რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება

რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება

კრემლი მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ხედავს. იმისთვის, რომ პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები გამართოს, რუსეთში თვლიან, რომ უნდა შეასრულდეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები. შესაბამისად, რუსეთი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება. გაწვევის მეორე ტალღისთვის რუსეთი 500 000-დან 700000-მდე სამხედროს მობილიზებას გეგმავს.

ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. ოქტომბრის ბოლოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა. შოიგუს მონაცემებით, მომზადება 218 ათასმა ადამიანმა გაიარა, უკრაინაში კი 82 ათასი ადამიანი გაგზავნეს.

თავისთავად ცხადია, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა გამოიწვევს ომით გამოწვეულ მიგრაციას როგორც საქართველოში, ასევე ევროაპაში. შესამაისად, ლატვიამ მიიღო გადაწყვეტილება, არ შეუშვას ქვეყანაში ნაწილობრივ მობილიზაციას გაქცეული რუსეთის მოქალაქეები, რადგან გაქცეულთა უმეტესობა უკრაინაში ომს მხარს უჭერს. საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აცხადებს, რომ რუსეთში არსებობენ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან იმით, რაც ხდება.

„ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, როგორიცაა საქართველო, მიიღეს გაქცეულები და მათი რაოდენობა იქ ძალიან დიდია, სხვადასხვა შეფასებით, 100 ათასზე მეტი ადამიანი. ეს ქმნის გარკვეულ გამოწვევებს. ჩვენთვის გასაგები იყო, რომ ეს ადამიანები არ არიან ომის წინააღმდეგები, ისინი ომში საკუთარი მონაწილეობის წინააღმდეგ არიან, ეს კი სრულიად განსხვავებული რამეა“, - აცხადებს ედგარს რინკევიჩსი.

მობილიზაცია შედგა, თუმცა მან ვერ მოიტანა მოსალოდნელი შედეგი. ეკონომიკური თვალსაზრისით, მრავალი სანქცია მხოლოდ ახლა იწყებს მოქმედებას. რუსეთში საზოგადოების გარკვეულ დონეზე იწყება ტექტონიკური რყევები, თუცმა, ანალიტიკოსების შეფასებით, ეს რყევები ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ისინი გავიდნენ სრულფასოვანი მიწისძვრის დონეზე.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეეცდება, რაც შეიძლება შეამციროს საერთაშორისო თანამეგობრობის შთაბეჭდილება რუსეთის უსუსურობის შესახებ, თუმცა გამოუვა თუ არა, ეს სხვა საკითხია.

„თითქმის გარდაუვლად მიმაჩნია, რომ რუსეთი შეეცდება რაღაცა კიდევ გაიფაფხუროს, რაღაცა მოძრაობა კიდევ გააკეთოს. ის შეეცდება, რაც შეიძლება შეამციროს საერთაშორისო თანამეგობრობის შთაბეჭდილება რუსეთის უსუსურობის შესახებ. გამოუვა თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ამას შეეცდება. რა გზა არის ამის რესურსების მოპოვების - ერთადერთი, რუსეთის მოქალაქეთა კიდევ ერთხელ მობილიზაცია, თავმოყრა. ეს ის რესურსია, რაც ბატონ პუტინს სრულად არ ენანება და რომლის დაკარგვა, დაღუპვა აბსოლუტურად არ ადარდებს და მზად არის ეს რესურსი ომის ქარცეცხლში გადაყაროს, ოღონდაც ოდნავ მაინც გაიუმჯობესოს თავისი მდგომარეობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება მობილიზაციის პირველ ნაკადზე დიდ იმედებს ამყარებდა, მაგრამ გაწვევის შემდეგ ფრონტზე სიტუაცია არ გადაწყდა. ისევ იმარჯვებენ უკრაინელები და მარცხდებიან რუსები, რადგან გარდა რაოდენობის გაზრდისა, აღმოჩნდა, რომ პირადი შემადგენლობა მზად არ იყო ბრძოლისთვის.

„ნახევარიც კი ვერ გაუშვეს ფრონტზე იმიტომ, რომ იარაღი და ტანსაცმელი არ ჰქონდათ. ანუ, რუსეთის იმპერიაში მდგომარეობა მოუგვარებელია და იმდენად მოუგვარებელია, რომ ძალების ასეთი გადასხმა რაღაცა დიდ შედეგებს არ იძლევა. როდესაც ავადმყოფის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მკურნალობას აღარ ექვემდებარება, დაახლოებით ეს სჭირს რუსეთს, როგორც ომის მხარეს.

მთლიანობაში რუსეთის სახელმწიფო ჩამოიშლება თუ არა, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ აი, ამ კონკრეტულ ომში რუსეთმა ვერაფრით ვერ იპოვა, რა იქნება მისთვის გამარჯვების ფორმულა, გარდა იმისა, რომ გზაზე რაც შეხვდება ყველაფერს ანადგურებს, მაგრამ გამარჯვებას ეგაც არ იძლევა. მძიმე დანაკარგებს ტოვებს რუსეთი თავის მოქმედებების უკან, რაც დასახული მიზნის მიღწევისთვის საკმარისი არაა“, - ამბობს საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ლაპარაკი - რას გააკეთებს რუსეთი, მძიმეა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ იქნება რუსეთის სათავეში.

„არ ვამბობ ვინ იქნება პრეზიდენტი, არამედ ვინ მიიღებს ომზე გადაწყვეტილებებს. შეიძლება პუტინი გვერდზე დადგეს და სამხედროებს მიაღებინოს გადაწყვეტილება და ვიცით, რომ სამხედორებს არ უნდათ ეს ომი. მაგრამ ჩანს, რომ ყველა გადაწყვეტილებას პუტინი იღებს და იმიტომ არის ეს სურათი, რაც არის. რაც შეეხება მობილიზაციით გამოწვეულ მიგრაციას, მარტო ჩვენთან არ შემოდიან, გარშემო დიდი გეოგრაფია აქვთ და ყველა ამ მიმართულებით, ალბათ, ახალი ტალღა გაჩნდება. მაგრამ რუსები რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ აქედანაც მიემგზავრებიან სხვაგან, უფრო ხელსაყრელ ადგილებაში და ამდენად, იმის, რისიც გვეშინოდა - საქართველოში დემოგრაფულ სურათს შეცვლის ომით გამოწვეული ეს მიგრაცია, სავარაუდოა, რომ არ იქნება. ანალოგიურად, არც ახალი ტალღა იქნება იმხელა, რაც პირველი ნაკადით დაფიქსირდა. რუსეთში უკვე იქნება შემუშავებული ახალი სქემები, უფრო მომგებიანი, ვიდრე საქართველოში ცხოვრება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.