იგეგმება თუ არა დასავლეთის დაფინანსებით საქართველოში მორიგი რევოლუცია? ვისი ფული ტრიალებს ოპოზიციაში? რა გათვლა აქვს გიული ალასანიას და არსებობს თუ არა სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის სამართლებრივი გზა? - ამ საკითხების ირგვლივ for.ge გთავაზობთ ინტერვიუს „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერ სოსო შატბერაშვილთან.
ბატონო სოსო, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა აშშ-ში, ზოგადად დასავლეთში, ლობისტების და პიარკომპანიების დაქირავება. რა თანხებით დაიქირავა გიული ალასანიამ და რა შედეგი ექნება იმ პიარკომპანიის მუშაობას, რომელმაც სააკაშვილის პიარი უნდა აწარმოოს ამერიკაში? როგორც ითქვა, აღნიშნული კომპანია ბუშის საპრეზიდენტო კამპანიას ახორციელებდა.
- ბუშის პიარს რომ აწარმოებდა, გასაგებია, მაგრამ ბუშმა მარტო ერთი ხმით მოიგო პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. მეორე არჩევნები, წესით, უნდა წაეგო, რადგანაც მეორე არჩევნების წინ მოხდა თავდასხმა ნიუ-იორკის ცათამბჯენებზე და ნიუ-იორკის აეროპორტზე და ის საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მეორე კამპანიის დროს, საერთოდ, ბუშსს არ უნდა გაემარჯვა, მაგრამ გაიმარჯვა. რა გასაკვირია, რომ ასეთი წარუმატებელი კომპანია, რომელმაც ბუშის საარჩევნო კამპანია წესიერად ვერ წარმართა, რა თქმა უნდა, ასევე ვერ წარმართავდა ნორმალურად სააკაშვილის პიარს, მით უმეტეს, გიული ალასანიას პიარს. როგორ შეიძლება გიული ალასანიამ წარმატებული პიარკამპანია გამართოს, როდესაც ქართველი ხალხი ხედავს, რომ მხცოვანი ადამიანი, პროფესორი, რომელსაც მეცნიერი ჰქვია და რომელიც ერთი წელია ამბობს - შვილი მიკვდებაო, ნაცვლად იმისა, რომ მოკრძალებულად გამოიყურებოდეს და შესაფერისი სამოსი ეცვას, გამოდის ნაირ-ნაირი კაბებით, ლაბადებით, ჩექმებით, ბრენდული სათვალეებით, მოდის დემონსტრირებას აწყობს და ამით აღიზიანებს ქართველ ხალხს. თუ შვილი უკვდება გიული ალასანიას, მაკიაჟის და მოდური ტანსაცმლისთვის უნდა ეცალოს?! მეორეც, გიული ალასანია გახლავთ ერთ-ერთი ოლიგარქი, რომელიც საქართველოში მოქმედებს და დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელსაც საქართველო, ალბათ, მიიღებს, როდესაც ვენეციის კომისიიდან დადებითი დასკვნა იქნება, პირველ რიგში, თუ ვინმეს შეეხება, ეს იქნება სააკაშვილის ოჯახის წევრები: გიული ალასანია, რომელმაც 18-მილიონიანი ქონება მიითვისა 1 ლარად; ნიკოლოზ სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მამა, რომელიც დაეპატრონა ისტორიულ ბალნეოლოგიურ კურორტს და არა მარტო თბილისში, საქართველოს ყველა ბალნეოლოგიური კურორტი დაისაკუთრა და ამით ხელში მილიონები ჩაიგდო; სანდრა რულოვსი გაყრილია, მაგრამ მისი გარემოცვიდან ბიძამისი, თემურ ალასანია, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების პოლკოვნიკი გახლავთ, საბჭოთა კავშირის დროიდან - აი, ეს გარემოცვა ფლობს ძალიან დიდ ფულს.
