რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ირანი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მხარდამჭერი გახდა. რუსეთი ცდილობს ირანისგან მოიპოვოს მეტი იარაღი, მათ შორის ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც რუსეთი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის გამოიყენებს. ბალესტიკური რაკეტების სანაცვლოდ, რუსეთი, დიდი ალბათობით, ირანს სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს უპრეცედენტო დონეზე, რომელიც მათ თავდაცვის ურთიერთობებს გარდაქმნის.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა, დიდი ალბათობით, საკუთარი „SS-26 ისკანდერის“ მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების მარაგის დიდი ნაწილი ამოწურა. თუ რუსეთი მოახერხებს დიდი რაოდენობით ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოყენების დაწყებას, ის, სავარაუდოდ, გამოიყენებს მათ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების კამპანიის გასაგრძელებლად და გაფართოებისთვის.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვერ ხედავს, რომ პუტინს უკრაინაში კონფლიქტის გადაჭრა სურდეს. როგორც ჯეიმს კლევერლი აცხადებს, უკრაინის გადასაწყვეტია ის გარემოებები, რომლებშიც ისინი რუსეთთან მოლაპარაკების საწარმოებლად მზად იქნებიან.
„მე ნამდვილად ვერ ვხედავ რუსული მხრიდან იმას, რაც დამარწმუნებს, რომ ვლადიმერ პუტინს ამ მოლაპარაკებებში კეთილსინდისიერად მონაწილეობა სურს. ფართო რიტორიკა ჯერ კიდევ ძალიან კონფრონტაციულია. ნებისმიერი მოლაპარაკება უნდა იყოს რეალური, ის უნდა იყოს შინაარსიანი“, - აღნიშნა ჯეიმს კლევერლიმ.
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით, ის ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინს თავის იმპერიალისტურ გეგმებზე უარის თქმა შეუძლია, ამიტომ საჭიროდ თვლის თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდას.
„ყოველ ჯერზე, როდესაც პუტინთან ვსაუბრობ, ის ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობა სურს. მას უბრალოდ ძალით სურს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დაპყრობა. თუმცა, საჭიროდ ვთვლი ასეთ სატელეფონო საუბრებს, ვინაიდან შეგვძლია ვნახოთ, არის თუ არა კრემლში რამე ცვლილებები უკრაინაში ომთან დაკავშირებით. წარსულში რუსეთს ხელმძღვანელობამ უკვე აჩვენა თავისი სამხედროების სისასტიკე. მაგალითად, სირია და ჩეჩნეთი, სადაც მთელი ქალაქები იქნა წაშლილი“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
თავის მხრივ, ნატოს გენერალურ მდივანი აანონსებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი შეიძლება ნატო-სა და რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზარდოს. იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, სწორად შეაფასონ უკრაინის გარშემო არსებული მდგომარეობა და შეცდომა არ დაუშვან.
„მოვლენები, შესაძლოა, საშინლად არასწორად განვითარდეს. უკრაინაში საშინელი ომია. ეს არის ასევე ომი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დიდ ომში ნატო-სა და რუსეთს შორის. ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ ეს. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ არსებობს სრულმასშტაბიანი ომის შესაძლებლობა“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
საფრთხე რომ რალურია ამას ადასტურებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობამ კონფრონტაციის წერტილს მიაღწია და მათ ამ პირობებში მოუწევთ ცხოვრება.
„ჩვენ უკვე მივედით სადგურზე, რომელსაც „კონფრონტაცია“ ჰქვია. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები, უნდა ვიყოთ ძლიერები და გვქონდეს უსაფრთხოების ხარისხი, რადგან ჯერ კიდევ უნდა ვიცხოვროთ ამ დაპირისპირების პირობებში. დასავლეთის ქვეყნებს არ მოსწონთ და ნამდვილად არ სურთ მოსწონდეთ რუსეთი“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
რუსეთ-უკრანის ომში ირანის ჩართულობამ კორექტირება შეიტანა რუსეთის სასარგებლოდ. ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი ჯერ კიდევ სირიის კონფლიქტის დროს ჩამოყალიბდა. ასადის რეჟიმმა, ირანმა, ერაყმა და რუსეთის ფედერაციამ შექმნეს რეგიონული მასშტაბის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი და შესაბამისად, ახორციელებენ საკუთარ გეოსტრატეგიულ ინტერესებს.
სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ირანსა და რუსეთს შორის არის გარკვეული სტრატეგიული ურთიერთობა კავკასიის მიმართულებით, ეს არის მოსკოვი-ერევანი-თეირანის ალიანსი კავკასიის მიმართულებით. მაისაიას თქმით, სამხედრო თანამშრომლობა მათ შორის ბუნებრივი მოვლენაა და შესაბამისად, რუსეთმა გამოიყენა ირანული დრონები, რომლის დემონსტრირება ირანმა პირველად 2014 წელს მოახდინა.
„გარკვეულწილად მოხდა შეიარაღების გაცვლა. როგორც ჩანს, რუსეთმა ირანს გადასცა შეიარაღების ტიპები, რაც ირანს აკლია და ეს არის მეოთხე თაობის მოიერიშეები და პლუს, ბირთვული ტექნოლოგიების გარკვეული კომპონენტები. ირანელები აწვდიან რუსებს თავიანთ შეიარაღებას დრონების სახით, რომლებიც საკმაოდ ეფექტური და ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ბაირახტარები.
ირანის ჩართულობამ სერიოზული კორექტირება შეიტანა ამ ომში. რუსებმა ირანული დრონების გამოყენება დაიწყეს უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების განადგურების მიმართულებით. საუბარია არა მარტო დრონებზე, არამედ ბალესტიკურ სარაკეტო კომპლექსებზე, რაც საკამოდ სერიოზული ფაქტორი შეიძლება გახდეს რუსეთს-უკრაინის ომში.
არ არის გამორიცხული, რომ ირანელების მხარდაჭერით უკრაინის ომში ჩაერთოს ჰესბოლასა და ავღანეთის დაქირავებული მებრძოლები. ამ შემთხვევაში საუბრია სირიიდან, ლიბანიდან და ავღანეთიდან წამოსულ დაქირავებულ მებრძოლებზე. ლუგანსკში დაფიქსირდა მათი მონაწილეობა. მაგალითად, ირანის სამხედრო ისნტრუქტორები ანექსირებულ ყირიმში ახორციელებენ რუსი სამხედროების ინსტრუქტირებას.
აქ საინტერესოა ისრაელის ჩართულობა, რამაც უკრაინის სასარგებლოდ შეიძლება ითამაშოს გარკვეული როლი. ისრაელმა უკვე განახორციელა სირიის ტერიტორიაზე იმ ქარხნების განადგურება, სადაც ასეთ დრონებს ამზადებდნენ. გარკვეულწილად, ისრაელი არაოფიციალურად ერევა კონფლიქტში, თუმცა ოფიციალურად იკავებს ნეიტრალიტეტს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
რაც შეეხება ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას, ანალიტიკოსის შეფასებით, რუსეთს-ნატოს ომის რისკი საკამოდ მაღალია, რაც გაზარდა ირანის ღია ჩართულობამ.
„დღეს, ნატოსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს კლასიკური ჰიბრიდული ომი. ამიტომ მისი კონვენციურ ომში გადაზრდის საფრთხე საკამოდ რეალურია. კოალიციური ომის ფაქტორზეა საუბარი. თუ ნატო ჩაერთო რუსეთ-უკრაინის ომში, არაა გამორიცხული, ჩინეთმა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება. ნატომ რატომღაც ჩინეთი აღიარა სამხედრო მოწინააღმდეგად, რუსეთი კი, სამხედრო მტრად. ბუნებრივია, თუ ნატო ოფიციალურად გახდება კონფლიქტის მონაწილე, აქიდან გამომდინარე, ჩინეთ-რუსეთსა და ირანს შორის შეიძლება ახალი სამხედრო პოლიტიკური ალიანსი ჩამოყალიბდეს. ანუ, ალიანსური კოალიციური ომი შეიძლება გახდეს რეალური სცენარი. შესაბამისად, სავსებით რეალურია რუსეთ-ნატოს ომი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.