„სააკაშვილის შეწყალებას ითხოვენ, მაგრამ ვინმემ მოინანია დანაშაული?! ნელსონ მანდელას პარტიის წევრი პოლიციელმა ისე აწამა, ორივე თვალით დააბრმავა, დაბრმავებულმა კი აპატია, რადგან პოლიციელმა მოინანია“

„სააკაშვილის შეწყალებას ითხოვენ, მაგრამ ვინმემ მოინანია დანაშაული?! ნელსონ მანდელას პარტიის წევრი პოლიციელმა ისე აწამა, ორივე თვალით დააბრმავა, დაბრმავებულმა კი აპატია, რადგან პოლიციელმა მოინანია“

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იმდენად იქცა სავაჭრო თემად, რომ ასეთი იდეაც გაჩნდა, ხომ არ ჯობდა, სააკაშვილის გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხი ევროკავშირთან სავაჭროდ მაინც გამოგვეყენებინა, რათა კანდიდატის სტატუსი მოეპოვებინა საქართველოს.

ამ ეტაპზე სააკაშვილის თემა მხოლოდ დამაბრკოლებელია, ქვეყნის სასიკეთოდ მის გამოყენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. გვესმის მხოლოდ უცნაური განცხადებები, რომ ექსპრეზიდენტი მორჩებოდა, რომ არა პატიმრობის პირობები, რომ მიშას სტრესი სჭირს და სერიოზული დაავადება უვითარდება. ამასობაში პაციენტი თუ პატიმარი სააკაშვილი შეექცევა „სასურველ საკვებს“ მხოლოდ „სასურველ დღეებში“, მისი ჯანმრთელობის გაუარესება კი მოასწავებს ევროკავშირის კარების დახშობას. ყოველ შემთხვევაში, ასეთნაირად აშინებს საქართველოს მოსახლეობას გიორგი ვაშაძე.

„მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა ცუდად რომ დამთავრდეს, ჩათვალეთ, ევროკავშირის კარებიც იხურება - პრეზიდენტს ციხეში თუ კლავ, ევროპაში რა გინდა?!“ - აინტერესებს გიორგი ვაშაძეს.

როგორც ჩანს, ევროკავშირის თემა ნებით თუ უნებლიეთ მიშას ჯანმრთელობის თემას გადაეჯაჭვა. აპირებს თუ არა ხელისუფლება ამ საკითხით მანიპულირებას ევროკავშირის გულის მოსაგებად?

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუ საქმე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ეხება, აქ ნებისმიერი ვაჭრობა დასაშვებია. მეტიც, დიპლომატია იგივე ვაჭრობაა, ცივილიზებული ვაჭრობა, კომპრომისების ძიება. სოსო ცინცაძის განმარტებით, სააკაშვილთან დაკავშირებით ტყუილ-მართალი არეულია, პოლიტიზირებულია ყველაფერი, ამ დროს კი არ შეიძლება ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი ასე იყოს პოლიტიზირებული. კერძოდ, „ვივამედის“ კლინიკის დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, სააკაშვილი ჯანმრთელია, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ, არ ჭამს და ამის ბრალია ყველაფერიო. ამ დროს ნობელის პრემიის ლაურეატები, ამერიკელი ექიმები იძახიან, სააკაშვილს დაავადებები აქვსო.

სოსო ცინცაძის განმარტებით, ძალიან პრიმიტიული განცხადებაა, როცა ამბობენ, სააკაშვილი მორჩებოდა, პატიმრობაში რომ არ იყოსო. არიან ადამიანები, ვისთვისაც ციხე სახლია. ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა ციხეში, მაგრამ არ მოკვდა, ნერვებიც წესრიგში ჰქონდა. ასევე, არიან კანონიერი ქურდები, რომლებისთვისაც ციხეში ჩაჯდომა არაფერი არ არის, ისინი ამბობენ კიდეც, ციხე ჩვენი სახლიაო. მაგრამ თუ ადამიანი ციხეში, ან კლინიკაში კვდება და შენ არგუმენტი გაქვს, რა ვქნა, ციხის პირობები არ მოსწონს და იმიტომ კვდებაო, მაშინ უნდა მოკლა? სხვა თემაა, დამნაშავეა თუ არა ადამიანი. პოლიტოლოგის თქმით, ცივილიზებულ ქვეყნებში პრეზიდენტები იშვიათად სხედან ციხეში. მოლდოვაში ციხე აქვს მისჯილი ყოფილ პრეზიდენტ იგორ დოდონს, მაგრამ ერთი დღე არ გაუტარებია ციხეში, საშინაო პატიმრობა აქვს, სახლში ზის. სარკოზისაც ციხე მიუსაჯეს და შინაპატიმრობაშია. ბერლუსკონი რამდენჯერმე გაასამართლეს, მაგრამ ციხეში არ მჯდარა, მიუსაჯეს საზოგადოებრივი სამუშაო.