თუ ირაკლი ოქრუაშვილს დავუჯერებთ, როდესაც მან თავისი პარტია ჩამოაყალიბა და ბრიფინგი ჩაატარა, განაცხადა - სააკაშვილის პირადი ბიუჯეტი არის რამდენიმე მილიარდიო. ახლა გადავიდეთ კეზერაშვილის ფულზე, რომელიც ასევე სააკაშვილის ხელისბიჭი და სააკაშვილის მოლარეა. ამას წინათ, მე მქონდა ტელეგამოსვლა ერთ-ერთ ვეტერან მეომართან ერთად და მან განაცხადა, ომის დროს ჩვენ მოგვცეს ბუკებიო. ბუკი არის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. ეს ბუკები ჩვენ მეომრებს დაურიგეს, რომ რუსული თვითმფრინავები ჩამოეგდოთ და აღმოჩნდა, რომ ისინი იყო დაჟანგული. დაჟანგული ბუკები იყიდეს, თვითმფრინავებმა დაბომბეს ჩვენი მებრძოლები და აი, ამ დახოცილი ხალხის სისხლზე, მათ სიკვდილზე იშოვნა კეზერაშვილმა მილიარდები. ახლა, ეს მილიარდები არის ისრაელის და საფრანგეთის ბანკებში შენახული და ეს ფულიც ლობისტურ კომპანიებს ხმარდება, თუ არ ჩავთვლით კიდევ სამ ტელეკომპანიას, რომელიც ასევე კეზერაშვილის ფულით ფინასდება. ამ სამი ტელევიზიის შენახვა ხდება მოპარული, ქართველების სისხლით ნაშოვნი ფულით, რომელიც სააკაშვილს და მის გარემოცვას აქვს უცხოეთის ბანკებში დაცული.
საკმაოდ სერიოზული „შავი პიარი“ იყო მერაბიშვილის და კეზერაშვილის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, ორივე მათგანმა ღიად დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური ამბიციები პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ლობირებით. სოლიდურ ფინანსებს დებენ საპროტესტო ტალღის აგორებაშიც. რა განაცხადია ეს მათი მხრიდან?
- მათი გათვლებით მელიამ ვერ გაამართლა მათი „მაღალი ნდობა“. მელიასგან ისინი ელოდნენ, რომ გრანდიოზულ მიტინგებს მოაწყობდა და სააკაშვილს გამოაშვებინებდა. თუმცა, ჩვენ ხაბეიშვილის ჩატარებული მიტინგი ვნახეთ და ეს უბრალოდ, არამცთუ კრიტიკას ვერ უძლებდა, არამედ სასაცილოც კი იყო. რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მობრუნებაა მათი მთავარი მიზანი, რადგანაც ტკბილად ახსოვთ ის წლები, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ - ხრავდენენ ბიუჯეტს, კონტრაბანდული საქონელი შემოქონდათ და გაჰქონდათ. მარტო გიგი უგულავამ, მისივე განცხადებით, 40 მლნ შეჭამა. ეს თავდვე აღაირა, თუმცა თქვა, ეს ფული სახლში არ წამიღია, დავარიგეო. რომელი რობინ ჰუდი ეგ მყავს ან რომელი არსენა ოძელაშვილი, რომ ბიუჯეტიდან იპარავდა და ხალხს ურიგებდა. ეს ყველაფერი არის ტყუილი. უზარმაზარი ფულები კეთდებოდა. დიდი რაოდენობით კონტრაბანდული საქონელი შემოდიოდა, თუმცა ამის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, რა მაქინაციები კეთდებოდა. ყველაზე დიდი დანაშაული კი, რითაც უზარმაზარი, წარმოუდგენელი ფული იშოვეს, განსაკუთრებით სააკაშვილმა, ეს გახლავთ ქართული მიწების გაყიდვა. მიწების გაყიდვაში მე ვგულისხმობ, კოდორის გმირი მებრძოლების განიარაღებას, როდესაც ამ კუთხეს ჩამოართვა სახელი კოდორი და დაარქვა ზემო აფხაზეთი, ანუ ფაქტობრივად, გააერთიანა ქვემო და ზემო აფხაზეთი და ამით იურიდიული საფუძველი მისცა აფხაზ სეპარატისტებს, რომ შემდეგ რუსეთისათვის მოეთხოვათ მთელი აფხაზეთის აღიარება. შემდეგი გახლდათ სამაჩაბლო. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ზვიად გამსახურდიამ გააუქმა. სააკაშვილმა აღადგინა ოლქი კი არა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა და რა საზღვრებიც შემოხაზა, დღეს ბორდერიზაცია ზუსტად იმ საზღვრებში მიდის. და ყველაზე მთავარი - დავითგარეჯას მიწების გაყიდვა, რომელზეც თვითონ სააკაშვილმა განაცხადა, ცოტა ნახში გამოიყვანენ ვინმე აზერბაიჯანელ ბიზნესმენს მოსკოვიდან და ათქმევინებენ, რომ ამდენი მილიონი გადავუხადეთო.
როგორც მახსოვს, 80 მილიონი დოლარი დაასახელა.
- 80 მლნ ძალიან ცოტაა. ეს თანხა ღირს თბილისის ერთი უბანი, მაგრამ ეს უზარმაზარი სტრატეგიული სიმაღლე, რომელზეც სააკაშვილმა თქვა, სჭირდებოდა ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანს სტრატეგიული სიმაღლე და დავუთმეთო. ე.ი. ვის წინააღმდეგ იყო ეს სტრატეგიული სიმაღლე, კონფლიქტის შემთხვევაში, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხომ?! ე.ი. სააკაშვილმა სტრატეგიული სიმაღლდე გაყიდა. აღარაფერს ვამბობ, უნიკალურ ფრესკებზე და ტაძრებზე. აი, ასეთი მავნებელი გვყავდა ხელისფლებაში თავის გარემოცვასთან ერთად და ამის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ გიული ალასანიამ ლობისტური კომპანია დაიქირავოს, რომლის დაქირავებაც, სადღაც 700-800 ათასი დოლარი ჯდება. ეს მათთვის არის კაპიკი, მე რომ ე.წ. „სტაიანშიკს“ ვაძლევ ხურდას, აი, დაახლოებით ასეთი გასავალია მათთვის ეს 700-800 ათასი დოლარი, რომლითაც ლობისტური კომპანიები დაიქირავეს, რომელიც სიმართლე რომ ვთქვათ, ვერ მუშაობენ. ისინი რომ მუშაობდნენ, მაშინ პრეზიდენტების, პრემიერების და სახელმწიფოს მეთაურების დონეზე გაკეთდებოდა განცხადება - გამოუშვით მიხეილ სააკაშვილიო.
სანდრო ბრეგაძე წერს, რომ ეს კეზერაშვილის ფული კი არ არის, დასავლეთიდან მისცეს ვანო მერაბიშვილს ახალი რევოლუციის მოსაწყობად. რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია?
- არ მიკვირს, რადგანაც „ვარდების რევოლუცია“ მოხდა ზუსტად დასავლეთიდან შემოსული ფულით - სოროსის ფულით. საერთოდ, რევოლუცია ჯდება ძალიან დიდი ფული. რამდენიმე მილიარდი ჯდება. ერთი დიდი, 100 ათასიანი მიტინგი რომ ჩაატარო, რამდენიმე მილიონი დოლარი ჯდება, მაგრამ ეს კიდევ არაფერი. მიტინგი უნდა გააჩერო, ხალხი უნდა გამოკვებო და ხალხს დასაძინებელი მისცე. ყოველდღიული ფულიც უნდა დაურიგო, რომ ხალხი გაჩერდეს. ძირითადად, სოფლიდან ჩამოსული ხალხი უნდა გააჩერო. ამიტომ მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გააჩერა ეს ხალხი და რამდენიმე მილიარდი დაჯდა ის რევოლუცია. ეხლაც, თუ ისინი სერიოზულად აპირებენ რევოლუციას, რამდენიმე მილიარდი უნდა გადაიხადონ - 2 თუ 3 მლრდ დოლარი. მაგრამ დიდი სხვაობაა 2003 წელსა და 2022 წელს შორის. მაშინ ჩვენი ხალხი დიდი იმედით უყურებდა სააკაშვილს, ჟვანიას, ბურჯანაძეს და ფიქრობდნენ, მოდიან ახალგაზრდები, რეფორმატორები, ჩვენი მხსნელები და მათი იმედი გვაქვსო. ამიტომ მათ ხალხი გვერდით დაუდგა. მაშინ მარტო ფული არ იყო გადამწყვეტი, იმედიც იყო. ჩვენი ხალხი მას შემდეგ გამოფხიზლებულია, ძალიან კარგად გააცნობიერა ყველაფერი. სააკაშვილის დანაპირები, რომ პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება საქართველოს ორ მესამედში და შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები გაერთიანებულ საქართველოში ჩატარდებაო, სინამდვილეში, ის არჩვენები ჩატარდა სამ ნაწილად დაშლილ ტერიტორიააღიარებულ საქართველოში. ანუ კი არ გააერთიანა სააკაშვილმა, საქართველო დაშალა, ქვეყანა გაანაგდურა, ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები.
თქვენ ამბობთ, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი, რომლის საფუძველზეც სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა იქნება შესაძლებელი. შალვა შავგულიძის კომენატრი გავრცელდა, რომელიც თავის დროზე სულხან მოლაშვილის ინტერესებს იცავდა. ის ამბობს, რომ ჩვენ მსგავსი მკურნალობის პრაქტიკა გვაქვს და მოლაშვილი სწორედ კანონის საფუძველზე მკურნალობდა უცხოეთში. თუმცა, მახსოვს, მოლაშვილმა მკურნალობა პატიმრობის შემდგომ დაიწყო.
- ზუსტად ეგ უნდა მეთქვა. სულხან მოლაშვილის ოჯახთან ვმეგობრობდი. როცა სულხანი პარიმარი იყო, მას ჩემი მეუღლე მკურნალობდა. ბადგარის თანხლებით მიჰყავდათ ინფექციურ საავადმყოფოში. მაშინ მას დალაპარაკებას ვერავინ უბედავდა და ჩემი მეუღლე გამოელაპარაკა, მის მეუღლეს დაუმეგობრდა და რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა მოლაშვილისთვის. სულხან მოლაშვილი არსად წასულა პატიმრობის დროს. ის წავიდა მას შემდეგ, რაც გათავისუფლდა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. სულხან მოლაშვილი სასიკვდილო მდგომარეობამდე მიიყვანეს ციხეში.
შავგულიძეს ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელება დღეს რაში დასჭირდა?
- არ ვიცი, რაში დასჭირდა. შავგულიძე, თავის დროზე, გირგვლიანს და სააკაშვილის მხეცური რეჟიმისგან დაზარალებულ ადამიანებს იცავდა, დღეს კი სააკაშვილის დამცველად გამოდის. არ ვიცი, რამდენი ასეთი ადვოკატი და რამდენი ასეთი უპრინციპო პოლიტიკოსი ჩამოვთვალო, თქვენც იცით, ვისაც ვგულისხმობ. ადრე იქეთ იყვნენ, ეხლა აქეთ არიან. იგივე ვალერი გელბახიანი, რომელიც დედის დასაფლავებაზე არ ჩამოუშვეს საქარველოში, დღეს სააკაშვილის დამცველია. ასევე შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც აცხადებდა, რომ სააკაშვილმა საფერფლე ესროლა ჟვანიას, მას თავში მოხვდა და ამის გამო ჟვანია გარდაიცვალაო. დღე და ღამე ერთად ვიყავით მე და შალვა ხაჭაპურიძე, მუდამ სააკაშვილის გინებაში იყო და დღეს მას იცავს. აბა, რა გასაკვირია, ამის შემდეგ შალვა შავგულიძის საუბარი.