ჩვენი ჯიში, ჩვენი განაყოფია, ამიტომ საქართველომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე ეს ინიციატივა, რადგან საქართველოა კავკასიის ბუნებრივი ლიდერი.

„ვისთანაც მქონია პირადი კონტაქტები, მათ შორის, ჯოხარ დუდაევთან, ჯოხარ დუდაევი პირდაპირ აღიარებდა, სანამ საქართველო არ იქნება გამაერთიანებელი, მანამდე ამას ვერც ერთი კავკასიელი ვერ შევძლებთო. პირადად ჩემთვისაც აქვს ნათქვამი დუდაევს, „საქართველო ეს არის კავკასიის ლომი, ჩეჩნეთი ეს არის კავკასიის მგელი, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად“. დღეს მსოფლიოში ყველა ეძებს თავის ფუნქციას და როლს, შიიტურ სამყაროში ამ როლს ეძებს ირანი, თავის როლს ეძებს თურქეთი და მისი იდეოლოგია, პოლიტიკა აქეთკენაა მიმართული, აზერბაიჯანი იქნება, ცენტრალური აზია, თუ ჩრდილო კავკასია, აქეთ არის თურქეთის მთავარი ინტერესი. თავის ფუნქციას ეძებს მაკრონი, დე გოლის საფრანგეთამდე უნდა ავიდეს, ამის ამბიცია აქვს, თავის ფუნქციას ეძებს ბრიტანეთი. ჩვენთანაც უნდა მიდიოდეს დისკუსია, რა არის საქართველოს ფუნქცია და როლი, რითი ვართ საინტერესო კაცობრიობისთვის, რა შეგვიძლია შევთავაზოთ მსოფლიოს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომ ჩვენ ვიყოთ, როგორც შემკრები კავკასიისა, მუდმივად ასეთი ისტორია გვქონდა და დღესაც ამხელა ამბიცია უნდა გვქონდეს. მხოლოდ სიტყვები - ერთიანი კავკასიური იდეა - არაფერს ნიშნავს. ღმერთმა აცხონოს დუდაევიც და გამსახურდიაც, ერთიან კავკასიურ სახლზე საუბრობდნენ და მთიან ხალხთა კონფედერაციის ლობისტი იყო გროზნოში და იქიდან ხდებოდა მებრძოლთა გაშვება ცხინვალსა და სოხუმში ქართველების წინააღმდეგ საბრძოლველად. რეალური ქმედებებია საჭირო. თუ რეალური ნაბიჯები გადაიდგა, მაშინ ჩეჩნეთშიც არის ხალხი ამისთვის, ინგუშეთშიც, ბალყარეთშიც“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის მოსაზრებით, ევროპაში ჩატარებულ კონფერენციებს იმის შესახებ, რომ იჩქერია ოკუპირებულია, მნიშვნელობა არ აქვს. კადიროველებს არ სძინავთ. სულ ახლახანს ჩეჩენი დისიდენტი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს შვედეთში და მისი ძმაც დაკარგულია, სავარაუდოდ, ისიც მოკლეს. კადიროვის გავლენა კი უკვე ჩეჩნეთს გასცდა და მთელ რუსეთში იგრძნობა. შესაძლოა, ეს გავლენა დროებითია და ომის დამთავრების შემდეგ სხვაგვარად იყოს, მაგრამ დღეს პრიგოჟინსა და კადიროვს მიჰყავთ პარადი.

„ახმედ ზაკაევს რაც შეეხება, ის ინგლისში ცხოვრობს, მას მსოფლიო დონის მსახიობი ქალი, უმდიდრესი ვანესა რედგრეივი მფარველობდა, ლონდონში რამდენიმე საკუთარი სახლი ჰქონდა იმ ქალბატონს. მესმის ზაკაევი რასაც ამბობს, მსოფლიოს რომ მოესმინა ზვიადისთვის და დუდაევისთვის, უკრაინა ამ დღეში არ იქნებოდაო, მაგრამ საქართველოს ამბავი რომ არ გაეტარებინა ევროპას, დღეს ხომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა?! ერთიანი კავკასიის იდეაც დღევანდელ მსოფლიოს ნაკლებად აინტერესებს, ზვიადისდროინდელი მსოფლიოც სულ სხვა იყო, ევროპელები იმ პერიოდში ნაციონალიზმს და ზვიადსაც სხვანაირად უყურებდნენ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.

ლაზი ამას ჰქვია, სასურველის შესაძლებლად წარმოსახვა. რა კავკასიურ ერთობაზეა საუბარი. ახსოვს კი ისტორიას ასეთი ერთობა? დუდაევმა გამსახურდია რომ შეიფარა, ეს კარგი ქცევა იყო, მაგრამ სოხუმში "ფეხბურთის" თამაში გამოგონილია? ერთად ერთი, ინგუშები არიან გამორჩულად კეთილგანწყობილნი, მაგრამ მათ, მცირერიცხოვნობის გამო, თავისი თავის დაცვის პრობლემა აქვთ არსებულ გარემოცვაში.
1 წლის უკან