ამდენად, სოსო ცინცაძის აზრით, მთავარია, რეალურად რა სჭირს სააკაშვილს, რეალობა კი ჩვენ არ ვიცით.

„90-იან წლებში ნელსონ მანდელა რომ გათავისუფლდა და ეპისკოპოსმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა დესმონდ ტუტუმ კოაბიტაციის იდეა წამოაყენა, ბელგიაში ვიმყოფებოდი და მახსოვს, ტელევიზია აჩვენებდა სასამართლო დარბაზიდან პროცესს, სადაც ასამართლებდნენ სამხრეთ აფრიკელ პოლიციელს, რომელმაც წამების დროს ნელსონ მანდელას პარტიის წევრი, აფრიკის ეროვნული კონგრესის წარმომადგენელი ისე აწამა, რომ ორივე თვალით დააბრმავა, დაბრმავებულმა კი აპატია. ეს სცენა ახლაც თვალწინ მიდგას, ბრმა აფრიკელი ორივე ხელით იყო პოლიციელის მხარზე დაყრდნობილი, პოლიციელს მის წელზე ჰქონდა ხელი მოხვეული, ლამის ჩახუტებულები გამოდიოდნენ სასამართლო დარბაზიდან და საუბრობდნენ. არც დიდი განათლება არ ჰქონია ამ აფრიკელს, იყო უბრალო მებრძოლი, ეროვნული კონგრესის წევრი. თუმცა კოაბიტაცია სწორედ ეს იყო, იმ პოლიციელმა გულწრფელად მოინანია და სამხრეთ აფრიკელმაც აპატია. ამ სცენას რომ ვუყურე, სამი ღამე არ მეძინა, როგორ აპატია წერა-კითხვის უცოდინარმა აფრიკელმა, სულით რა ამაღალებული ყოფილა. კოაბიტაცია რას ნიშნავს? მონანიებას და პატიებას. ჩვენთან კი აურ-დაურიეს ყველაფერი და ამბობენ, კოაბიტაციამ დაგვღუპაო, სინამდვილეში, კოაბიტაცია ჩვენთან არ ყოფილა, რადგან არავის არ მოუნანიებია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგის შეფასებით, სწორედ ეს არის მიმტევებლობა, როცა მსხვერპლი მიუტევებს ჯალათს, მაგრამ ჩვენ გაწამებული ადამიანის ნაცვლად ვერავის მივუტევებთ, თეთრაძის, მოლაშვილის და სხვების სახელით საუბარი ძნელია.

„ვალერი გელაშვილი ჩემი მეგობარია. ვალერიმ საკუთარი ცემა აპატია სააკაშვილის რეჟიმს, სწორედ ამ დღეებში ველაპარაკებოდი და მითხრა, ვაპატიე, რადგან მათ ბრძანება შეასრულესო. თუმცა მონანიების გარეშე პატიება არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში არავის მხრიდან მონანიება არ გვსმენია. ყველა ამბობს, მართალი ვიყავიო, ვინ აღიარა დანაშაული? დიდ პოლიტიკას დავუბრუნდეთ, მთელი მსოფლიო შემოიარა ფოტომ, ომის შემდეგ პოლონეთში საკონცენტრაციო ბანაკის წინ ნანგრევებთან გერმანიის კანცლერი ვილი ბრანდტი ორივე მუხლზე დაჩოქილი რომ იდგა, მან მოინანია გერმანიის დანაშაული, დაიჩოქა და თქვა, გვაპატიეთ, თუმცა ვილი ბრანდტი თვითონაც რეპრესირებული იყო ჰიტლერის დროს. ამის მიუხედავად, ის ამბობდა, მეც ვარ დამნაშავე. ვიმეორებ, მონანიების გარეშე პატიება არ არსებობს, მაგრამ სულ სხვა არის, თუ მართლაც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, თუკი მართლაც ემუქრება“, - გვითხრა სოსო ცინცაძემ და დასძინა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციულ ვაკუუმში ვიმყოფებით.

ერთი მხრივ, არსებობს ექიმთა დასკვნები, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატის დასკვნაც, გიული ალასანია კი ამბობს, რომ კალიფორნიის ყველაზე პრესტიჟულ ლაბორატორიაში ჩატარებულ ცდებს ეყრდნობა, მეორე მხრივ, სამხარაულის ბიუროს ექსპერტების დასკვნებიცაა. სამხარაულის ბიუროს ექსპერტები შეიძლება უკეთესი პროფესიონალი ექიმები არიან, მაგრამ სოსო ცინცაძეს კალიფორნიის ლაბორატორიის კვლევების უფრო სჯერა თუნდაც იმიტომ, რომ კალიფორნიელ ექიმს ჩვენს ექიმთან შედარებით ათჯერ უკეთესი ტექნიკა აქვს, ცდის ჩასატარებელი მასალები იქ ათასჯერ უკეთესია.

პოლიტოლოგი იხსენებს, რომ თავის დროზე პენიცილინის შემქმნელი ამერიკელი ექიმი ჩამოვიდა თბილისში, რომელმაც თქვა, პენიცილინი რომ შევქმენი, ასი ტონა ლიმონი გადავამუშავეო. ჩვენი მეცნიერები კინაღამ გაგიჟდნენ, კი მაგრამ ასი ტონა ლიმონი ვინ მოგცათო? სახელმწიფომ მომცაო, - იყო პასუხი. ჩვენთან ასი ტონა კი არა, ასი კილო ლიმონი დაენანება სახელმწიფოს.

„ცნობილ ქირურგ ლეო ბოკერიას რომ ჰკითხეს, ამერიკელმა ქირურგმა ირანის შაჰს რომ ოპერაცია გაუკეთა, თქვენ ასეთივე ოპერაციას გააკეთებთო? ლეო ბოკერიამ უპასუხა, მეც გავაკეთებ ასეთ ოპერაციას, მაგრამ ის ტექნიკა მომეცითო. ჩვენთან რა ტექნიკაა? ერთ-ერთი სადიაგნოსტიკო აპარატურა, რომელიც ინგლისის რომელიღაც კორპორაციამ შექმნა კიბოს ოპერაციისთვის, 45 მილიონი დოლარი ღირს. ვინ იყიდის ასეთ აპარატურას საქართველოში? ჩვენი ექიმები ასი წლის წინანდელი რუსული ტექნიკით მუშაობენ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ჩვენი ხელისუფლებისთვის რეალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს, განურჩევლად იმისა, იქნება ციხეში, თუ ციხის გარეთ, საქართველოს, თუ მის ფარგლებს გარეთ. თუმცა სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური კაპიტალის, გამოყენების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, რომლის გამოყენებაც ხელისუფლებას შეუძლია.

პოლიტოლოგის აზრით, ხელისუფლება სააკაშვილს გაათავისუფლებს ან გაუშვებს სამკურნალოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, რადგან ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს, სააკაშვილს ციხეში რაღაც დაემართოს. როგორც ექიმები ამბობენ, არა მარტო ოპოზიციურად განწყობილი, არამედ თვით „ვივამედის“ ექიმებიც, სააკაშვილი წონაში იკლებს, მაგრამ 2-3 თვე ჯერ კიდევ არანაირი სასიცოცხლო პრობლემა არ ელის.

„თუკი სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაშინ მგონია, რომ სააკაშვილს მინიმუმ 2024 წლის არჩევნებამდე მოუწევს პატიმრობაში ყოფნა. რაც შეეხება სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებას, აქ მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე არაა საუბარი, უბრალოდ, ხელისუფლებას აქვს გარკვეული პრობლემები ჩვენს პარტნიორებთან, გავიხსენოთ ამერიკელი სენატორების განცხადება, რომ დემოკრატიის უკან დახევაა, ასევე, ივანიშვილთან მიმართებით პრობლემა, თავისთავად, ევროკავშირის პრობლემაცაა. ამიტომ ხელისუფლება სააკაშვილის თემას გამოიყენებს, თუკი ამის შესაძლებლობა მიეცემა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას.